ჯამპიერო ვენტურა: იტალიის ამ თაობას დიდი მომავალი აქვს

AutoSharing Option
24 მარტს, იტალიის ეროვნული ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, მორიგ მატჩს გამართავს და პალერმოში ალბანეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე "სკუადრა აძურას" 4 მატჩი აქვს გამართული, 10 ქულა მოგროვებული და ესპანეთთან ერთად ლიდერობს ჯგუფს. ალბანეთთან მატჩის შემდეგ იტალია ამსტერდამში ჩავა და ჰოლანდიას ამხანაგურად გაეჯიბრება.

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზე 3-დღიანი შეკრება დაგეგმა და ისეთი ფეხბურთელები იხმო, რომლებსაც აკვირდება და რომლებიც შესაძლოა, მარტის მატჩებისთვის ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვდნენ.

გავეცნოთ ამ შემადგენლობას და შემდეგ
ვენტურას ინტერვიუს, რომელიც იტალიურ მედიაში გავრცელდა...

მეკარეები: ალესიო კრანიო (ბენევენტო), ალექს მერეტი (სპალ).
მცველები: ანტონიო ბარეკა (ტორინო), კრისტიანო ბირაგი (პესკარა), კევინ ბონიფაცი (სპალ), მატია კალდარა (ატალანტა), ანდრეა კონტი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა), ფედერიკო ჩეკერინი (კროტონე), არმანდო იცო (ჯენოა).
ნახევარმცველები: დანილო კატალდი (ჯენოა), რობერტო გალიარდინი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (მილანი), ლორენცო პელეგრინი (სასუოლო).
თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ჯანლუკა კაპრარი (პესკარა), ფედერიკო დი ფრანჩესკო (ბოლონია), სიმონე ვერდი (ბოლონია), დიეგო ფალჩინელი (კროტონე), რობერტო ინგლეზე (კიევო), ჯანლუკა ლაპადულა (მილანი), ანდრეა პეტანია (ატალანტა).

- განაცხადში სერია B-ში მოთამაშე არაერთი ფეხბურთელია, რამაც გაკვირვება გამოიწვია...
- ეს არ არის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა და ტყუილად ნუ ავტეხავთ აჟიოტაჟს. ესაა გაცნობითი 3-დღიანი შეკრება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რათა დავაკვირდეთ მათ, საჭირო რჩევები მივცეთ და თუ ამის საჭიროება დავინახეთ, გამოვიძახოთ კიდეც უახლოესი მატჩებისთვის.

- "კროტონე" და "პესკარა" სერია A-ში აუტსაიდერები არიან, თუმცა შეკრებაზე ამ გუნდის ფეხბურთელებსაც ვხედავთ...
- გუნდი თუ აუტსაიდერია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იქ საინტერესო ფეხბურთელები არ თამაშობენ. თითოეულ ამ ფეხბურთელში ვხედავ ნიჭს და იმის პოტენციალს, რომ ხვალ ეროვნულ ნაკრებში დაიმკვიდრონ ადგილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ სხვა ფეხბურთელები იქნებოდნენ.

- შეკრებაზე ვხედავთ მანუელ ლოკატელის და რობერტო გალიარდინის. ამ ფეხბურთელებზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებთ?
- ლოკატელი და გალიარდინი მილანური გრანდების ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობენ, ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ვფიქრობ, დადგება ის დრო, როდესაც ორივე "სკუადრა აძურას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იქნება.

- ადრე თქვით, რომ დომენიკო ბერარდი თქვენ სქემაში არ ჯდება, თუმცა ამჯერად ის კოვერჩიანოს ბაზაზეა...
- იმ კონკრეტულ მომენტში, ბერარდის ადგილი ვერ დავინახე გუნდში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ზოგადად არ მჭირდება. არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები და მით უმეტეს, როდესაც საქმე ასეთ ტალანტს ეხება. იმედია, ბერარდი თავს კარგად წარმოაჩენს და გაუშინაურდება ეროვნულ ნაკრებს.

- რას ელით ალბანეთის ნაკრებისგან?
- ალბანელებმა კარგად იციან იტალიური ფეხბურთი და იციან, როგორ უნდა გვეთამაშონ. რთული მატჩი იქნება, რომელშიც აუცილებლად სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ. როდესაც ესპანეთთან გიწევს კონკურენცია, შეცდომის უფლება არ გაქვს და ეს კარგად გვაქვს გათავისებული. ასე რომ, უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვემზადებით.

- ბოლო მატჩებში ანდრეა ბელოტიმ და ჩირო იმობილემ წარმოაჩინეს თავი. გრაციანო პელეს და მარტინს ედერის დრო წავიდა?
- ასეთ ფორმულირებას არ ვეთანხმები, რადგან ეროვნულ ნაკრებში ყველასთვის ღიაა კარი, ვინც ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ბოლო მატჩებში ბელოტიმ და იმობილემ ითამაშეს, რადგან ისინი უკეთეს ფორმაში იყვნენ, თუმცა რა იქნება მარტის ბოლოს, როდესაც ალბანეთთან მოგვიწევს დაპირისპირება, რთული სათქმელია.

- ანუ გრაციანო პელე ისევ შეიძლება ვიხილოთ ეროვნულ ნაკრებში...
- ის შეცდა, მაგრამ არა იმდენად, რომ საერთოდ მოიკვეთოს ნაკრებიდან. გრაციანომ მოიხადა სასჯელი და გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა. თუმცა, სხვა საქმეა, რამდენად კარგ ფორმაშია და იმსახურებს თუ არა განაცხადში მოხვედრას. იქამდე დროა და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს...

- მარიო ბალოტელის აღარ განიხილავთ ეროვნული ნაკრების კანდიდატად?
- ეროვნულ ნაკრებში მოხვდება ყველა, ვინც ამას დაიმსახურებს, მარიო ბალოტელი კი ჯერჯერობით, ვერ ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, მარიო არ მოიაზრება კანდიდატად, თუმცა ყველაფერი მის ხელშია.

- მოდის ის თაობა, რომელიც იტალიის ნაკრებში დიდ წარმატებას მიაღწევს?
- ბევრი პერსპექტიული ფეხბურთელია და ეს შეკრებებიც იმიტომ ტარდება, რომ არავინ გამოგვრჩეს მხედველობიდან. კოვერჩიანოს ბაზაზე ყოფნა თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი სტიმულია და ესეც გასათვალისწინებელია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ თაობას დიდი წარმატების მიღწევა შეუძლია და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული