მხარი დაუჭირე ონლაინ – შერმადინი ჩემპიონთა ლიგის ტოპ-ცენტრის ტიტულისთვის იბრძვის

AutoSharing Option
"ლენოვო ტენერიფეს" ვეტერანი ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ცენტრის ტიტულისთვის იბრძოლებს, რა შემთხვევაშიც შეჯიბრის პირველ სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება.

ხმის მიცემა ტურნირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიწყო, ფანების გარდა კი, მერვედფინალში გასული კლუბების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები და ასევე ჟურნალისტებიც გამოიკითხებიან. პროცედურა მარტივია. შედიხართ წარმოდგენილ ვებ-გვერდზე, ნიშნავთ ქართველ ცენტრს და აძლევთ ხმას.

შერმადინს 9 კონკურენტი ჰყავს. ესენი ვერნონ ქერი (ქარშიაქა), ხაიმე ეჩენიკე (პრომითეასი), ტომას კენედი (ბონი), დავიდ კრავიში (უნიკახა), დევიდ მაკკორმაკი (გალათასარაი), ნეალ საკო (შოლე), ტრევორ ტომპსონი (პერისტერი), მარკო ტოდოროვიჩი
(მურსია) და ოსტინ ვილი (თოფაში) არიან.

თუ ვინ გახდება საუკეთესო ცენტრი ჩემპიონთა ლიგის “ოთხთა ფინალისას” შევიტყობთ, რომელსაც 26-28 აპრილს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი უმასპინძლებს. მაშინ გამოცხადდება სეზონის MVP, საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო მცველი და საუკეთესო მწვრთნელიც. ასევე დასახელდებიან პირველი და მეორე სიმბოლური ხუთეულების შემადგენლობაც.

საინტერესოა, რომ 2019-20, 2020-21 და 2021-22 წლების სეზონებში შერმადინი პირველ სიმბოლურ ხუთეულში ხვდებოდა, გასულ სეზონში კი ის მე-2 სიმბოლურ ხუთეულში დაასახელეს. მიმდინარე სეზონში ქართველი ცენტრის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 21.2 წუთი, 12.2 ქულა, 4,6 მოხსნა, 1.8 პასი.

"ლენოვო ტენერიფე" იმისთვის იბრძვის, რომ საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის “ოთხთა ფინალში” ზედიზედ მესამედ გავიდეს. ესპანურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის პირველ მატჩში თურქულ "თოფაშს" 83:77 სძლია და ვინაიდან დაპირისპირება ორ მოგებამდეა, მიზნის მისაღწევად 10 აპრილს სტუმრად დაგეგმილი თამაშში გამარჯვებაც ეყოფა. უკვე ცნობილია, რომ ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ტენერიფელები გერმანულ "ბონსა" და ბერძნულ "პერისტერის" შორის უმჯობესს შეხვდებიან.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული