რატომ სპალეტი? სჭირდება თუ არა "იუვენტუსს" "რომას" ახლანდელი თავკაცი

AutoSharing Option
იტალიურ მედიაში კვლავ აქტიურად განიხილება "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად ლუჩანო სპალეტის დანიშვნის საკითხი. ევროპალიგიდან გავარდნის შემდეგ "რომას" თავკაცის პოზიციები მკვეთრად შეირყა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სკუდეტოს მოგების შანსიც ძალიან მცირეა, რა გასაკვირია, რომ წარუმატებელ მწვრთნელს კარისკენ მიუთითონ?

დღეს მოდაშია ჩინური კლუბები, რომლებიც ცნობილ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებში დიდ ფულს უხდიან, მაგრამ სპალეტის გზა შორეული აღმოსავლეთისკენ არ მიდის, არც "სამპდორიასა" და "ემპოლისკენ", სადაც მის გარეშე შეიძლება მოიწყინეს კიდეც...

საქმე ეხება "იუვენტუსს", რომლის დღევანდელი დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი "არსენალში" გადაბარგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია...

უკვე მესამედ
ხდება, რომ ლუჩანო სპალეტი ახლოს არის "იუვენტუსთან" საოცნებო კონტრაქტის გაფორმებასთან. პირველად მისი კანდიდატურა განიხილებოდა 2009 წელს, მაგრამ მაშინ გადამწყვეტი აღმოჩნდა მარჩელო ლიპის ხმა, რომელმაც "ბიანკონერის" ბოსებს მისი პროტეჟე ჩირო ფერარა ურჩია.

გავიდა ორი წელიწადი და ტურინელთა გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა კიდევ ერთხელ მოგვევლინა სპალეტის მთავარ ლობისტად. თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაჯანჯლდა და ბოლოს არჩევანი ანტონიო კონტეზე შეჩერდა.

როგორც ამბობენ, მაროტა დღესაც ლობირებს სპალეტის. მეტიც - ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი მარიო სკონჩერტი წერს, რომ მისი მონაცემებით, "იუვენტუსსა" და 58 წლის ტოსკანელ სპეციალისტს შორის წინასწარი შეთანხმება უკვე გაფორმებულია. ბევრისთვის საეჭვოა სპალეტის საქციელიც - ის, თითქოს, ხელოვნურად ცდილობს "ჯალოროსისგან" თავის დაღწევას. თუმცა ეს მხოლოდ ეჭვია და მეტი არაფერი...

ამასობაში პრესა გაცხოველებით მსჯელობს იმაზე, რომ სპალეტი სწორედ ის სპეციალისტია, რომელიც ალეგრის წასვლის შემდეგ "იუვენტუსისთვის" ზედგამოჭრილი იქნება. სხვათა შორის, ამაზე ლაპარაკობენ არა მხოლოდ "ბებერი ქალბატონისადმი" მეგობრულად განწყობილი ჟურნალისტები, არამედ თვით "კორიერე დელო სპორტიც" კი, რომელსაც "იუვენტუსის" მიმართ სიმპათიებს ნამდვილად ვერ დავწამებთ.

თუმცა არიან ისეთებიც, რომელთაც ჰგონიათ, რომ სპალეტის მისვლა "იუვეს" რამდენიმე წლით უკან დასწევს. ასეა თუ ისე, საზოგადოებრივ აზრს ამზადებენ იმისთვის, რომ სპალეტი ტურინში მიდის...

* * *
საერთოდ, "იუვენტუსში" მწვრთნელის საკითხს ყოველთვის ფრთხილად უდგებოდნენ. იყო სარისკო გადაწყვეტილებებიც. მაგალითად, 1999 წელს მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ტიტულებით დანაყრებული "იუვეს" მთავარ მწვრთნელად მიიწვია კარლო ანჩელოტი, ვისაც იმ მომენტისთვის არაფერი ჰქონდა მოგებული და არც ვარსკვლავებთან მუშაობას იყო ნაჩვევი. თუმცა მას მიიჩნევდნენ არიგო საკის მოწაფედ და ახალ რევოლუციონერად.

ანჩელოტის შემდეგ გუნდში დაბრუნდა უფრო პრაგმატული მარჩელო ლიპი, ხოლო შემდეგ იყო ფაბიო კაპელო, რომელმაც "იუვენტუსში" მოსაწყენი ფეხბურთი კი დაამკვიდრა, თუმცა მთავარი ხომ შედეგია - "ფიატის" ქალაქში ზედიზედ ორჯერ იზეიმეს სკუდეტო.

2006 წელს იტალიას თავს დაატყდა "კალჩოპოლის" სკანდალი, რასაც ტურინული გრანდისთვის ტიტულების ჩამორთმევა და სერია B-ში დაქვეითება, ცნობილი "ტრიადის" (ლუჩანო მოჯი, ანტონიო ჯირაუდო, რობერტო ბეტეგა) დაშლა და ფეხბურთისგან იზოლაცია მოჰყვა.

ახალმა ეპოქამ შეცვალა მწვრთნელების შერჩევის სტრატეგიაც. გუნდის თავკაცად დაინიშნა კლაუდიო რანიერი, რომელსაც კონკრეტული ამოცანა ჰქონდა - ელიტაში დაბრუნება და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა. როგორც კი ეს მისია შესრულდა, რანიერი მაშინვე ჩამოაშორეს საქმეს. რაც შეეხება ჩირო ფერარას, "იუვენტუსის" ბოსები მასში "ახალ ლიპის" ხედავდნენ, ლუიჯი დელნერი კი იქცა იმ გურუდ, რომელსაც მომაკვდავი 4-4-2 უნდა გაეცოცხლებინა...

კონტესეულ ფეხბურთში კი თითქმის არაფერი იყო იტალიური. დიახ, მან შეცვალა "იუვენტუსის" გენეტიკა და დააბრუნა კლუბი სერია A-ს სათავეში, თუმცა 2014 წელს აღმოჩნდა, რომ "ბებერ ქალბატონს" აღარ ჰქონდა განვითარების რესურსი, ვერაფერს გახდა საერთაშორისო არენაზე და კონტეს მისიაც დასრულდა.

სწორედ საერთაშორისო მისიის შესასრულებლად, მის მემკვიდრედ უხმეს მასიმილიანო ალეგრის, რომელიც იტალიელ მწვრთნელებს შორის ყველაზე "ევროპელად" მიიჩნევა. ალეგრის ამოცანა იყო "იუვენტუსის" აყვანა ახალ საფეხურზე, რასაც შესაბამისი კონტინგენტი, სამმცველიანი დაცვიდან ოთხიანზე დაბრუნება და "ტრეკვარტისტას" (თავდამსხმელთან ახლოს მოთამაშე შემტევი ნახევარმცველი, გნებავთ - უკან დახეული ფორვარდი) უფრო ეფექტურად გამოყენება.

ალეგრიმ ამოცანას თავი გაართვა და ასე ჩამოყალიბდა "ევრო-იუვე", ოღონდ დღევანდელი გუნდი მაინც დიდი "რვიანის" მეორე ეშელონს განეკუთვნება. მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არის ანიელების ოჯახის ოცნების ზღვარი. შემდგომი განვითარებისთვის ახალი ფიგურაა საჭირო. ეს შეიძლება იყოს პრაგმატიკოსი და არა - სკუდეტოების კოლექციონერი, მწვრთნელი, რომელიც შეძლებს... ვთქვათ, სკამზე დასვას გონსალო იგუაინი. ანუ სადღაც დიეგო სიმეონეს მასშტაბის სპეციალისტი.

ან ეს შეიძლება იყოს ნოვატორიც, რომელიც მოიფიქრებს, თუ როგორ შეამციროს დისტანცია "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" ან "ბაიერნს" შორის. ბოლო დრომდე, ამ როლში განიხილებოდა პაულო სოუზა - ბურთის ტოტალურ კონტროლზე დამყარებული იდეოლოგიითა და შესანიშნავი, მზარდი "ფიორენტინათი".

პორტუგალიელის პლუს-მინუსებზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, თუმცა ერთი რამ ნათელია - სპალეტი ამ როლისთვის შესაფერისი ვერ არის...

* * *
პირველ რიგში, სპალეტი არის ევროპაში ხელმოცარული მწვრთნელი, რომელსაც ზურგს "უმაგრებს" ლეგენდარული 1:7 "მანჩესტერ იუნაიტედთან", გასული წლის აგვისტოში კი "რომამ" საკვალიფიკაციო ეტაპზე ვერ შეძლო "პორტუს" ბარიერის გადალახვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა.

"ლიონთან" ამასწინანდელ მატჩში კი, რომელიც "ჯალოროსიმ" ვერ მოიგო სასურველი ანგარიშით და ევროპალიგის მიღმა აღმოჩნდა, სპალეტიმ რამდენიმე ფატალური შეცდომა დაუშვა. ასე რომ, ის ვერ იქნება "იუვენტუსისთვის" თუნდაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის გარანტორი.

თავის დროზე, სპალეტიმ ფრანჩესკო ტოტი ცენტრფორვარდად გაამწესა, სიმონე პეროტა კი - ტოტის ადგილზე. იტალიელები ამბობენ, რომ მაშინ ეს იყო ნოვაცია, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა "ტაქტიკურ მეცნიერებათა" სახელმძღვანელოში, მაგრამ ეს ხდებოდა საუკუნის დასაწყისში, თითქმის 10 წლის წინათ, დღეს კი 4-2-3-1-ით ვეღარავის გააკვირვებ. ასე რომ იყოს, არიგო საკი ახლაც რომელიმე დიდი კლუბის მწვრთნელი იქნებოდა, ისევე, როგორც ჯოვანი გალეონე, ალეგრისა და ჯამპიერო გასპერინის მასწავლებელი, რომელიც ლამის უხსოვარი დროიდან არის ჩამოცილებული სამწვრთნელო პრაქტიკას.

თანამედროვე ფეხბურთში შემოქმედება დაჩრდილა ტექნოლოგიურმა რუტინამ, მფრინავმა დრონებმა, ათეულობით ასისტენტმა, ტაქტიკოს-კონსულტანტებმა სპეციალური პროგრამებით, რამაც ფენომენალური იდეების ნიველირებას შეუწყო ხელი.

სპალეტის ყველა კოზირიც წარსულში დარჩა. ამიტომ ის მხოლოდ "რომას" მიმდინარე შედეგებით უნდა შევაფასოთ. ის ვერაფრით ჯობნის კოლეგებს პირველი შვიდეულიდან, მაგალითად - მაურიციო სარისა და ვინჩენცო მონტელას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ფულის გამო დიდ ფეხბურთზე უარი არც ერთ მათგანს არ უთქვამს.

ტრადიციულ მოდელს ახალი იდეების გენერირება აღარ ძალუძს, იდეებისა, რომელმაც თუნდაც მინიმალური პროგრესი უნდა უზრუნველყოს. ამიტომ, თუ მართლები არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ ანტონიო კონტესთვის ვინოვოს ("იუვენტუსის" საწვრთნელი კომპლექსი) კარი საბოლოოდ ჩაიკეტა, მაშინ გამოდის, რომ შემდეგი 20 წლის განმავლობაში "იუვენტუსის" მწვრთნელი მხოლოდ უცხოელი უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეეშვი ბიძიკო წერას! ამაზე ცუდად ბებერ ქალბატონში მიმდინარე პრცესებს ( როგორც ძველს ისე ახალს) ვერავინ ვერ შეძლებდა
დათო
14:22 24-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული