სკანდალი: გევინ ჰენსონმა თანაგუნდელი ნოკაუტში ჩააგდო

AutoSharing Option
უელსის ნაკრების ყოფილი უკანახაზელი გევინ ჰენსონი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია.

მან ახლახან ინგლისურ "ბასისთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ჰენსონი ცხრა თანაგუნდელთან ერთად ლონდონის ერთ-ერთ პაბში ღრეობდა.

შეზარხოშებულმა კი, ერთ-ერთ მათგანს, ასევე გუნდის ახალწვეულ კარლ ფეარნსს მუშტი უთავაზა.

ის მოწყვეტით დაეცა და ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე, ცხადია, დროულად გამოცხადდა, მაგრამ ჰენსონი და ფეარნსი პაბიდან ერთად გამოვიდნენ და გამოძიება არ მიმდინარეობს.

პაბის მეპატრონეებმა ინციდენტის კომენტარისგან თავი შეიკავეს, მაგრამ თვითმხილველები აღშფოთებას ვერ მალავდნენ ჰენსონის საქციელის
გამო. აი რას ამბობენ ისინი:

"გევინ ჰენსონი თანამეინახეებს საზიზღრად ექცეოდა. მის თავგასულობას საზღვარი არ ჰქონდა. ყველას ზემოდან, აგდებულად უყურებდა. ერთ-ერთმა მისმა მეგობარმა (ფეარნსმა) მისი დამშვიდება სცადა, მაგრამ ჰენსონმა მას ძლიერად უთავაზა, რის შემდეგაც ის იატაკზე დავარდა.

სანამ პაბის სხვა სტუმრებმა ფეხზე არ წამოაყენეს და გონს არ მოიყვანეს, ხუთი წუთის განმავლობაში გათიშული იყო."

ეს ინციდენტი პირველი არ არის გევინ ჰენსონის კარიერაში. 2005 წელს ის იძულებული გახდა ბოდიში მოეხადა იმ მორაგბეების მიმართ გამოთქმული უცენზურო კომენტარებისთვის, რომლებთან ერთადაც "ბრიტანელ ლომების" შემადგენლობაში წარუმატებლად იასპარეზა ახალზელანდიურ ტურნეში.

ორი წლის შემდეგ ჰენსონი ხულიგნობაში დაადანაშაულეს ლონდონი-კარდიფის მატარებელზე მგზავრობისას. 2009 წელს კი, კარდიფის ცენტრში იჩხუბა.

მოგვიანებით, ჰენსონი "კარდიფ ბლუზმა" თავისი რიგებიდან გარიცხა, რადგან გლაზგოდან თვითმფრინავით კარდიფში დაბრუნებისას, მგზავრებს ყინულის კუბებს ესროდა.

ერთი თვის წინათ მან "ბასისთან" გააფორმა კონტრაქტი, რადგან ამ კლუბის ხელმძღვანელებს მიაჩნდათ, რომ ის ჩამოყალიბებული და გონებადამჯდარი ადამიანია. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბესარიონ, თანაგუნდელმა ჩააგდო ჰენსონი ნოკაუტში და არა პირიქით :)
Jamel
21:07 02-08-2013
0

სიახლეები პოპულარული