ჯონი ვილკინსონს წელიწადში 672 ათასი აკმაყოფილებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში ყველაზე დიდ ანაზღაურებას მომავალ სეზონში ისევ ინგლისელი მგეზავი ჯონი ვილკინსონი მიიღებს.

თვეში მისი ჯამაგირი 56 ათასი ევრო იქნება.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ხელფასი "მეტრო რასინგში" ახლახან გადაბარგებულ ირლანდიელ მგეზავ ჯონათან სექსტონს უნდა ჰქონოდა.

მან ისეთ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც "სამყურების" ლიდერს თვეში 52 ათასი ევრო ერგება. თუმცა, როგორც გაირკვა, ვილკინსონმა გაზაფხულზე "ტულონთან" გაფორმებული ახალი სამწლიანი კონტრაქტით გაზრდილი ხელფასი მიიღო.

საგულისხმოა, რომ საფრანგეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები მგეზავები არიან.

ანაზღაურების მიხედვით მესამე ადგილზეა სამხრეთ აფრიკის ნაკრების
გარემარბი ბრაიან ჰაბანა, რომელმაც წლეულს "ტულონთან" გააფორმა ხელშეკრულება და თვეში 50 ათას ევროს მიიღებს.

მეოთხე ადგილზეა და ფრანგ მორაგბეებს შორის ყველაზე დიდი ჯამაგირი აქვს საფრანგეთის ნაკრებისა და "კლერმონის" ცხრა ნომერ მორგან პარას. მისი ჯიბე ყოველთვიურად 46 ათასი ევროთი ივსება. მას კვალში უდგას "ლე ბლოს" კაპიტანი და "ტულუზის" მესამეხაზელი ტიერი დუსოტუარი - 43 ათასი ევრო.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა წამყვანი კლუბები "ვარსკვლავების" მიმართ სიუხვით გამოირჩევიან, პირველ დივიზიონში საშუალო ხელფასი 14 300 ევროა. მომავალ სეზონში, ფინანსისტთა გამოთვლებით, ეს ციფრი 10-15 პროცენტით შემცირდება.

"2006-09 წლებში ანაზღაურება 55 პროცენტით გაიზარდა. ამჯერად მატების ტემპი შეჩერდა. იწყება გარკვეული სტაგნაცია. შესაძლოა, ჩვენ უკვე მივაღწიეთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რისი გადალახვაც, უბრალოდ, შეუძლებელია" - თქვა საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგის პრეზიდენტმა პოლ გოზემ.

ვილკინსონი ხელფასთან ერთად პრემიალურ თანხებსაც იღებს, რაც ჯამში მისი ჯამაგირის ნახევარს შეადგენს.

წამყვანი კლუბების: "ტულონის", "კლერმონის", "ტულუზის" და "მეტრო რასინგის" სახელფასო ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა (8,6 მილიონი გირვანქა სტერლინგი), მაშინ, როცა ეს თანხა ინგლისის პრემიერლიგაში 4,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ისევე, როგორც ფეხბურთში, ხელფასის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი რაგბის სამყაროშიც გაცხარებული ბჭობის საგანია. მით უფრო, რომ რთული ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ დაძლეული არ არის.

ფრანგულ რაგბიში ზღვარის დაწესების მომხრეები "ტულუზი", "ბიარიცი", "კლერმონი" და "სტად ფრანსე" არიან. მათ არ ეთანხმებიან "ტულონი", "მონპელიე" და "მეტრო რასინგი".

"ზოგიერთი კლუბის პრეზიდენტი მანიპულირებს ამ თემით. ისინი მოთამაშეთა გარკვეულ ჯგუფს თანხას უცხოურ ანგარიშებზე ურიცხავენ, რათა შეზღუდვებს თავი აარიდონ. არადა, ეს შეზღუდვები ხელს უშლის რაგბის განვითარებას.

ის შემოიღეს იმიტომ, რომ ტრადიციული სარაგბო ქალაქების გუნდები გადაარჩინონ. თუმცა ეს შედეგს არ მოიტანს. ისინი მაინც გაქრებიან და ადგილს დაუთმობენ ისეთ ქალაქებს, ლილი, ნანტი და მარსელი რომ არიან" - თქვა "ტულონის" მულტიმილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა.

მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, საფრანგეთის რაგბის ნაციონალური ლიგა არჩეულ კურსს არ ღალატობს.

"თუ ჩვენ დავუშვებთ ძალიან დიდ განსხვავებას მორაგბეთა ანაზღაურებაში, საფრანგეთის ჩემპიონატი მომხიბლავი აღარ იქნება. რაგბი ფეხბურთი არ არის. ორი ძალიან განსხვავებული პირობის მქონე რაგბის გუნდი საინტერესო თამაშს ვერაფრით შემოგვთავაზებს" - დასძინა პოლ გოზემ.

ანაზღაურება
1. ჯონი ვილკინსონი (ტულონი) - 56 000 ევრო
2. ჯონათან სექსტონი (მეტრო რასინგი) - 52 000
3. ბრაიან ჰაბანა (ტულონი) - 50 000
4. მორგან პარა (კლერმონი) - 46 000
5. ტიერი დუსოტუარი (ტულუზი) 43 000
6. დიმიტრი სჟარჟევსკი (მეტრო რასინგი) - 41 000
7. კარლ ჰეიმანი (ტულონი) - 41 000
8. ბაკის ბოთა (ტულონი) - 41 000
9. ჯიმი რობერტსი (მეტრო რასინგი) - 40 000
10. მეთ გიტო (ტულონი) - 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნე სხვების აანზღაურებაც დაწეროთ ? :D
ragbi
14:49 13-08-2013
0

სიახლეები პოპულარული