TimeLine: ქართველთა დაპირისპირებანი უცხო ქვეყნის მიწაზე

AutoSharing Option
ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ტროას ომში ტროელებს ქართველური ტომები ეხმარებოდნენ. მოგვიანებით ქსენოფონტე (ძვ. წ. 401 წელი) თავის "ანაბასისში" ხალიბებს, ტაოხებსა და ფასიანებს დიდებულ მეომრებად ახასიათებს და დასძენს, რომ მათ საომრად მეზობელი ქვეყნის მმართველები იწვევდნენ.

ვახტანგ გორგასლისა და ერეკლე მეფის აღმოსავლურ ლაშქრობათა შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. რეალობა არც ახლა შეცვლილა, სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, ქართველი ჯარისკაციც იქ იცავს მშვიდობას. ჩვენი ლეგიონერების ყველაზე დრამატული ამბავი ქართულ ფილმ "მამლუქშია" აღწერილი...

საბედნიეროდ, მეოცე საუკუნიდან ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა სპორტი და თუ თავიდან მხოლოდ გართობა
იყო, დღეს ბიზნესია. სპორტის ზოგიერთ სახეობაში ქართველ "მამლუქებზე" დიდი მოთხოვნაა. მაგალითად რაგბიში, კალათბურთში...

მართალია, მსოფლიოს მასშტაბის 7-8 კალათბურთელი გვყავს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ კმაყოფილდება "რიგითის" სტატუსით, მათთვის არც კაპიტნობაა უცხო და გენერლობისკენაც მიიწევენ.

* * *
29 იანვარს ევროპის უმთავრეს საკალათბურთო ლიგაზე ორი ქართველის გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს: მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა და ლევან ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი".

ქართული დუელებით წლევანდელ ევროლიგაზე განებივრებულები ვართ. თავად განსაჯეთ: ეს გახლდათ მიმდინარე სეზონში მეხუთე მატჩი ქართველთა გუნდების მონაწილეობით.

ყველაზე საინტერესო პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი იყო, რომელშიც ფაცაციას "ნიჟნი ნოვგოროდი" ვიქტორ სანიკიძის "უნიქსს" შეხვდა. ამ შეხვედრის გამარჯვებული მეორე ეტაპზე თამაშს ინაღდებდა. მოიგო "ნოვგოროდმა" და ასე აღმოჩნდა ფაცაცია ერთ ჯგუფში თორნიკე შენგელიასთან და მარკოიშვილთან.

ქართველთა დაპირისპირებების რეკორდი ბოლო მატჩში მოიხსნა, მანამდე ყველაზე მეტი, ოთხი ორთაბრძოლა ევროლიგის 2012-13 წლების სეზონზე მოდიოდა. მაშინ შეჯიბრებაში სამი ქართველი გამოდიოდა, სანიკიძე, მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი. მანუს "კანტუ" მეორე ეტაპზე ვერ გავიდა. ვიქტორის "მონტეპასკიმ" კი პირველ ჯგუფურ ეტაპზე შერმადინის "მაქაბის" წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა, ხოლო მეორე ეტაპზე ამდენივეჯერ დაუპირისპირდა "ოლიმპიაკოსს" (იანვარში შერმადინმა "მაქაბი" ბერძნულ კლუბზე გაცვალა).

"მაქაბი"-"მონტეპასკის" დაპირისპირება ახალი დასრულებული იყო შერმადინს რომ ვესაუბრე. მკითხა, ჩემს გუნდს ქომაგობდი, თუ სანიკიძისასო?

- როცა შენ იყავი მოედანზე, "მაქაბის" ვგულშემატკივრობდი, როცა ვიქტორი - "მონტეპასკის", - ვუპასუხე ალალად.
- იმ შემთხვევაში, თუ ორივე ერთდროულად ვიყავით მოედანზე?
- ფრეს.
- ?
- ფრის შემთხვევაში ხომ ოვერტაიმი ინიშნება, ჰოდა მატჩი 40-ის ნაცვლად 45 წუთს რომ გაგრძელებულიყო, ქართველებს ქულა-მოხსნების მომატების საშუალება მოგეცემოდათ.

საინტერესოა, რომ ევროლიგაზე პირველი ქართული დაპირისპირება სწორედ 2012 წელს დაფიქსირდა, არადა შეიძლებოდა ისტორია ათწლეულის წინათ დაწყებულიყო. 2001 წელს ზაზა ფაჩულიას (14 წუთი, 4 ქულა, 5 მოხსნა) "ულქერი" ვლადიმერ ბოისას "ოლიმპიას" ეთამაშა, მაგრამ მწვრთნელმა ზმაგო საგადინმა ვოვა მოედანზე არ შეიყვანა.

2003 წელს ოლიმპიელმა ბოისამ "პო ორტეზის" წინააღმდეგ 22 წუთში 10 ქულა ჩააგდო. ფრანგების განაცხადში გიორგი მდივანი იყო, მაგრამ არ უთამაშია.

* * *
თუ ფილმ "მამლუქში" ბრძოლის ველზე ორი ქართველის შეხვედრა დრამის სახითაა გადმოცემული, სპორტში პირიქით, დიდი ზეიმია. ყველაზე ხმაურიანი 2013 წლის იტალიის სუპერთასზე მომხდარი ამბავი იყო. სიენას "მონტეპასკიში" ვიქტორ სანიკიძეს მწვანე "მუნდირი" ემოსა, "კანტუს" "არმიაში" მანუჩარ მარკოიშვილს - თეთრ-ლურჯი.

მეორე დღეს იტალიური გაზეთები ქართული გვარებით აჭრელდა. "ოკსიენა": "სანიკიძე ერთადერთი მონტეპასკელი იყო, რომელიც კანტუელებს ებრძოდა, იგი მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც უნდა დასახელებულიყო (17 ქულა, 16 მოხსნა), მაგრამ იტალიის სუპერთასი ქართულ გარჩევად იქცა, ვიქტორს საუკეთესოობა კანტუელმა მანუჩარ მარკოიშვილმა აართვა".

"ოლრაუნდი": "მარკოიშვილმა 15 ქულა ჩააგდო, მაგრამ მხოლოდ ციფრები მის თამაშს არ ასახავს, ლომივით იბრძოდა და დაგვანახვა, როგორი უნდა იყოს გუნდის ლიდერი".

იტალიაში მანუჩარ მარკოიშვილი და ვიქტორ სანიკიძე 2009 წელს გადავიდნენ და პირენეებზე პირველი ქართული დაპირისპირებაც მაშინ შედგა (12 დეკემბერს).

იმ სეზონის ბოლოს ორივე ჩვენიანი იტალიურ პირველობას ბოლომდე გაუშინაურდა და მეოთხედფინალური სერია, ფაქტობრივად, ქართულ დუელად იქცა - იმარჯვებდა ის გუნდი, რომლის ქართველი ლეგიონერიც ბოლო წამებზე სამქულიანებს ზუსტად სტყორცნიდა. საბოლოოდ მანუჩარის "კანტუმ" იყოჩაღა და ნახევარფინალშიც გავიდა. სწორედ მაშინ დაიმუქრა ბოლონიის "ვირტუსის" პრეზიდენტი საბატინი - მომავალ სეზონში მარკოიშვილი ჩემს გუნდში ითამაშებსო, მაგრამ "კოვზი ნაცარში ჩაუვარდა". მანუჩარი 2013 წლამდე "კანტუში" გამოდიოდა, საიდანაც თურქულ "გალათასარაიში" აღმოჩნდა.

იტალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი ქართველი 2011-12 წლების სეზონში თამაშობდა. მარკოიშვილის გვერდით "კანტუს" ღირსებას გიორგი შერმადინი იცავდა, ნიკა მეტრეველი "დინამო სასარიში" ირჯებოდა, ხოლო სანიკიძე "ვირტუსში" ატარებდა ბოლო სეზონს.

* * *
სხვათა შორის, ვლადიმერ ბოისა უშუალო მონაწილე იყო თორნიკე შენგელიას სადებიუტო მატჩისა ევროპულ დონეზე: 2009 წლის 8 თებერვალს ვოვას "მენორკა" თოკოს "ვალენსიას" ეწვია. შეხვედრის "ჰაილაითები" 17 წლის ქართველის თამაშით იწყებოდა და მისითვე მთავრდებოდა. ერთ ეპიზოდში შენგელია თავად ბოისას დაუსხლტა ფარქვეშ და ეფექტური ორი ქულა მიითვალა.

- თოკოს მანამდე ნაკრებიდან ვიცნობდი, თუმცა მაინც მოულოდნელი იყო ესპანეთის ჩემპიონატში მისი ესოდენ თამამი გამოჩენა. სადებიუტო შეხვედრა მართლაც კარგად ჩაატარა და გამარჯვება პირველმა მე მივულოცე, - აღნიშნა ბოისამ.

მას ესპანეთში ნიკა ცქიტიშვილის (სევილიის "კახასოლში" ირჯებოდა) წინააღმდეგაც მოუწია თამაში...

* * *
გგონიათ, სანიკიძისა და მანუჩარ მარკოიშვილის "მამლუქობა" 2009 წლიდან იღებს სათავეს? არა, ბატონო - 2004 წელს მათი გუნდები არც მეტი, არც ნაკლები, ფიბაევროპის თასის ფინალში (ამჟამინდელი ევროჩელენჯი) შეხვდნენ. მაშინ ვიქტორი ფრანგულ "დიჟონს" წარმოადგენდა, მანუჩარი - გერმანულ "მიტელდოიჩერს". მანუმ 13 ქულა ჩააგდო და ალემანებს 84:68 გაამარჯვებინა. სანიკიძე განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოსულა. სამაგიეროდ მარკოიშვილის წინააღმდეგ ითამაშა "დიჟონის" ლეგენდა ვატო ნაცვლიშვილმა, რომელიც 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა.

ამავე სეზონში "დიჟონს" ჯგუფურ ეტაპზე რუსული "ურალ გრეიტი" შეხვდა, რომელშიც ნახევარი სეზონით გიორგი ცინცაძე გამოდიოდა. პერმში ვიქტორმა და "ბუმ" ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა თამაშამდე მოასწრეს, უშუალოდ მატჩისას ამის საშუალება არ მისცემიათ - ცინცაძეს არ უთამაშია.

იმ ზაფხულს სანიკიძე NBA-ის დრაფტის შემდეგ "სან ანტონიოს" დარჩა, თუმცა კარიერა ევროპაში განაგრძო. 2009-10 წლები ვიქტორმა ესპანეთის "ესტუდიანტესში" გაატარა, რომელიც იმავე შეჯიბრებაში გამოდიოდა, რომელიც წინა სეზონში "მიტელდოიჩერმა" მოიგო.

რეგულარულ ეტაპზე სანიკიძე ყოფილ კლუბ "დიჟონს" შეხვდა, სადაც კვლავ გამოირჩეოდა მისი უფროსი მეგობარი ვატო ნაცვლიშვილი (25 ქულა ორი მატჩის ჯამში).

* * *
ვლადიმერ სტეფანია NBA-ში 1998 წელს გადავიდა და მას მერე ჯაჭვი არ გაწყვეტილა - დღეს იქ ერთი ქართველია, ზაზა ფაჩულია. 2002-დან 2006 წლამდე NBA-ში ნიკა ცქიტიშვილი გამოდიოდა. შესაძლოა, იფიქროთ, ავტორმა გემრიელი ლუკმა ბოლოსთვის შემოინახა, ახლა მსოფლიოს უმთავრეს საკალათბურთო ლიგაში მამლუქთა ბრძოლებზე მოგვითხრობსო, მაგრამ...

NBA-ს ისტორიაში ქართული დაპირისპირება სულ ხუთჯერ შედგა. პირველად 2003 წლის 8 იანვარს, როცა ნიკა ცქიტიშვილის "დენვერმა" ვლადიმერ სტეფანიას "მაიამის" უმასპინძლა. პირველმა 11 წუთი ითამაშა, მეორემ - 19. ორივემ 4-4 ქულა ჩააგდო.

2013 წლის იანვარში ზაზა ფაჩულიამ თავის "ფეისბუქზე" დაწერა: ატლანტაში მეგობარი, ჩემი ოჯახის წევრი, თორნიკე შენგელია ჩამოდის. მის "ბრუკლინს" ვმასპინძლობთო. 13 იანვარს ზაზამ NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა, კინაღამ სამმაგი დუბლით გამოირჩა (13 ქულა, 11 მოხსნა, 8 პასი) და "ატლანტას" "ბრუკლინთან" გაამარჯვებინა. მწვრთნელმა შენგელია არ ათამაშა.

ამ გუნდების მეორე მატჩშიც იგივე განმეორდა: ზაზა მოედანზე იყო, თოკო - სათადარიგოთა შორის. "ბრუკლინი" და "ატლანტა" მას მერე, 9 და 15 მარტს კიდევ ორჯერ შეეჭიდნენ (ჯამში 2:2), მაგრამ ბედის ირონიით ფაჩულიამ და შენგელიამ როლები გაცვალეს: თორნიკემ ითამაშა, ზაზას აქილევსის მყესი აწუხებდა და ქართული დუელი კიდევ ერთხელ გადაიდო.

მაგრამ მაინც შედგა, 2014 წლის გაზაფხულზე: თორნიკე შენგელიას "ჩიკაგომ" ზაზა ფაჩულიას "მილუოკის" უმასპინძლა და 102:90 დაამარცხა. ბოლო წუთებზე ორივე ქართველი მოედანზე იყო და საფინალო სირენასთან ერთად მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ, რაც ერთ-ერთმა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული