გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა. რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემა ფეხბურთელმა არ ისურვა. ამასთან, გიორგიმ საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც სამახსოვროდ თბილისის "დინამოს" მაისურს გადასცემს.

ქვილითაიამ გიორგი ხომერიკის კითხვა მოიწონა: "დინამო რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და პარალელურად რომელიმე ევროპული გრანდი ან ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოთამაშე კლუბი გთავაზობდეს კონტრაქტს, როგორ მოიქცეოდი, წახვიდოდი?"

დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია კითხვის ავტორს დაუკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელმა საუკეთესო კითხვა იმ კითხვებიდან შეარჩია, რომლებსაც თან
საკონტაქტო ინფორმაცია ახლდა.

გიორგი:
- როცა ამ კითხვას უპასუხებ, ალბათ, გარკვეული წარმოდგენა გექნება ახალ მწვრთნელზე, ვარჯიშებიდან გამომდინარე. გვითხარი 1-2 სიტყვა მასზე...
- ვაისი ძალიან დიდი გამოცდილების მქონე მწვრთნელია, რომელსაც უყვარს შემტევი ფეხბურთი. ის, ასევე, ძალიან კომუნიკაბელური და დადებითი პიროვნებაა.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. მაინტერესებს, როგორ ხედავ შენი განვითარების გზას? ანუ რა გზა უნდა გაიაროს შენი ასაკის ფეხბურთელმა, ევროპულ დონეზე წარმატებას რომ მიაღწიოს?
- გამარჯობა. ჩემს ასაკში, აბსოლუტურად ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო და მხოლოდ ფეხბურთით იცხოვრო! ამასთანავე, ყოველდღე საკუთარ თავზე იმუშაო და გამოასწორო ყველა ნაკლი, რაც გაქვს.

გაგი:
- გიორგი, გამარჯობა. გაქვს თუ არა გამორჩეული/ფავორიტი გოლის აღნიშვნა? თუ გივარჯიშია ასეთ რამეზე და ფიქრობ, რომ ის ეხმარება ფეხბურთელს პოპულარიზაციასა და იმიჯის შექმნაში? წარმატებებს გისურვებ!
- გამარჯობა. თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ გამორჩეული გოლის აღნიშვნა არ მახასიათებს, იმიტომ, რომ ამაზე არასდროს მიფიქრია, არასდროს მივარჯიშია გოლის აღნიშვნაზე. ვფიქრობ და ვვარჯიშობ მხოლოდ გოლის გასატანად. :))

მიხეილი:
- გილოცავ ეროვნული ნაკრების წევრობას. რა აზრის ხარ იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის "დინამო" გახდეს ეროვნული ნაკრების საბაზისო გუნდი (როგორც თავის დროზე კიევის "დინამო" იყო უკრაინაში)?
- ნაკრებში "დინამოდან" რეგულარულად იძახებდნენ ფეხბურთელებს, თუმცა მსგავსი სტატუსი გუნდს 90-იან წლებში ჰქონდა და დიდი იმედი მაქვს, კლუბი შეძლებს და დაიბრუნებს იმ სტატუსს, რომლითაც ნაკრების საბაზისო გუნდი გახდება.

ჯიმშერი:
- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრებში გამოძახება და თვლი თუ არა, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას?
- ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნებაა, მაგრამ ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ - მთავარი არა გამოძახება, არამედ გუნდში ადგილის დამკვიდრებაა. ჩემის მხრივ, საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ.

რაც შეეხება ნაკრებს: მიმაჩნია, რომ თუ ყველა გავერთიანდებით, ერთ მუშტად შევიკვრებით, ძალიან ძლიერ და ანგარიშგასაწევ ნაკრებად ჩამოვყალიბდებით, რომელსაც შესწევს ძალა იქ მოხვედრის.

მანუჩარი:
- მატჩი, რომლის შემდეგაც გული ყველაზე მეტად დაგწყდა, არის...?
- ალბათ, აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გასვლითი მატჩი, როცა გადამწყვეტი გოლი 87-ე წუთზე გავუშვით. გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ვიბრძოლეთ და ორივე მატჩში 10-კაციანი შემადგენლობით ძალები არ დავზოგეთ შემდეგ ეტაპზე გასასვლელად, ძალიან გულდასაწყვეტი იყო.

გიორგი:
- მოგესალმები, გიორგი. უმაღლესი ლიგის თამაშებზე ძალიან ცოტა გულშემატკივარი დადის, რაც ხიბლს უკარგავს თამაშს. მაინტერესებს, რას ეტყოდი იმ გულშემატკივარს, ვისაც სტადიონზე მისვლა ეზარება?
- გამარჯობა. დიახ, მართლაც ძალიან ცუდია უმაყურებლოდ თამაში. გულშემატკივრის გვერდით დგომა და ქომაგობა ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი მუხტია. ალბათ, ჩემპიონატის დონის მატებასთან ერთად მაყურებელიც დაუბრუნდება სტადიონს.

გიორგი:
- გიორგი, რამდენად მნიშვნელოვნად მიგაჩნია შენი კარიერისთვის უნგრეთში გატარებული პერიოდი?
- ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პერიოდი, რადგან პატარა ასაკშივე ვნახე განსხვავება ევროპასა და საქართველოს შორის.

მკითხველი:
- პირველ რიგში, გილოცავ ნაკრებში გამოძახებას. როგორც წესი, სიმაღლეში ზრდასთან ერთად ფეხბურთელი სისხარტესა და სისწრაფეში უკლებს, რამაც შენზე, პირიქით იმოქმედა. თანდაყოლილია სისწრაფე თუ დამატებით ვარჯიშობ ამ კუთხით?
- ჰო, სიმაღლეში ზრდის გამო მეც მქონია პრობლემები - ზრდამ ტრავმები გამოიწვია, რის გამოც, მთლიანობაში, 2 წელი გამიცდა. ვერ ვიტყვი, რომ სისწრაფესთან დაკავშირებით პირიქით იმოქმედა - მქონდა ამის პრობლემაც და დღემდე ვვარჯიშობ მის გამოსწორებაზე.

გიორგი:
- შენი აზრით, ვინ იყო ყველაზე ძლიერი მეგრული წარმოშობის ქართველი ფეხბურთელი ბოლო 25 წლის განმავლობაში?
- თემურ ქეცბაია.

მკითხველი:
- ჩამოთვალე 5 საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც გინდა რომ ითამაშო...
- რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლიონელ მესი, მესუთ იოზილი და ანდრეს ინიესტა.

ლევანი:
- გილოცავ დებიუტს! დაგვისახელე, შენი აზრით, ყველა დროის 3 საუკეთესო ფორვარდი და თითო მათგანიდან თითო სპეციალიზაცია გამოარჩიე - ის თვისებები, რომლებსაც ისურვებდი, რომ მომავალში შეიძინო. გისურვებ ბევრ გოლს საქართველოს ნაკრებში!
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ბრაზილიელი რონალდო და რობერტ ლევანდოვსკი. იბრაჰიმოვიჩის ფიზიკური მონაცემები, რონალდოს ტექნიკა და ლევანდოვსკის გოლის ალღო.

გიორგი:
- გამარჯობა, ქვილით. წარმატებებს გისურვებ მომავალში, როგორც პირად ცხოვრებაში, ისე კარიერაში. რაც შეეხება კითხვას: როდის შეძლებ კონკურენცია გაუწიო საქართველოს ნაკრების თავდასხმის ხაზში მოთამაშე ფეხბურთელებს?
- მადლობა. კონკურენციის არ მეშინია და ჩემს შანსს ველოდები, რომელიც, ჩემი აზრით, აუცილებლად მომეცემა. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

გიორგი:
- "დინამო" რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს და პარალელურად რომელიმე ევროპული გრანდი (ან ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოთამაშე კლუბი) გთავაზობდეს კონტრაქტს, როგორ მოიქცეოდი? წახვიდოდი? წარმატებებს გისურვებ.
- თუ "დინამოსთან" ერთად ევროტურნირებზე მოვხვდი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი ალბათ არავინ იქნება, მაგრამ ვთვლი, რომ კარიერაში მთავარი სტაბილურობაა.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი! პირველ რიგში, გილოცავ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას! ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა ვერ მიაღწია სასურველ შედეგს - ყველა მატჩი დათმო და, როგორც ყოველთვის, არ დააყოვნა გულშემატკივრის კრიტიკამაც. ხშირად ეს საზღვრებსაც სცდებოდა, რამაც ბავშვების ფსიქოლოგიაზეც იმოქმედა. რას ურჩევ ჩვენს ჭაბუკებს სამომავლოდ, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი?
- ჩემი აზრით, მე თვითონ არ ვარ ჯერ იმ გამოცდილების მქონე ფეხბურთელი, რომ მომავალ თაობებს რჩევა მივცე. თავად მე ყოველდღიურად სხვისგან ვსწავლობ და ვიღებ ახალ რაღაცებს, რომელიც მგონი, მთელი კარიერის განმავლობაში გამომადგება.

აქვე უნდა ვთქვა, ბედნიერი ვარ, რომ ალექსანდრე იაშვილთან ერთად მომიწია თამაში. ზაფხულიდან მოყოლებული, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

მკითხველი:
- მოგესალმები! გთხოვ, დაასახელო შენი ვერსიით საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა, დღეს არსებული კონტინგენტის გათვალისწინებით...
- გამარჯობა. ჩემი საქმე არ არის შემადგენლობის დაყენება, ამიტომ თავს შევიკავებ. :))

რეზი:
- გამარჯობა, გიორგი. რომ არა ფეხბურთი, რომელ სპორტის სახეობაში წარმოგიდგენია შენი თავი?
- რომ არა ფეხბურთი, კალათბურთი.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გისურვებ ჯანმრთელობას და წინსვლას კარიერაში. არჩევანის საშუალება რომ იყოს, რომელს აირჩევდი - "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს თუ საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას?
- რთული კითხვაა. მუნდიალზე ნაკრების მაისურით თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა ეს დღე საკლუბო დონეზე წარმატების გარეშე ალბათ არ მოვა და თანმიმდევრული რომ ვიყოთ, ალბათ სჯობს, ჯერ კლუბში დაამტკიცო შენი შესაძლებლობები და შემდეგ ისეთ სპორტულ ფორუმზე, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია.

მიხეილი:

- საქართველოში ძალიან ბევრი ახალგაზრდა თამაშობს ფეხბურთს. არის ბევრი იმედგაცრუება ამ გზაზე... ოდესმე ყოფილა ისეთი მომენტი, რომ გიფიქრია ფეხბურთისთვის თავი დაგენებებინა?
- ზოგადად, ფეხბურთი ისეთი სპორტის სახეობაა, სადაც კარიერის მანძილზე ხშირია იმედგაცრუება. მეც მქონდა მსგავსი პერიოდი, როცა ვერა და ვერ ვახერხებდი ტრავმების მორჩენას, მაგრამ გვერდში მდგომი იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ყოველ წუთს მამხნევებდნენ და ცუდზე ფიქრის საშუალებას არ მაძლევდნენ, ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე არასდროს მიფიქრია.

ლექსო:
- გამარჯობა. ყველა აღნიშნავს ქართველების რთულ ხასიათს, მით უმეტეს, როდესაც პოლემიკა ფეხბურთს ეხება. შენი აზრით, არის თუ არა ვაისი ის პიროვნება, რომელიც სიმკაცრეს დაამყარებს გუნდში და წარმატებისკენ გზას გაგვიხსნის? გისურვებ წარმატებებს.
- ვაისი დიდი ავტორიტეტის და გამოცდილების მქონე პიროვნებაა, რომელიც მოახერხებს ეროვნული ნაკრების ერთ მუშტად შეკვრას.

გიორგი:
- გამარჯობა, გიორგი. გილოცავ ნაკრებში მიწვევას და გისურვებ წარმატებებს. მაინტერესებს, ვის მიუძღვნი პირველ სანაკრებო გოლს?
- დიდი მადლობა. ეროვნული ნაკრების ყველა იმ ქომაგს, ვისაც ჩემი გოლი გაუხარდება.

გივი:
- მოგესალმებით. რა შანსები აქვს თბილისის "დინამოს" ევროთასებზე (ჯგუფურ ეტაპზე გასვლა) და თუ ფიქრობთ, რომ შანსი არსებობს, რის საფუძველზეა ეს რეზულტატი მიღწევადი?
- დიახ, ჩემი აზრით, ჩვენს გუნდს შესწევს ევროთასებზე მოხვედრის ძალა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი თაობაა შეკრებილი. ამას დავუმატოთ ის გამოცდილი ფეხბურთელებიც, რომლებთან ერთად "დინამო" ძალიან ძლიერ გუნდად ყალიბდება.

ზუკა:
- გამარჯობა, გიორგი. შენ დღითითღე წარმატებული და პერსპექტიული სპორტსმენი ხდები. როგორ ფიქრობ, რა არის წარმატებული კარიერის მიზეზი და რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის ოჯახს შენ წინსვლაში?
- დიდი მადლობა. ვცდილობ, ყოველდღე მოვუმატო და გავიზარდო, როგორც ფეხბურთელი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რასაც დღეს წარმოვადგენ, ამაში უდიდესი წვლილი ჩემს ოჯახს მიუძღვის. ყოველთვის და ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მათ გვერდში დგომას ვგრძნობდი და რაც ყველაზე მთავარია - იმედგაცრუებების დროსაც.

მკითხველი:
- გიო, პირველ რიგში, გილოცავ ნაკრებში გამოძახებას! ველოდებით შენს ბომბარდირობას ამ სეზონში და მაინტერესებს, რა გრძნობაა, როდესაც ყოველი გოლის შემდეგ "გლადიატორები" შენს გვარს სკანდირებენ?
- მადლობა. მეც ძალიან მსურს ბომბარდირობა და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ. მერწმუნეთ, ყოველი გოლის შემდეგ "გლადიატორებისკენ" მაქვს ყურადღება და ვუსმენ სკანდირებას, რადგან ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.

მკითხველი:
- როგორ შეთამაშდი სხვა ფორვარდებთან ნაკრებში და გაქვს თუ არა ცენტრალური ფორვარდის გარდა სხვა პოზიციაზე თამაშის გამოცდილება?
- თუ რამდენად შევთამაშდი, ეს ერთად თამაშის დროს გამოჩნდება. სხვა პოზიციებთან დაკავშირებით კი შემიძლია ვთქვა, რომ თავდასხმაში ფლანგებზე მითამაშია და ასევე - გამთამაშებლადაც.

მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი. პირველ რიგში, გილოცავ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას. გიო, რომელ გოლს გამოარჩევდი შენს კარიერაში? მადლობა.
- ქუთაისში გამართულ სათასო შეხვედრაში "ტორპედოს" კარში გატანილ გოლს გამოვარჩევდი თავისი მნიშვნელობით, სილამაზით კი უნგრეთში გატანილს, როცა საჯარიმოს გარედან მეკარეს თავზე გადავუგდე ბურთი.

მკითხველი:
- გამარჯობა გიო! მაინტერესებს, რამდენია შენი პირადი რეკორდი ბურთის კენწვლაში?
- სიმართლე გითხრათ, არასდროს დამითვლია, რამდენს ვკენწლი. :))

მკითხველი:
- გიორგი, საქართველოში უმაღლეს ლიგაში დებიუტი გორის "დილაში" გქონდა... რა გავლენა მოახდინა შენს კარიერაში გორულ კლუბში გატარებულმა პერიოდმა?
- გორის "დილაში" გიორგი დევდარიანის მწვრთნელობის დროს მოვხვდი. 5-თვიანი ტრავმის შემდეგ სწორედ ამ გუნდმა მომცა ფეხბურთში დაბრუნების საშუალება, რისთვისაც დღემდე მადლობელი ვარ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული