საქართველოს ნაკრები. ნატურალიზებულები: მაიკლ დიქსონი - ჩვენი მეშვიდე მოქალაქე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ამერიკელმა ახალწვეულმა მაიკლ დიქსონმა ჩვენი ქვეყნის პასპორტი ლიუბლიანაში მიიღო და წლეულს, ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ეროვნული ნაკრების ფორმასაც მოირგებს.

უამრავი შეკითხვა გაჩნდა: როგორი კალათბურთელია, სად თამაშობდა, როგორი პიროვნებაა, გამოგვადგება?

დღეს ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძალიან რთულია, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ევროპული დონის კალათბურთელია და გუნდს უთუოდ გაუწევს სამსახურს... შემონდ უილიამსივით დაგვეხმარება, ტაირონ ელისივით, ჯეიკობ პულენივით, მარკიზ ჰეინსივით, ტორინ გრინივით თუ მაიკლ დიქსონივით, ამას შესარჩევი ეტაპის მსვლელობისას ვნახავთ.

...და როგორ გვეხმარებოდნენ შემონდი, ტაირონი და სხვა ნატურალიზებულები? მოდით ერთად გავიხსენოთ და ბოლოს
დიქსონსაც მივადგებით.

ახალი ერა
2004 წელს საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ერა დაიწყო, უცხოელი მწვრთნელებისა და ნატურალიზებული ამერიკელების დახმარებით ზაზა ფაჩულიას თაობამ თავი მეორე დივიზიონს დააღწია და უკვე მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური.

ბოლო 11-დან განსხვავებული იყო 2014 წელი. 2004 წლის შემდეგ პირველად ვითამაშეთ ამერიკელის გარეშე. შესარჩევ ჯგუფში ყველას ვაჯობეთ (ასევე პირველად) და მშრალ სტატისტიკაზე დაყრდნობით, შესაძლოა ვინმემ მიიჩნიოს, რომ სულაც არ გვჭირდებოდა ნატურალიზებული. თუმცა თამაშებს თუ გავიხსენებთ, ამის თქმა გაგვიჭირდება.

ამიტომაც დაგვიბრუნდა ევროპის 2015 წლის ჩემპიონატისთვის ლეგიონერი (ჯეიკობ პულენი). არც წლევანდელი შესარჩევია იოლი დასაძლევი, თამაშები და ფრენა ერთმანეთს ენაცვლება, ასეთ დროს კი ნაკრების მწვრთნელმა ორი მიზანი უნდა დაისახოს: კონკრეტული მატჩის მოგება და მომდევნო შეხვედრისთვის ძალების დაზოგვა.

ასე რომ, აუცილებელია მინიმუმ ორი მეტ-ნაკლებად თანაბარი ხუთეული, ჰოდა მაღალი დონის ამერიკელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აბა, გასოლების პატრონი ესპანელები გიჟები არიან, გუნდში ნატურალიზებულ სერჟ იბაკას რომ იწვევდნენ?

Sportall.Geშემონდი
საქართველოს ნაკრებში: 5 მატჩი, 197 წუთი (39.4), 100 ქულა (20.0), 19 მოხსნა (3.8), 37 პასი (7.4).

ნატურალიზებულთაგან "პირველი მერცხალი" შემონდ უილიამსი იყო. მის ხასიათზე წარმოდგენას შეგვიქმნის ერთი სახალისო ამბავი: სან ჯორჯოს ტურნირის მსვლელობისას ერთ-ერთ ვარჯიშზე კალათბურთელები ტაქსებით წავიდნენ.

აღმოჩნდა, რომ ერთი კაცი ზედმეტი იყო და მისთვის ცალკე მანქანა უნდა დაექირავებინათ.

უილიამსმა დამატებითი ტაქსი არ გამოაძახებინა, კუდიანი მანქანის საბარგული ახადა და შიგ მოექცა, აქაც კარგად მოვთავსდებიო...

შემონდის პირველ ბლიც-ინტერვიუ:

- "სიეტლში" სტეფანიასთან ვთამაშობდი, "ორლანდოში" - ფაჩულიასთან, ხოლო "დენვერში" - ცქიტიშვილთან. ნიკასა და ზაზასგან ვიცოდი, რომ კარგი ნაკრები გყავთ და სერიოზულ მიზნებს ისახავთ. როცა სტეფანიამ დამირეკა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში დახმარება მთხოვა, სიამოვნებით დავთანხმდი. ამასთან, ძალიან მაინტერესებდა თქვენი ქვეყნის გაცნობა.

Sportall.Geტაირონი
საქართველოს ნაკრებში: 18 მატჩი, 576 წუთი (32.0), 266 ქულა (14.8), 59 მოხსნა (3.3), 54 პასი (3.0)

2006 წლის 6 აგვისტოს ნაკრების თავკაცმა გორდონ ჰერბერტმა პრესკონფერენციაზე ახალწვეული გაგვაცნო:

- ტაირონ ელისთან გერმანულ "სკაილაინერსში" ვმუშაობდი. იგი ძლიერი კალათბურთელი და კარგი პიროვნებაა. გაგვიმართლა, რომ ასეთი მოთამაშე ჩამოვიყვანეთ.

უილიამსი 2005-ში "ბარსელონაში" გადავიდა და ნაკრებში კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ვაი-ვაგლახით გამოუშვა. მომდევნო წელს იგი ტაირონ ელისმა შეცვალა. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო... მას შემდეგ ეროვნულიდან არაერთი მწვრთნელი წავიდა, ელისი კი ნაკრების ღირსი აღმოჩნდა - სამი წლის განმავლობაში ატარებდა საქართველოსდროშიან მაისურს.
- ჰერბერტმა იმიტომ ჩამომიყვანა, რომ გუნდის ინტერესებს მუდამ პირადულზე წინ ვაყენებ, - ამით დაიწყო ელისმა და 2009 წელს ასე დაასრულა:

- საქართველოს ნაკრებში პასპორტის გულისთვის ვთამაშობდი? არა, ვთამაშობ იმიტომ, რომ კალათბურთი მიყვარს და იმიტომაც, რომ ერთი დიდი ოჯახის, საქართველოს ნაკრების წევრი ვარ.

ელიტის საგზური რომ მოვიპოვეთ, ტაირონმა სიამაყით თქვა - ელისაშვილი ვარო. ზოგიერთი ამერიკელისგან ეს ფრაზა შესაძლოა ირონიულ ნათქვამად მოგვჩვენებოდა, მაგრამ არა ტაირონისგან...

ტორინი
საქართველოს ნაკრებში: 8 მატჩი, 227 წუთი (28.4), 88 ქულა (11.0), 19 მოხსნა (2.4), 20 პასი (2.5)

როგორც გითხარით, ელისი ჩვენთან 2009 წლის ჩათვლით თამაშობდა. მომდევნო სეზონში კალათბურთის ფედერაციას ბოდიში შემოუთვალა - მეუღლე ბავშვს ელოდება და ზაფხულში მის გვერდით უნდა ვიყოო.

სწორედ ამიტომ 2010-ში ჩვენი გუნდის ღირსება ტორინ გრინმა დაიცვა. თუმცა მანამდე იყო ორი ამერიკელი: მელვინ სენდერსი და ქუინტონ ჰოსლი.

პირველს საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს მისცეს, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არც ჩამოსულა.

ჰოსლიმ გრინთან ერთად 2010 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი. მაშინ გუნდს ვლადიმერ ბოისა დააკლდა და სწორედ ქუინტონს უნდა შეეცვალა ვოვა.

ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოფიციალური შეხვედრებისთვის იგორ კოკოშკოვმა უპირატესობა გამთამაშებელ გრინს მიანიჭა და ჰოსლიც დაგვემშვიდობა.

მარკიზი
საქართველოს ნაკრებში: 8 მატჩი, 165 წუთი (20.6), 64 ქულა (8.0), 13 მოხსნა (1.6), 10 პასი (1.2)

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატზე მარკიზ ჰეინსი დაგვეხმარა. იგი დღესაც თბილად იხსენებს საქართველოს ნაკრებში გატარებულ ორ თვეს:

- საინტერესო იყო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა. საქართველოს ნაკრებში ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი, კალათბურთელები წლების განმავლობაში ერთმანეთის გვერდით არიან და კარგადაა შეთამაშებული.

ვცდილობდი, მეც ნაკრების ნაწილი გავმხდარიყავი, თამაშის საკუთარ თავზე აღებით გუნდისთვის არ მევნო.

მარკიზი 2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს დროშით ხელში სხვებთან ერთად ხარობდა ევრობასკეტის მეორე ეტაპზე გასვლას. თუმცა მასთან თანამშრომლობაც ერთწლიანი გამოდგა.

ჯეიკობი
საქართველოს ნაკრებში: 14 მატჩი, 332 წუთი (23.7), 174 ქულა (12.4), 23 მოხსნა (1.6), 33 პასი (2.4)

წინა წლების მაგალითი რომ ვიცოდით, ბევრი ქართველი სკეპტიკურად შეხვდა ევროპაში გამოუცდელი ჯეიკობ პულენის ნაკრებში გამოჩენას.

თუმცა მაინც მადლობელნი უნდა ვიყოთ, რომ ნაკრებს 2012 წელს პულენი შერჩა და არა კორი ფიშერი. გრინი-ჰოსლის შემთხვევის მსგავსად 2012 წელსაც ორი ამერიკელი ჩამოიყვანეს. რომელიც საკონტროლო მატჩებში გაამართლებდა, შესარჩევშიც ის იასპარეზებდა.

...პულენი დარჩა. საშუალოდ 16.4 ქულას აგროვებდა. სამქულიანებით გაგვანებივრა.

ჯეიკობი სამი წლის შემდეგ, ევრობასკეტი 2015-სთვისაც დაბრუნდა საქართველოს ნაკრებში. ვერ ვიტყვით, ურიგოდ ითამაშა, მაგრამ ვერც იმას დავამატებთ - რასაც ველოდით, ის მოგვცაო... საშუალოდ მატჩში 7.2 ქულას აგროვებდა.

Sportall.Geრიკი
საქართველოს ნაკრებში: 5 მატჩი, 135 წუთი (27.0), 59 ქულა (11.8), 15 მოხსნა (3.0), 22 პასი (4.4)

2013 წელს ისევ ორი ამერიკელი ვიხილეთ სანაკრებო შეკრებაზე - ლუკ ზელერი და რიკი ჰიკმანი. კი თქვეს, ევრობასკეტზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია რომ ვერ ითამაშებენ, ტანმაღალი ზელერიც იმიტომ ჩამოვიყვანეთო, მაგრამ წინასწარ ცხადი იყო - ლუკი ევრობასკეტზე ვერ ითამაშებდა.

მიზეზი? - ჰიკმანი! იგი "მაქაბის" შემადგენლობაში ევროლიგაზე ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი იყო და როცა განაცხადში ერთი ნატურალიზებულის შეყვანის უფლება გაქვს, ზელერს ჰიკმანზე წინ ვერ დააყენებ.

- თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ახალგაზრდები მეტად დაიტვირთებიან და მეც მხარში დავუდგები, რომ შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ, - გვითხრა ჰიკმანმა ევრობასკეტი 2013-ის წინ.

იგი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს კალათბურთელებს მართლაც ეხმარებოდა, მაგრამ ასეთი გამოცდილი კაცისგან მხარში დგომაზე მეტი გვჭირდებოდა... თუმცა იგორ კოკოშკოვმა გვითხრა, ბოლომდე გახსნაში ხელი ტრავმამ შეუშალაო.

2014 წელს, შესარჩევზე რიკი ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა.

მაიკლი
საქართველოს ნაკრებში: მაიკლ დიქსონის არაოფიციალური დებიუტი 2 აგვისტოს პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ შედგება.

25 წლის დიქსონი გასულ სეზონში ჩეხური "ნიმბურკის" ღირსებას იცავდა. გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო. თამაშობდა როგორც გამთამაშებლად, ასევე მსროლელის პოზიციაზე.

ვითიბი ლიგაზე საშუალოდ 23 წუთში 14.4 ქულასა და 4.6 პასს აგროვებდა. მშვენიერი რიცხვებია. ვნახოთ, რა მონაგარი ექნება საქართველოს ნაკრებში, თუმცა სტატისტიკაზე მთავარი მაინც შედეგია - ჩვენი გუნდი ევრობასკეტი 2017-ის საგზურისთვის იბრძვის.

შემდგომში ვიმსჯელებთ, რა სარგებლობა მოაქვთ საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულებს პერიმეტრიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული