გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიის" მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ცეცაძემ საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად "სამტრედიის" მაისურს უსახსოვრებს. აღსანიშნავია, რომ მწვრთნელმა საუკეთესო კითხვა იმ შეკითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც თან საკონტაქტო ინფორმაცია ახლდა.

ცეცაძემ გიორგი გაბუნიას მიერ დასმული კითხვა მოიწონა: "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, შეტევით სტილს ანიჭებს უპირატესობას და შედეგიც აშკარაა. თქვენ ენდობით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მრავალჯერ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ საზოგადოებისგან პატივისცემას. რაც შეეხება კითხვას: აპირებთ თუ არა შემადგენლობის გაძლიერებას და რა იქნება
"სამტრედიის" პროგრამა-მინიმუმი ევროპალიგაზე ასპარეზობის დროს?

მკითხველი:
- ბატონო გია, მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანი და რეალურია "სამტრედიისთვის" ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპების "ეროსი მანჯგალაძეზე" მასპინძლობა? პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ სტადიონზე "სამტრედია" ბევრად მძლავრი და თავდაჯერებული იასპარეზებს, გარემო ფაქტორის და ა.შ გათვალისწინებით. წარმატებებს გისურვებთ!
- რა თქმა უნდა. ჩვენ მიერ მიღწეული წარმატების 50%, თუ მეტი არა, შინ მოგებული თამაშებია - ძალიან მაგარი გულშემატკივარი გვყავს. ჩვენც გვსურს "ეროსი მანჯგალაძეზე" თამაშების ჩატარება ევროასპარეზზე, მაგრამ ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, შეუძლებელია ეგ - სტადიონი უეფას მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, სამწუხაროდ.

მკითხველი:
- ჩვენისთანა მცირე ერისთვის თუნდაც უმცირესი წარმატება ამა თუ იმ სფეროში, მათ შორის, სპორტშიც, უმნიშვნელოვანესია იმ კუთხით, რომ იგი, არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყნის განვითარების საწინდარია. ხშირად სპორტი და, განსაკუთრებით, ფეხბურთი, საუკეთესო შანსია მცირე ერებისთვის საკუთარი თვითმყოფადობის რეალიზაციისთვის. ქართველისთვის ასეთი იყო და არის ფეხბურთი. ამას არცთუ შორეული წარსულიც მოწმობს. მალე ჩვენი (!) გუნდი ევროპულ ასპარეზზე გავა. ქართველი გულშემატკივარი კი სტადიონზე მოვა არამარტო იმ განწყობით, რა ანგარიშით დამთავრდება შეხვედრა, არა! - იმითაც, შეძლებენ თუ არა პატარა ერის კაცები მეტ-ნაკლებად განვითარებული, შეიძლება დიდი ქვეყნების წარმომადგენლების დამარცხებას!.. ვესწრებოდი "სამტრედიის" თამაშებს და რაც უფრო რეალური ხდებოდა ევროასპარეზზე გასვლის ოცნება, ვფიქრობდი ამ თემაზეც. იციან კი ბიჭებმა ამის შესახებ? გაცნობიერებული აქვთ ეს ყველაფერი? ვინმე მუშაობს მათთან ამ კუთხით? - ქართველი ფეხბურთელების პრობლემა ხომ სხვა უამრავთან ერთად ესეცაა...
- ძალიან კარგი შეკითხვაა. მეც ვფიქრობ, რომ ფეხბურთი, როგორც ჩვენი ერისთვის, ისევე სხვებისთვის, თვითმყოფადობის დამადასტურებელი ნიშანია, ასე ვთქვათ, სოციალური თემაა. ფეხბურთი მხოლოდ სპორტის სახეობად არ მიმაჩნია, მით უმეტეს, ჩვენი ერისთვის, რომელიც არ არის კარგ მდგომარეობაში და რომელსაც უჭირს მსოფლიოში თავის წარმოჩენა, სპორტი და, ზოგადად, ფეხბურთი, მნიშვნელოვანია - თუკი პატარა წარმატება მაინც გვექნება ამ კუთხით, ქვეყანა ძალიან კარგად გამოჩნდება.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, ბიჭებმა ძალიან კარგად იციან ეს ყველაფერი. ბევრი ფეხბურთელი იმ 19-წლამდელთა გუნდიდანაა, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ვათამაშე.  სხვებმაც იციან, რომ ხალხის გასახარად, საქართველოს სასახელოდ ბოლომდე ბრძოლა მართებთ და ამას აუცილებლად იზამენ. ჩემთან ერთად ჩემი სამწვრთნელო შტაბიც მუშაობს ამ საკითხზე და ყველაფერი რიგზეა ამ კუთხით. ფსიქოლოგიურად და განწყობით მეტოქეზე ძლიერები იქნებიან ბიჭები, რა გუნდიც არ უნდა შეგვხვდეს.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ წარმატებული სეზონი. ხშირად ვადევნებ თქვენს თამაშებს თვალს. უშუალოდ კითხვას რაც შეეხება: ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება, უმაღლესი ლიგის გუნდებში დაწინაურება და მათი სწორი მიმართულებით აღზრდა მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატს განსაკუთრებულ ელფერს სძენს და რეალურად დადებითად აისახება უშუალოდ ქართულ ფეხბურთზე.  მაინტერესებს, ახალგაზრდა ფეხბურთელებს როგორი მიმართულებით ეძებთ საქართველოს ტერიტორიაზე, უშუალოდ ესწრებით თუ არა მეორე ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების  თამაშებს?
- ესეც კარგი შეკითხვაა. ახალგაზრდა ფეხბურთელების დაწინაურება ეროვნულ ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვან საკითხად მიმაჩნია. არ ვგულისხმობ 15-16 წლის ბიჭებს. არც ისაა პრობლემა, 17-18 წლის ბიჭებმა ითამაშონ ეროვნული ჩემპიონატის გუნდში, მაგრამ ნამდვილად არ ვფიქრობ იმას, რომ მოედანზე მყოფი 11 ფეხბურთელიდან 11-ივე 17-18 წლის უნდა იყოს. აუცილებელია გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზი, რაც ჩვენს გუნდში ნამდვილად არის - არიან ბიჭები, რომლებიც აღარ არიან საკმაოდ ახალგაზრდები, ნათამაშები აქვთ ჩემპიონატში წლების მანძილზე, საკმაო გამოცდილება აქვს და მოხდა შეთამაშება ახალგაზრდა ბიჭებთან.

"ტორპედოში" იყო ერთი პერიოდი, როცა 17-18 წლის ბიჭებმა ითამაშეს და მივესალმებოდი ამას. ამან ძალიან კარგად იმოქმედა შემდეგ ფეხბურთელებზე. მიღებული მცირე გამოცდილებაც კი ეყოთ...

სელექციონერები ბევრი არ გვყავს, მაგრამ ჩვენი გუნდის ჭაბუკთა გუნდებს და დუბლების ჩემპიონატის თითქმის ყველა მატჩს ვესწრებით. ტალანტებს რაც შეეხება, კი, ნამდვილად ბევრი გვყავს, მაგრამ მოძიების პრობლემა გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ სელექციონერები არ გვყავს ბევრი.

მკითხველი:
- მოგესალმებით კანადიდან. უკვე წლებია, რაც ვმოღვაწეობ კანადის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელად. კანადის ფეხბურთის ფედერაცია ყოველწლიურად იწვევს სპეციალისტებს ევროპიდან და ტარდება საჯარო ლექციები. ამავდროულად, ხდება მწვრთნელების ლიცენზირებაც. წლევანდელ შეკრებაზე საუბარი გვქონდა ყველა პრობლემაზე, რაც ხელს უშლის კანადის ფეხბურთის განვითარებას. ლექციის ბოლოს გვქონდა ქრონოლოგიურად ჩამოწერილი ყველა პრობლემა და გამოსწორების გეგმა. თქვენ, როგორც საქართველოში მოღვაწე მწვრთნელი, რაში და სად ხედავთ მთავარ პრობლემებს?
- ლიცენზირება ჩვენთანაცაა და ალბათ, იცით, რომ ულიცენზიო მწვრთნელს როგორც დიდ, ისე პატარა გუნდებში მუშაობის უფლება არ აქვს.

ქართულ ფეხბურთში არაერთი პრობლემაა, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აუცილებლად ინფრასტრუქტურაა, რის გარეშეც გამორიცხულია ფეხბურთის განვითარება. ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა!

მეორე რიგში მასობრიობა - ესეც ძალიან დიდი პრობლემაა ქართულ ფეხბურთში. ამ ბოლო დროს ჩანს მცირე-მცირე ცვლილებები, წინსვლა და მივესალმები ამას. ასევე - ფინანსებიც, რომელიც სწორდება ნელ-ნელა, უბრალოდ, გუნდებმა უნდა სწორად მოახდინონ ამ ფულის რეალიზება.

ესაა ის დიდი პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი ინფრასტრუქტურაა! მწვრთნელებს ყოველწლიურად გვჭირდება ჩვენი ცოდნის ამაღლება, სხვა ეტაპზე ასვლა, საერთაშორისო აზრის გაზიარება... მნიშვნელოვანია ბავშვთა ფეხბურთის მწვრთნელების გადამზადება და თანამედროვე მეთოდებზე გადაყვანა. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ საქართველოში ესეც პრობლემატური თემაა...

მკითხველი:
- ბატონო გია, თქვენ გიორგი დევდარიანთან, ვასილ მაისურაძესთან, გია გეგუჩაძესთან და რამდენიმე სხვა სპეციალისტთან ერთად, ქართული სამწვრთნელო სკოლის აწმყო და მომავალი ხართ. ეს რეალობაა. ფეხბურთი, როგორც ყველა ვადევნებთ თვალს, სულ ახალ სიმაღლეებზე ადის და ფაქტობრივად, წლიდან წლამდე, კონკურენცია ყველა დონეზე იზრდება. დღეს, სპორტის ამ სახეობაში წარმატებას რომ მიაღწიო, მხოლოდ სირბილი და ფინტები არ კმარა, მაგრამ ასევე, მწვრთნელებისთვისაც აღარ კმარა მხოლოდ გამოცდილება და ერთი წაკითხული წიგნი. თქვენი წარმატებებიდან გამომდინარე, მაინტერესებს, რამდენად ეცნობით თქვენს საქმეში არსებულ ტენდენციებს, რამდენად გაქვთ ამის საშუალება და რას ურჩევდით დამწყებ სპეციალისტებს, რათა ჯეროვნად აუწყონ ფეხი თანამედროვე საფეხბურთო ცხოვრებას? მადლობა.
- პირველ რიგში, დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისა და დაფასებისთვის. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, ფეხი ავუწყო ამ თანამედროვე ტენდენციებს  და თუ რაიმე ახალია, გავეცნო...

რაც მეტი დრო გადის და მეტს მუშაობ, ხვდები, რომ უფრო და უფრო მეტი გჭირდება ერთ ადგილზე არ შესაჩერებლად და წინ წასაწევად. ჩემი ყველა ვარჯიშით დაწყებული და თამაშით დამთავრებული, სულ მგონია, რომ რაღაცას ვაკლებ. სულ მეტი მინდა, მეტს ვითხოვ და პროგრესისკენ წასვლას ვცდილობ.

მწვრთნელებს ვურჩევ, არავითარ შემთხვევაში, რაც უნდა დამღლელი და მოსაბეზრებელი იყოს სამუშაო, რა წინააღმდეგობაც უნდა შეხვდეთ წინ, ხელები არ ჩაიქნიონ. თუ მწვრთნელს წინააღმდეგობა ხვდება წინ, ჩემი აზრით, ის სწორი გზით მიდის. მწვრთნელი უნდა იყოს პატიოსანი - არანაირ თაღლითობაში არ უნდა იყოს გახვეული. ერთხელაც კი არ უნდა გაეხვიოთ, თორემ იმდენად შავი ლაქაა ეს, შემდგომში ხელს შეგიშლით. ასევე გაჰყევით თანამედროვე ტენდენციებს, არ გაჩერდეთ - ფეხბურთელი თუ ისვენებს, მწვრთნელი არასდროს ისვენებს: ხან კითხულობს, ხან წერს, ანალიზს აკეთებს... ვინც არის მზად საამისოდ, უნდა იყოს და იქნება კიდეც მწვრთნელი, ვინც არა - სჯობს სხვა საქმეს მიხედოს.

მკითხველი:
- გილოცავთ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე მოხვედრას! თქვენი გუნდები ყოველთვის ბრძოლის ჟინით გამოირჩეოდნენ და ამის წყალობით ხშირად დაგიმარცხებიათ თქვენზე ძლიერი გუნდი, თუმცა ევროპაზე მხოლოდ ამის იმედად გასვლა, ალბათ, არ გამოგვადგება. გაქვთ თუ არა კონკრეტული მონახაზი, თუ ვინ უნდა გააძლიეროს გუნდი და აპირებთ თუ არა უცხოელი ფეხბურთელების მოწვევას?
- უცხოელი ფეხბურთელების დამატებას არ ვაპირებთ, გაძლიერებას მხოლოდ ქართველებით ვეცდებით. ამ ეტაპზე რამდენიმე ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, არ დავკონკრეტდები... გაძლიერება იმას ნიშნავს, რომ კვალიფიკაციით უფრო მაღალი ფეხბურთელები მოვიყვანოთ, ვიდრე ახლა გვყვანან.

რაც შეეხება ბრძოლისუნარიანობას, ვთვლი, რომ გუნდი მხოლოდ ბრძოლისანურიანობაზე არ უნდა იყოს "აგებული", მაგრამ ისიც აუცილებელია. მსოფლიოში ცოტაა ისეთი გუნდი, სადაც ბრძოლისუნარიანობაზე არ საუბრობენ, იქ საჭიროება არ არის ამისი - "რეალი", "ბარსელონა", "ბაიერნი"...

აი, მადრიდის "ატლეტიკოზე" ამბობენ, ბრძოლისუნარიანი გუნდიაო... კი, არის, მაგრამ ისინი ტაქტიკურად სწორ ფეხბურთს თამაშობენ - როცა საჭიროა, თავს იცავენ, როცა საჭიროა - უტევენ. ჩვენც ამას ვცდილობთ, რომ გარდა ბრძოლისუნარიანობისა, ტაქტიკური სქემები, მონახაზები გვქონდეს და გვაქვს კიდეც, რომელსაც ევროასპარეზზე გამოვიყენებთ. ვნახოთ, რა გამოვა... რაღაც დონეზე უნდა გვეყოს, შემდეგ კი განვითარება დასჭირდება ამას.

მკითხველი:
- მესმის, რომ რთულია ამ სიტუაციაში პასუხის გაცემა, მაგრამ მაინც: თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სად მუშაობა უფრო კომფორტულია, ნაკრებში თუ გუნდში?
- ნაკრებში. ზოგადად, სურვილზე თუა, ჩემთვის ნაკრების გაწვრთნა უფრო სასურველია, იმიტომ, რომ ფეხბურთი შეჯიბრებაა - მირჩევნია ჩემი ქვეყნის გარეთ მყოფ ხალხს შევეჯიბრო, ვიდრე საქართველოში ჩემს მეგობრებს. საქართველოს ჩემპიონატში მოწინააღმდეგე მწვრთნელები ჩემი ახლო მეგობრები არიან, მოედანზე მათ დასამარცხებლად გავდივართ, ბოლომდე ვიხარჯებით და...

ცოტა სენტიმენტალური ნათქვამია, მაგრამ ადამიანური კუთხიდან ასეა - სჯობს, უცხოებთან წარმოვაჩინო თავი და იქ ვასახელო ჩემი ქვეყანა. მაგრამ ნაკრებში მუშაობა ბევრად რთულია!

მკითხველი:
- მიმაჩნია, რომ ქართველი სპეციალისტებიდან ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელი ხართ და რაც მთავარია, ემოციურად გაწონასწორებული, თუმცა მწვრთნელისთვის, გარდა პრაქტიკული მუშაობისა, ძალიან მნიშვნელოვანია მუდმივი თეორიული განვითარება, სხვადასხვა პროგრამაში მონაწილეობა და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ასწრებთ ამ ყველაფრის შეთავსებას?
- გმადლობთ. ემოციურად გაწონასწორებულობაში კი შეგეწინააღმდეგებით - ჩემი ყველაზე დიდი მინუსი სწორედ ეგაა. ნაკლებად ემოციური რომ ვიყო, ჩემთვისაც და ჩემი გუნდისთვისაც უკეთესი იქნებოდა. ეს ნახევრად ხუმრობით. ნახევრად...

სულ დაუკმაყოფილობის გრძნობა მაქვს. ამიტომ ვცდილობ, წავიდე, მეტი ვნახო, მეტი ვისწავლო... არასდროს მქონია ტოპ-მწვრთნელებთან კონსულტაციები. მხოლოდ ერთხელ შევხვდი დევიდ მოიესს, მაგრამ კონკრეტულ თემებზე საუბარი არ გვქონია. არც "ვიტესიდან" ჩამოვსულვარ დიდად კმაყოფილი - მირჩევნია ტოპ-გუნდებსა და ტოპ-მწვრთნელებში მივიღო გამოცდილება, ვნახო, რას აკეთებენ და როგორ...

შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, მეტი ვისწავლო.

მკითხველი:
- თქვენი გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე, დიდი ალბათობით, განუთესავი იქნება. შესაბამისად, მეტოქედ საკმაოდ ძლიერი (ჩვენი საზომებით) მოწინააღმდეგე გვეყოლება. თქვენ ვის ისურვებდით ასეთ მეტოქედ და რატომ?
- ვისურვებდი მეტოქედ ჩვენზე გაცილებით სუსტ გუნდს. რატომ? იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი საკვალიფიკაციო ეტაპი გავიაროთ.

მკითხველი:
- არიან ფეხბურთელები, რომლებიც არ იცავენ დისციპლინას, ხშირად აღალატებენ გუნდს, აქვთ რთული ხასიათი. ბევრი მწვრთნელისთვის ასეთი ფეხბურთელი მიუღებელია და საერთოდ არ იკარებს მათ, ბევრისთვის კი პირიქით, ისინი ეხმარებიან ასეთ ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად და საბოლოოდ სწორედ მათ ხელში აღწევენ ისინი დიდ წარმატებას. ამ ორი კატეგორიიდან რომელს მიეკუთვნება გია ცეცაძე?
- მე არ დავეთანხმები მწვრთნელების კატეგორიებად დაყოფას. ჩემზე ვიტყვი, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, არანაირად არ ვთვლი, რომ ფეხბურთელი უნდა შეეწყოს მწვრთნელს - ფეხბურთელი უნდა შეეწყოს გუნდს, გუნდის ინტერესებს!

მწვრთნელის პროფესია იმიტომაა კიდევ ურთულესი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა გვიწევს. ყველა ადამიანი ინდივიდია, ზოგი დამყოლია, ზოგი - არა. ჩვენი ხელოვნებაც ის არის, მოვახერხოთ, მოვუძებნოთ ყველა ფეხბურთელს გასაღები, რომ შემდეგ ის გამოადგეს თავის კლუბს, ეროვნულ ნაკრებს და ა.შ. ფეხბურთელის ხასიათის გამო დაწუნება არ შეიძლება! რაღაც დონემდე უნდა ვეცადოთ მწვრთნელები მასთან მუშაობას, მაგრამ თუ თავად ფეხბურთელმა ვერ აგვიბა მხარი და არ მოინდომა, გამოდის, რომ სხვის ადგილს იკავებს გუნდში და უნდა წავიდეს...

ბელგიელები იყვნენ ლიცენზიის კურსზე და ერთ-ერთმა ბელგიელმა ლექტორმა, რომელიც ლექციას გვიკითხავდა, აღნიშნა, რომ "ჩელსის" ფეხბურთელი და მსოფლიო დონის ვარსკვლავი ედენ აზარი 21 წლამდე პასს არ აძლევდა არავის, ძალიან რთული ხასიათი ჰქონდა... იგივე ვინსენტ კომპანიც. ჩვენთანაც ეგ პრობლემაა და არ შეიძლება ამის გამო ფეხბურთელი დაიწუნო.

ყველას თავისი აზრი აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ მე ასე ვთვლი. მთელ მსოფლიოშია ასეთი ხასიათის და უარესების მქონეც, ვიდრე ჩვენები არიან. ჩვენები თავხედებად რომ მიგვაჩნია, დამიჯერეთ, უცხოეთში უარესი ხასიათის მქონენი არიან.

მკითხველი:
- დაასახელეთ თქვენი აზრით ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც გიმუშავიათ...
- მადლობა კითხვისთვის, მაგრამ ვერავის გამოვყოფ. დღესდღეობით, ვინც ნიჭიერები არიან და ქართული ფეხბურთის მომავლად ითვლებიან, თითქმის ყველასთან ნამუშევარი მაქვს და ამით ვამაყობ.

მკითხველი:
- რომ გაგიჩნდეთ უცხოეთში მუშაობის საშუალება, რომელ კლუბს და ქვეყანას ამჯობინებდით?
- მირჩევნია ჯერ საქართველოში ვიმუშაო, აქ მოვიპოვო წარმატება, შემდეგ ვიფიქრო უცხოეთზე. რა თქმა უნდა, როგორც ფეხბურთელისთვის, ისევე მწვრთნელისთვის დიდი გამოწვევაა უცხოეთში მუშაობა. ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი სად, მაგრამ კარგ საფეხბურთო ქვეყანასა და კლუბში სიამოვნებით ვიმუშავებდი.

მკითხველი:
- მოგესალმებით, ბატონო გია! გილოცავთ წარმატებულ სეზონს და მადლობას გიხდით, რომ ბევრისგან მივიწყებული ბიჭებით ასეთ კარგ შედეგს მიაღწიეთ. თქვენ, როგორც შემტევი ფეხბურთის მოყვარული, რა პარალელს გაავლებდით თქვენი ფორმაციის "დილასა" და ამ სეზონის "სამტრედიას" შორის და რა პერიოდი დასჭირდება "სამტრედიას" ან სხვა გუნდებს, რომ სტაბილურობა შეიძინონ და ჩემპიონატის დონეც ამაღლდეს?
- ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რომ ეს ბიჭები მივიწყებულები იყვნენ, მაგრამ რაღაც მომენტში თვითონ დააკლეს თავიანთ თავს, რაღაც მომენტში - სხვა არ ენდოთ... მადლობა "სამტრედიის" ხელმძღვანელობას, რომელმაც ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა მე და ამ ფეხბურთელებსაც. ამიტომ დიდია დამსახურება მათი, რომ ეს ფეხბურთელები თამაშობენ დღეს. სწორი ნაბიჯი გადაიდგა ქართული ფეხბურთისთვის!

ჩემგან გამომდინარე, იმ "დილასა" და ამ "სამტრედიის" შედარება არ შეიძლება. "დილაში" გაცილებით დაბალი კვალიფიკაცია მქონდა. მას შემდეგ წინ წავიწიე, ბევრი ვისწავლე, ამიტომ მგონია, ეს "სამტრედია" უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ აზრი და სტრატეგია იქაც იგივე მქონდა, რაც დღეს - შეტევაზე ორიენტირებული გუნდი, სანახაობრივი ფეხბურთი და აქედან გამომდინარე, სასურველი შედეგის მიღწევა.

მინიმუმ 2-4 წლამდე სჭირდება გუნდს ამ ბირთვის შესანარჩუნებლად და 4 წლის თავზე შეიძლება კონკრეტული შედეგი დავისახოთ მიზნად..

მკითხველი:
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ მე გორელი გულშემატკივარი ვარ და დღესაც დიდი სიამოვნებით ვიხსენებ, პირველი ლიგის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა გორის "დილამ" გიორგი ცეცაძის ხელმძღვანელობით ჩემპიონატის ლიდერ "ზესტაფონს" 0-4 რომ მოუგო ზესტაფონში და კიდევ როგორ სანახაობრივად ლამაზ, შემტევ და სწორ ფეხბურთს ათამაშებდა ეს მწვრთნელი საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელებს და მადლობა ამისთვის მას გორელი ფანების სახელით - ფაქტობრივად, "დილას" აღმასვლის საძირკველი მისი ჩასხმულია. მისი სათამაშო შემტევი სტილი აშკარად დაეტყო ნაკრებსაც ცხადაძის დროს და "სამტრედიაც" აშკარად უფრო სუსტია შემადგენლობით, ვიდრე იყო წინა წელს. ძალიან გამიგრძელდა საუბარი... ახლა, რაც შეეხება შეკითხვას: მაინტერესებს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართველმა მწვრთნელებმა დაამარცხონ წაგების შიში და 11 კაცი არ ეყენოთ კარებში - თუნდაც ცეცაძის შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ადრე თუ გვიან შედეგიც გაცილებით უკეთესი იქნება, ფეხბურთიც სანახაობრივად უფრო ლამაზი, გულშემატკივარიც კმაყოფილი და სტადიონიც სავსე...
- გმადლობთ. "დილა" ჩემთვის აკვანივითაა - პირველი ნაბიჯები ამ გუნდში გადავდგი და წეღანაც ვთქვი, მაშინდელი ჩემი კვალიფიკაცია ბევრად დაბალი იყო და ეს ლოგიკურია. ჩემს გულში დიდი ადგილია უკავია ამ გუნდს, იქაურ გულშემატკივარს, იმიტომ, რომ ფეხბურთელებმა, ხელმძღვანელობამ ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადეს... "დილა" ჩემთვის უბრალო გუნდი არ არის.

შიშზე როცა არის ლაპარაკი, იქ უკვე ფეხბურთთან შეხება არ აქვს არც ფეხბურთელს, არც მწვრთნელს. თუკი 11-ივე ფეხბურთელი ვინმეს დაუყენებია უკან, არა მგონია, შიშის გამო ყოფილიყო ეს. უბრალოდ, სტრატეგიაა ასეთი - ვიღაცა ფიქრობს, უკან დგომით და 1-2 შეტევით შესაძლოა წარმატების მიღწევა, ვიღაცა საშუალო პრესინგზე ფიქრობს, ვიღაცა კი - მაღალ პრესინგზე. ეს მწვრთნელის სტრატეგიული ხედვაა.

ეროვნულ ნაკრებში რაც ხდებოდა, ყველაფერი ცხადაძის დამსახურება იყო. ჩემი და კახას აზრები ყველაფერში ერთი-ერთში ემთხვეოდა სათამაშო სტრატეგიის კუთხით და მასთან მუშაობით ბედნიერი ვიყავი, ძალიან კარგი პერიოდი იყო.

მკითხველი:
- ბატონო გია, ჩემი აზრით, ჩვენი ფეხბურთის უბედურების სათავე არის ის, რომ არ ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ, ანუ არ ვიცით, რა არის ჩვენი მისია მსოფლიო ფეხბურთში! იქნებ თქვენ სცადოთ და ჩამოაყალიბოთ, რა არის ქართული ფეხბურთის მისია დღეისათვის მსოფლიო ფეხბურთის განვითარებაში, რა დაგვავალა განგებამ!
- მსოფლიო ფეხბურთის მისიამდე ლაპარაკს სჯობს ჩვენი, ქართული ფეხბურთის ქვეყნის შიგნით ჩამოვაყალიბოთ განვითარების მისია და სანამ მსოფლიო ფეხბურთში შევიტანთ ჩვენს წვლილს, ჯერ ჩვენ დავდგეთ ფეხზე და მერე, შესაბამისად, მთელ მსოფლიოში გავიტანოთ ჩვენი ნიჭი, წარმატების ფორმულა... ღმერთმა ქნას, გამოგვივიდეს ყველაფერი!

მკითხველი:
- პირველ რიგში, მინდა მოგესალმოთ და წარმატებები გისურვოთ როგორც  პროფესიულ საქმიანობაში, ასევე საქართველოს პრესტიჟის ევროპალიგაზე დაცვის დროს. "სამტრედია" საქართველოს ჩემპიონატში გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს, შეტევით სტილს ანიჭებს უპირატესობას და შედეგიც აშკარაა. თქვენ ენდობით იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც მრავალჯერ დაამტკიცეს, რომ იმსახურებენ საზოგადოებისგან პატივისცემას და ყურადღებას. მისასალმებელია, რომ აქცენტს ახალგაზრდებზე ამახვილებთ. რაც  შეეხება კითხვას... რა იქნება "სამტრედიის" პროგრამა-მინიმუმი ევროპალიგაზე ასპარეზობის დროს?
- გმადლობთ. ჩვენი მიზანი იყო ხუთეულში მოხვედრა. უეფას ჯგუფში შესვლას ვფიქრობ და ცაზე ვარსკვლავის მოწყვეტას ვაპირებთ-მეთქი, როგორ გითხრათ ახლა, მაგრამ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ. როგორ ერთიანადაც ვთამაშობდით ჩემპიონატის მეორე წრიდან, იმავეს ვიზამთ ევროპის ლიგაზე. რთული იქნება, მაგრამ რომ გითხრათ, რამდენ ეტაპს გავივლით, რა იქნება პროგრამა-მინიმუმი, არ იქნება სწორი.

ჩვენს სტრატეგიას არ ვუღალატებთ და ვეცდებით, კარგი, სანახაობრივი ფეხბურთის ხარჯზე შედეგს მივაღწიოთ. თუ ვერ მივაღწიეთ და არც ეგაა პრობლემა. ქართველები მაქსიმალისტები ვართ და ეს კარგია, მაგრამ ჩვენს შესაძლებლობებს არ უნდა გადავახტეთ ხოლმე - ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ყველაფერი მოვა. ის, რომ მეორე ადგილზე გავედით და უცებ ევროპის ლიგაზე მოითხოვოს გულშემატკივარმა გასვლა, ეს დამღუპველია და სწორედ ამის ბრალია ქართული ფეხბურთის დღევანდელი სურათი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გია! თქვენ ყველასთვის მოულოდნელად გაიყვანეთ გუნდი ევროლიგის საკვალიფიკაციოზე. თქვენი თქმით, გუნდის აშენებას წლები სჭირდება და რამდენი? რამდენი სეზონი იმუშავებთ "სამტრედიაში"?
- იმდენს სეზონს ვიმუშავებ აქ, რამდენიც დასჭირდება კლუბს განსავითარებლად. რა თქმა უნდა, თუ არ იქნება შემოთავაზება საზღვარგარეთიდან, მაღალი ლიგებიდან, ამას არც დავმალავ... არ მგონია, თვითონ გულშემატკივარმაც ვერ გაიგოს. მანამ, სანამ საქართველოში ვარ, ვიქნები "სამტრედიაში" და უფრო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ვეცდები.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გია! საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არცთუ ისე ურიგოდ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შემდგომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რატომღაც იკარგება. თქვენი აზრით, რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო ახალგაზრდა ტალანტების შემდგომი განვითარებისთვის გასაკეთებელი გარდამავალ პერიოდში იუნიორებიდან დიდ ფეხბურთში გადასასვლელად? მადლობა, წარმატებებს გისურვებთ ევროტურნირებზე!
- ამ კითხვაზე მოკლე პასუხი მაქვს: საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელები რომ განვითარდნენ და პროფესიონალები გახდნენ, უნდა იყოს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი!

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო გიორგი! პირველ რიგში, გილოცავთ ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურს და წარმატებებს გისურვებთ. მაინტერესებს, რაში მდგომარეობს პიდადად თქვენი და "სამტრედიის" წარმატების საიდუმლო?
- ჩვენი წარმატება არის ერთიანობაში, ურთიერთპატივისცემაში და ღვთის წყალობაა ჩვენი წარმატების საიდუმლო.

მკითხველი:
- იყოლიებდით მესის "სამტრედიის" გუნდში ? :)
- ნამდვილად ვიყოლიებდი დიდი სიამოვნებით.

მკითხველი:
- რას გრძნობთ ყოველი მოპოვებული გამარჯვების შემდეგ?
- ძალიან დიდ  სიხარულს. ბანალური პასუხია, მაგრამ ენითაუწერელია, ამ გრძნობის გადმოცემა შეუძლებელია. ბედნიერებაა!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული