ზაზა ფაჩულიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ფაჩულიამ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად თავის ავტოგრაფიან NBA-ს მაისურს უსახსოვრებს.

ფაჩულიამ გრიგორ გრიგოლავას მიერ დასმული შემდეგი კითხვა მოიწონა: "ზოგჯერ ხუმრობით ამბობენ, ზაზას ახტომა უჭირს და სისწრაფეც აკლიაო... თუმცა ყოველივე ამას ჩინებულად აკომპენსირებ ფიზიკური სიძლიერითა და ჭკვიანური თამაშით. შენზე ამბობენ, ინტელექტუალური კალათბურთელი არისო. საინტერესოა, აღნიშნულმა ხარვეზმა უზრუნველყო ის, რომ ზაზა ფაჩულია დღეს ე.წ. ინტელექტუალი კალათბურთელია?"

მკითხველი:
- რამდენად რთული იყო წარმატებამდე განვლილი გზა?
-
კარიერის განმავლობაში სპორტსმენს სირთულეები ძალიან ბევრი აქვს. თავიდანაა რთული, პირველ-მეორე ჯერზე, თუმცა შემდეგ სწავლობ მათთან მიდგომას და იმდენად გიმარტივდება, რომ ყურადღებასაც აღარ აქცევ. მთავარია, თავდაპირველად არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც მზად იყო ბარიერების გადასალახად. პირადად მე, ფსიქოლოგიას დიდ როლს ვანიჭებ.

მკითხველი:
- ბატონო ზაზა, მოგესალმებით. ერთ დროს მეც დიდუბის მანეჟში ვცდილობდი ფეხის ადგმას გენიალური მწვრთნელის, ზურა სამხარაძის ხელმძღვანელობით. მაშინაც თქვენი შეკერილი ფორმების ჩაცმა გვიწევდა, რომელსაც უკან ზაზა ეწერა, თუმცა სულ ვოცნებობდი თქვენი ნაცვამი ფორმის ჩაცმაზე. სამწუხაროდ, უმაღლეს დონეს ვერ მივაღწიე. გთხოვთ, მოგვიყვეთ ბატონი ზურას შესახებ, ბავშვობის პერიოდზე, გაყინულ დარბაზებზე და ასევე, ბავშვებს მისცეთ რჩევები, როგორ მიაღწიონ წარმატებას, რომლებიც თქვენნაირ გენიალურობაზე ოცნებობენ? მადლობა.
- ზურა სამხარაძეზე ალბათ დიდხანს მომიწევს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ადამიანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემ აღზრდაში. მე რომ დღეს კალათბურთს ვთამაშობ, მისი დიდი დამსახურებაა. მან ბევრი რამ მასწავლა როგორც მოედანზე, ისე - მის მიღმა. მასთან დავიწყე ვარჯიში და სწორედ მისგან წავედი შემდეგ თურქეთში. მისნაირი მწვრთნელი რომ არ მყოლოდა თავიდანვე, თურქები არ გამოიჩენდნენ ჩემდამი ინტერესს იმიტომ, რომ, შესაძლოა, არ ვყოფილიყავი ისეთი ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშე, როგორიც მაშინ. თურქებს მხოლოდ ჩემი სიმაღლე და თმის ფერი არ მოსწონებიათ - მათ, პირველ რიგში, ჩემში კალათბურთის ცოდნა და დონე მოეწონათ, რაც მთლიანად ზურა სამხარაძის დამსახურებაა.

9 წლის ასაკში მივედი კალათბურთზე და ამ ასაკში ბავშვს ჩატენვებს ვერ ასწავლი, ვერც კომბინაციებზე დაუწყებ საუბარს. სიმაღლე მიწყობდა ხელს, კი, თუმცა ინტერესიც დიდი მქონდა კალათბურთისადმი და ამ ადამიანმა ხელი შემიწყო მერე.

მკითხველი:
- ზაზა, პირველ რიგში, გილოცავ წარმატებულ სეზონს და გისურვებ, შესარჩევზე ნაკრების ასპარეზობით თავადაც გაიხარო და ქომაგებიც გაგვახარო. ზოგჯერ ხუმრობით ამბობენ, ზაზას ახტომა უჭირს და სისწრაფეც აკლიაო... თუმცა ყოველივე ამას ჩინებულად აკომპენსირებ ფიზიკური სიძლიერითა და ჭკვიანური თამაშით. შენზე ამბობენ, ინტელექტუალური კალათბურთელი არისო. საინტერესოა, აღნიშნულმა ხარვეზმა უზრუნველყო ის, რომ ზაზა ფაჩულია დღეს ე.წ. ინტელექტუალი კალათბურთელია?
- ყველა სპორტსმენს ახასიათებს თავისი ძლიერი მხარე. ზოგი ფიზიკურადაა ძლიერი, ზოგს ტვინი აქვს, ზოგს კარგი სროლა და ზოგმაც - კარგი ჩატენვა იცის. ბევრ მოთამაშეს აქვს მინუსებიც და განსაკუთრებით, ახალგაზრდობაში. ამ ასაკში სუსტი მხარე შენს პრივილეგიად უნდა იქცეს და ძლიერ მხარედ აქციო.

ფიზიკურად, ჩემი აზრით, ძლიერი მოთამაშე ვარ, მაგრამ ნახტომი ნამდვილად არ მაქვს ისეთი, როგორიც ჩემს გუნდელებს და სხვა კალათბურთელებს. მიუხედავად ამისა, გატარებული 13 წლის მანძილზე ყოველთვის ვიყენებდი და ვიყენებ იმ დადებით და ძლიერ მხარეებს, რაც გამაჩნია: თამაშის ინტელექტი, ფიზიკური მონაცემები, გარედან სროლა... ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია!

ის თუ ვაკეთე, რაც არ შემიძლია, რანაირად ვიქნები წარმატებული? მინუსებზე ვმუშაობ და რაღაც დონემდე გამოვასწორე კიდეც.

ბავშვებსაც ვეუბნები ამას და ახლაც ვიტყვი: არავინ იბადება 100%-იანი ტალანტითა და მონაცემებით - დამუშავება სჭირდება ყველაფერს!

მკითხველი:
- გამარჯობა. პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ხარ. მაინტერესებს, როგორი გარემოა ნბა-ში? ადვილი გასავლელია თუ არა შეგუების პროცესი?
- ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან იქ ჩასვლისას მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელები, მწვრთნელები, პირობები გხვდება. ამ ყველაფერს თუ ჭკვიანურად არ მიუდექი და ფსიქოლოგიურად ძლიერი არ გამოდექი, ძალიან გაგიჭირდება.

ნბა-ს სტატისტიკას რომ გადავხედოთ, საშუალო თამაში არის 4 წელი. ანუ, მოთამაშე როცა მიდის ნბა-ში, საშუალოდ 4 წელს ატარებს და მიდის უკან. 450 მოთამაშეა ყოველ წელს და წარმოიდგინეთ, რამდენს სურს შენს ადგილზე ყოფნა... ერთი პატარა შეცდომა და ეგაა, იცვლები.

ამ 450-დან 250 თამაშობს, 200 კი სათადარიგოთა სკამზე ზის. დიდი კონკურენციაა, ამიტომ ჭკუით მიდგომა და ყოველთვის მომატებაა საჭირო. თუ ასე არ მოიქეცი, მოხვდები იმ სიაში, რომლებმაც 4 და ნაკლები წელი გაატარეს ნბა-ში. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ მე-13 სეზონი დავასრულე აქ.

მკითხველი:
- წლების განმავლობაში ნბა-ს 4 კლუბში გითამაშიათ უამრავი გულშემატკივრის წინაშე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა გრძნობა ეუფლებოდა და ეუფლება ზაზა ფაჩულიას მომქანცველი სეზონის შემდეგ გადაჭედილ სპორტის სასახლეში თამაშისას? თუ შეგიძლიათ შეადაროთ ერთმანეთს ეს ორი ემოცია...
- მახსოვს ჩემი პირველი თამაში სპორტის სასახლეში: ხელში ამიყვანეს, ისე გამიყვანეს და მანდ დაიწყო ჩემი სანაკრებო კარიერა. არ შეიძლება ადამიანს ამ მომენტის მერე სპორტის სასახლეში თამაში სიამოვნებას არ განიჭებდეს.

ჩემს მიწა-წყალზე, სადაც დავიბადე, გავიზარდე, თამაში ყოველთვის განსაკუთრებული და განსხვავებულია. ამ გრძნობას არანაირი მატერიალური მხარე არ გააჩნია - ესაა გული, სული, ადამიანობა და ქართველობა. დიდი სიამაყის გრძნობაა, როცა შენი ქვეყნის მაისურით გადიხარ მოედანზე მისი სახელის დასაცავად.

ჩემს ხასიათში ეს ზის, ასე გავიზარდე და სიამაყის გრძნობა მაქვს, როცა ჩემს ქვეყანას წარმოვაჩენ. და, ზოგადად, არ აქვს სპორტის სახეობას მნიშვნელობა და არც იმას, თუ რამდენად ვარ მასში ჩართული - საქართველოს ნაკრებია და ყოველთვის გვერდში ვუდგავარ!

მკითხველი:
- გამარჯობა. როგორ შეაფასებდით თქვენს თამაშს "დალასში"?
- ვფიქრობ, კარიერის მანძილზე "დალასში" საუკეთესო სეზონი მქონდა. ძალიან ვისიამოვნე ყველაფრით - განვლილი პროცესით, მოგებებით, გუნდელებით, მწვრთნელებით... მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მემახსოვრება ეს სეზონი როგორც პირადული წარმატების მხრივ, ისე - გუნდურობის. დიდი გამოცდილება მივიღე.

მკითხველი:
- გამარჯობა, ზაზა! მოხარული ვარ, რომ მაქვს საშუალება, კითხვა დავუსვა ჩემს მოგვარეს და რაღა თქმა უნდა, სიამაყეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანსა და NBA-ს უძლიერეს მოთამაშეს და მადლობა შენ ამისთვის. აქტიურად ვადევნებდი წლევანდელ სეზონს თვალყურს და მართლაც ყველაზე გამორჩეული სეზონი ჩაატარე "მავერიკსის" რიგებში. ძალიან მაინტერესებს, სად გააგრძელებ კარიერას, რა ვარიანტები გაქვს და სად ხედავ შენს მომავალს (იყო სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა ცნობილი ვებგვერდიდან)?
- ტრანსფერთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაა სიახლე. ხვალიდან გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა და ვნახოთ, რა იქნება...

მკითხველი:
- მოგესალმები, ზაზა. პირველ რიგში, გილოცავ წლევანდელ ძალიან მაგარ სეზონს, განსაკუთრებით, რეგულარულ ჩემპიონატში. იმედი მაქვს, ისეთ გუნდში გადახვალ, სადაც სათანადოდ დაგაფასებს მწვრთნელი და უაზრო ექსპერიმენტების კეთებას არ დაიწყებს. რა გრძნობა დაგეუფლა მაშინ, როდესაც გაიგე, რომ All-Star-ზე მოხვედრამდე ძალიან ცოტა დაგაკლდა?
- მოვხვდებოდი თუ არა All-Star-ზე, ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რადგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი ქართველებისგან, ჩემი ქვეყნიდან, რომ ეს მახარებდა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ბევრის მთქმელი და ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ვერ მოვხვდი. უბრალოდ, განვიცდიდი ამას, ვგრძნობდი ყოველდღე, ყოველ სტატუსზე, ყოველ დარეკილზე და ყოველი გამოქვეყნებული შედეგისას - ასმაგ ენერგიას და მოტივაციას მაძლევდა ყოველივე ეს.

შეიძლება არ ვართ დიდი ქვეყანა, მაგრამ გააზრება იმის, რომ ქვეყნის ამხელა ნაწილი გვერდით გიდგას, ბევრს ნიშნავს.

სიყვარულს ვერ იყიდი, ადვილად ვერ მოიპოვებ ხალხის გულს და ბედნიერი ვარ, რომ ამხელა თანადგომა მივიღე. ნეტავ შემეძლოს, სათითაოდ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ სოციალურ ქსელში იმ სტატუსის გამოქვეყნებაში მთელი გული ჩავდე.

მკითხველი:
- ზაზა, გამარჯობა! პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო იმ სიხარულისთვის, რაც შენი თამაშით მოგინიჭებია თითოეული ჩვენგანისთვის. რაც შეეხება კითხვას: ნოვიცკისთან ნაძლევი როგორ დასრულდა?
- პირველ რიგში, მახარებს ის ფაქტი, რომ ნოვიცკისთან დავმეგობრდი და ამ მეგობრობის კვალზე ასეთ სახალისო ნაძლევებს ვდებდით - გუნდის ორმა ყველაზე არაათლეტურმა კალათბურთელმა დადო ნაძლევი, თუ ვის ექნებოდა მეტი ჩატენვა. გავიმარჯვე მე, რა თქმა უნდა, დამაჯერებლად, რადგან მასზე მეტი ჩატენვა მქონდა და სანაძლეოც მივიღე. ვერ ვიტყვი, რა სანაძლეო იყო - პირადული იყო, ჩემსა და მას შორის. მთავარია, მოვიგე და ჩააბარა (იცინის).

მკითხველი:
- რას იტყვი ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე?
- ახალ მთავარ მწვრთნელს პირადად არ ვიცნობ, ტელეფონით ვესაუბრე... საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, დიდ გუნდებში უმუშავია.

მკითხველი:
- როგორ შეაფასებ საქართველოს ნაკრების შანსებს ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე?
- სამი წლის განმავლობაში გავდივართ ევროპის ჩემპიონატზე და უკვე იმდენად არის ჩვენში გამჯდარი თვითდაჯერებულობა, რომ მოლოდინიც არის ზედიზედ მეოთხედ გასვლის. რასაკვირველია, ჩვენი მიზანიც ეგ იქნება.

მკითხველი:
– მოგესალმები, ზაზა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, რაც საქართველოს ნაკრებისთვის გაგიკეთებია. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდი ქართული კალათბურთის მომავალს? ასაკობრივი ნაკრებების შედეგები დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს და რა უნდა შეიცვალოს კონკრეტულად?
- კი, ნამდვილად, შედეგებს თუ გადავავლებთ თვალს, არ არის სახარბიელო, მაგრამ ჩავარდნა ყველა ქვეყანას ჰქონია. სპორტში ეს პროცესის ნაწილია.

ჩემი აკადემია იმედს მაძლევს. შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აქ ვაკონტროლებ სრულად იმას, რისი კონტროლიც შემიძლია. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი მწვრთნელები გვყავს, როგორც უცხოელები, ისე ქართველები, რომლებიც ყველანაირ პირობას უქმნიან ბავშვებს ნიჭის გამოსამჟღავნებლად, ეხმარებიან ძალიან მაგარ სპორტსმენად და ადამიანად ჩამოყალიბებაში. ბავშვებმა მომავალში, ისევე, როგორც მე, უნდა დაიცვან საკუთარი ქვეყნის ღირსება, მიაღწიონ წარმატებებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ეს ერთი კაცის საქმე არ არის, იმედი მაქვს, ბევრი ჩაერთვება ამ საქმეში და რაც მეტი ყურადღება მიექცევა ბავშვებს, მით უკეთესი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ პირველ რიგში, სწორი მიდგომაა საჭირო: როგორი კარგი ინფრასტრუქტურაც არ უნდა გქონდეს, თუ მწვრთნელებმა არასწორი ვარჯიშები ჩაატარეს, ბავშვი ვერ გამოამჟღავნებს თავის პოტენციალს. ბევრი რამაა და ასე ერთ კონკრეტულ მიზეზს ვერ გამოვყოფ.

მკითხველი:
- სალამი, ზაზა. ჯერ კიდევ დიდი დროა იქამდე, როცა აქტიურ საკალათბურთო კარიერას დაასრულებ, მაგრამ საინტერესოა, რას აპირებ კარიერის დასრულების შემდეგ და გიფიქრია თუ არა უკანასკნელი სეზონის საქართველოში ჩამთავრებაზე ? ზაზა ფაჩულია ნამდვილად მოიზიდავდა დარბაზში ქართველ გულშემატკივარს...
- კალათბურთი ისე მიყვარს და იმდენს ნიშნავს ჩემთვის, რომ სანამ შევძლებ, ბოლო წუთამდე ვითამაშებ. კარიერის ბოლო სეზონის საქართველოში ჩატარება არ მგონია, რეალური იყოს, მაგრამ ევროპაში თამაშს არ გამოვრიცხავ. ევროპის ხსენებისას, ძირითადად, თურქეთზე მაქვს საუბარი, რადგან 6 წელი გავატარე მანდ.

სულ სამი სახლი მაქვს: საქართველოში, აშშ-სა და თურქეთში. საქართველოს არცერთს არ შევადარებ, მაგრამ თურქეთსა და აშშ-ს ერთ კატეგორიაში ჩავსვამ, იმდენად კომფორტულად ვგრძნობ თავს.

მკითხველი:
- მოგესალმები, ზაზა. პირველ რიგში, გისურვებ ბევრ პირად წარმატებას და აგრეთვე იმ საქმეში, რომელსაც ქმნი საქართველოში მომავალი თაობის განვითარებისთვის. ვისესხებდი ბაქსის სლოგანს (Own the future). ასე რომ, წარმატება მთლიანად საქართველოს. რაც შეეხება კითხვას: დარწმუნებული ვარ, ბევრი ნიჭიერი ბავშვი იზრდება საქართველოში, რომლებსაც შეუძლიათ დიდ წარმატებებს მიაღწიონ, მაგრამ, სამწუხაროდ, რაღაც ასაკის ან პირველივე წარმატების მიღწევის შემდეგ თითქოს მათი წინსვლა და განვითარება ჩერდება, რაც ჩემი სუბიექტური აზრით, პირველ რიგში, ფსიქოლოგის დახმარების არქონაა. ამ მხრივ, რა ღონისძიებების ჩატარებას აპირებთ? მადლობა, წარმატებები...
- ზუსტად ამას ვფიქრობ მეც. ამიტომაც ერთ-ერთი პირველი, რაც ჩემს აკადემიაში გავაკეთეთ, ფსიქოლოგების აყვანაა.

ფსიქოლოგებთან ამ ხნის პერიოდში პროგრამაზე ვმუშაობდით და სექტემბრიდან, როცა განვაახლებთ ვარჯიშს, ბავშვებს სისტემატურად ექნებათ ვარჯიშამდე ფსიქოლოგთან ერთად მუშაობის საშუალება.  ფსიქოლოგი აკადემიაში იქნება, აქ ექნება კაბინეტი და მაქსიმალურად იქნება ჩართული პროცესში, რადგან ფსიქოლოგის დახმარება ყველა ასაკს, ყველა დონის პროფესიონალს სჭირდება.

მეც სისტემატური მუშაობა მაქვს სეზონის მანძილზე ფსიქოლოგთან, რადგან ის ბევრს გაძლევს და ვფიქრობ, განსაკუთრებით ქართველ ბავშვებს ეს ძალიან სჭირდებათ.

მკითხველი:
- ზაზა, გილოცავ წარმატებულ სეზონს და მომავალ სეზონში სასურველ გუნდთან ერთად უკეთეს შედეგებს გისურვებ. გთხოვ, დამისახელო საუკეთესო ხუთეული, ვისთან ერთადაც გითამაშია კარიერის განმავლობაში და 4 ნომერზე დირკი თუ ტიმი?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. იმათგან, ვისთან ერთადაც მითამაშია, მათი საუკეთესო წლებიდან გამომდინარე, გამთამაშებლის პოზიციაზე ალბათ - დერონ ვილიამსი. ორ ნომერსა და სამ ნომერზე დაყენება ვინმესი ძალიან რთულია იმიტომ, რომ ამ ნომრებზე იყვნენ ძალიან ძლიერი კალათბურთელები, ვისთანაც კი მითამაშია. ალბათ, მეორე ნომრად მაინც ჯო ჯონსონი, სამზე კი – ტრეისი მაკგრეიდი, ოთხზე – დირკ ნოვიცკი, ხოლო 5-ზე – ტიმი. ჩემს გუნდს ასე ავაწყობდი.

მკითხველი:
– გამარჯობა, ზაზა! თქვენ ყველაზე ძლიერი და წარმატებული კალათბურთელი ხართ ქართველებს შორის, სტაბილურად თამაშობთ ნბა-ში უკვე წლებია. რა არის საჭირო ახალგაზრდა კალათბურთელისთვის საქართველოში, მიაღწიოს იმავეს, რასაც თქვენ და თუ გეგულებათ ვინმე ახალგაზრდებიდან, რომელსაც თქვენზე არანაკლებ მომავალს უწინასწარმეტყველებთ? თუნდაც, თქვენს აკადემიაში მყოფს...
– სიმართლე გითხრათ, ეს მასშტაბური კემპი, რომელიც ჩატარდა ჩვენთან და 300 კალათბურთელისგან შედგებოდა, ორ ნაწილად, 150-150-ად უნდა განაწილებულიყო, მაგრამ ერთად რომ ვნახე, უფრო გამოიკვეთნენ ნიჭიერი კალათბურთელები. მხოლოდ საკალათბურთო ტანი არაა საკმარისი წარმატების მისაღწევად. მის გარდა, კიდევ ბევრი რამაა. მაგალითად: იღბალი, შრომისმოყვარეობა, მონდომება, ფსიქოლოგიურად ძლიერად ყოფნა და წინსვლის სურვილის ქონა. ამ ყველაფრის ერთად ქონა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი საქმეც ესაა, რომ ვასწავლოთ.

კი, არიან ბავშვები, ვისი მომავალიც ჩანს, მაგრამ სწორ გზაზე უნდა იარონ და არ უნდა გადაუხვიონ ამ გზას.

მკითხველი:
– გამარჯობა, ზაზა! მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა კითხვის დასმის. ვიცი,  რომ ნამყოფი ხარ ლონდონში, "სტემფორდ ბრიჯზე". 13 წელია "ჩელსის" აქტიური, ერთგული გულშემატკივარი ვარ, ჩემი ოცნებაა ეგ ადგილი, მანდ მოხვედრა... გთხოვ, აღწერო შთაბეჭდილებები, უფრო დეტალურად გაიხსენო ეგ ვიზიტი და მითხრა რაიმე, რაც დაგამახსოვრდა. დიდი მადლობა,   წარმატებებს გისურვებ...
– შარშან იყო ეს ვიზიტი, როცა ლონდონში ნბა-ს თამაში გვქონდა. საჩუქრად "სტემფორდ ბრიჯზე" ვიზიტი გაგვიკეთეს, დაგვათვალიერებინეს.... ტელევიზორით რაც ჩანს და რასაც პირადში ნახულობ, სულ სხვაა. მოედანზეც ვიყავით, გასახდელებშიც, საპრესკონფერენციო დარბაზშიც და იმ სტადიონზე ყოფნა, სადაც ამდენ ვარსკვლავს უთამაშია, გოლი გაუტანია, ყოველთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელია.

მკითხველი:
– მოგესალმებით. ქართველი გულშემატკივრისთვის ბევრი სიხარული გაქვთ მინიჭებული საქართველოს ნაკრებში თამაშისას და ალბათ, ბევრი მძაფრი განცდაც გქონიათ. თუ გაგიაზრებიათ, რა განცდა გექნებათ თქვენი შვილის ნაკრებში ხილვისას? იმედია, მამაზე ნაკლებსასახელო არ იქნება!
– პირველ რიგში, მინდა ჯანმრთელები და ჭკვიანები იყვნენ. თუ კალათბურთს აირჩევენ, მაქსიმალურად ხელს შევუწყობ. ახლა უყვართ კალათბურთი, მაგრამ ისეთ ასაკში არიან, რთულია თქმა იმისა, გახდებიან თუ არა კალათბურთელები. სიყვარული ერთია, მაგრამ მის გარდა ბევრი რამაა საჭირო.

როგორც აკადემიის ბავშვებზე ვამბობ, ანალოგიურად ვიძახი ჩემს შვილებზეც. ჩემი შვილები რომ არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე სხვანაირად უნდა ვთქვა – ყველას აქვს შანსი და მთავარია, სწორად გამოიყენოს ის.

მკითხველი:
– პირველ რიგში, მოგესალმები და ძალიან დიდი მადლობა იმ სიამაყისთვის, რასაც განვიცდით გულშემატკივრები შენი სანაკრებო თუ საკლუბო თამაშების დროს. მადლობა თავდადებისთვის, შრომისთვის, გამარჯვებებისთვის და თუნდაც დამარცხებისთვის, იმიტომ, რომ თუ მარცხი გვიწერია, მხოლოდ ნამდვილ ბრძოლაში. კითხვა კი, სავარაუდოდ, ღიმილს და გაკვირვებას გამოიწვევს შენში, საერთოდ არ ეხება კალათბურთს. არ ვიცი, რამდენად საქმის კურსში ხარ, მაგრამ საქართველოს ჰყავს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები, რომელმაც 2016 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონში აიღო ვერცხლის მედალი, დათმო ერთადერთი შეხვედრა მასპინძელ თურქეთის ნაკრებთან 5:4 (უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯმა თურქებს
ჩაუთვალა გოლი, რომელიც საერთოდ არ გასულა) და ამ მარცხით ვერ მოიპოვა პირველი ადგილი, შესაბამისად, ვერ გადავიდა მეორე დივიზიონში. რამდენად მოგწონს ყინულის ჰოკეი და იცნობ თუ არა NHL-ის მოთამაშეებს? შეგიძლია, რომ რომელიმე ჩამოიყვანო საქართველოში, თუნდაც მცირე ტრენინგები ჩაატარონ აქ და გარკვეულწილად ხელი შეეწყოს ამით საქართველოში ყინულის ჰოკეის პოპულარიზაციას? დიდი მადლობა.
– სამწუხაროდ, არ გამიგია, რომ საქართველოში მაღალ დონეზე იყოს სპორტის ეს სახეობა.

არიან ქვეყნები, სადაც თამაშობენ ჰოკეის და არიან ქვეყნები, სადაც არ თამაშობენ. საქართველო ალბათ იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც არაა ჰოკეი პოპულარული, თუმცა მიხარია, რომ მონდომებულია ჰოკეის ნაკრები და განვითარების გზას ადგას. არ მინდა დავუკარგო მონდომება და ინტერესი იმ ხალხს, ვინც თამაშობს მას. ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ მათი წყალობით განვითარდება ეს ყველაფერი საქართველოში.

ნამყოფი ვარ თამაშებზე, ვმეგობრობ კიდეც ილია კოვაჩუკთან, რუსი ჰოკეისტია. საკმაოდ კარგი ატმოსფეროებია ჰოკეის თამაშებზე. ჩამოყვანას რაც შეეხება, ვერ შევპირდები ვერავის, რომ ვინმეს ჩამოვიყვან, მაგრამ წარმატებებს ვუსურვებ.

მკითხველი:
– მოგესალმებით. გაწუხებთ ქ. სენაკიდან. მყავს კალათბურთელი შვილი, რომელიც თქვენი გულშემატკივარია. არის 18 წლის. თამაშობდა "სოხუმის" გუნდში, წელს თამაშობდა ქუთაისის გუნდში. ძალიან უნდა, რომ ითამაშოს დიდი კალათბურთი, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახერხებთ თბილისში ცხოვრებას. ბავშვის სიმაღლეა 2 მეტრი, წონა 96 კგ და ასეთ შემთხვევაში თქვენი აზრი გვაინტერესებს, რას გვირჩევდით? თხოვნა გვექნება, გამოგვეხმაუროთ.  წინასწარ გიხდით მადლობას...
– ასე რთულია რაიმეს რჩევა ბავშვისთვის, როცა არ იცნობ, არ იცი, ვინაა, არ იცი მისი შესაძლებლობები... თუმცა თბილისში ჩამოსვლა დიდი კალათბურთის სათამაშოდ აუცილებელი არ არის. წელს "ქუთაისი" შთამბეჭდავად გაჩემპიონდა, კარგი მწვრთნელი ჰყავს გუნდს და  კარგ ხელშია. ასე რომ, გააგრძელოს ინდივიდუალური ვარჯიში, შრომა და ყოველ წელს პროგრესი ჰქონდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული