გიორგი ნიჟარაძე: აქამდე ვიბრძოდით, ახლა უნდა ვიომოთ

AutoSharing Option
საქართველოში რაგბი დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა.

ჩვენი ეროვნული გუნდი მომავალი წლის სექტემბერში ზედიზედ მეოთხედ იასპარეზებს მსოფლიოს თასის გათამაშებაში. იქამდე კი "ბორჯღალოსნებს" და საქართველოს რაგბის კავშირს საკმაოდ შრომატევადი სამუშაო აქვთ გასაწევი.

წლევანდელი სეზონიც, საერთო ჯამში, სწორედ ინგლისში გასამართავი მსოფლიოს უდიდესი სარაგბო ფორუმისთვის მზადება იყო. განვლილი წლის შეფასებასა და მომავლის გეგმებზე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძეს ვესაუბრეთ.

- რა მიზნები ჰქონდა განვლილ სეზონში საქართველოს რაგბის კავშირს, მიაღწიეთ თუ არა მათ და თუ ვერა, რით შეიძლება აიხსნას ეს?
-
ყველა დასახულ მიზანს რომ მიაღწიო, ისეთ ქვეყანაში, საქართველო რომაა, ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა. ყველა მიზანს, ცხადია, ვერ მივაღწიეთ.

საქართველოს ნაკრებისთვის წლის დასაწყისში უმთავრესი იყო ერთა თასის მოგება. ეს მოვახერხეთ. თანაც ისე, რომ ყველა თამაში მოვიგეთ და სლემი შევასრულეთ. ეს ძალიან კარგი იყო.

მერე, ივნისში გაიმართა "თბილისის თასის" გათამაშება. გასაგები მიზეზების გამო დროის ამ მონაკვეთში საუკეთესოებს თავს ვერ ვუყრით და მწვრთნელებს საშუალება ეძლევათ, საქმეში უახლოესი რეზერვი ნახონ. აქ მიზანი ტურნირის მოგება იყო. ეს ვერ შევძელით. ეს იყო უარყოფითი.

თუმცა ნაკრების მწვრთნელებმა რამდენიმე მოთამაშე გამოსცადეს. მათ მიეცათ საშუალება, ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ. ეს უდავოდ პოზიტიური იყო.

- ნოემბრის ტესტებზე ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სამი თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო...
- ნოემბრის ტესტებს, ცალსახად, აქტივში ჩავიწერთ. მიუხედავად იმისა, რომ ორი თამაში წავაგეთ, გუნდმა ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო. ვნახეთ, რაზე გვაქვს სამუშაო, შევისწავლეთ მსოფლიოს თასზე ჩვენი მეტოქის, ტონგას ნაკრების თამაში და შესანიშნავად ვითამაშეთ იაპონიასთან.

ირლანდიასთან მატჩი საერთოდ საოცრება იყო და მისგანაც დიდი სარგებელი მივიღეთ. ვეთამაშეთ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელიც ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში მესამე ადგილზეა.

გავიხსენოთ, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ ოცი წუთი ვითამაშეთ 14 კაცით, ათი კი - 13 მორაგბით.

ამასთან ერთად, თვითონ ირლანდიელმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სამი ლელო არ იყო ჩასათვლელი. თავისი გარდასახვებით ეს 21 ქულაა. გამოდის, რომ 7:28 უნდა წაგვეგო.

ასეთი სხვაობით კი ირლანდია ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდებს უგებს. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ვნახეთ, რას ნიშნავს უმაღლეს დონეზე თამაში და რა არის გასაკეთებელი, რათა იმ დონეს მივუახლოვდეთ.

იაპონიის ნაკრებთან გამარჯვება კი უდავოდ დადებითი მოვლენაა. ვნახეთ, რა შეუძლია გუნდს ლიდერების გარეშე თამაშისას.

- უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა შეიცვალა ნოემბრის ტესტების შემდეგ რაგბის კავშირის ხედვაში?
- დავხვეწეთ ნაკრების მოსამზადებელი გეგმა. გადავწყვიტეთ კიდევ რამდენიმე სპეციალისტის დამატება. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი მილტონ ჰეიგი მივავლინეთ უელსში ამ ქვეყნის ნაკრების ახალზელანდიელ მწვრთნელთან, მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს სპეციალისტთან, უორენ გეთლენდთან. ჰეიგმა უელსში 10 დღე დაჰყო და საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა.

ამასთან ერთად, მთელი წლის განმავლობაში ვიწვევდით სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებს, რომლებმაც გაგვიწიეს კონსულტაციები, როგორ უნდა მოვამზადოთ გუნდები სხვადასხვა მიმართულებით.

ვაპირებთ ჩამოვიყვანოთ კვების სპეციალისტი და კიდევ ერთი მწვრთნელი ფიზმომზადებაში. ანუ ეს იქნება მოკლევადიანი თანამშრომლობა, რათა ნაკრები სათანადოდ მოემზადოს მსოფლიოს თასისთვის.

უკვე გარკვეულია ის გუნდები, რომლებსაც ინგლისში, მსოფლიოს თასის დაწყებამდე ამხანაგურად გავეჯიბრებით. ესენია: იაპონია, კანადა და ინგლისის ერთ-ერთი კლუბი. მზადების გეგმა დეტალურადაა გაწერილი. ახლა მთავარია, ის განუხრელად და მაღალი ხარისხით განხორციელდეს.

- როგორ ფიქრობთ, რა შედეგის მიღწევა შეუძლია საქართველოს ნაკრებს 2015 წლის მსოფლიოს თასზე?
- გულშემატკივრებმა, ალბათ, ნახეს ახლახან გამოქვეყნებული მამუკა გორგოძისა და ვასილ კაკოვინის ინტერვიუები. მიხარია, რომ ისინი ასე ფიქრობენ და ვიზიარებ მათ მოსაზრებებს. ჩვენი სურვილი და მიზანი არის ორი თამაშის მოგება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ძალიან რთულად შესასრულებელი ამოცანაა. ობიექტურად, ტონგა ჩვენზე ძლიერი გუნდია.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნაკრები ოთხწლიან ციკლში პიკს მსოფლიოს თასის გათამაშების დროს აღწევს და, თუ ამას დავამატებთ ჩვენი ბიჭების ჩვეულ თავდადებას, სწორად შერჩეულ ტაქტიკას ტონგასთან სათამაშოდ, არავინ იცის, მატჩი როგორ დამთავრდება.

მეორე თამაში არგენტინის ნაკრებთან გვაქვს. ამ გუნდის სიძლიერეზე აღარ შევჩერდები. ის პროგრესს განაგრძობს, რაშიც ხელი ოთხი ერის გათამაშებაში მონაწილეობამ შეუწყო. მათ თაობათა ცვლის პროცესი უმტკივნეულოდ გაიარეს.

ცხადია, ფავორიტი არგენტინაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ამ ნაკრებთან თამაშის გამოცდილება. ორჯერ მსოფლიოს თასზე ვეთამაშეთ, მესამედ შარშან, არგენტინაში დავუპირისპირდით.

ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხი არ ექნებათ, ეცდებიან ლაღი, სწორი ტაქტიკით ეთამაშონ და რაც მოხდება, ეგ იქნება.

ახალი ზელანდიის ნაკრებთან თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდი პატივია. უბრალოდ, მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ რაგბის თამაში ჩვენც შეგვიძლია. აბა, სხვა რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს მორაგბეს, როცა მსოფლიოს საუკეთესო გუნდს ეთამაშება?!

ნამიბიასთან მოგება დაგეგმილი გვაქვს, რაც მძიმე ბრძოლაში მოსაპოვებელი იქნება. ინგლისში ნამიბიის ნაკრები საკმაოდ სერიოზული, ანგარიშგასაწევი გუნდით ჩავა. ნამდვილად არ არის ისე, თითქოს მათთან გამარჯვება გარანტირებული გვაქვს.

- წლეულს ყველაზე პოზიტიური, ალბათ, ის განცხადება იყო, რომელიც ეროვნული ნაკრებისთვის სტადიონის მშენებლობას ეხება...
- გადაწყვეტილება სტადიონის მშენებლობის შესახებ მიღებულია და მას "ქართუ ჯგუფი" განახორციელებს. ადგილი შერჩეულია. სტადიონი დიღომში, ამერიკის საელჩოს უკან აშენდება. ამჟამად მიმდინარეობს დიზაინერულ კომპანიებთან მოლაპარაკება წინასაპროექტო და საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. სულ ეს არის, რისი თქმაც ამ დროისთვის შეიძლება.

- ცხადია, მსოფლიოს თასი ჯერ არ გამართულა და საუბარი ძნელია. თუმცა, თუ ჩვენი მორაგბეების ასაკს თვალს გადავავლებთ, ბევრი მათგანი, ალბათ, თამაშს თავს დაანებებს. რამდენად სრულფასოვანი შეცვლა გვეყოლება და, საერთოდ, როგორ ხედავთ ნაკრების დონის ზრდის პერსპექტივას?
- მოდით, მორაგბეების პასპორტში ნუ ჩავიხედავთ. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი მათგანი კიდევ დიდხანს ითამაშებს. თაობათა ცვლა - ეს აუცილებელი, გარდაუვალი პროცესია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის უმტკივნეულოდ განხორციელდეს.

მსოფლიოს თასის შემდეგ ჩვენ უფრო მეტად სხვა პრობლემა შეგვაწუხებს. გადავხედოთ ჩვენს უშუალო კონკურენტებს. რუმინეთი მორაგბეების ნატურალიზაციის გზას დაადგა. იაპონია, ტონგა, ფიჯი, სამოა, კანადა და ამერიკა წყნარი ოკეანის ერთა თასზე თამაშობენ.

ამ ტურნირს "მსოფლიოს რაგბი" აფინანსებს და, ცხადია, გუნდები იქ გეოგრაფიული პრინციპით მოხვდნენ. ამასთან ერთად, იაპონიისა და არგენტინის კლუბები ზე რაგბიში ითამაშებენ, ნამიბიის ნაკრები კი სამხრეთ აფრიკის "ვადაკომის თასის" გათამაშებაში ჩაებმება.

დავრჩით ჩვენ და რუმინეთი. საკითხი ასე დგას: თუ აქამდე ვიბრძოდით, ახლა უნდა ვიომოთ, რომ ექვსი ერი გაფართოვდეს. განვითარებისთვის სხვა ალტერნატიული გზა არ გვაქვს. არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, განსაკუთრებით, მსოფლიოს თასის მსვლელობისას, ამოვიყენებთ გვერდში რუმინელებს და "დავიწყებთ ომს". მსოფლიოში ბევრს ესმის, რომ ექვსი ერის გაფართოება აუცილებელია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს იმას, რომ ექვსი ერი გაფართოვდეს.

- ახლახან თბილისში "მსოფლიოს რაგბის" კომისია იმყოფებოდა...
- დიახ, ცნობილია, რომ განზრახული გვაქვს 2017 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ჩატარება. კომისიამ შეისწავლა მდგომარეობა და კიდევ დამატებითი მოთხოვნები წამოგვიყენა.

იანვარში ჩამოვა "მსოფლიოს რაგბის" გაცილებით მაღალი დონის კომისია, რომელიც პრემიერ-მინისტრს შეხვდება და საბოლოოდ გადაწყდება, გაიმართება თუ არა საქართველოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი. მთავრობამ უნდა მისცეს მათ მყარი გარანტია.

მივმართავ ხელისუფლებას სარაგბო თემის სახელით, ყველაფერი გააკეთოს საიმისოდ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდეს. ეს არა მარტო რაგბის, არამედ ქვეყანას მოუტანს უზარმაზარ სარგებელს.

- მოდით, საქართველოს ჩემპიონატზეც ვთქვათ. წლეულს ცოტა უცნაური გათამაშება გვაქვს...
- საქართველოს ჩემპიონატზე დიდი გავლენა იქონია "ჩელენჯ კაპის" გათამაშების შესარჩევ ტურნირთან დაკავშირებულმა პერიპეტიებმა. ამ ამბებმა პირველი წრის მატჩების ხარისხი დააზარალა. თუმცა წლის დასასრულისკენ გუნდებმა მაინც შეძლეს ფორმის აკრეფა.

აღსანიშნავია "ყოჩების" დაბრუნება ლიდერთა კოჰორტაში. ორ-სამწლიანი კრიზისის შემდეგ ამ გუნდმა შეძლო ისევ ლიდერებში ადგილის დაკავება. ნიშანდობლივია "ბათუმისა" და რუსთავის "ხარების" პროგრესი.

დაუმატეთ ამას თბილისის "ლელო" და "ლოკომოტივი", პლეი ოფის მეექვსე გუნდი, რომელიც "აიას", "ჯიქების", "არმიასა" და "არმაზის" ბრძოლაში გაირკვევა და, ვფიქრობ, ძნელი სათქმელი იქნება, ვინ რომელ ადგილს დაიკავებს საბოლოოდ.

- ნებისმიერ სფეროში განვითარების უმთავრესი წინაპირობა მაღალი დონის სპეციალისტებია. რას აკეთებს რაგბის კავშირი მწვრთნელების, მენეჯერების, მსაჯების დონის ასამაღლებლად?
- მთავარი პრობლემა ფინანსებია. იმ შემთხვევაშიც კი, როცა გაქვს სწორი ხედვა, როგორ უნდა განვითარდე, ყველაფერს მაინც ფინანსები წყვეტს. შემდეგი პრობლემაა განათლება, კვალიფიკაცია, რაც უნდა გააჩნდეს სარაგბო განვითარების პროცესში ჩაბმულ ყველა პირს. თუმცა ესეც ფინანსებთანაა კავშირში. სპეციალისტების გადამზადებას იმ რაოდენობით ვახერხებთ, რამდენსაც ჩვენი დაფინანსება სწვდება. ამას მოჰყვება ინფრასტრუქტურული პრობლემები და ასე შემდეგ.

ახლა ვაპირებთ სარაგბო აკადემიის რეორგანიზაციას. მისი მუშაობა პირდაპირ იქნება მიმართული ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების აღზრდაზე. აკადემიის ადმინისტრატორი ირაკლი ხუნდაძე ერთი თვე ირლანდიაში იმყოფებოდა და სწავლობდა მათ მუშაობას, რომელსაც ახლა ჩვენს აკადემიაში დავნერგავთ. სწორი მიდგომით, ვფიქრობ, ყველა სიძნელეს დავძლევთ.

ბოლოს, ქართული თემის სახელით, ნება მიბოძეთ, ჩვენს ქომაგებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ერთგულ სპონსორებს და მხარდამჭერებს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი.

ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, ქვეყნის გამთლიანება, მშვიდობა. მინდა დავარწმუნო ისინი, ქართველი მორაგბეები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახში შევიდეს სიხარული და იმედი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენც გილოცავთ ბატონო გია ახალ წელს და ყველა იმ წარმატებას, რასაც ქართული მორაგბეები აღწევენ. მჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი დიდი გამარჯვებაა
აკო
11:06 26-12-2014
0
მტსვრნელებს დაეხმარეტ
riko krediti
00:37 26-12-2014
0

სიახლეები პოპულარული