სტეფ კარი: ზაზა... დაუჯერებელია! მას ძალიან უყვარს კალათბურთი...

AutoSharing Option
მატჩის მსვლელობისას იყო საინტერესო ეპიზოდი - კომენტატორმა შეგვახსენა: "ოლ სტარის" გამოკითხვაში ხმა მიეცით კარის, დურანტსა და გრინსო... წინადადება დამთავრებული არ ჰქონდა, ოპერატორმა სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფაჩულიას რომ "მიანათა" კამერა. კომენტატორმა სწრაფად შეასწორა:

- ...და, რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულიას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკას წარმოადგენსო.

მალევე ტელეეკრანზე გამოჩნდა საინტერესო დაფა, რომელზეც ჩამოთვლილი იყო ყველა ქართველი კალათბურთელი, რომელსაც სხვადასხვა დროს NBA-ში უთამაშია. სტეფანიას, ცქიტიშვილისა და შენგელიას გვერდითაა ცაკალიდისი, ბერძნული წარმოშობის კალათბურთელი, რომელიც სოხუმში დაიბადა.

- ზაზა ფაჩულიას 8 ქულა, 6 მოხსნა და გამარჯვება
"მაიამისთან" [VIDEO]


"გოლდენ სტეიტისა" და "მაიამის" მატჩის დასრულებისთანავე ოკლენდელმა ტელერეპორტიორებმა ინტერვიუ ჩაწერეს 24-ქულიან სტეფ კარისთან. "მეომრების" ლიდერმა ჯერ მატჩის შესახებ თქვა, ძალისმიერი ბრძოლა იყო, "მაიამიმ" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიაო. შემდეგ გაიხსენა, რომ ბოლო საშინაო მატჩი "მემფისთან" წააგეს და მას მერე ფლორიდელებთან გამარჯვება გუნდისთვის და გულშემატკივრის ხასიათის გამოსასწორებლად სასარგებლო იყო.

მესამე შეკითხვა ჟურნალისტმა ზაზა ფაჩულიას შესახებ დაუსვა. აი, კარის პასუხიც:

- ზაზა დაუჯერებელია! მას ძალიან უყვარს კალათბურთი, გუნდისთვის ბევრ სასარგებლოს აკეთებს. ფაჩულიას აქვს დიდი ემოცია, რაც გუნდზეც გადმოდის და წარმატებაში გვეხმარება. რაც შეეხება ბოლო პერიოდის მომენტს, ყველაფერი ზუსტად შესრულდა და ლამაზად გამოვიდა.

კონკრეტულად რომელ ეპიზოდს გულისხმობდა სტეფ კარი? - მატჩის დასრულებამდე 1:18 წუთით ადრე ფაჩულია საკუთარ საჯარიმოში დაზღვევაზე გადავიდა, რამაც მეტოქე ცოტა დააბნია, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა და სამქულიანისკენ გადავარდნილი ბურთისკენ ერთბაშად სამი კალათბურთელი გაეშურა. მათ შორის - ფაჩულია, რომელიც ასეთ სიტუაციაში არაფერს თმობს - გადახტა, კორპუსით ბურთზე დააფარა და მეტოქის კალათისკენ გაჭრილ კარის საორქულიანედ უპასა. 100:89.
ზაზა ფაჩულიას საუკეთესო მომენტები "მაიამისთან"
Sportall.Ge

ამ ეფექტურმა მომენტმა დარბაზიც აიტაცა და ფაჩულიამაც ენერგია სრულად გადმოაფრქვია. საფინალო სირენამდე წუთით ადრე 11-ქულიანი სხვაობა ხომ გამარჯვების ტოლფასი იყო.

არადა, მთელი თამაშის განმავლობაში "მაიამი" მასპინძლებს დიდ წინააღმდეგობას უწევდა, უგებდა კიდეც, თუმცა ზედიზედ მეორე მატჩია "გოლდენ სტეიტი" დასკვნით მონაკვეთს მაღალ დონეზე ატარებს და ამჯერადაც დამსახურებულად გაიმარჯვა - 107:95.

ზაზა ფაჩულიას მფრინავი ჰასან უაითსაიდის მეურვეობა უწევდა, რომელმაც 37 წუთში 28 ქულა და 20 მოხსნა მოაგროვა, თუმცა ქულა-მოხსნების დიდი ნაწილი მაშინ მოაგროვა, ზაზა მოედანზე რომ არ იყო. ქართველი ცენტრი მას ბურთის მიღებამდე აწუხებდა და ჩვეულად გადაადგილების უფლებას არ აძლევდა. ზაზამ მოედანზე 23 წუთი გაატარა, 8 ქულა (5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

კარის მონაგარი უკვე მოგახსენეთ, კევინ დურანტმა 28 ქულა ჩააგდო. მესამე სნაიპერი კლეი ტომპსონი მწვრთნელმა დაასვენა. "მაიამის" რიგებში 17 ქულით გამოირჩა სლოვენიის ნაკრების უკანახაზელი გორან დრაგიჩი.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო მატჩს 13 იანვარს, თბილისის დროით 7:30 საათზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
ძირითად ხუთეულს ირჩევენ, დანარჩენს, კიდევ 7-ს ხომ მწვრთნელი წყვეტს თუ მეშლება, ასე არ არის?
არჩილ ხოფერია
18:11 12-01-2017
0
ეს საორქულიანო რა არის? სამსოფლიოჩემპიონატო, საევროპისჩემპიონატო და ასე შემდეგ, რომელ სკოლაში ისწავლეთ?
niko
16:41 12-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული