გულშემატკივრის სვეტი
ყველაზე კითხვადი სტატიები
არქივის კალენდარი
ლევან მაისაშვილი: ჩემი და მილტონ ჰეიგის ხედვა განვითარების გზებზე ემთხვევა
12:55 13-01-2016
საქართველოს რაგბის კავშირში გამგეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე საკითხთან ერთად ეროვნული ნაკრების მწვრთნელების საკითხი განიხილეს. რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად წარადგინა ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის კანდიდატად საქართველოს ჩემპიონატის ბოლო სამი წლის გამარჯვებულის თავკაცი ლევან მაისაშვილი.

გამგეობამ იმსჯელა წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაამტკიცა მილტონ ჰეიგი, ხოლო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე - ლევან მაისაშვილი 2+2 წლის ვადით.

"ბორჯღალოსნების" მთავარ მწვრთნელთან და მის ასისტენტთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტი, რომლის ვინაობაც 24 იანვარს დანიშნულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე გაირკვევა.

მილტონ ჰეიგი საქართველოს ნაკრებს 2012 წლის იანვრიდან ჩაუდგა სათავეში და 2015 წლის მსოფლიოს თასზე "ბორჯღალოსნებთან" ერთად ქართული რაგბის ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია. საქართველოს ნაკრებმა ინგლისსა და უელსში ტონგასა და ნამიბიის ნაკრებების ძლევის შედეგად ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და მომდევნო, 2019 წელს იაპონიაში გასამართ მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გარეშე მოიპოვა.

მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა კანადის, იაპონიისა და სამოას ძლიერი ნაკრებები.

ლევან მაისაშვილი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი გუნდის, თბილისის "ლელოსა" და მზარდი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახლდათ. ის წლების განმავლობაში თავკაცობდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს და საქართველოს A ნაკრებს.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტობა დიდი პასუხისმგებლობაა. ზოგადად, მარტივი არაფერია, თუმცა გამოცდილება ნამდვილად არ მაკლია. 23 წელიწადია მწვრთნელი ვარ. დიდი ხანია კაცთა გუნდებთან ვმუშაობ. სანაკრებო სპეციფიკა, ცხადია, საკლუბოსგან განსხვავებულია.

საქართველოს A ნაკრების პროექტი 2008 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ თამაში და საწვრთნელი შეკრება არ ყოფილა, ეროვნულ ნაკრებთან მუდმივი კავშირი არ მქონოდა.

ცხადია, წინ დიდი სირთულეები გველის. ჯერ 2015 წლის მსოფლიოს თასზე მიღწეული დონის შენარჩუნება იქნება საჭირო, მერე კი მის გაუმჯობესებაზე უნდა ვიზრუნოთ...

მილტონ ჰეიგთან ურთიერთობა მისი საქართველოში ჩამოსვლისთანავე დავამყარე. პირველად ჩვენი კონტაქტი საქართველოს A ნაკრების ბრიტანეთში ტურნეს დროს შედგა. ამის შემდეგაც ურთიერთობა ძალიან ხშირი გვქონდა.

მთავარია გუნდური პასუხისმგებლობა. ცხადია, გვექნება აზრთა სხვადასხვაობა, აქამდეც არაერთხელ გვქონია დისკუსიები. უნდა შევაჯეროთ ხედვები და კომპრომისზეც მოგვიწევს წასვლა. უფრო მეტად, ალბათ, მე მომიწევს, რადგან ის მთავარი მწვრთნელია და მისი პასუხისმგებლობა მეტია. ყველა შემთხვევაში ჩემს ხედვას ყოველთვის გავუზიარებ.

ჰეიგთან ურთიერთობა ნამდვილად არ გამიჭირდება. უკვე გვქონდა საუბარი და ჩვენი ხედვა განვითარების გზებზე ერთმანეთს ემთხვევა. ახლა ყველაზე სწრაფად მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაა საჭირო...

"ლელოში" პარალელურ რეჟიმში ვიმუშავებ. შუა სეზონში გუნდს ნამდვილად ვერ დავტოვებ. ვეცდები, ჩემი დრო რაციონალურად გავანაწილო. თუმცა, დარწმუნებული ვარ, კლუბში პრობლემა არ შეიქმნება.

იქ მიხეილ სუჯაშვილი მუშაობს საკმაოდ ნაყოფიერად. ერთი თვეა პაატა მაისურაძე დაგვემატა, რომელიც ძალიან აქტიურად საქმიანობს და მისით კმაყოფილი ვარ. ასე რომ, არა მგონია, რამე პრობლემა არსებობდეს".

მილტონ ჰეიგი
დაიბადა: 1964 წელს
ქვეყანა: ახალი ზელანდია (ინვერქარგილი)
პოზიცია: 9 ნომერი
თამაშობდა: "იოჰანესბურგ პირატსი", "გრიტონ მარისტი", "პრესტონ ლოჯი", "მაუნტ მაუნგანუი", "ლონდონ სკოტიში", "ორელი", "რიჩმონდი", "საუთლენდი", "ბეი ოფ პლენტი".
სამწვრთნელო კარიერა: 1991 წლიდან
კლუბები: "გრიტონ მარისტი", "პრესტონ ლოჯი", "მაუნტ მაუნგანუი", "ბეი ოფ პლენტი", "ვანგანუი", ახალი ზელანდია U-21 (ასისტენტი), მაორები (ასისტენტი), "ქაუნტის მანუკაუ", "ჩიფსი" (ასისტენტი).
საქართველოს ნაკრები: 2012 წლიდან

ლევან მაისაშვილი
დაიბადა: 1976 წელს
დაამთავრა: თბილისის 51-ე საშუალო სკოლა
1993-97 - საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. ეკოლოგია - ბუნებათსარგებლობის ფაკულტეტი
1996-2000 - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია
1998-2000 - საქართველო მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი-ასპირანტურა (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი)
კარიერა: 1994-2001 - რაგბის კლუბ "ლელოს" მწვრთნელი
2001 წლიდან რაგბის კლუბ "ლელოს" მთავარი მწვრთნელი
2000-03 - საქართველოს U19 მწვრთნელის ასისტენტი
2003-06 - საქართველოს U19 მთავარი მწვრთნელი
2006-07 - საქართველოს U18 მთავარი მწვრთნელი
2007-08 - საქართველოს U20 მთავარი მწვრთნელი
2009 - საქართველოს U19 მთავარი მწვრთნელი
2008-14 - საქართველოს A ნაკრების მთავარი მწვრთნელი
2014 წლიდან - მზარდი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი
საქართველოს ჩემპიონი: 2004, 2009, 2012-13, 2013-14, 2014-15 წლები
საქართველოს თასის მფლობელი: 2008, 2009, 2010 წლები
საუკეთესო ქართველი მწვრთნელი: 2004, 2008, 2009, 2012-13, 2013-14, 2014-15 წლები.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ggggg
15:52 13-01-2016
მსოფლიო თასი არ ჩატარებულა ინგლისსა და უელსში
ჩემპიონატი ჩატარდა ინგლისში, რომელმაც უელსის მილენიუმის სტადიონი რამდენიმე მატჩისთვის იქირავა