დრიბლინგი: რატომ აქცია ზურგი მანჩესტერს დე ხეას გოგომ?

AutoSharing Option
იტალია
შავი ბარათი
აგერ, უკვე მერამდენე "დრიბლინგია", იტალიურ განყოფილებაში ფინანსურ გაჭირვებაზე, უფულო ინვესტორებზე ან სხვადასხვა მაქინაციაზე გვიწევს წერა. სკანდალები "კალჩოს" მუდამ თან სდევდა, მაგრამ დაგვეთანხმებით, ამდენი მაინც მეტისმეტია.

ამჯერად სერია B-ზე უნდა დავწეროთ, კონკრეტულად კი, კლუბ "ენტელას" გუნდის მენეჯერ მაურიციო პოდესტაზე. საქმე იმაშია, რომ "ფროზინონესთან" გასვლითი მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა მეხანძრემ თუ დამლაგებელმა "ენტელას" სათადარიგოთა სკამზე აღმოაჩინა ფურცელი, რომელზეც ასეთი ტექსტი ეწერა:

"მსაჯის მიერ დამატებულ დროში ანგარიშს თერთმეტმეტრიანით გავათანაბრებთ."

რა გასაკვირია, რომ ეს ამბავი მთელ საფეხბურთო იტალიას ელვის სისწრაფით მოედო და დაიწყო ზუსტად
ისეთი ისტერიკა, როგორიც იტალიას სჩვევია. საქმე ისაა, რომ მატჩი 3:3 დამთავრდა და "ენტელამ" ანგარიში მართლაც 92-ე წუთზე გაათანაბრა - გაგიკვირდებათ და, პენალტით.

ახლა აღარ დავიწყებთ იმ ამბების დეტალურ განხილვას, რომ მსაჯი თამაშის დამთავრების შემდეგ სტადიონიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგღა გაიყვანეს და ისიც პოლიციის დახმარებით, რადგან "ფროზინონეს" გულშემატკივრები ზუსტად ისეთი სიკვდილით ემუქრებოდნენ, როგორითაც მუსოლინი მოკლეს თავის დროზე. ამაზე უფრო საინტერესო ის განმარტებაა, რომელიც "ენტელას" მენეჯერმა, ზემოთ ხსენებულმა მაურიციო პოდესტამ გააკეთა:

"ეს ფურცელი არც მაფიოზების დაწერილია და არც თამაშის ჩამწყობების. მე, უბრალოდ, მომხდარი ჩავინიშნე, მერე კი გოლის ავტორს ვაცილებდი მოედნიდან, რადგან წითელი ბარათი მიიღო და თან მთელი სტადიონი აგინებდა. ამიტომაც დამრჩა ფურცელი სათადარიგოთა სკამზე", - განმარტა პოდესტამ.

მისმა სიტყვებმა "ფროზინონეს" ბანაკში ხალხი კიდევ უფრო გააცეცხლა. კლუბის პრეზიდენტმა ფეხბურთის ფედერაციას შეუთვალა, ეს ფაქტი სასწრაფოდ დეტალურად გამოიძიეთო. ქალაქ ფროზინონეს (45 000 მცხოვრები, რომთან ახლოს) მერმა კი სულაც პირდაპირ ასე თქვა:

"თუ მანიპულაცია დადასტურდა, მთელი კალჩოს მართვის სისტემა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დადგეს. თანაც, ალბათ, ყველას გახსოვთ "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ამასწინანდელი სიტყვები, "ფროზინონეს" და "კარპის" დარ კლუბებს ელიტაში არაფერი ესაქმებათო".

ცნობისათვის, ლოტიტოს ამ მოსაზრებას ტელევიზიებიც იზიარებენ...

ლუკას გახარება
კვირას ლუკა ტონიმ "ნაპოლის" ორი გოლი გაუტანა, მისმა "ვერონამ" 2:0 მოიგო, ხოლო თავად ვეტერან თავდამსხმელს კი მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი აქვს შეგდებული.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

13 გოლი "ვერონას" მაისურით! ლუკა ტონი მაისში 38 წლის (!) ხდება. უბერებელი ცენტრფორვარდი ზაფხულში კარიერის დამთავრებას აპირებდა, მაგრამ მისი საქმეები ისე წავიდა, რომ დიდი შანსია, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება გადაიფიქროს და დიდ "ავიაციაში" კიდევ ერთი წლით დარჩეს - ხუმრობა ხომ არაა, 38 წლის ტონი დღესდღეობით ყველაზე შედეგიანი იტალიელი თავდამსხმელია.

ჩვენმა იტალიელმა კოლეგებმა ტონის მაშინვე ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვეს, სადაც ლუკამ დაადასტურა, რომ ზაფხულში კარიერის კიდევ ერთი წლით გაგრძელებაზე სერიოზულად დაფიქრდება. იქვე, ჟურნალისტმა პირველი სექსის გახსენებაც სთხოვა. ტონის პასუხი:

"სექსი პირველად ვიღაც ავსტრიელ გოგონასთან მქონდა, რიმინიში. როცა ყველაფერი დამთავრდა, კიბეზე ჩამოვდიოდი და ჩემთვის ვფიქრობდი, ნუთუ სულ ეს იყო-მეთქი. ალბათ, ის გოგოც იმავეს ფიქრობდა. ფაქტია, რომ მას მერე აღარ მინახავს..."

ინგლისი
მანჩესტერი და მაცივარი
ეს არის კლასიკური და, ალბათ, ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ოღონდ "კურიოზს ხომ ვერ გაიხსენებდის" შემდეგ. ამ კითხვას უსვამენ ყველა იმ ფეხბურთელს, ვინც კლუბში ახალი მისულია.

მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის, სად გადავიდა, რას აპირებს, რა გაუკეთებია ან რა გაუფუჭებია - კითხვაზე, "როგორ მოგწონთ ჩვენი ქალაქი", ყველა ფეხბურთელს უწევს პასუხის გაცემა. და რაკი ფეხბურთელები ძირითადად დიდი ინტელექტით არ გამოირჩევიან და, თანაც, ეს ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ბანალური კითხვაა, პასუხები ძირითადად ერთნაირია ხოლმე: "ჰმ... მაგარი ქალაქია!" ან "ცენტრი მომეწონა, დანარჩენი არ მინახავს..." "რისი ნახვაც მოვასწარი, ძალიან მომწონს, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ" და ა.შ.

ოღონდ პასუხების ასეთი სტილი მანჩესტერს არ ეხება. უფრო სწორად, აღარ ეხება. თანაც მაშინ, როცა საქმე არა ფეხბურთელს, არამედ მის მეგობარ გოგონას ეხება, რომელსაც ამ ქალაქში საცხოვრებლად გადასვლა არაფრისდიდებით არ უნდა.

წინა კვირაში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას მეგობარ გოგონას, ბოლოს და ბოლოს, გაუბედეს და ჰკითხეს, რატომ არ გადმოდიხარ მანჩესტერში საცხოვრებლად და ჩვენს ბიჭს რატომ ანერვიულებო. ედურნე გარსიამ კი, არც აცია, არც აცხელა და პირდაპირ თქვა:

"იმიტომ, რომ ქალაქი არ მომწონს. მანჩესტერი ისეთივე საზიზღარია, როგორც მაცივრის უკანა მხარე", - აღნიშნა დე ხეას გოგომ, რომელიც, სხვათა შორის, მომღერალია.

ახლა თქვენ გაიხსენეთ, როგორ გამოიყურება მაცივარი უკნიდან და მერე მომდევნო თემაზე გადავიდეთ.

ჩაი მიირთვით, ბატონო...
წინა კვირაში მთელი ინგლისი ენერ ვალენსიას დასცინოდა. იმიტომ, რომ ამ პატიოსანმა კაცმა ჩაის ჭიქით მიიღო ტრავმა. ჰო, სასაცილოა, მაგრამ ამაზე გაცილებით აბსურდული ტრავმებიც გვახსოვს.

მაგალითად, დარენ ბარნარდი, რომელსაც ფეხი საკუთარი ძაღლის შარდზე გაუსრიალდა და მუხლის ტრავმა მიიღო, რომლის წყალობითაც ხუთი თვე ფეხბურთი ვეღარ ითამაშა; ან ჩარლზ აკონორი, რომელსაც საკუთარი ავტომობილის ანტენა ცხვირში შეერჭო; ან სულაც დევიდ სიმენი, რომელმაც თევზაობის დროს მხარი ამოიგდო...

ესპანეთი
განრისხებული მესი
როგორც ჩანს, კრიშტიანო რონალდოს სიტყვები, მეც იმდენი "ოქროს ბურთი" უნდა დავდო კარადაში, რამდენიც მესის აქვსო, ლეომ პირად შეურაცხყოფად მიიღო. ფაქტი ის არის, რომ რონალდოს ამ სიტყვების შემდეგ მესი ძალიან განრისხებულია და მეტოქეების მცველებს შიშის ზარს სცემს.

ლეომ გასულ უქმეებზე, "ეიბართან" ორი გოლი ხომ გაიტანა, მაგრამ ერთი ისეთი სოლო-რეიდი განახორციელა, ორივე გოლს ერთად აღებულს რომ სჯობდა. მესიმ ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, მარჯვენა ფლანგზე "ეიბარის" ორი ფეხბურთელი მიათახსირა და ტურბო ჩართო. იმ ორიდან ერთი მეტოქე გზაში წამოეწია, მაგრამ მესიმ ის მეორედაც გააბითურა და ვეღარც სხვებმა შეაჩერეს, თუმცა ლეომ ერთი "შეცდომა" მაინც დაუშვა - ბოლომდე არ იარა და პასი გააკეთა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რაიო?
რაკი კარგი თამაში ვახსენეთ, მადრიდშიც უნდა გადავინაცვლოთ, ოღონდ "რეალში" არა! ამჯერად ყურადღების ცენტრში "რაიო ვალეკანოა". რაიო? დიახ, ვალეკანო! ამ გუნდში ერთი ტიპი ძალიან კარგად თამაშობს - ალბერტო ბუენოს ვგულისხმობთ, რომელმაც "გრანადასთან" დუბლი შეასრულა და 2015 წელს უკვე 9 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს ესპანელ თავდამსხმელებს შორის საუკეთესოა ევროპის წამყვან საფეხბურთო ჩემპიონატებში.

მოკითხვა დიეგო კოშტას!
ესეც რომ არ იყოს, 26 წლის ბუენო "რაიოში" 2013 წელს გადავიდა და უკვე იმდენი მოახერხა, რომ ამ კლუბის პრიმერადივიზიონულ ისტორიაში საუკეთესო გოლეადორია.

რაც შეეხება "რეალს": კრიშტიანო რონალდო, აგერ, უკვე ორი თამაშია, სიცარიელეშია და თანაგუნდელების გოლები არ უხარია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლაც რა დრიბლინგი იყო... არანორმალურია მესი!
zura
17:55 18-03-2015
0
ყოჩაღ ავტორს კარგი სტატია იყო
BEQA
17:17 18-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული