ნიკოლოზ ცქიტიშვილი: მეტოქე სწორედ ამ სამქულიანით გავტეხეთ [VIDEO]

AutoSharing Option
72:72... ცქიტიშვილი... სამქულიანი... და "მანამა" ბახრეინის ჩემპიონია!

ამ სათაურის მიხედვით ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება ბახრეინის ჩემპიონატის მესამე ფინალური მატჩის ბოლო წუთებზე. მხოლოდ ერთს დავამატებთ: სკიტამ სამქულიანი რომ ჩააგდო, მატჩის დასრულებას 1:20 წუთი უკლდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
დარჩენილ დროში მეტოქემ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საპასუხოდ ისევ ნიკასგან მიიღო ორქულიანი, ამას მოჰყვა ფოლების ტაქტიკა და ჩემპიონობა.

მანამდე იყო საინტერესო ფინალური სერია, რომელიც მართალია 3:0 დასრულდა, მაგრამ სამივე შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ ფინალში ცქიტიშვილის "მანამამ" "ალ მუჰარაქი" 83:74 დაამარცხა. როგორც ნიკამ გვითხრა, იმ შეხვედრაში
კარგად ითამაშეს ადგილობრივებმა, თავად კი 21 ქულა ჩააგდო.

სერიის მეორე შეხვედრა დაბალი შედეგიანობით აღინიშნა და "მანამას" ორქულიანი გამარჯვებით დასრულდა - 63:61.

ინტერნეტ-საიტ "აზიაბასკეტზე" ვკითხულობთ: "ნიკოლოზ ცქიტიშვილს მეორე ფინალურ მატჩში 19 ქულა, 15 მოხსნა და 3 დაფარება ჰქონდა. მისი დამსახურებით თამაში ბოლო წამებამდე თანაბარი იყო, ხოლო ანგარიშზე 61:61 მან საფინალო სირენასთან ერთად ზუსტად სტყორცნა და "მანამა" სერიაში 2:0 დააწინაურა."

საჩემპიონო მატჩში კი ცქიტიშვილმა საუკეთსო შედეგი აჩვენა - 23 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. ბოლო პერიოდის წინ ქართველი ფორვარდის გუნდი 9 ქულით ჩამორჩბოდა, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედი 29:18 მოიგო და საბოლოოდ 81:79 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ცქიტიშვილი ასევე ლიბანისა და ირანის ჩემპიონია. 2002 წელს NBA-ის დრაფტზე მე-5 ნომრად "დენვერ ნაგეტსმა" აირჩია. 6 წლის მანძილზე იგი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო წლებია აზიის ქვეყნებში წარმატებით გამოდის.

ნიკოლოზ ცქიტიშვილს მას ბახრეინში დავუკავშირდით და საჩემპიონო ინტერვიუც ჩავწერეთ.

- "მანამა" სეზონის დასაწყისშივე ითვლებოდა ფავორიტად, თუმცა იყო 4-5 გუნდი, რომლებიც ღირსეულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ. პლეი ოფამდე წაუგებლად მივედით, იქ კი პირველივე შეხვედრა შედარებით სუსტ გუნდთან ("ალ ჰალა") დავთმეთ.

- რა იყო ამის მიზეზი?
- გუნდში სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე უამრავი ცვლილება განხორციელდა. მწვრთნელიც რამდენჯერმე შეგვეცვალა, რაც გუნდზე დადებითად ნამდვილად არ მოქმედებს. თავიდან სერბი გვავარჯიშებდა, პერისიჩი. მასთან ერთად ზედიზედ 11 მატჩი მოვიგეთ, ერთი წაგებაც არ გვქონდა, მაგრამ მაინც შეცვალეს. ცოტა ხისტი იყო, მკაცრი, ალბათ, ეს არ მოსწონდა კლუბის ხელმძღვანელობას. იგი ასევე სერბმა რაჩამ შეცვალა. მის ხელში გუნდს ერთგვარი ჩავარდნა დაეწყო. თითქოს ფორმიდანაც ამოვვარდით. ამასობაში ბახრეინის თასი "ალ მუჰარაქმა" მოგვიგო, თუმცა მწვრთნელმა პოსტი მაინც შეინარჩუნა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე (ნახევარფინალში) "ალ ჰალასთან" მარცხის შემდეგ კი ადგილობრივი სპეციალისტი დაინიშნა, რომელთან ერთადაც სერიაში ანგარიში გავათანაბრეთ. შემდეგ კი თავკაცად ესპანელი იოსეპ კარლოსი დაგვინიშნეს. სწორედ მასთან ერთად გავხდით ჩემპიონები.

- მიუხედავად იმისა, რომ 3:0 გაიმარჯვეთ, ფინალური სერია მაინც საინტერესო გამოდგა.
- ბახრეინის თასზე "ალ მუჰარაქთან" წაგების შემდეგ სულ სხვა შემართებით გამოვედით ჩემპიონატის ფინალის სათამაშოდ. ამ გუნდზე ძლიერები ვიყავით და ეს ფინალში უნდა დაგვემტკიცებინა. "მანამამ" საწყისი ორი მატჩი კარგად ჩაატარა, მესამე კი განსაკუთრებით საინტერესო გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ 13 ქულის სხვაობით ვაგებდით, ხოლო მესამე პერიოდში "ალ მუჰარაქმა" 19 ქულით გაგვასწრო. სწორედ ამის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში და ბოლო წამებზე ორი ქულის სხვაობით გავიმარჯვეთ.

- ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოჰაილაითი - სამქულიანს აგდებ და დარბაზიც "ინგრევა". ეს რა მომენტი იყო?
- სერიის მესამე მატჩის დასრულებამდე 1:20 წუთით ადრე, ანგარიშზე 72:72 პერიმეტრზე თავისუფალი დავრჩი და სწორედ ამ სამქულიანით გადავასწარით მეტოქეს და საბოლოოდაც გავტეხეთ.

- ბახრეინის ჩემპიონატში თუ იყვნენ საკალათბურთო სამყაროსთვის ცნობილი ლეგიონერები?
- იყო ტრევის ელიოტი, ლორენ ვუდსი, რომელიც სხვადასხვა დროს "ჰიუსტონ როკეტსში", "მაიამი ჰიტსა" და "ტორონტო რეპტორსში" თამაშობდა. იგი "ალ ჰალას" ღირსებას იცავდა. თითქმის ყველა გუნდს ჰყავდა უცხოელები, ძირითადად ამერიკელები.

სხვათა შორის, აქაც ხშირად ცვლიან ლეგიონერებს, თუკი ჩათვლიან, რომ არ გაამართლა, ახალი ჩამოჰყავთ. თუმცა არა ისეთი ტემპით, როგორც ლიბანში. იქ ერთ სეზონში გუნდმა 17 უცხოელი ათამაშა...

- სეზონი დასრულდა, საქართველოში ჩამოსვლას როდის აპირებ?
- ჯერ ისევ ბახრეინში ვარ. მართალია კონტრაქტის ვადა ამომეწურა, მაგრამ გუნდი სპარსეთის ყურის ქვეყნების ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 12-20 აპრილს ჩატარდება. ბახრეინელებს ეს შეჯიბრება დიდი ხანია, არ მოუგიათ და ძალიან სურთ ეს წლეულს მოახერხონ. მით უმეტეს, შეჯიბრება ბახრეინში იმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა სამწუხაროა, რომ ასეთი მონაცემების კალათბურთელი, ბოლომდე ვერ გაიხსნა და დღემდე ნბა-ს ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად ითვლება, მასთან ერთად ტრანსფერზე აყვანილი ნენე ილარიო, რომელთან შედარებითაც ნიკა გაცილებით პერსპექტიული იყო, დღესაც მშვენივრად თამაშობს პლეიოფში,ალბათ აქაც ქართული ხასიათი და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება იყო მთავარი ფაქტორი
თბილისი
11:30 23-04-2017
0
ჰოლივუდის ვარსკვლავს ჰგავს))) ამდ............. ცქიტო))
0

სიახლეები პოპულარული