სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა

AutoSharing Option
გერმანიის საფეხბურთო კავშირის (DFB) პრეზიდენტმა რაინჰარდ გრინდელმა, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ, თანამდებობა დატოვა.

მთავარი დარტყმა გრინდელს ჟურნალმა Der Spiegel-მა მიაყენა. 29 მარტს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში Der Spiegel-მა დაწერა, რომ 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის ივლისამდე გრინდელმა, როგორც DFB-ს შვილობილი კომპანიის სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ, მიიღო დამატებითი შემოსავალი (78 000 ევრო) და ის შემოსავლების დეკლარაციაში არ ასახა.

მეორე ბრალდება კი კიდევ უფრო სკანდალურია: გრინდელმა არ აცნობა DFB-ს ხელმძღვანელობას 6 000 ევროს ღირებულების საათის შესახებ, რომელიც მას 2017 წელს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა,
ბიზნესმენმა გრიგორი სურკისმა აჩუქა. გრინდელის განცხადებით, მან არ იცოდა საათის ღირებულება და ეს საჩუქარი პოლიტიკური ჟესტი არ ყოფილა.

Sportall.Ge

"ეს იყო პირადული საჩუქარი, რომელზეც უარს ზრდილობის გამო ვერ ვიტყოდი. ვინც მიცნობს, იცის, რომ მე არ ვარ ხარბი ადამიანი. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ საათი 6 000 ევრო ღირს. გუშინ ამის შესახებ გენერალურ მდივანთან ვისაუბრეთ. სურკისს არ აქვს ისეთი ეკონომიკური ინტერესები, რომელიც DFB-ს უკავშირდება. მას არასდროს უთხოვია ჩემგან დახმარება. იმ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ ის უეფას აღმასკომში კენჭისყრას არ აპირებს. არ მიმაჩნია, რომ სახეზე ინტერესთა კონფლიქტი გვაქვს.

მე ვტოვებ გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის პოსტს და ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ არასამაგალითო ქცევით - საჩუქრის სახით საათის მიღებით - საფეხბურთო მაღალჩინოსნების შესახებ არსებული სუბიექტური აზრი გავამყარე", - განაცხადა გრინდელმა.

რაინჰარდ გრინდელის მიმართ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ არაერთი პრეტენზია არსებობდა. კერძოდ, მედია თავს დაესხა გრინდელს იოაჰიმ ლიოვის მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც გრინდელი გერმანიის ნაკრების თავკაცს თომას მიულერის, მატს ჰუმელსისა და ჯერომ ბოატენგის არგამოძახების გამო აკრიტიკებდა.

მიმდინარე წლის მარტში გრინდელმა Deutsche Welle-თან ინტერვიუ შეწყვიტა, როდესაც მას ყატარში გასამართ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ დაუსვეს კითხვა.

Sportall.Ge

გრინდელი ფიგურირებდა მესუთ იოზილის გარშემო აგორებულ სკანდალშიც, როდესაც ფეხბურთელმა მისდამი არასამართლიან დამოკიდებულებაში პირადად DFB-ს პრეზიდენტი დაადანაშაულა - "გრინდელისა და მისი თანამოაზრეების თვალში მე ვარ გერმანელი, როდესაც ვიგებთ, და მიგრანტი, როდესაც ვაგებთ. მე ვარ იმედგაცრუებული, მაგრამ არ მიკვირს. 2004 წელს, როდესაც გრინდელი გერმანიის პარლამენტის წევრი იყო, ის ამბობდა, რომ მულტიკულტურიზმი მითი და მარადიული ტყუილია".

აღსანიშნავია, რომ DFB-ს ხელმძღვანელობიდან არავინ სცადა გრინდელის დაცვა. ორგანიზაციას დროებითი ვიცე-პრეზიდენტები რაინერ კოხი და რაინჰარდ რაუბალი უხელმძღვანელებენ, ახალი პრეზიდენტის არჩევნები კი სექტემბერში გაიმართება.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

altინგლისის ნაკრების მეკარე საცოლის შეურაცხყოფის გამო "სანდერლენდის" ფანებს ეჩხუბა [VIDEO]

altიმის გამო, რომ ლეო მესის მაისური გაუცვალა, "ესპანიოლის" ფეხბურთელს ფანებმა ნაბიჭვარი და იუდა უწოდეს

altაი, ასე უბერავს - არგენტინელმა ფანმა თავისი ბაბუის თავის ქალა ამოთხარა და საჩემპიონო ზეიმზე მიიტანა

altსერბი ფეხბურთელი ყოფილ მეუღლეს მაფიასთან კავშირში ადანაშაულებს და მისი შიშით სახლიდან ვერ გამოდის [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა პატარა შედარება გავაკეთოთ , ორი სხვადასხვა სპორტია მაგრამ ნუ ორივე ხომ სახელმწიფოს წარმოადგენს , ფინანსდება სახელმწოფოსგან , ჩვენი ჭიდაობის ფედერაცია და გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია , ფედერაციის პრეზიდენტმა რკინის საგანი დაარტყა სპორცმენს , ფინანსური მაქინაციები დაფიქსირდა ფედერაციაში და მაინც არ აპირებს გადადგომას , უტიფრად მიექანება , მაგრამ პრობლემა გეგეშიძეში კი არაა(მას გასდის და აკეთებს ) , სისტემაშია პრობლემა , უსამართლობაშია და პოსტებზე გაუნათლებელი ხალხის ყოფნაშია საქმე !
Levan1
11:36 03-04-2019
2

სიახლეები პოპულარული