მილტონ ჰეიგმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით Sportall.ge-ს მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

ამასთან, ჰეიგმა საუკეთესო კითხვის ავტორი შეარჩია, რომელსაც საჩუქრად რაგბის ბურთს, "ბორჯღალოსნების" ხელმოწერებით უსახსოვრებს.

ჰეიგმა ლევან კოღუაშვილის მიერ დასმული კითხვა მოიწონა: "საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა უცხოელმა სპეციალისტმა დაიჩივლა, 11 ქართველის ერთ მუშტად, გუნდად შეკვრა ურთულესი საქმეაო - ხაზი უდისციპლინობას გაუსვა. ძალიან საინტერესოა, თქვენ როგორ შეძელით 15 ქართველის ჰარმონია?"

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მილტონ ჰეიგმა პასუხი მხოლოდ იმ კითხვებს გასცა, რომლებსაც ავტორის საკონტაქტო ინფორმაცია თან ახლდა, 4-5
კითხვა კი უპასუხოდ დატოვა.

კითხვის ავტორს დეტალებთან დაკავშირებით რედაქცია თავად დაუკავშირდება.

ლევან
:
- საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა უცხოელმა სპეციალისტმა დაიჩივლა, 11 ქართველის ერთ მუშტად, გუნდად შეკვრა ურთულესი საქმეაო - ხაზი უდისციპლინობას გაუსვა. ძალიან საინტერესოა, თქვენ როგორ შეძელით 15 ქართველის ჰარმონია?
-
გუნდურობის კულტურის დანერგვა, პირველ რიგში, მთავარი მწვრთნელის საქმეა, შემდეგ კი ამას გუნდის საუკეთესო და ყველაზე ავტორიტეტული მოთამაშეები ინარჩუნებენ. ამ კულტურის ნაწილი არის ის, რომ ჩვენ გუნდურ ფასეულობებს პირველ ადგილზე ვაყენებთ და ეს მხოლოდ სიტყვები არ არის.

დავით:
- მოგესალმებით, ბატონო მილტონ. რით მოგხიბლათ ჩვენმა ქვეყანამ და რამ გადაგაწყვეტინათ ჩვენი ნაკრების თავკაცობა, რა იყოს ამის მთავარი მოტივატორი?
-
საქართველოში ბევრი რამ მომწონს: კერძები, ხალხი, მთები და ღვინო. ისტორია და კულტურაც მათ შორისაა. მე აქ ჩამოსვლა ეროვნული ნაკრების გაწვრთნის ძალიან კარგ საშუალებად ჩავთვალე და ამასთანავე, მსურდა მსოფლიოს განსხვავებულ რეგიონში მემუშავა, სადაც განსხვავებული ენა და კულტურაა.

გრიგოლ:
- ბატონო მილტონ, პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რაც ტონგაზე გამარჯვებით და ჩვენი ნაკრების მსოფლიოზე გამოსვლით მივიღე. თუ არიან უკვე გამოკვეთილი სახეები, რომლებიც 2019 წლის მსოფლიოსთვის შეცვლიან ასაკოვან ვეტერანებს და რამდენად ვიყოთ დაიმედებულნი, რომ მსოფლიოსთვის ისინი ნაკრებში გაშინაურებულები იქნებიან?
-
დიახ, 2019 წელს აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები, რადგან მანამდე თითქმის ოთხი წელი დარჩა. გარდა ამისა, ჩვენ უკვე წარვადგინეთ ახალი მოთამაშეები ევროპის ერთა თასისთვის.

მკითხველი:
- 2015 წელს ჩვენი ნაკრები ახალ დონეზე ავიდა, შესაბამისად, ახალი გამოწვევები გვაქვს. გეგმავთ თუ არა თქვენს სამწვრთნელო მეთოდებში/მიდგომებში სიახლეების შეტანას (იქნებ იყოს შესაძლებელი დაკონკრეტება), თუ როგორ უნდა მოვემზადოთ ამ ახალი გამოწვევებისთვის?
-
ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ახალ მეთოდებს, სისტემებს და უკეთესობისკენ სვლის საშუალებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მწვრთნელები ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ახალი ტექნიკა ისწავლონ.

დათო:
- ბატონო ჰეიგ, გამარჯობა. მე 6 წლის ვარ და დაინტერესებული ვარ რაგბით. ბევრი იძახის, რომ ინდივიდუალურად ქართველები ძალიან ნიჭიერი სპორტსმენები არიან, მაგრამ როგორც გუნდი - ამას ვერ ახერხებენ, გარდა ერთადერთი გამონაკლისისა - რაგბი! რაგბიში ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც ძლიერები ვართ. რისი დამსახურებაა ეს? არის რაგბი დიდებული თამაში?
-
საქმე იმაშია, რომ რაგბის აქ ტრადიცია აქვს და ეს ძველქართულ თამაშში, ლელოში გამოიხატება. გარდა ამისა, სპორტის ეს სახეობა ქართულ მენტალიტეტს ერგება. ეს არის ის, რაც ქართველებს მართლა უყვართ.

მკითხველი:
- გამარჯობა. გთხოვთ, გვითხარით, როგორი შეგრძნება გქონდათ, როცა ახალ ზელანდიას ლელო დავუდეთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რადგან ახალი ზელანდია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.

მკითხველი:
- რას გააკეთებდით ცხოვრებაში, რომ არა რაგბი?
-
ბიზნესში ვიქნებოდი ან ჩემი საკუთარი კომპანია მექნებოდა.

გიორგი:
- მოგესალმებით, ბატონო მილტონ, მაინტერესებს თქვენი აზრი ქართული სამზარეულოს შესახებ. რომელი ქართული კერძი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ბევრს ჩამოვთვლიდი, მაგრამ მწვადი და ხინკალი მაინც პირველ ადგილზე დგას.

მკითხველი:
- როდესაც მორაგბეს იძახებთ ნაკრებში, მიგყავთ ჩემპიონატზე, მაგრამ ის არამც თუ ძირითად რაზმში, არამედ, საბოლოოდ, ჩემპიონატის განმავლობაში მარქაფაშიც ვერ ხვდება... საუბარი მაქვს ვაჟა ხუციშვილზე, რომელიც RWC-ზეც ახლდა ნაკრებს. ეს ყველაფერი უნდობლობად უნდა ჩავთვალოთ?
- არა.

ირაკლი:
- თქვენი აზრით, კონკრეტულად, რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, როგორც ზრდასრულ, ასევე ახალგაზრდა უკანახაზელ მორაგბეებთან, რათა ისინი ევროპული გუნდებისთვის მოთხოვნადები გახდნენ?
- უნარების გამომუშავების სავარჯიშოები.

რევაზი:
- გამარჯობა. მაინტერესებს, რა განსხვავება არის ევროპულ საკლუბო რაგბისა და ზელანდია-ავსტრალიის რაგბის ჩემპიონატებს შორის, დიდია თუ არა სხვაობა და რამდენად შეძლებენ ქართველები ზემოთ აღნიშნულ ჩემპიონატებში წარმატებით თამაშს?
- სამხრეთ ნახევარსფეროს რაგბი დაფუძნებულია უნარებსა და სისწრაფეზე. ეს ნათელი გახდა 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, როდესაც ნახევარფინალში ოთხივე გუნდი სამხრეთ ნახევარსფეროდან იყო. საქართველოს, იმისათვის, რომ თამაში გააუმჯობესოს, მეტი ღირსეული მეტოქე სჭირდება ყოველწლიურად.

ალექსი:
- გამარჯობა. ახალზელანდიელების და ქართველების რაიმე საერთო მენტალური თვისება თუ შეგიმჩნევიათ და, როგორც წარმატებულ მთავარ მწვრთნელს, გამოგიყენებიათ თუ არა ის? დიდი მადლობა.
- დიახ, რამდენიმეა. მათ შორის - თამაშის სიყვარული, სიძლიერე, საბრძოლო სული და "არასოდეს დანებდე" დამოკიდებულება.

მკითხველი:
- ნაკრებში რამოდენიმე მსოფლიო დონის მორაგბე გვყავს, თუმცა მათი უმეტესობა ასაკოვანია. როგორ გეგმავთ თაობათა ცვლის პროცესის უმტკივნეულოდ გადატანას და ხომ არ გამოიწვევს ეს დროებით სტაგნაციას განვითარების თვალსაზრისით?
- იმედი მაქვს, რომ არა. ამისათვის საჭიროა, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებს სწორად მივუდგეთ, მათ სწორი ტექნიკა და თამაშის წაკითხვა ვასწავლოთ. ამჟამად სწორედ ასე ხდება და ასე უნდა გავაგრძელოთ.

მკითხველი:
- გამარჯობა. მჯერა, რომ იაპონიაში სამ თამაშს მოვიგებთ. აღნიშნულის შემთხვევაში, გააგრძელებთ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობას თუ ჩათვლით, რომ ეს "ბორჯღალოსნების" მაქსიმუმია და სხვაგან გააგრძელებთ კარიერას?
- იქამდე დიდი დროა, ასე რომ, ვნახოთ.

ნუგზარ:
- ის, თუ რა და როგორ ასწავლეთ თქვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებს, მათი თამაშით კარგად ჩანს და იმედია, კიდევ უფრო მეტის მიღწევას შეძლებთ. საინტერესოა, თქვენ თვითონ რა მოგცათ და რა გასწავლათ საქართველოს ნაკრებმა და რას გამოარჩევდით ისეთს, რაც განუმეორებელია თქვენთვის და მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლამ შეგძინათ? თუკი არის ასეთი რამ!
- ახალი ენა და ახალი კულტურა. ეს ყოველთვის ძალიან მნიშნელოვანია.

გიორგი:
- თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა მიექცეს განვითარებას მეტი ყურადღება? რომელია ქართულ რაგბიში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლი?
- საქართველოში მწვრთნელების დონის ამაღლება, განსაკუთრებით, მათი, ვინც ახალგაზრდებთან მუშაობს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის.

მკითხველი:
- საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის სანაცვლოდ რისი დათმობა მოგიწიათ?
- ჩემი ცხოვრების ჩვეული წესი, ჩემი ოჯახის წევრები და მეგობრები მივატოვე. თუმცა ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირდა.

მკითხველი:
- რატომ მაინცდამაინც საქართველო? და რა მიზანი გაქვთ?
- ის, რომ ქართული რაგბი ყველა მიმართულებით გავაუმჯობესოთ და ეროვნული ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შევიდეს.

ნიკა:
- როგორც იცით, ჩვენ, კავკასიელებს, სულსა და გულში გვაქვს მებრძოლი ხასიათი, ისევე, როგორც თქვენ, ზელანდიელებს. მილტონ, უბრალოდ გკითხავთ: შევძლებთ სამომავლოდ მსოფლიოს გაოცებას? თითოეულ მოგებას ბედნიერებამდე მივყავართ.
- დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება. თუმცა, უკვე ბევრმა ადამიანმა იცის, რა არის ქართული რაგბი და 2015 წელს ნაჩვენები შედეგის მიხედვით, რთული იქნება ვინმეს გაკვირვება.

გოგიტა:
- ბატონო მილტონ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული სამუშაოსთვის, თქვენ მართლაც გამორჩეული მწვრთნელი და პიროვნება ბრძანდებით. რაღაცნაირად, გული მიგრძნობს, რომ, თქვენი აზრით, რაგბი ჩვენი და ახალზელანდიელების თამაშია. მართალია?
- ჩემი აზრით, რაგბი, როგორც ეროვნული თამაში, მხოლოდ სამ ქვეყანაშია. ესენია: ახალი ზელანდია, უელსი და საქართველო!

ვახო:
- რას ფიქრობთ ახალგაზრდა მორაგბეებსა და მათ შესაძლებლობაზე?
- ჩვენ ბევრი კარგი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და ქართული რაგბის მომავალი ნამდვილად ნათელია.

ლექსო:
- რამდენად ხშირად ადევნებთ თვალყურს საქართველოს ჩემპიონატს (დიდი 10), რას იტყვით საქართველოსა და ქართულ კულტურაზე? და ხომ არ ფიქრობთ საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე (მართლა მაინტერესებს ეს კითხვები, პრიზი არაფერ შუაშია)?
- დიდი 10-ის დონე აშკარად მატულობს. ქართული კულტურა არაჩვეულებრივია და მე უკვე ორი წელია, რაც საქართველოს მოქალაქეობა მაქვს.

მანუჩარ:
- რას ნიშნავს თქვენთვის საქართველო და ნაკრებთან დამშვიდობების შემდეგ, ახალი ზელანდია-საქართველოს დაპირისპირებაში, ვის უგულშემატკივრებთ?
- ორივეს.

მიხეილი:
- გილოცავთ წარმატებულ სტარტს ერთა თასზე. თქვენი კარიერის განმავლობაში, ვისთანაც გიმუშავიათ, რომელი მორაგბე მიგაჩნიათ საუკეთესოდ და გიფიქრიათ თუ არა საქართველოში სამუდამოდ დასახლებაზე ან ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შემდეგ ახალგაზრდებთან მუშაობაზე?
- ახალ ზელანდიაში, მოზარდებთან 10 წელი ვიმუშავე, ისევე, როგორც პროფესიულ გუნდებთან. საქართველოშიც იმავეს ვაკეთებ.

ნიკა:
- გამარჯობა, ბატონო მილტონ. პირველ რიგში, წარმატებას გისურვებთ. მაინტერესებს, თქვენთვის, როგორც მწვრთნელისთვის, როგორია მსოფლიოს დღევანდელი უძლიერესი თხუთმეტი მოთამაშე და რომელ ქართველ მორაგბეს შეიყვანდით მასში?
- საუკეთესო მოთამაშეები ახალი ზელანდიიდან არიან. ჩემი აზრით, სიმბოლურ ნაკრებში გორგოძე და ნარიაშვილი მოხვდებოდნენ.

გაგი:
- როგორ ფიქრობთ, საქართველოს ნაკრებს რა კომპონენტებში სჭირდება ყველაზე მეტად მომატება, რომ მომავალ მსოფლიოზე ჯგუფიდან გასვლის რეალური ამბიცია გაგვიჩნდეს?
- თამაშის კითხვა და გადაწყვეტილებების მიღება. გარდა ამისა, უნარების ბოლომდე გამომჟღავნება და მცველების სისწრაფეში დაჯაბნა. შეხედეთ არგენტინას!

გიორგი:
- მოგესალმებით ახალზელანდიელ ქართველს, ბატონო მილტონ! მინდა საქართველოს ვუსურვო თქვენისთანა უცხოელი პროფესიონალების სიმრავლე! თქვენ და თქვენს ოჯახს ყველაფერი საუკეთესო! თქვენ მუდამ აღნიშნავთ, რომ რაგბი ქართველების თამაშია. საინტერესოა, როგორ ფერებში ხედავთ საქართველოს ნაკრების მომავალს და გავხდებით თუ არა უახლოეს მომავალში არა მხოლოდ ძალისმიერი, არამედ ძალიან ტექნიკური გუნდიც?
- სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი.

მკითხველი:
- გამარჯობა, ბატონო მილტონ. მაინტერესებს, აკვირდებით თუ არა ნაკლებად ცნობილ მორაგბეებს სხვადასხვა დაბალი დონის ჩემპიონატში?
- ყოველთვის, როდესაც თამაშებს და ვარჯიშებს ვესწრები.

საბა:
- ახალგაზრდებში არის ისეთი გამოკვეთილი მორაგბე, როგორიც თვით მამუკა გორგოძეა?
- იმედი მაქვს, რომ არის.

ლაშა:
- გამარჯობა, ბატონო მილტონ. როგორც შიდა სამზარეულოში ჩახედული კაცი, როგორ ფიქრობთ, რა არის ჩვენი ნაკრებისა და ქართული რაგბის მაქსიმუმი და რა დროში შეიძლება ამის მიღწევა? წინასწარ მადლობა.
- მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვედრა.

იოსები:
- რა განსხვავებაა საქართველოს ნაკრებსა და მსოფლიოს სხვა დიდ გუნდებს შორის? და, როგორც უცხოელი, ქართველ მორაგბეებთან საერთო ენას როგორ პოულობთ?
- თამაშის წაკითხვისა და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე. გარდა ამისა, დიდი გუნდები უფრო სწრაფად თამაშობენ, ვიდრე ევროპული გუნდები.

დავითი:
- როგორ ფიქრობთ, რა როლს თამაშობს ქართველი გულშემატკივრის ფაქტორი ჩვენი გუნდის წარმატებებში და, საპირისპიროდ, რა გავლენას ახდენს "რაგბის მებრძოლი გუნდი" მომავალ თაობაზე?
- ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის ფაქტორია, რომელმაც გუნდს, შესაძლოა, თამაში მოაგებინოს.

სოსო:
- სამი რამ, რომელთა გამოც საქართველო სამუდამოდ თქვენს გულში დარჩება...
- ხალხი, სამზარეულო და მთები.

მკითხველი:
- ძალიან მინდა, დიდხანს იყოთ ჩემი ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ თუ გიხილავთ როდისმე All Blacks-ის თავკაცად?
- ერთ მშვენიერ დღეს, იმედი მაქვს, რომ "ოლ ბლექსთან" რომელიმე სამწვრთნელო ამპლუაში მაინც ვიმუშავებ. ეს ნებისმიერი ახალზელანდიელი მწვრთნელის ოცნებაა.

ლაშა:
- გამარჯობა. მაინტერესებს, აპირებთ თუ არა, პრინციპულ მატჩებში (რუსეთთან და რუმინეთთან) ახალგაზრდა მორაგბეებს მეტი სათამაშო დრო დაუთმოთ? წინა მატჩებში დაამტკიცეს ბიჭებმა, რომ მეტს იმსახურებენ...
- ზოგიერთი ნამდვილად მიიღებს მეტ დროს.

ლუკა:
- გამარჯობა. მაინტერესებს, როგორ შეაფასებდით U20 "ბორჯღალოსნების" გამოსვლას სამხრეთამერიკულ ტურნეზე და უახლოეს მომავალში თუ აპირებთ მათგან რომელიმეს გამოცდას ეროვნულ ნაკრებში?
- დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი მომდევნო ოთხ წელიწადში ძირითად ნაკრებში მოხვდება. სამხრეთამერიკული ტურნე ძალიან რთული იყო, თუმცა მწვრთნელებისა და მოთამაშეებისთვის ძალიან სასარგებლო.

დიმიტრი:
- საქართველოში გადამხდარ რაიმე კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდით?
- პირველად რომ დავჯექი აქ საჭესთან, მარცხენა მხარეს გავატარე მანქანა. დამავიწყდა, რომ აქ მარჯვენა მხარეს მოძრაობენ.

კობა:
- მოგესალმებით, მისტერ მილტონ. მთელი ქვეყანა აღფრთოვანებულია ჩვენი ნაკრების გამოსვლით მსოფლიოს თასზე. რაც შეეხება კითხვას, მაინტერესებს, ესწრებით თუ არა ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების თამაშებს?
- წელს ამას ვერ ვახერხებ, რადგან ძალიან გადატვირთული განრიგი გვაქვს ეროვნულ ნაკრებთან. თუმცა 20-წლამდელთა თამაშებს, როგორც წესი, თვალს ვადევნებ.

ტატო:
- ბატონო მილტონ, სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენ 6 ერამდე ბევრი გვაკლია. როგორ ფიქრობთ, ხომ არ გამომდინარეობს ეს ყველაფერი ქვეყნის ინფრასტრუქტურიდან და იქიდან, რომ სათანადო სპორტული ბაზებიც კი არ გაგვაჩნია?
- არა, ეს არ არის მიზეზი. ეს მხოლოდ იმ ტურნირში მოღვაწე ჩვენი პარტნიორების გადაწყვეტილების ბრალია. მათ არ სურთ გაფართოება და ამის მიზეზი სუფთა ფინანსური ხასიათისაა.

მინდია:
- გამარჯობა, მადლობა ყველაფრისთვის... თქვენ იშვიათი მწვრთნელი ბრძანდებით, რომლითაც მთელი საქართველო კმაყოფილია. "ექვსმა ერმა" კარი დაგვიკეტა. ფაქტია, რომ ასე ყოფნა მუდმივად არ შეიძლება - სუსტებთან თამაშით ვერ გაიზრდები. როგორ ფიქრობთ, რამდენად წაადგებოდა საქართველოს უფრო ძლიერ ლიგაში მონაწილეობა და რამდენად რეალურია ეს? მაგალითად, წყნარი ოკეანის ქვეყნებთან, სადაც დაახლოებით ჩვენი დონის ნაკრებები არიან (ფიჯი, სამოა, ტონგა, აშშ და იაპონია).
- ძალიან სასარგებლოა ჩვენი განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ უკეთეს ტურნირში მივიღოთ მონაწილეობა.

ნანიკო:
- პირველ რიგში, გმადლობთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეებს შორის არიან. მინდა რაგბის თემას გადავუხვიო და გკითხოთ: თქვენი ქალიშვილის ნიჭის შესახებ საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ. რა უფრო გაგიხარდებათ, ახალ ზელანდიას რომ მოუტანოს ოქრო თუ საქართველოს ნაკრებს?
- ორივე შემთხვევაში ბედნიერი ვიქნები!

სანდრო:
- რაგბის გულშემატკივრები მოფერებით გეძახიან ქართულ სახელს - მელიტონი. თქვენ თუ გაგიგიათ ეს და თუ მოგწონთ?
- დიახ, ჩემმა პირველმა ქართველმა მეგობრებმა მიწოდეს ასე, აქ რომ ჩამოვედი და დღესაც ასე მომმართავენ. ძალიან მომწონს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული