ირაკლი უზნაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბრაზილიაში ჩატარებულ მსოფლიოს 2013 წლის ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა, სადაც ფინალში რუსეთი დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა.

ინდივიდუალურ ტურნირში ვერცხლისპრიზიორები ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვალერი ლიპარტელიანი გახდნენ.

ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ერთი წელიც არაა, რაც ნაკრებს წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდში აშკარა პროგრესია და ნაკრებმა არაერთ წარმატებას მიაღწია.

ირაკლი უზნაძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

მკითხველი:
- მაინტერესებს, როდის ელოდები მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად დასახელებას? მე მგონი, კონკურენტი ვერ
გეყოლება, იმიტომ, რომ გუნდური ევროპა და მსოფლიო მოიგე. საუკეთესო მწვრთნელი, პირველ რიგში, გუნდური შეჯიბრებებით ვლინდება.
- ასეთი დასახელება, როგორც წესი, წლის ბოლოსაა დაგეგმილი და თუ დამასახელებენ, ეს ქართული ძიუდოსთვის წინგადადგმული ნაბიჯი და წარმატება იქნება.

ლუკა კუტალაძე, 20 წლის:

- ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება, ერთ კითხვაზე მიპასუხეთ: გააგრძელებთ თუ არა ხელშეკრულებას ნაკრებში და კიდევ რამდენ ხანს აპირებთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობას? შემოთავაზების შემთხვევაში, დათანხმდებით თუ არა სხვა საქმიანობას, მაგალითად, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობას ან თუნდაც გენერალურ დირექტორობას და გიხილავთ თუ არა კიდევ სხვა ამპლუაში?
- რაც შეეხება ხელშეკრულებას, ოფიციალური კონტრაქტი ვადებზე არ მაქვს გაფორმებული და ამ თანამდებობაზე დავრჩები ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ფედერაცია და ძიუდოს ოჯახი გადაწყვეტს.

ამჟამად ძიუდოს ფედერაციას ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც 4 წლით არის არჩეული და ჩემი აზრით, კარგად წარმართავს საკუთარ საქმიანობას. ამიტომ მომავალში რა იქნება, ამას თავად მომავალი გვიჩვენებს.

ლუკა კუტალაძე, 20 წლის:
- თუ საიდუმლო არ არის, მაინტერესებს, ხელფასი რამდენი გაქვთ?
- ხელფასი მაქვს იმდენი, რამდენიც სპორტის სამინისტროს აქვს განსაზღვრული ჭიდაობის სახეობის უფროსი მწვრთნელებისათვის. ამ ინფორმაციას ძიუდოს ფედერაციაში მსურველებს უპრობლემოდ მიაწვდიან.

მკითხველი:
- ბატონო ირაკლი, თქვენი მოსვლის შემდეგ ნაკრების პროგრესი აშკარაა და მსოფლიოზე შედეგით, მგონი, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, მაგრამ იყო ხარვეზებიც და ამ ხარვეზებზე მინდა კითხვების დასმა. პირველ რიგში, მაინტერესებს შავდათუაშვილის საკითხი - მან ერთის გარდა, ყველა შეხვედრა წააგო მსოფლიოზე და რას უკავშირდება ასეთი ჩავარდნა?
- პირველ რიგში, მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ლაშა ინდივიდუალური პირველობისთვის ცუდად არ იყო მომზადებული. ის დასანანი გდება რომ არა. ლაშა საჩემპიონოდ გააგრძელებდა ბრძოლას.
რა თქმა უნდა, ის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, მთელი წლის განმავლობაში მიღებული ტრავმების გამო.

მისი ახალგაზრდა ასაკის გამო წონის პრობლემამაც იჩინა თავი და ახლა მისი უფრო მძიმე წონაში გადაყვანის საკითხიც განიხილება.

ერთი წლის განმავლობაში სამი ოფიციალური შეჯიბრებიდან ორი მოიგო: ოლიმპიური თამაშები და ევროპის პირველობა. მსოფლიოზე არ გაგვიმართლა, მაგრამ ლაშას პროფესიონალზმი და თავდადება იმედს მაძლევს, რომ ახლო მომავალში ის შეძლებს სამი ოქროს მოგებას - ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობის მოპოვებას.

რაც შეეხება მის გუნდურ გამოსვლას, მან, პრაქტიკულად, დღენახევარში დაიკლო 7 კილოგრამი, რაც დამერწმუნეთ, ძალიან ძნელია. ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ მოუწია წონის ჩაბარება, მაგრამ ყველაფერი გააკეთა გუნდისთვის და ამ გამარჯვებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, რადგან იგი ნაკრებს გვერდში დაუდგა.

მკითხველი:
- მაინტერესებს რეხვიაშვილის საკითხი. მგონია, რომ მას საკმარისი კლასი აქვს, წონის ერთ-ერთ ლიდერად რომ ჩამოყალიბდეს, არაერთი ძლიერი მეტოქე დაამარცხა, მაგრამ სუნთქვის პრობლემები აქვს და დიდ შედეგებამდე ვერ მიდის. მაინტერესებს, რას უკავშირდება სუნთქვის ასეთი პრობლემა და როგორ გეგმავთ ამ სისუსტის გამოსწორებას?
- ზებედა რეხვიაშვილმა წელს საგრძნობლად მოუმატა, როგორც ფიზიკურად, ისე ტექნიკურადაც. ასევე, ნაკლებად გვაქვს უკვე სუნთქვის პრობლემაც, რაზეც მისი წლევანდელი შედეგები მეტყველებს.

ზებედა ჩამოყალიბდა ერთ-ერთ წარმატებულ სპორტსმენად ამ წონით კატეგორიაში. მას აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს. სუნთქვის პრობლემა წინა წლებთან შედარებით აშკარად გამოსწორებული გვაქვს.

ამასთან ერთად, გარკვეულ უსიამოვნებას ცხვირის პრობლემა იწვევს, რომელსაც ალბათ ქირურგიული ჩარევა დასჭირდება.

მკითხველი:
- პირველ რიგში, მოგილოცავთ თქვენ და მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას!
თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, რომელი არის შემდეგი ტურნირი, რომელზეც საქართველოს დიდების ნაკრები მიიღებს მონაწილეობას?
- ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს მიმდინარე წელს კალენდრით გათვალისწინებული აქვს ორი ტურნირი. ესენია: ნოემბერში გასამართი აბუ-დაბის გრანპრი და იაპონიის ტურნირი, რომელიც დეკემბერში არის დაგეგმილი.

მკითხველი:
- ბატონო ირაკლი, თუ შეიძლება, რომ გვითხრათ, 100 კგ წონით კატეგორიაში რა ხდება? მადლობა ყველაფრისათვის. გისურვებთ წარმატებებს!
- 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კრიტიკული ვითარებაა შექმნილი. მსოფლიოს ჩემპიონატზე წაყვანილი გვყავდა ლომერ ჟორჟოლიანი.

მისი წაყვანა საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, მაგრამ სამწუხაროდ, არბიტრების არაობიექტურობის გამო იგი მესამე წრეში ვეღარ გავიდა.

ამ წონაში იმედს ვამყარებთ ნოდარ მეტრეველზე, რომელმაც სულ რამდენიმე თვეა, განაახლა ინტენსიური ვარჯიში, მას ტრავმა ჰქონდა. მან წარმატებით გაიარა რამდენიმე საერთაშორისო შეკრება; წონის პრობლემაც ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ კარგად დაიკლო. მის წონას ვაკონტროლებთ და იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო დონეზე ამ წონაშიც ერთ-ერთი ლიდერი გვეყოლება.

ამასთან ერთად, ამ წონით კატეგორიაშიც და სხვებშიც ახალგაზრდული ნაკრებიდან შევსებას ველოდებით.

მკითხველი:
- მაინტერესებს, რა შანსები გვაქვს, თბილისის ტურნირმა გრანპრის წოდება მიიღოს?
- თბილისის ტურნირს, ფაქტობრივად, უკვე მიენიჭა გრანპრის სტატუსი. ეს რიოში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამართულ მოლაპარაკებებში გადაწყდა, რომელშიც წარმატებულად იყვნენ ჩართულები საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.

მოლაპარაკებები მსოფლიოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტთან, მარიუს ვიზერთან მიმდინარეობდა. ყველაფერი უკვე შეთანხმებულია და მხოლოდ რამდენიმე დეტალი დარჩა კალენდართან დაკავშირებით, ანუ როდის გაიმართება ტურნირი. ეს უდავოდ დიდი წარმატება იქნება ქართული ძიუდოსთვის.

მკითხველი:
- საერთოდ, წვრთნებში მონაწილეობის მიღება ვალდებულებაა პროგრამის მიხედვით? თუ ჩვენი არჩევანია, მივიღებთ თუ არა მონაწილეობას? ამ კითხვას იმიტომ ვსვამ, რომ აქეთ-იქით სიარული, აკლიმატიზაცია და თვითმფრინავით შორ მანძილზე ფრენა დიდ ენერგიის ხარჯვას მოითხოვს. წინასწარ გიხდით მადლობას და უფრო დიდ წარმატებებს გისურვებთ.
- წესების ბოლოდროინდელი ცვლილებებიდან გამომდინარე, გინდა-არ გინდა, მხოლოდ შიდა შეკრებებით ვერ შემოიფარგლები.

აუცილებელია ტექნიკურად და ტაქტიკურადაც ახალ წესებზე მორგება, რაშიც საერთაშორისო შეკრებები უდავოდ გვეხმარება.

ამასთან ერთად, ერთ წონაში 10-15 სპარინგ-პარტნიორი არ გვყავს შიდა შეკრებებზე. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, წელიწადში რამდენიმე საერთაშორისო შეკრებაზე ჩავიდეთ.

მკითხველი:
- მსოფლიოს შემდეგ 90 კგ-ში კუბელმა ჩემპიონმა განაცხადა, რომ ფინალისთვის ქართველები მის მოსყიდვას ცდილობდნენ და 20 ათასი შესთავაზეს. რა კომენტარს გაუკეთებდით ამ განცხადებას და ხომ არ ჯობია, მსოფლიოს ფედერაციისგან გამოძიება მოვითხოვოთ და თუ მოსყიდვის მცდელობა არ დადასტურდა, კუბელისგან ბოდიშის მოხდის საკითხი დავაყენოთ?
- მე მგონი, კუბელს აერია, რომელ სპორტის სახეობაში გამოდის. მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში ქარვასლა ხომ არაა?! გამორიცხული არ არის, რომ ჩვენმა ფედერაციამ ამაზე რეაქცია გამოავლინოს.

მკითხვ
ელი:
- მსოფლიოზე, ლიპარტელიანი-დენისოვის შეხვედრაში, ლიპარტელიანის სეკუნდანტად იჯდა დავით ქევხიშვილი. არ მახსენდება არცერთი სერიოზული ნაკრები, სადაც სპორტსმენს ფედერაციის პრეზიდენტი დაუჯდებოდა სეკუნდანტად, გვერდიდან ეს ნაკრების საქმეში არაცივილური ჩარევის შთაბეჭდილებას ტოვებს. რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, პრეზიდენტისგან ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში მწვრთნელის ფუნქციებში ასეთი შეჭრა?
- ეს ტაქტიკური ნაბიჯი იყო ჩვენი მხრიდან, რომ დენისოვს ერთი ზედმეტი კითხვა მაინც დაბადებოდა შეხვედრის წინ. ეს მოქმედება შეკრებაზეც გვქონდა დაგეგმილი და ამის თაობაზე ვალერი ლიპარტელიანიც იყო ინფორმირებული.

არავითარ ჩარევას ადგილი არ ჰქონდა, ასე მოვიქეცით ურთიერთშეთანხმების შედეგად და მგონი, იმ შეხვედრაში მთავარი ის იყო, რა კარგ ფორმაში იმყოფებოდა ლიპარტელიანი, როგორ პროფესიონალურად წარმართა დაპირისპირება, მოუგო დენისოვს და არა ის, თუ ვინ ეჯდა სეკუნდანტად.

მკითხველი:
- რომელი ტურნირით გეგმავთ მომავალი საჭიდაო სეზონის დაწყებას და გეგმავთ თუ არა იაპონიაში, კანოს ტურნირზე ნაკრების წაყვანას?
- დიახ, იაპონიის ტურნირზე ვაპირებთ გუნდის წაყვანას. ჯერ ახალი კალენდარი მოწოდებული არ გვაქვს. საერთოდ, ჩვენი ტურნირით ვიწყებთ ხოლმე, მაგრამ ახლა თუ თბილისის ტურნირი სხვა დროს გადასწიეს, მაშინ სავარაუდოდ, საფრანგეთის ტურნირით დავიწყებთ.

მაქსიმე:
- მაინტერესებს, რატომ ეცვა ლიპარტელიანს "რაღაც" ბრაზილიური მაისური, როდესაც თბილისის აეროპორტში ჩამოხვედით?.. და ჰიმნის დროს რატომ იცინოდნენ ბიჭები, ეს ხომ ჰიმნია?!
- საქართველოს ნაკრები ბრაზილიიდან გამოემგზავრა ეროვნულ ფორმაში. მოგეხსენებათ, მგზავრობა ძალიან ხანგრძლივი და დამღლელი იყო. ამიტომ სპორტსმენები იძულებულები იყვნენ, სხვა მაისურები ჩაეცვათ. რაც შეეხება საქართველოს დროშას და ჩვენს ჰიმნს, ჩვენი გმირი ბიჭები რომ ყველაზე მაღლა სწევენ მსოფლიოში და პატივს სცემენ საქართველოს დროშას, ამაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.

მკითხველი:
- ბატონო ირაკლი, მადლობა, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრები მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ნაკრებად ჩამოაყალიბეთ და მაინტერესებს, თუ უხერხული არ არის, რამდენი აქვთ ბიჭებს ხელფასები და რატომ არ ფასდება მათი შრომა და წარმატებები ისე, როგორც საჭიროა?
- დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ალბათ, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც ბიჭები გაგებით ეკიდებიან, მაგრამ ევროპის პირველობისთვის არაერთხელ შეპირებული, ახალი პროგრამიდან გამომდინარე, პრემიები ახლაც არ აქვთ აღებული, რაც ნამდვილად არ არის სახარბიელო საქმე.

რაც შეეხება სპორტსმენების ხელფასებს, ყველა განსხვავებულ ხელფასს იღებს შედეგიდან გამომდინარე. გვყავს ისეთი ძიუდოისტები ნაკრებში, რომლებიც ხელფასს საერთოდ ვერ იღებენ, რაც აუცილებლად გამოსასწორებელია. ხოლო რამდენს იღებენ ხელფასს, ამ თემაზე ჩემი მხრიდან უხერხული იქნება საუბარი. სჯობს, ამაზე თავად სპორტსმენებს ან ძიუდოს ფედერაციას ჰკითხონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული