რიკარდო მონტოლივო: "მილანის" წარმატება მონტელას დამსახურებაა

AutoSharing Option
რიკარდო მონტოლივომ იტალია-ესპანეთის შეხვედრაში ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და ოქტომბრის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. 31 წლის ნახევარმცველს გამოჯანმრთელებამდე კიდევ დიდი დრო სჭირდება. "მილანის" კაპიტანს მედიასთან ურთიერთობისთვის მეტი დრო რჩება...

მილანი
ვერავინ იფიქრებდა, თუ მიმდინარე სეზონში "მილანი" ასე წარმატებით იასპარეზებდა. ჩემპიონატის დაწყებიდან უკვე 15 ტურია გასული, გუნდი კი მესამე ადგილზეა და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ამასთან, "მილანმა" მაღალი კლასი დიდ გუნდებთან პაექრობაში დაამტკიცა, მათ შორის "იუვენტუსთან". ვფიქრობ, ეს ლოგიკურია, რადგან გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული და ერთი მიზნის ქვეშ გაერთიანებული, ასეთი სულისკვეთება კი უკვალოდ არ
ქრება.

მონტელა
მოდი, ვიყოთ გულახდილნი და ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში, "მილანს" მუდმივად ჰყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებსაც უმაღლეს დონეზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდათ და ისინი "მილანში" სწავლობდნენ ახალი საქმის იმ დეტალებს, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩემი მეგობრები არიან კლარენს ზეედორფი, ფილიპო ინძაგი და კრისტიან ბროკი, მაგრამ ამ ეტაპზე, მათთვის ადრე იყო "მილანის" გაძღოლა. მონტელა ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენთან დიდი გამოცდილებით მოვიდა და ეს თავიდანვე იგრძნობოდა. ვინჩენცო შესანიშნავი ტაქტიკოსი და კარგი ფსიქოლოგია, რაც აისახა კიდეც გუნდის შედეგებზე. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "მილანის" წარმატებები მონტელას დამსახურებაა.

ლოკატელი
ჩემი ტრავმით, მანუელ ლოკატელის ძირითადი შემადგენლობისკენ გაეხსნა გზა და მას მადლობა აქვს გადასახდელი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი, მანუელი შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდი მომავალი აქვს. მხოლოდ 18 წლისაა და ისე თამაშობს, იფიქრებ, რომ დიდი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მის ასაკში იმის ნახევარიც არ შემეძლო, რის დემონსტრირებასაც ლოკატელი ახერხებს. ვფიქრობ, მანუელი იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორისაა, რომლებიც მომავალში "მილანთან" ერთად დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

ბერლუსკონი
მილანურ დერბიზე "როსონერის" ქომაგებმა ბერლუსკონის მხარდასაჭერად გრანდიოზული ბანერი გაჭიმეს, რასაც მხოლოდ მივესალმები. დონ სილვიო დიდი პრეზიდენტია, რომლის ხელშიც გუნდმა უამრავი ტიტული მიიღო. ვიცი, რომ ბერლუსკონი ჯერ კიდევ "მილანის" მფლობელია და ჩინელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები გაიწელა. არ ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია, მაგრამ ერთი ცხადია, ბერლუსკონიმ "მილანის" ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული