"ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი პორტუგალიასთან შეხვედრისთვის ცნობილია

AutoSharing Option
2016 წლის სანაკრებო სეზონის ესტაფეტას "ბორჯღალოსნები" შაბათს, 13 თებერვალს, პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩით გააგრძელებენ.

საქართველოს დროით 18:30 საათზე "ლობუში" ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გვიმასპინძლებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს, ხოლო ონლაინ-სტრიმი "რაგბი ევროპის" პორტალ Rugbyeurope.tv-ზე განხორციელდება.

ბორჯღალოსნები კვირას გაემგზავრნენ ლისაბონში, სადაც მათ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაემატნენ.

წარსული რკენები
აქამდე ბორჯღალოსნები და "ლობუშად" (მგლები) ცნობილი პორტუგალიელები ერთმანეთს 19-ჯერ შეერკინენ. ურთიერთ-შეხვედრების ბალანსი 13 მოგებით, 4 წაგებითა და 2 ფრით ჩვენს მხარესაა. ჯამური ანგარიშია 440:265 (ლელოებით 51/16). "რაგბი ევროპის" ჩემპიონატის მეორე
ტურის მეტოქესთან ბოლოს 11 წლის წინ დავმარცხდით. მას აქეთ შედგა 12 მატჩი - 10 მოგება და 2 ფრე, თანაც 2010 წლიდან მოყოლებული ლუზიტანებს ვაჯობეთ ზედიზედ 6-ჯერ.

რაზმი
მილთონ ჰეიგმა
გერმანიასთან მოთელვის შემდეგ რაზმი გადაახალისა: 23 კაცში ხუთი მოთამაშეა, ვისაც სტარტზე არ უთამაშია.

სამი სიახლეა უკანა ხაზში: 15 ნომრად იწყებს ვეტერანი, საუკეთესო მექულე (667) მეკო კვირიკაშვილი; გარემარბად - თამაზ მჭედლიძე, შუამარბად კი - მერაბ შარიქაძე დაბრუნდა. სამივენი ბოლო წლებში ძირითადის უცვლელი წევრები იყვნენ.

მარჯვენა ბურჯად დაგვიბრუნდა დუდუ ქუბრიაშვილი, ვისაც მსოფლიო თასი ტრავმის გამო გაუცდა, შერკინების შემკვრელად კი მარქაფიდან დაწინაურდა ლაშა ლომიძე, ვინაც გერმანიას ორი ლელო დაუდო.

მეხუთე "ახალი" - მხტომელი ვახტანგ მაისურაძეა, რომელიც ამჯერად რეზერვშია. სანაკრებო შტაბმა იქვე გადასვა გერმანიასთან სამი დამწყებიც, ზოგადი შთაბეჭდილება კი ისაა, რომ ლობუშთან, როგორც უფრო ძლიერ მეტოქესთან, უკეთესი გუნდი გაგვყავს.

ამ მატჩში "მრგვალ" კეპს არავინ იხვეჭს, ისე კი გერმანიასთან დავით კაჭარავა დაეწია "მეკოს" (88) და გიორგი ჩხაიძეც (87) კვალში უდგას ლიდერებს.

"გვიხარია, რომ რამდენიმე მორაგბემ მოიშუშა ტრავმა და მონაწილეობას მიიღებს ამ მნიშვნელოვან მატჩში. ჩვენი უკანა ხაზი ძალიან კარგ ფორმაშია და მოუთმენლად ველით მსოფლიო თასის შემდეგ მათ თამაშს. ასევე სასიხარულოა, რომ დუდუ ქუბრიაშვილი და ვახტანგ მაისურაძე დაგვემატნენ - ისინი პორტუგალიასთან გუნდურ თამაშს მნიშვნელოვან წვლილს შემატებენ.

პორტუგალია ტრადიციულად უხერხული და რთული მეტოქეა, განსაკუთრებით - ლისაბონში. აქედან გამომდინარე, გერმანიის თამაშზე დაშვებული შეცდომები აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, განსაკუთრებით - დაცვაში" - განაცხადა მილთონ ჰეიგმა.

პორტუგალია-საქართველო
პორტუგალია: 15. ფრანსიშკუ მაგალიაეში, 14. მაქსიმ ვასი, 13. მიგელ მაჯედო, 12. ვოლოდიმირ გრიხი, 11. ლუის პორტელა, 10. სალვადორ ვასალო, 9. ლუიშ კერქუინო. 1. ბრუნო მედეიროში, 2. ბრუნო როჩა, 3. მაიკ ტაჯერი, 4. ჯოზე კონდე, 5. ფრანსიშკუ დომინგეში, 6. დუარტე დინისი, 7. დიოგო ვან დენ ტორნი, 8. გონსალო უვა.
16. ნუნო ბეტანკური, 17. ტომაშ აპელტონი, 18. ფრანსიშკუ აპელტონი, 19. მანუელ ვილელა, 20. ჟოზე მარია, 21. პედრო ბეტანკური, 22. ტომას ნორონა, 23. ნუნუ სოუსა

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ლაშა ლომიძე.
16. ზურაბ ჟვანია, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ანტონ ფეიქრიშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა გორგაძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი აფციაური.

ევროპის ერთა თასი. II ტური
13 თებერვალი
პორტუგალია-საქართველო
ესპანეთი-რუმინეთი
რუსეთი-გერმანია

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. საქართველო 1 1 0 0 +52 5(1)
2. რუმინეთი 1 1 0 0 +25 5(1)
3. რუსეთი 1 1 0 0 +2 4(0)
4. ესპანეთი 1 0 0 1 -2 1(1)
5. პორტუგალია 1 0 0 1 -25 0(0)
6. გერმანია 1 0 0 1 -52 0(0).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული