გიორგი შერმადინი: მნიშვნელობა არა აქვს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ...

AutoSharing Option
გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო მოთამაშედ მიმდინარე სეზონში - მესამედ, კარიერაში კი მეოთხედ აღიარეს.

- გიორგი შერმადინმა ტურის MVP-ის ტიტული მიმდინარე სეზონში მესამედ მიიღო
- გიორგი შერმადინის 22 ქულა, დამარცხებული ლიდერი და პლეი ოფის საგზური [VIDEO]

ესპანური ლიგის გასულ ტურში ანდორელებმა ერთ-ერთი ლიდერი "ვალენსია" 89:84 დაამარცხეს და ეს გუნდისთვის 15 საშინაო შეხვედრაში მე-14 (!) გამარჯვება იყო, ქართველი ლეგიონერის შეჩერება კი ვერავინ შეძლო.

ვალენსიელთა გაპიარებულ ჩერნოგორიელ ცენტრ ბოიან დუბლევიჩთან ჭიდილში შერმადინმა არაფერი დათმო და 22 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა,
მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 32-ს გაუტოლდა, რაც ტურში ვერავინ გადაფარა.

აქამდე ქართველი ცენტრი მე-17 ტურში გამოირჩა, როდესაც "ბეტისთან" მატჩში მისმა მაჩვენებელმა 33-ს უწია, 25-ე ტურში კი, "სარაგოსასთან" ჯახში, გიორგის სარგებლიანობის კოეფიციენტი საერთოდაც 41-ს გაუტოლდა.

"ვალენსიასთან" შეხვედრაში შერმადინმა ორქულიანები 73%-იანი სიზუსტით (11-დან - 8) ესროლა, საჯარიმოებში კი 86%-იანი მაჩვენებელი (7-დან - 6) ჰქონდა.

ტურის საუკეთესოდ აღიარება ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალური საიტის ჟურნალისტებმაც მიულოცეს.

- ძალიან გახარებული ვარ, კიდევ ერთხელ დამასახელეს MVP-ად, თუმცა კიდევ უფრო მიხარია, რომ "ანდორამ" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა "ვალენსიასთან". ეს მოგება პლეი ოფის გზაზე სერიოზული ნაბიჯი იყო.

მადლობა გუნდს, მადლობა სამწვრთნელო შტაბს. ტურის მოთამაშედ რომ დამასახელეს, სწორედ მათი დამსახურებაა.

როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო მე-14 საშინაო გამარჯვება მე-15 მატჩში.

- ჩვენს დარბაზში ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა, თუმცა "ვალენსიასთან" ემოცია კიდევ უფრო მეტი იყო. გულშემატკივარსაც ესმის, რომ ძალიან ახლოს ვართ მიზანთან, პლეი ოფთან და მაქსიმალურად ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს წარმატებაში. რეალურად ასეცაა - "ვალენსიასთან" გამარჯვებაში ქომაგს დიდი წვლილი მიუძღვის.

შერმადინს მონტენეგროელი ბოიან დუბლიევიჩი მეურვეობდა, რომელიც ამ სეზონში ორჯერ დასახელდა ლიგის MVP-ად. აი, რას ამბობს მასზე გიორგი:

- დუბლიევიჩი ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო წინახაზელია. თუმცა ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვის წინააღმდეგ ვთამაშობ, ვინ მმეურვეობს. გავდივარ და ვთამაშობ!

"ანდორას" მომდევნო ტურში ოფიციალურად შეუძლია გაინაღდოს პლეი ოფის საგზური - 10 მაისს სევილიის "ბეტისს" სტუმრობს.

- ძალას არ დავიშურებთ, რომ პლეი ოფში სევილიიდან გავიდეთ. ეს რთული იქნება. მართალია, მეტოქე არ არის კარგ ფორმაში, მაგრამ მოგება ძალიან სჭირდება. თან საშინაო კედლებში...

..."ანდორამ" პლეი ოფში ბოლოს 1995 წელს ითამაშა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული