უჩა სოსიაშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

თავდაპირველად სოსიაშვილმა ჩვენი რუბრიკაც შეაფასა:

"ძალზე სასიხარულო და სასიამოვნოა, როცა მწვრთნელს, ფეხბურთელს საშუალება ეძლევა, ასეთი უშუალო კონტაქტი ჰქონდეს გულშეტკივართან, რადგან ფეხბურთი მათ გარეშე წარმოუდგენელია. ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაციაა ის თითოეული გულშემატკივარი, რომელიც ფეხბურთითაა დაინტერესებული.

კარგი პროექტია და დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს ყველაფერი, რათა უფრო მეტად მოხდეს მწვრთნელების, ფეხბურთელების კომუნიკაცია გულშემატკივრებთან, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი. ჩემი მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შემიძლია ამ ყველაფრის შეფასება".

-decoration: underline;">მკითხველი:
- ბატონო უჩა, წარმატებებს გისურვებთ... საინტერესოა, როგორ ახერხებს ახალგაზრდა მწვრთნელი, წელიწადში ორჯერ ცვლიდეს გუნდის ძირითად ბირთვს, ჰქონდეს ფინანსური პრობლემები და მაინც წარმატებით მუშაობდეს კლუბში? რაშია ამ წარმატების საიდუმლო?

- რა თქმა უნდა, კარგი დამოკიდებულების ხარჯზე კეთდება ყოველივე ეს. ეს არის ურთიერთობა და დამოკიდებულება ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, ხელმძღვანელობასთან და ჟურნალისტებთან. თუ ეს მხარეები ერთად შეიკვრება, შესაბამისად, შედეგი ყოველთვის კეთდება. შეიძლება მაქსიმალური არ იყოს, მაგრამ მაინც არის.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო უჩა. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი განვითარდეს და წარმატებებს მიაღწიონ ჩვენმა გუნდებმა? მარტო ფინანსები სჭირდება თუ არა ფეხბურთის წინსვლას? რადგან ნაკლები ფინანსების გარეშეც ბევრი გუნდი ხვდება ევროტურნირების ჯგუფში, თუნდაც "სკენდერბეუ", ბატე, მინსკის "დინამო", "შერიფი", "პეტრჟაკლა" და ა.შ...
- გეთანხმებით, რომ წარმატების მისაღწევად მხოლოდ ფინანსები არაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიქმნას სტრუქტურა, მაქსიმალურად უნდა განვითარდეს ბავშვთა ფეხბურთი, სადაც უნდა ჩაიდოს თანხები, მოეწყოს კარგი ინფრასტრუქტურა ყველა რეგიონში, რომ ბავშვები უკეთეს პირობებსა და გარემოში გაიზარდონ. ასევე, უნდა მოხდეს მწვრთნელების ლიცენზირება... თუმცაღა, მთავარი მაინც სტრუქტურის ჩამოყალიბებაა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფეხბურთი.

მკითხველი:
- არის თუ არა შენ გვერდით ადამიანი, ვის რჩევებსაც ითვალისწინებ სამწვრთნელო პროცესში? რომელი ცნობილი მწვრთნელის ფილოსოფიაა ყველაზე ახლოს შენს შეხედულებებთან?
- ყოველთვის თითოეული ადამიანის აზრს მოვისმენ, გავიაზრებ... რიგ შემთხვევებში გავითვალისწინებ კიდეც იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რამდენად საჭირო და მიზანშეწონილი იქნება რჩევა იმ მომენტში გუნდისთვის.

რაც შეეხება ფილოსოფიას, ასე კონკრეტულად ვერ ვიტყოდი, რადგან ქართული საფეხბურთო სიტუაციიდან გამომდინარე, რთულია ერთი კონკრეტული ფილოსოფიის ჩამოყალიბება. აქ ყოველთვის გუნდიდან გამომდინარე გიწევს ფილოსოფიის შექმნა.

მკითხველი:
- ბატონო უჩა, სიმართლე გითხრათ, ჩემს ამ წერილში კითხვა ზედმეტი იქნება, მაგრამ მაინც... აღფრთოვანებული ვარ იმით, რასაც თქვენ "დილაში" აკეთებთ. ჯერ რა ახალგაზრდა ხართ მწვრთნელობისთვის და ბრწყინვალედ გააზრებული ტაქტიკით ათამაშებთ გუნდს... "დილა" - გუნდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რამდენიმე წამყვანმა ფიგურამ დატოვა, ამას დაემატა ტრავმირებული ფეხბურთელებიც, გაიყვანეთ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და საკმაოდ დამაჯერებლად მოიპოვეთ გამარჯვება. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ გუნდის ფეხბურთელებში ასეთ ახალგაზრდა მწვრთნელს უდიდესი ნდობა აქვს მოპოვებული. ადვილი საქმე არაა, რასაც თქვენ აკეთებთ: მოთამაშეს ჰქონდეს, უბრალოდ, მწვრთნელის ხათრი და გუნდში მის გამო მზად იყოს, ძალიან მცირე ხელფასის სანაცვლოდაც დარჩეს... უბრალოდ, მსიამოვნებს, რომ თქვენნაირი სპეციალისტი საქართველოსაც ჰყავს... როგორ ახერხებთ ერთად, იყოთ კარგი ადამიანი და ასეთი ძლიერი სპეციალისტი? იმედია, ერთ დღეს ნაკრებსაც ჩაიბარებთ, თანაც დიდი წარმატებით...

- პირველ რიგში, დიდი მადლობა ამდენი თბილი სიტყვისთვის. წარმატების მოპოვების საიდუმლო სწორედ აი, ასეთი ადამიანების შეფასება და სტიმულია, რომ სამომავლოდ მეტი შევძლო, მეტი შევქმნა, მეტად წარმატებული ვიყო...

ვიაზრებ, რომ ასეთ ადამიანებს არ უნდა გაუცრუო იმედი, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო...

ვიცი, რომ ჩემ ზურგს უკან უამრავი გულშემატკივარია, რომელიც კონკრეტულად მე და გორის "დილას" გვგულშემატკივრობს. სწორედ ეს მხარდაჭერა არ მაძლევს უფლებას, თუნდაც 1 წუთით მოვეშვა ფიქრს "დილასა" და განვითარებაზე.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო უჩა. თვითონ გორელი ვარ და "დილას" დიდი გულშემატკივარი. პირველ რიგში, მსურს გისურვოთ წარმატება "შირაქთან". ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი წარმატებული მწვრთნელი, ფეხბურთის დიდი სიყვარულის გამო, მაგრამ ვიცოდი, რომ თუ ამ გზას ავირჩევდი, ბევრი იმედგაცრუება მელოდა. დარწმუნებული ვარ, თქვენც გქონიათ ასეთი მომენტები და თუ ყოფილხართ იმ ზომამდე მისული, რომ ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე გიფიქრიათ ხელშეუწყობლობის გამო?
- უამრავი იმედგაცრუება ყოფილა და უამრავჯერ მიფიქრია, ხომ არ სჯობს, წავიდე საერთოდ და სხვა ადგილი მოვნახო-მეთქი... უბრალოდ, თუ ასეთი მომენტები ვერ გადალახა მწვრთნელმა, ვერცერთ შემთხვევაში ძლიერ სპეციალისტად ვერ იქცევა.

განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში მაწუხებდა ეს აზრები, "დილაში" მუშაობისას... მაგრამ არ მიყვარს არცერთი საქმიდან გაქცევა და ჩემმა ხასიათმა გადამალახინა ის პრობლემები, რომელთა წინაშეც ვიდექით.

მკითხველი:
- გამარჯობა! რომელი უფრო რთულია: ფეხბურთელობა თუ მწვრთნელობა? წარმატებები ევროტურნირებზე!
- ორივე ფეხბურთის ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია: რთული იქნებოდა ფეხბურთი მწვრთნელის გარეშე და ფეხბურთი - ფეხბურთელების გარეშე, თუმცა, საბოლოო ჯამში, უპირატესობას მაინც ფეხბურთელებს მივანიჭებდი, რომლებიც მოედანზე არიან და მონაწილეობას იღებენ. სწორედ ისინი წყვეტენ იმ კონკრეტულ მომენტში თამაშის ბედს.

მკითხველი:
- უჩა, მოგესალმები. დამეთანხმები, პატარა ასაკში სამწვრთნელო კარიერის აწყობა ადვილი არ არის. ფაქტია, შენ უკვე საქართველოს კვალობაზე საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი ხარ. რამ გადაგაწყვეტინა მწვრთნელის პროფესიის არჩევა და რამ ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ შენ სწრაფად გახდი უმაღლესი ლიგის კლუბის მწვრთნელი, რომელთან ერთადაც პირველივე სეზონში ჩემპიონობაც კი მოიპოვე?
- დიდი ფეხბურთის თამაში მინდოდა, მაგრამ როცა მივხვდი, რომ არ გამოდიოდა, დავანებე თავი და რეალიზება მწვრთნელობით ვისურვე. 18 წლის ასაკში დავიწყე მწვრთნელობა, გავიარე ეტაპები... "დილამდე" წარმატებულად ვიმუშავე "სამტრედიასა" და"დინამო 2"-ში, რამაც გორში გამოიწვია დაინტერესება და აქ უკვე დამხვდა ერთსულოვნება, რომელმაც ჩემპიონობამდე მიგვიყვანა.

მკითხველი:
- უჩა, რა არის თვისება, რომელიც ყველაზე მეტად არ მოგწონს ფეხბურთელებში და რა უნდა დააშავოს ფეხბურთელმა, რის გამოც უყოყმანოდ გაუშვებდი გუნდიდან?
- სიტუაციას გააჩნია. ერთი, რაც ყველაზე გამაღიზიანებელია ყოველთვის, ისაა, როდესაც ფეხბურთელს სამართლიან შენიშვნას აძლევ და ის არ იღებს მას. შინაგანად ძალიან ბრაზდები. ჩემს გუნდში მყოფ არცერთ ფეხბურთელს კი ისეთ სიტუაციამდე და მდგომარეობამდე არ მივიყვანთ, რომ გუნდის დატოვება უყოყმანოდ მოუწიოს.

მკითხველი:
- რა რჩება მთავარ გადასალახ ბარიერად ქართული კლუბებისთვის ევროპალიგის ქვეჯგუფში მოსახვედრად - ის, რომ სეზონი განახლებული არ არის თუ შესარჩევ ეტაპზე ძლიერი გუნდები გვხვდება?
- მე უფრო არასტაბილურ სიტუაციას, ფინანსურ გარანტიებს დავაბრალებდი. 6-თვიანი გუნდები გვყავს და რთულია, ასეთ პირობებში რაიმე შედეგზე იფიქრო. თუ იქნება სტაბილური სიტუაცია, თუ იქნება ფინანსები და თუ იქნება შესაძლებლობა 2-3 წლის მანძილზე ერთი შემადგენლობის შენარჩუნების, დარწმუნებული ვარ, ძალზე მარტივი და შესაძლებელი იქნება ქართული გუნდის ქვეჯგუფში მოხვედრა.

მკითხველი:
- მაინტერესებს შემდეგი რამ: როგორ ახერხებს ასეთი ახლგაზრდა მწვრთნელი, რომ მასზე ასაკით უფროსი ფეხბურთელების მსგავსი პატივისცემა დაიმსახუროს, ჰყავდეს გუნდი შეკრული და არ უღალატოს თავის სტილს აგერ, უკვე რამდენი ხანია? გასაგებია, რომ მენეჯერის კარგი თვისებები გაქვთ, მაგრამ არის თუ არა რამე წარმატების ფორმულა, რითიც ხელმძღვანელობთ? დიდი წარმატება მინდა გისურვოთ თქვენ, გორის "დილასა" და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს!
- გავიმეორებ, რომ ეს არის ურთიერთობა და დამოკიდებულება ფეხბურთელებთან. ყველა ფეხბურთელი იმას იღებს, რასაც იმსახურებს, შესაბამისად, როცა ფეხბურთელი ამას ხედავს, სამართლიანობის განცდა აქვს და უფრო მოტივირებული ხდება შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რათა ჩემს თვალშიც დაიმსახუროს სიმპათიები.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო უჩა! პირველ რიგში, გილოცავთ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღწეულ მიმდინარე წარმატებას. იმედია, მაქსიმალურად კარგ შედეგს დადებთ და ყველას გაგვახარებთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გუნდის მომავალი წლის ბედი უფრო მეტად მაფიქრებს. ყოველი წლის ბოლოს იქმნება საშიშროება, რომ შემდეგი სეზონისთვის გუნდი ფეხბურთელებს უფულობის გამო დაკარგავს. მგონია, რომ თუ ეს გუნდი იმავე გუნდად დარჩა, შემდეგ სეზონში ბევრად მეტის მიღწევის შანსი გვექნება ევროსარბიელზე და შიდა ჩემპიონატიც კარგი, შეთამაშებული კლუბის ყოლით ისარგებლებს. ამიტომ მაინტერესებდა, თუ რა სიტუციაა ამ მხრივ ჯერჯერობით (თუ არ ვცდები, ნოემბრის ინტერვიუში, "TV პირველთან" თქვენ ახსენეთ, რომ უმეტესად ერთწლიანი კონტრაქტები აქვთ კლუბთან ბიჭებს), ეყოლება დაახლოებით იგივე სიძლიერის გუნდი "დილას" მომავალ წელს? და ზოგადად, თქვენი აზრით, როგორი დაფინანსების მოდელი იმუშავებდა სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე ოპტიმალურად რეგიონის გუნდებისთვის, მიმდინარე რეალობიდან და სახელმწიფოს სახსრებიდან გამომდინარე? დიდი მადლობა დროისა და ყურადღებისათვის. წარმატებული 7 ივლისი გქონებოდეთ!
- მოკლედ და მარტივად შემიძლია გიპასუხოთ: ფეხბურთის ფედერაციამ შეიმუშავა ძალიან კარგი პროექტი, რის მიხედვითაც, კლუბს 5 წლის განმავლობაში ჯამში 5 მილიონი ექნება, სპონსორობის შემთხვევაში კი წლიურად კიდევ ნახევარ მილიონს უმატებს ფედერაცია. ამის გარდა, თამაშების მოგებაზეა დამატებითი თანხები და აწი ყველაფერი კლუბის მენეჯმენტზე იქნება დამოკიდებული.

მკითხველი:
- უჩა, გამარჯობა, მინდა წარმატება გისურვოთ მომდევნო თამაშში და გორელ გულშემატკივრებს, რიგი პრობლემების მიუხედავად, დიდი იმედი გვაქვს, რომ გუნდი ღირსეულად ითამაშებს ევროპალიგის თითოეულ მატჩს. თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ევროპალიგის პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, გორის "დილა" გუნდის შემადგენლობას შეინარჩუნებს. პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში, თუ იგეგმება გუნდის უფრო გაძლიერება და ამაზე თუ მიდის მუშაობა?
- გაძლიერებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამ ეტაპისთვის ძალიან გაჭირდება, თუმცა 1 ფეხბურთელის დამატებას არ გამოვრიცხავ - ამის საშუალება იქნება. პირველი ეტაპის გადალახვის შემთხვევაში კი ყველა იმ ფეხბურთელის შენარჩუნებას ვეცდებით, ვინც კლუბში გვყავს ახლა.

მკითხველი:
- მოგესალმებით, უჩა! ჩემი კითხვაა: თქვენი აზრით, რატომ ხდება ისე, რომ ბავშვთა ფეხბურთში ამდენი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, დიდ ფეხბურთში კი, პარალელურად, კრიზისია? რისი ბრალია ეს, ფინანსები რომ გამოვრიცხოთ? მადლობა წინასწარ!
- ქვეყნის არასტაბილური სიტუაცია, არასტაბილური მდგომარეობა... ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყანა უნდა იყოს ძლიერი, ტერიტორიულად უნდა იყოს ისეთ ადგილას, სადაც მისადმი მეტი ინტერესია. მაგალითად, უელსელ და ისლანდიელ ფეხბურთელებს უფრო დიდი მოტივაცია აქვთ, რადგან მეტი აგენტი აკვირდება მათ, უფრო მეტადაა მათთვის შესაძლებელი სხვადასხვა ქვეყნის გუნდებში გადასვლა...

ჩვენი გარემოცვა კი ისეთია, რომ განვითარების კუთხით აზერბაიჯანზე, სომხეთზე შეგვიძლია ვიფიქროთ, მაგრამ ეს ქვეყნები ფეხბურთის მხრივ ჩვენზე დიდად წინ არ არიან. რიგ შემთხვევაში, უპირატესობაც კი გვაქვს მათთან...

როცა "დინამო" გვყავს, რთულია ვიფიქროთ აზერბაიჯანულ და სომხურ ფეხბურთზე. ძირითადი პრობლემა მაინც მენტალიტეტია, რისი გამოსწორება მხოლოდ კონკურენტუნარიან გარემოშია შესაძლებელი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული