სოჭი 2014: ბიატლონი - ოქრო მთელი უკრაინისთვის

AutoSharing Option
რთულია ოლიმპიადაზე გამოსვლა, როცა შენი ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება. ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე - უნდა დაეტოვებინა თუ არა უკრაინის დელეგაციას სოჭის თამაშები, მაგრამ ქვეყნის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა საქმის ბოლომდე მიყვანა გადაწყვიტა და, ალბათ, არც შემცდარა, რადგან ამით პოზიტიური სიგნალი გაგზავნა სამშობლოში.

სოჭში უკრაინას ოქროს მედლის ერთადერთი შანსი ჰქონდა - ბიატლონში ქალებს შორის ესტაფეტაში. ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნიდა ისეთი დაბალანსებული შემადგენლობით, როგორიც უკრაინელებს ჰყავდათ, მაგრამ აქ გასათვალისწინებელი იყო ემოციური დატვირთვა და ფსიქოლოგიური პრობლემები, რაზეც პრესა ძალიან ბევრს წერდა.

უკრაინის ნაკრები
ყველა სირთულეს გაუმკლავდა. ვიტა სემერენკომ და იულია ჯიმამ უმაღლეს დონეზე ჩაატარეს პირველი ორი ეტაპი. მესამე ეტაპზე დისტანციაზე გაეშურა ვალია სემერენკო, რომელსაც ნერვიულობა ეტყობოდა. მეორე სროლის დროს, როცა უკრაინის ნაკრებს 50-წამიანი უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე, სემერენკომ სამი სროლა ააცილა და სამივე დამატებითი ტყვიის გამოყენება მოუწია, თუმცა საჯარიმო წრე აიცილა თავიდან.

ბოლო ეტაპზე ესტაფეტა გადაიბარა სპრინტში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ელენა პიდგრუშნაიამ. მას სერიოზული მუშაობა მოუწია, რადგან უკან ნახევარი წუთის ჩამორჩენით მოძრაობდნენ რუსი ვილუხინა და ნორვეგიელი ბერგერი. ეს სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა პირველი სროლის შემდეგ, როცა უკრაინელმა ერთი ტყვია ააცილა, მაგრამ მეორე სასროლეთზე პიდგრუშნაია იდეალური იყო, ბოლო წრეც ძალიან სწრაფად გაიარა და თავის გუნდსა და მთელ ქვეყანას ოქროს მედალი მოუტანა.

ფინიშის შემდეგ ვალია სემერენკომ და ელენა პიდგრუშნაიამ ჟურნალისტებს მოუყვნენ რუსი გულშემატკივრების იმ უმსგავსო საქციელის შესახებ, რომელსაც ესტაფეტის მსვლელობისას ჰქონდა ადგილი.

"გაჩუმებას არ ვაპირებ. დღეს ჩვენ დავინახეთ, თუ როგორ უხაროდათ რუს გულშემატკივრებს ვალია სემერენკოს შეცდომები, როგორ გვიყვიროდნენ ტრასაზე, გვახსენებდნენ ომს, ყვიროდნენ: "ააცილე, წაიქეცი!" მივრბოდი და საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი"
, - განაცხადა რუსულ ტელევიზიასთან კომენტარში ელენა პიდგრუშნაიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული