"სანტოსის" გულშემატკივარმა ნეიმარს "ბარსელონაში" გადასვლის გამო სასამართლოში უჩივლა

AutoSharing Option
ბრაზილიური კლუბის, "სანტოსის" გულშემატკივარი ლუსიანო პერეირა კაპაროსი, რომელიც ძალიან გააბრაზა ნეიმარის "ბარსელონაში" ტრანსფერმა, ფეხბურთელისგან კომპენსაციას სასამართლოს ძალით ითხოვს.

გულშემატკივარი, რომელიც პროფესიით იურისტია, აცხადებს, რომ "ბარსელონასთან" წინასწარი კონტრაქტის გაფორმებით, "სანტოსის" ყოფილმა ვარსკვლავმა კლუბის გულშემატკივრები პირში ჩალაგამოვლებული დატოვა, განსაკუთრებით კი, ისინი გააწბილა, ვინც 2011 წელს იაპონიაში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალზე დასასწრებად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ იმ მატჩში "სანტოსი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.

"მე "სანტოსის" თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და გუნდის ყველა მატჩს ვესწრები. გადავწყვიტე, იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მატჩსაც დავსწრებოდი, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებული
დავრჩი. გავიგე, რომ ნეიმარი იმ დროს უკვე "ბარსელონაში" ყოფილა გაყიდული. თავს მოტყუებულად ვგრძნობ", - აქვეყნებს ფანატის ნათქვამს The Telegraph-ი.

"მორალურად განადგურებული" კაპაროსი კომპენსაციად 8 300 ევროს ითხოვს, საიდანაც 2 500 ევრო ის თანხაა, რომელიც გულშემატკივარს იაპონიაში გასამგზავრებლად დასჭირდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული