ტრანსფერ ONLINE: 23 იანვრის ტრანსფერები და ჭორები

AutoSharing Option
12:17. ზლატან იბრაჰიმოვიჩის 17 წლის "მემკვიდრემ" კონტრაქტი გააფორმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" და არა "რეალთან", როგორც ეს მოსალოდნელი იყო. ლაპარაკია შვედური აიკ-ის ფორვარდ ალექსანდერ ისაკზე. კლუბების მხრიდან ოფიციალური დასტური ჯერ არ ჩანს.

12:26. "არსენალს" "პორტუს" ნახევარმცველი დანილუ პერეირა აინტერესებს. პოპულარული "ა ბოლას" ინფორმაციით, "მეთოფეთა" წარმომადგენლებმა 26 წლის ფეხბურთელი "რიუ ავესთან" მატჩში კიდევ ერთხელ შეათვალიერეს. ბედი არ გინდა?! პერეირამ ხსენებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, რაც "არსენალის" სელექციონერებს უთუოდ პოზიტიურად განაწყობდა. თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე, რადგან ფეხბურთელს "პორტუსთან" კონტრაქტი 2020 წლის ივნისის ბოლოს
უმთავრდება, ხოლო მისი გამოსასყიდი ფასი 40 მილიონი ევროა.

12:37. "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა თქვა, რომ ხავიერ ერნანდესი არსადაც არ წავა. მანვე დასძინა - გუნდში არც ახალწვეულებს ველოდებით, პირიქით, ვგეგმავთ, ორ-სამ ფეხბურთელს შეველიოთო. რაც შეეხება "ჩიჩარიტოს", ფიოლერმა შეახსენა ჟურნალისტებს, რომ მექსიკელის კონტრაქტს 2018 წლის ივლისამდე აქვს ძალა.

12:45. ამ ინფორმაციის უტყუარობაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ მაინც უნდა დავწეროთ - "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, თურმე, ძალიან მოსწონს "სევილიას" მწვრთნელი ხორხე სამპაოლი... მოდით, დაველოდოთ გამოხმაურებას ამ თემაზე.

12:56. გერმანელმა სპეციალისტმა არმინ ფეემ ("შტუტგარტის", "აინტრახტისა" და "ჰამბურგის" ყოფილი მწვრთნელი) ერთ-ერთ ტელეარხზე დებატებისას დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელობა გააფრთხილა - ადრიან რამოსის გაყიდვა წინდაუხედავი ნაბიჯი იქნებაო. ფეეს არგუმენტი გასაგებია: სადამდე ეყოფა ძალები პიერ-ემერიკ ობამეიანგსო? შეგახსენებთ, რომ 30 წლის რამოსში ჩინური "ტიანცზინ ლიფანი" 12 მილიონ ევროს იხდის.

13:12. "რეალის" ახალგაზრდული გუნდის ("კასტილია") ყოფილი მწვრთნელი ლუის მიგელ რამისი ურჩევს ზინედინ ზიდანს, ტრანსფერებში ფული არ დახარჯოს:
"ზიდანმა აქცენტი კლუბის მომავალზე უნდა გააკეთოს. მარსელომ ტრავმა მიიღო? რა პრობლემაა? ის შეიძლება შეცვალოს "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრმა აშრაფ ჰაკიმიმ. ან თუნდაც მოდრიჩის მაგივრად წარმატებით შეუძლია თამაში ალეიქს ფებასს", - წერს რამისი.

13:19. ანტონიო კასანო შეიძლება "ფიორენტინაში" აღმოჩნდეს. ინფორმაციას "ფუტბოლ იტალია" ავრცელებს. არადა, მიმდინარე სეზონში ჭირვეულ ფორვარდს ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია "სამპდორიაში".

14:08. ალექსანდერ ისაკის დორტმუნდის "ბორუსიაში" ტრანსფერი რაინვესტფალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

14:26. "სანდი თაიმსის" ჰედლაინი გვამცნობს, რომ "ჩელსი" არაფრის დიდებით არ გაყიდის დიეგო კოშტას. პირიქით, "ლურჯებმა" 28 წლის ფეხბურთელს ისეთი ფასი დაადეს, უმალ გაგიქრობს ვაჭრობის ხალისსო - 150 მილიონი ევრო! მოგეხსენებათ, კოშტასა და ანტონიო კონტეს შორის კონფლიქტი ამოწურულია. პრემიერლიგის ერთ-ერთმა ბომბარდირმა ამ უქმეებზე ითამაშა და "თავისი" გოლიც გაიტანა.

14:28. "მირორის" ინფორმაციით, "ინტერს" ძალიან უნდა ალექსის სანჩესის ყიდვა და მზადაა, ამ სურვილის ასრულებისთვის, ფულთან ერთად, ხორვატი ნახევარმცველი ივან პერიშიჩიც დათმოს.

14:56. "კალჩოლაინი" წერს, რომ "ჩელსი" ანდრეა რანოკიას ყიდვას აპირებს. ცნობილია, რომ "ინტერს" 28 წლის ცენტრალური მცველი აღარ სჭირდება. რანოკიათი "ზენიტიც" არის დაინტერესებული. სხვათა შორის, რუსულ გრანდს უკვე ჰქონდა კონტაქტი მილანელებთან, რომლებიც რანოკიას 5 მილიონ ევროდ აფასებენ. არა გვგონია, თუ "ჩელსის" მართლაც სურს მისი ყიდვა, "ზენიტის" ჩაჩოჩება გაუჭირდეს, მით უმეტეს - "ბოლონიასი", რომელიც ასევე იჩენს ინტერესს გამოცდილი მცველის მიმართ.

15:46. თუ ფილ იაგიელკა "ევერტონს" დატოვებს, მის შემცვლელად, სავარაუდოდ, ბრანისლავ ივანოვიჩს ("ჩელსი") იყიდიან.

16:03. ეშლი იანგი შეიძლება ჩინეთში გადაიხვეწოს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს "შანდუნი" ეპატიჟება და 18.5 მილიონ ევროსაც იხდის.

16:11. ჩინეთისკენ იყურება დანი ალვეშიც. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, "იუვენტუსის" მარჯვენა მცველისთვის "ტიანცზინი" და "შანხაი" იბრძვიან.

16:27. "მირორის" ინფორმაციით, ჯეკ უილშირით "მილანი" ინტერესდება. 25 წლის ნახევარმცველი 2018 წლის ივლისამდე "არსენალს" ეკუთვნის, დღეს კი იჯარით "ბორნმუთში" თამაშობს.

16:51. "მანჩესტერ იუნაიტედს" ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ჰყავს "ბენფიკას" გარემარბი გონსალო გუედეში. 20 წლის ფეხბურთელის "ოლდ ტრაფორდზე" გადაყვანა 30 მილიონი ევრო დაჯდება.

16:58. ლუკას ბილიამ "ლაციოსთან" კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა. 30 წლის არგენტინელი საყრდენისთვის ესპანური კლუბები დაირაზმნენ - "სელტა", "სევილია", "ატლეტიკო", "ვალენსია"...

17:38. "პორტუმ" 29 წლის ფორვარდ ადრიან ლოპესს "ვილიარეალში" იჯარა კიდევ ერთი წლით გაუგრძელა.

17:56. "დეილი სტარი" წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ატლეტიკოს" ფორვარდითაა დაინტერესებული... თქვენ იფიქრეთ, რომ ანტუან გრიზმანით? არა, თურმე, კევინ გამეიროთი. თუმცა ადრე გრიზმანზეც დაიწერა.

18:16. "ლივერპული" აპირებს, ლაზარ მარკოვიჩი ლისაბონის "სპორტინგიდან" გამოიხმოს და ახალი საიჯარო ხელშეკრულებით "ჰალში" გაუშვას. "წითლების" უფროსობა ფიქრობს, მარკოვიჩს პრიმეირა ლიგა არ მოუხდა (სულ 14 მატჩი სეზონში) და იქნებ ალბიონზე გამოცოცხლდეს...

18:38. ჩინური "შანხაი" პატრის ევრას წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს. "ფრანს ფუტბოლის" ინფორმაციით, 35 წლის მცველს კიდევ 3 იქაური კლუბი ეპატიჟება. ცნობისთვის, "შანხაის" მწვრთნელი "პორტუს", "ჩელსის", "ტოტენჰემისა" და "ზენიტის" ყოფილი დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაშია.

19:33. დადასტურდა, რომ ჟერარდ დეულოფეუ "ევერტონიდან" იჯარით "მილანში" გადავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული