ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები შაბათს, 12 ნოემბერს ვაკეში იაპონიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მატჩი 15 საათზე დაიწყება. "ამომავალი მზის ქვეყნის შვილები" თბილისში ჯერ კიდევ ორშაბათს ჩამოვიდნენ და მატჩისთვის "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" ემზადებიან.

ცხადია, ნოემბრის ტესტები უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებაა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მეორე წელიწადია, რაც ჩაერთო. წლეულს "ბორჯღალოსნები" სამ მატჩს გამართავენ. იაპონიაზე უკვე ვთქვით. მეორე მეტოქე სამოას ნაკრები იქნება, რომელსაც ასევე თბილისში ვუმასპინძლებთ, მესამე შეხვედრას კი, ჩვენი ეროვნული გუნდი სტუმრად გამართავს კილმარნოკში შოტლანდიის ნაკრებთან.

ამჯერად, წარმოგიდგენთ იაპონიის ნაკრებს.

ამ ქვეყნის რაგბის კავშირი 1926 წელს
დაფუძნდა და დასაბამიდან დღემდე იაპონური რაგბი აზიაში უძლიერესია. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის ნაკრები აზიის მრავალგზის ჩემპიონია და მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

რაგბის იაპონიის საპორტო ქალაქებში ჯერ კიდევ 1866 წელს თამაშობდნენ. ტურნირი, რომელშიც უმაღლეს სასწავლებელთა გუნდები ასპარეზობდნენ, 1899 წელს დაარსდა. პირველი საერთაშორისო მატჩი კი, იაპონიის ნაკრებმა 1932 წელს გამართა კანადის ეროვნულ გუნდთან.

იაპონური რაგბის ისტორიაში რამდენიმე წარმატებული, ხმაურიანი მატჩია. მაგალითად: გამარჯვება "შოტლანდია XV"-სთან - 28:24, 1989 წელს; გამარჯვება უელსის ნაკრებთან - 23:8, 2013 წელს. იაპონური რაგბის პროგრესის დამადასტურებელი იყო წყნარი ოკეანის აუზის ერთა თასზე გამარჯვება 2011 წელს, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიჯის, ტონგასა და სამოას ნაკრებები. ყოველივე ამის ფინალი კი, 2015 წლის მსოფლიოს თასზე ჯგუფურ ეტაპზე სამხრეთ აფრიკის ნაკრების დამარცხება იყო - 34:32. "საკურებმა" აქ სამი თამაში მოიგეს, თავის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს, მაგრამ მეოთხედფინალში მაინც ვერ გავიდნენ.

ყველაზე წარმატებულ პერიოდად იაპონიის ნაკრებისთვის გუნდში ავსტრალიელი თავკაცის, ედი ჯონზის მუშაობის ხანა უნდა მივიჩნიოთ. როდესაც ის იაპონელთა მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თქვა, რომ მისი მიზანია გუნდის მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შეყვანა და ისეთი სათამაშო სტილის დამუშავება, რაც საშუალებას მისცემთ, ისეთი ნაკრებები დაამარცხონ, შოტლანდია და უელსი რომ არიან.

ჯონზის დებიუტი იაპონიის ნაკრების მწვრთნელის რანგში ყაზახეთის ნაკრებთან მატჩში შედგა, რომელიც მისმა გუნდმა 87:0 მოიგო და საბოლოოდ იოლად გაიმარჯვა აზიის ჩემპიონატში.

2013 წელს წყნარი ოკეანის აუზის ერთა თასის გათამაშებაში იაპონელებმა სტარტზე ორი მატჩი წააგეს ტონგასა და ფიჯის ნაკრებებთან. ამას მოჰყვა ორმატჩიანი სერია უელსის ნაკრებთან. პირველ მატჩში "წითელმა ურჩხულებმა" მცირე სხვაობით მოიგეს - 22:18, თუმცა მეორეში იაპონელები შეუდარებლები იყვნენ და მრისხანე მეტოქე 23:8 დაამარცხეს. ეს იყო "საკურების" ისტორიული გამარჯვება.

2013 წლის ბოლოს ედი ჯონზი, სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა, თუმცა იქიდან ორ დღეში გამოეწერა და ნაკრებს მალევე დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრები იაპონიის ეროვნულ გუნდს აქამდე ოთხჯერ ეთამაშა. აქედან ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო და სამჯერ დამარცხდა.

პირველად იაპონელებს 2006 წლის 14 მაისს სტუმრად დავუპირისპირდით და 7:32 წავაგეთ. მომდევნო სამი მატჩი სწორედ ედი ჯონზის "ეპოქაში" შედგა. 2012 წლის 17 ნოემბერს იაპონელებმა თბილისში 25:22 მოგვიგეს, ორი წლის შემდეგ კი, 2014 წლის 23 ნოემბერს, ასევე თბილისში 35:24 დავამარცხეთ.

- საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ [VIDEO+PHOTO]
- საქართველო-იაპონია 35:24 - რევანში აღებულია [VIDEO+PHOTO]

ბოლო შეხვედრა შარშან, მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყების წინ გაიმართა ინგლისურ გლოსტერში და ისევ იაპონელებმა იყოჩაღეს - 13:10.

როგორც უკვე ვთქვით, იაპონელების ყველაზე ხმაურიანი მოგება სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან იყო 2015 წლის მსოფლიოს თასზე. თუმცა, მას შემდეგ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. უწინარესად, გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონზმა, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრების თავკაცია. მანამდე ჯონზი სამხრეთ აფრიკაში გადაბარგდა და იაპონიიდან წამოსვლა ამ ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების არაადეკვატური ამბიციებით ახსნა. კონკრეტულად რას ითხოვდნენ მისგან, არ უთქვამს. უნდა ვივარაუდოთ, რომ იაპონელებს მსოფლიოს თასის მოგება უნდოდათ, მით უფრო, რომ 2019 წელს მისი გათამაშება სწორედ იაპონიაში გაიმართება.

ამასთან ერთად, ამჟამინდელ გუნდს, რომელიც თბილისში გვეწვია, სხვადასხვა მიზეზით რამდენიმე მორაგბე აკლია. ზოგმა სულაც ნაკრებში გამოსვლა დაასრულა. 2015 წლის მსოფლიოს თასზე მოასპარეზე მორაგბეებიდან ამჟამად გუნდში 12 შემორჩა. გაფართოებულ 32-კაციან შემადგენლობაში კი, რომელიც ამჟამინდელმა მწვრთნელმა,  ახალზელანდიელმა ჯიმი ჯოზეფმა 28 ოქტომბერს დაასახელა, 17 დებიუტანტი იყო.

"ნოემბრის ტესტებისთვის, ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ტაქტიკურად გუნდი გამართულია და მორაგბეები გამარჯვებისთვის ფსიქოლოგიურად შევამზადეთ. ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ მეტოქეების თამაშს შერკინებისას და იმ დროს, როცა ბურთი ხაზზე გააქვთ ჩასათამაშებლად. ამაში ხელი უნდა შევუშალოთ და ვეცადოთ, საკუთარი თამაში მოვახვიოთ თავს. ბურთი ძალიან სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ რაკიდან, რათა მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ.

ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჭკვიანური რაგბი, რადგან არ გვაქვს ისეთივე ფიზიკური მონაცემები, როგორიც ჩვენს მეტოქეებს. საჭიროა, დასახულ გეგმას ზუსტად მივდიოთ და, ვფიქრობ, შედეგიც არ დააყოვნებს", - ეს იაპონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა არგენტინის ნაკრებთან თამაშის წინ თქვა. თუმცა, ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრებთან თამაშის სტრატეგიასაც ზუსტად შეესაბამება.

იაპონიის ნაკრებმა ერთი მატჩი უკვე გამართა. გასულ უქმეებზე ტოკიოში "საკურებმა" არგენტინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით, 20:54 დამარცხდნენ. არგენტინელთა შვიდ ლელოს იაპონელთაგან თითო ლელოთი მესამეხაზელმა ამანაკი მაფიმ და გარემარბმა ლომანო ლემეკიმ უპასუხეს.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრები 73,80 ქულით მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 75,23 ქულა დაუგროვდათ და მე-11 საფეხურზე არიან.

იაპონია
შერკინება: მასატაკა მიკამი, მალგენე ილაუა, კიოსუკე კაჯიკავა (სამივე-ტოშიბა), ტაკეში კიზუ (კობელკო), კენსუკე ჰატაკეიამა (სანტორი), კოტარო იატაბე, შუნსუკე ნუნომაკი, შოთა ჰორი (სამივე-პანასონიკი), ამანაკი მაფი (შინინგ არსი), სატოში ნაკატანი, კოკი იამამოტო, ტაკეში ჰინო, ჰეიჩირო იტო, უვე ჰელუ, იუჰიმარუ მიმურა, (ყველა-იამაჰა), იასუო იამაჯი, სამუელა ანისე (ორივე-ქენონი), შუჰერი მაცუჰაში (რიკოში).
უკანა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა (პანასონიკი), იუკი იატომი (იამაჰა), იუ ტამურა (გრინ როკეტსი), ჰარუმიჩი ტატეკავა (კუბოტა), კოტარო მაცუშიმა (სანტორი), აკიჰიტო იამადა (პანასონიკი), კენკი ფუკუოკა (პანასონიკი), კერნი ჰესკეთი (მუნაკატა), იასუტაკა სასაკურა (პანასონიკი), ჯუმპეი ოგურა (შინინგი), ტიმოთი ლაფაელე (რედ სპარკსი), ამანაკი ლოტოაჰეა (რიკოში), ლომანო ლემეკი (ჰონდა), ტაკაჰირო ოგავა (ტოშიბა).

ნოემბრის ტესტები
12 ნოემბერი
საქართველო-იაპონია

19 ნოემბერი
საქართველო-სამოა

26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რატომ ვთამაშობთ ორი წელია ტესტებს?
აბა დავთვალოთ
2016 - იაპონია, სამოა, შოტლანდია
2015 - მსოფლიო თასი
2014 - ტონგა, ირლანდია, იაპონია
2013 - კანადა, აშშ, სამოა
2012 - ფიჯი, იაპონია
რაი?
13:55 09-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული