ბრაიან რობსონი: ჩემთვის საუკეთესო პოლ გასკოინი იყო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" უდიადესი ფეხბურთელების სიაში ბრაიან რობსონი ყოველთვის პირველ ხუთეულში შედის.

გასული საუკუნის 80-იან წლებში, როცა "წითელი ეშმაკები" შორს იყვნენ ხმაურიანი გამარჯვებებისგან, სწორედ მისი თამაშის სანახავად მიდიოდნენ გულშემატკივრები "ოლდ ტრაფორდზე". მისი მებრძოლი ხასიათისთვის ჯილდო გახდა ორი საჩემპიონო ტიტული, რომელიც რობსონმა კარიერის ბოლოს მოიპოვა...

ამ ინტერვიუში ცნობილი ნახევარმცველი ლაპარაკობს პაბის კულტურაზე, ალექს ფერგიუსონის ქარიზმაზე და კილიმანჯაროს მთის დაპყრობაზე.

ინგლისური პაბი
80-იანი წლების დასაწყისში "ვესტ ბრომვიჩიდან" "მანჩესტერ იუნაიტედში" რობსონის გადასვლამ დიდი ხმაური გამოიწვია. ბრაიანთან კონტრაქტი პირდაპირ "ოლდ ტრაფორდის" მინდორზე გააფორმეს. და მაშინ ერთ-ერთმა
ჟურნალისტმა იკითხა - ზედმეტად დიდი თანხა ხომ არ დაიხარჯა ფეხბურთელში, რაზეც "იუნაიტედის" მაშინდელმა მწვრთნელმა რონ ატკინსონმა უპასუხა: "ზედმეტი არ გადაგვიხდია, რადგან ოქროს ზოდი შევიძინეთ".

- მილიონნახევარი გირვანქა, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედმა" თქვენს სანაცვლოდ გადაიხადა, ერთ დროს სარეკორდო თანხა იყო ბრიტანეთისთვის. რას გრძნობთ, როცა დღეს ისმენთ სატრანსფერო თანხების შესახებ 100 მილიონის ფარგლებში?
- მას შემდეგ თამაში ძალიან შეიცვალა. თანამედროვე კლუბების საწვრთნელ ბაზებს ვერც კი შეედრება ის პირობები, რაც ჩემს დროს იყო. ეს ყველაფერი ტელეტრანსლიაციებიდან მიღებული მოგების წყალობითაა. ტელევიზია საშუალებას აძლევს კლუბებს წინ იარონ და მოთამაშეების სანაცვლოდ ასეთი თანხები გადაიხადონ.

მაგრამ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. ადამიანები ხშირად ზედმეტად ერთობიან და ეს იწვევს "საპნის ბუშტების" წარმოშობას, რომელიც, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გასკდეს. ამიტომაც წარმოიშვა ფინანსური ფეარ-პლეის იდეა. ეს ხომ უმნიშვნელოვანესი საკითხია - რამდენი შეგიძლია გადაუხადო ფეხბურთელს. ბევრი რომ აღზრდაზეა დამოკიდებული. როცა ახალგაზრდა ადამიანები თავიანთი ოცნებებისკენ მიდიან, ისინი პირველ ადგილზე ფულს არ აყენებენ. მათ ახსოვთ, რომ ამას მხოლოდ იმის გამო აკეთებენ, რომ მოსწონთ თამაში ან იმის გამო, და ეს კიდევ უკეთესი, ნიჭი გააჩნიათ. მშობლებმა და მწვრთნელებმა უნდა აუხსნან მათ, რომ ისინი უნდა დარჩნენ იმად, რაც სინამდვილეში არიან, იმ დროსაც კი, როცა ძალიან ბევრი ფული აქვთ.

- თქვენს დროს, პრემიერლიგაში პრაქტიკულად არ იყვნენ ლეგიონერები, ადგილობრივი ფეხბურთელები კი ერთმანეთთან დასაახლოებლად ერთობლივ მსვლელობებს აწყობდნენ პაბებში. ეს ცხოვრების მართლაც მნიშვნელოვანი ნაწილი იყო 80-იან წლებში?
- როცა მოთამაშე ვიყავი, ასეთი შეკრებები მართლაც ემსახურებოდა ადამიანების დაახლოებას. რესტორნებს უპირატესობას ვანიჭებდით გოლფის თამაშს, კარტინგს, ცხენებით სეირნობას - მოკლედ, ნებისმიერ ადგილს, სადაც შეიძლებოდა დროის კარგად გატარება და ერთმანეთზე უფრო მეტის გაგება, ვიდრე ამას ვარჯიშზე ვახერხებდით. პაბებში კი კვირაში ორჯერ-სამჯერ მივდიოდით, რისი წყალობითაც მეგობრები ვხდებოდით და არა მხოლოდ გუნდში პარტნიორები.

- ყოფილი თანაგუნდელებიდან ვისთან გაქვთ ყველაზე ხშირი ურთიერთობა?
- დღემდე ბევრ მათგანთან ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას. როგორც წესი, მათ მანჩესტერში საკუთარ ოფისში ვხვდები. იმავე გარი პალისტერს მუდმივად ვხედავ - ერთად ვმუშაობთ. შეიძლება ერთად ვისადილო რეი უილკინსთან ან სტივ ბრიუსთან ერთად. ეკლესიაშიც კი ერთად დავდივართ. ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან - ისეთივე, როგორიც ფეხბურთელები იყვნენ.

- ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი იმათგან, ვის წინააღმდეგაც გითამაშიათ?
- საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თავად ვთამაშობდი - ეს არის პოლ გასკოინი. გაზა უდიდესი ფეხბურთელი იყო. მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე სერიოზულად განიხილავდნენ ვინ იყო საუკეთესო - ის თუ მარადონა. მეტოქეებიდან კი საუკეთესოები იყვნენ მარადონა და პლატინი. ისინი დიადი მოთამაშეები არიან.

- ბოლო დროს გასკოინი საშინლად გამოიყურება. გაქვთ მასთან ურთიერთობა? ეხმარებიან თუ არა ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობაში?
- დიახ, მისი პრობლემის შესახებ ყველამ იცის. მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც პოლმა კარიერა დაასრულა. მას ძალიან ენატრება ფეხბურთი, მაგრამ არ იცის რა გზით წავიდეს. ბევრი ადამიანი საფეხბურთო ასოციაციიდან და ნაკრებიდან ცდილობის მის დახმარებას ფულითა და მკურნალობით.

მიუხედავად ამისა, პრობლემები რჩება. ხანდახან ადამიანებს ავიწყდებათ, რომ საუკეთესო მხარდაჭერა საკუთარი ოჯახიდან უნდა მოდიოდეს. სამწუხაროდ, პოლი ასეთ დახმარებას არ იღებს... ის ყოველ ორ კვირაში ერთხელ იცვლის ტელეფონის ნომერს, უბრალოდ ფეხს ვერ ვუწყობ მას! მაგრამ ის ჩემი კარგი მეგობარია და ჩემთვის რთულია ამ თემაზე საუბარი.

კაპიტნის კონკურსი
"მანჩესტერ იუნაიტედში" კარიერის დასრულების შემდეგ, რობსონი "მიდლსბროს" მოთამაშე მწვრთნელი გახდა. მან ორჯერ გადაიყვანა ეს გუნდი პრემიერლიგაში, ერთხელ კი მასთან ერთად ინგლისის თასის ფინალამდე მიაღწია. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის როლში ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მწვრთნელის სავარძელში: არანაირი დაძაბულობა, შეგიძლია ბევრი იმოგზაურო და შენთვის ახალი კულტურა აღმოაჩინო. თანაც საკლუბო კოსტიუმიც საკმაოდ მოდურია.

- თქვენ გიწოდებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კაპიტანს. თავად ვის დაასახელებდით იდეალურ კაპიტნად?
- "მანჩესტერს" ყოველთვის უმართლებდა კაპიტნებში: ავიღოთ, მაგალითად, სტივ ბრიუსი, როი კინი, პეტერ შმაიხელი, გარი ნევილი... ისინი ძალიან აქტიურები იყვნენ მოედანზე, ამხნევებდნენ პარტნიორებს და ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ მუხტი. ალბათ, ეს არის კაპიტნის მთავარი დანიშნულება.

- "მანჩესტერ იუნაიტედში" ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის დასაწყისის მოწმე ხართ. როგორი იყო ის იმ პერიოდში?
- ეს იყო რთული პერიოდი კლუბისთვის. როცა ალექსი მოვიდა, მან გარშემო ყველაფრის შეცვლა გადაწყვიტა. ფერგიუსონი ძალიან ბევრს მუშაობდა. თავით გადაეშვა "იუნაიტედის" აკადემიის მუშაობაში, რადგან სურდა გუნდისთვის "ბასბის ბიჭების" დროინდელი რეპუტაცია დაებრუნებინა. საბოლოოდ, მის განკარგულებაში აღმოჩნდა ნიჭიერი მოთამაშეების მთელი ჯგუფი - დევიდ ბექჰემი, ძმები ნევილები... მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც ფერგიუსონმა გუნდში მოიტანა - ეს იყო ორგანიზაცია და მკაცრი დისციპლინა. ის დიადი მენეჯერია.

- რა იყო ფერგიუსონის ყველაზე დასამახსოვრებელი თვისება?
- ფეხბურთისადმი ლტოლვა. ის ოფისში ყოველთვის პირველი მოდიოდა. ფერგიუსონი "მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან ბევრ დროსა და ენერგიას ახარჯავდა, ბევრს მუშაობდა ფეხბურთელებთან. და ყოველთვის წინ იყურებოდა. ალექსს ყოველთვის უწევდა ახალი ფეხბურთელების გუნდში მოყვანა და მსოფლიოს დონის მოთამაშეების შეცვლა. ამ წლების განმავლობაში, ფერგიუსონმა ოთხი წარმატებული გუნდი შექმნა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

- ოდესმე საკუთარ თავზე გამოგიცდიათ სახელგანთქმული "ფერგიუსონის ფენის" მოქმედება?
- საბედნიეროდ, არც ერთხელ. ჩვეულებრივ, ჰაერის აბაზანები მე არ მხვდებოდა. მაგრამ ნანახი მაქვს რამდენიმე სახალსო ეპიზოდი სხვა ფეხბურთელების შემთხვევაში. საერთოდ, ეს კარგი ხერხია ახალგაზრდა მოთამაშეების მოტივირებისთვის.

- ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედს" სათავეში ჩაუდგა ლუი ვან გაალი. შეძლებს ის გუნდის მწვერვალზე დაბრუნებას?
- კონკურენტები "ჩელსისა" და "მანჩესტერ სიტის" სახით, ძალიან სერიოზულები არიან. "იუნაიტედს" კი გარდამავალი პერიოდი აქვს. მაგრამ ვან გაალი სწორი ადამიანია ასეთი სამუშაოსთვის. მას უდიდესი გამოცდილება გააჩნია: წარმატებას მიაღწია ევროპის ყველა ტოპ-კლუბში. სანამ მას ხელმძღვანელობის ნდობა აქვს, ჰოლანდიელი გააგრძელებს კლუბთან ერთად პროგრესს.
გუნდში ყოველთვის ბევრი ტრავმირებულია, მაგრამ თუ ვან გაალს მთლიანად ჯანმრთელი გუნდი ეყოლება და ახალწვეულებიც სრულად გაამართლებენ, "იუნაიტედი" დაბრუნდება ჩემპიონთა ლიგაზე.

- მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ზონა?
- ვან გაალს, შესაძლოა, დრო არ ეყოს ისეთი გუნდის შესაქმნელად, რომელიც ჩემპიონატს მოიგებს. რაც არ უნდა იყოს, "სიტიში" და "ჩელსიში" ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის უფრო დალაგებულია კავშირები. მათ ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ძალიან რთული იქნება ყველა საკითხის ერთ სეზონში მოგვარება.

- ვან გაალისთვის ერთი ფეხბურთელის შეძენის შეთავაზება რომ შეგეძლოთ, ვის აირჩევდით?
- უარს არ ვიტყოდი მესიზე და რონალდოზე. შეგიძლიათ ასე დაწეროთ: ეს არის ჩემი მიზანი. საერთოდ კი უნდა დავაკვირდეთ სათამაშო პოზიციებს, რომელიც გაძლიერებას ითხოვს. დღეს "იუნაიტედს" შარშანდელ სეზონში დაშვებული შეცდომების გამოსწორება უწევს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენ არ გვყოფნის ხალხი დაცვაში, ხანდახან სუსტი ჩანს შუახაზი. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გვაწყენდა რამდენიმე კარგი ფეხბურთელი, რომელიც დაცვაზე იქნება ორიენტირებული. პირადად მე მომწონს ჰოლანდიის ნაკრების მცველი მარტინს ინდი. ამ ბიჭს შეუძლია თავდამსხმელი ერთი გამოხედვით შეაჩეროს. სამწუხაროა, რომ ის "პორტუში" გადავიდა.

არაკლასიკური ჰეთ თრიკი
რობსონი ინგლისის ნაკრებში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა და მიიღო მეტსახელი - "კაპიტანი მარველი". სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატებზე ინგლისელთა ბოლო ხმაურიანი მიღწევა - 1990 წელს ნახევარფინალში გასვლა.

თუმცა თავად რობსონისთვის ის ტურნირი ნაადრევად დასრულდა. სტარტზე ორი მოგების შემდეგ, ინგლისელებმა წარმატების აღნიშვნა გადაწყვიტეს და მწვრთნელისგან დაუკითხავად პაბში შეიკრიბდნენ. მხიარულება სასტუმროში გაგრძელდა, სადაც უკვე შეზარხოშებულმა რობსონმა გასკოინის საწოლში გადაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ძალები ვერ გათვალა და პარტნიორი ფეხზე დაეცა. ამის შემდეგ, ინგლისის ნაკრებს კაპიტნის გარეშე მოუწია ტურნირის გაგრძელება.

- რომელია თქვენს კარიერაში მთავარი იმედგაცრუების მომენტი - უაზრო ტრავმა მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატზე თუ მარადონას ხელი ოთხი წლით ადრე?
- მსოფლიოს ჩემპიონატებთან ბევრი მოგონება მაკავშირებს - კარგიც და უსიამოვნოც. 1982 წელს მეგონა, რომ ინგლისს კარგი გუნდი ჰყავდა და შევძლებდით მაქსიმალურად კარგი შედეგის ჩვენებას. იმ ტურნირზე ხუთი მატჩი ჩავატარეთ, არც ერთი არ წაგვიგია და მაინც ვერ გავედით ნახევარფინალში. ეს უდიდესი იმედგაცრუება იყო. მომდევნო ორი ჩემპიონატი ჩემთვის ტრავმის გამო მეორე მატჩში სრულდებოდა... არგენტინასთან იმ ცნობილ შეხვედრაში კარგად ვითამაშეთ და ერთადერთი, რითაც მეტოქემ დაგვამარცხა, მარადონას ხელი იყო. ოთხი წლის შემდეგ კი არ გაგვიმართლა პენალტების სერიაში.
- ნაკრებში ყველაზე სასიხარულო მომენტი - საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი სწრაფი გოლია?
- ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტი იყო. მანამდე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნათამაშები არ მქონდა, აქ კი მატჩის დაწყებიდან 27 წამში გოლი გავიტანე. საბოლოოდ, 3:1 გავიმარჯვეთ, მე კი ორი გოლი შევაგდე. თუმცა, სინამდვილეში ეს ჰეთ თრიკი იყო, რადგან იმავე დღეს შევიტყვე, რომ ჩემმა მეუღლემ მეორე ქალიშვილი გააჩინა.

- რამდენიმე წლის წინ, ტაილანდის ნაკრებში მუშაობდით. რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?
- მე და ჩემმა მეუღლემ დიდი სიამოვნება მივიღეთ ტაილანდში გატარებული დროით. თბილი ამინდი, მდიდრული რესტორნები... მაგრამ ხანდახან ძალიან ცხელოდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადგილობრივ ფეხბურთელებთან იოლი იყო მუშაობა, თუმცა იგრძნობოდა, რომ მათი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. ძალიან გვიჭირდა საუკეთესო გუნდებთან კონკურენცია. მაგრამ ბიჭები ცდილობდნენ მაღალი დონის შესაბამისნი ყოფილიყვნენ, მუდმივად განვიხილავდი მათთან ტაქტიკას. საერთოდ, ტაილანდელები ძალიან ყურადღებიანი ბიჭები არიან.

- არსებობს თუ არა თქვენი სამწვრთნელო კარიერის განახლების შესაძლებლობა?
-ამჟამად, ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი საკლუბო მწვრთნელად, რადგან კმაყოფილი ვარ "იუნაიტედში" დღევანდელი სამუშაოთი. მაგრამ, თუ ლაპარაკი იქნება რომელიმე ნაკრებზე, გამიჭირდება უარის თქმა.

- ამას წინ, კილიმანჯაროს მთაზე ახვედით. როგორი შეგრძნება იყო?
- ფანტასტიკური გამოცდილება მივიღე. ეს საქველმოქმედო აქცია იყო. ბოლო ოთხი საათი ძალიან რთული აღმოჩნდა, მაგრამ, როცა მთის მწვერვალზე დგახართ, დაუვიწყარი შეგრძნება გეუფლებათ! იყურები შორს და ტკბები პეიზაჟებით. თუ ასეთი შესაძლებლობა გაგიჩნდებათ, აუცილებლად გამოიყენეთ ის.

დოსიე
ბრაიან რობსონი
დაიბადა: 1957 წლის 11 იანვარი
ამპლუა: ნახევარმცველი
სათამაშო კარიერა: ვესტ ბრომვიჩი (1974-81); მანჩესტერ იუნაიტედი (1981-94); მიდლსბრო (1994-97)
ინგლისის ნაკრები: 90 მატჩი და 26 გოლი
სამწვრთნელო კარიერა: მიდლსბრო (1994-2001), ბრედფორდი (2003-04), ვესტ ბრომვიჩი (2004-06), შეფილდ იუნაიტედი (2007-08), ტაილანდის ნაკრები (2009-11).
ტიტულები: ინგლისის ჩემპიონი (1993, 1994), ინგლისის თასის მფლობელი (1983, 1985, 1990), თასების თასის მფლობელი (1991)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული