ფიფას სკანდალის ახალი დეტალები

AutoSharing Option
შვეიცარიის პოლიცია ფიფას 10 ოფიციალურ პირს დაჰკითხავს, რომლებიც მსოფლიოს 2018 (რუსეთი) და 2022 (ყატარი) წლების ჩემპიონატის მასპინძლობის არჩევნებში ღებულობდნენ მონაწილეობას.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 10 ჩინოვნიკს დაჰკითხავენ, როგორც მოწმეებს და არა როგორც ბრალდებულებს.

საქმის გამოძიების ფარგლებში, ფიფას შტაბ-ბინიდან გარკვეული დოკუმენტები და ელექტრონული მონაცემები ამოიღეს. გარდა ამისა, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ამოიღეს საბანკო დოკუმენტები.

ამასთან ერთად, ცნობილია 9 ჩინოვნიკის სახელი და გვარი.

ესენია: ფიფას აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტები - ჯეფრი უები და ეუხენიო ფიგერედო, კონკაკაფის ყოფილი პრეზიდენტი, ფიფას ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯეკ უორნერი და ასევე,
ედუარდო ლი, ხულიო როჩა, კოსტას ტაკასი, რაფაელ ესკიველი, ხოსე მარია მარინი და ნიკოლას ლეოსი.

სპორტული მარკეტინგის სფეროდან კი 4 სპეციალისტი დააკავეს - ალეხანდრო ბურსაკო, აარონ დევიდსონი, უგო ჯინკისი და მარიანო ჯინკისი.

არაკანონიერ გადახდაში მონაწილეობისთვის კი ხოსე მარგულისი დააკავეს.

აშშ-ის საგამოძიებო უწყებების ცნობით, მათ 1990-იანი წლების შემდეგ ლათინურ ამერიკაში ფეხბურთის ჩემპიონატებისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამი აიღეს.

დაკავებულებს ციურიხიდან აშშ-ში გადაიყვანენ.

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი პირები შვეიცარიის ქალაქ ციურიხში ყოველწლიურ შეხვედრაზე დასასწრებად იყვნენ ჩასულნი.

შეგახსენებთ, რომ პარასკევს ფიფას-ს პრეზიდენტის არჩევნები იგეგმება. კანდიდატებს შორის არიან მოქმედი პრეზიდენტი ზეპ ბლატერი, იორდანიის პრინცი და იორდანიის ფეხბურთის ოფიციალური წარმომადგენელი ალი ბინ ალ-ჰუსეინი.

მომზადებულია news.admin.ch-ისა და The New York Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული