მანჩესტერი-ლივერპული. გამოხმაურება: ყველა კმაყოფილი დარჩა

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ იუნაიტედს" კარგად ესმოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში "ევერტონთან" დამარცხებულ თანაქალაქელ "სიტის" უთანაბრდებოდა და თანაც, "ლივერპულთან" გამარჯვებით, ეს იქნებოდა ათმაგად ტკბილი ზედიზედ მე-10 მოგება.

მერსისაიდელთა ბანაკში კი იცოდნენ, რომ "ჩელსიმ" დიეგო კოშტას გარეშეც ადვილად იმარჯვა და ვერმოგება ლონდონელებს უფრო წინ გაუშვებდა, ხოლო მეორე დედაქალაქურ გუნდ "ტოტენჰემს" მეორე ადგილზე გადაიყვანდა. მოკლედ, "ოლდ ტრაფორდზე" დედა შვილს და კლოპი მანეს არ აიყვანდა ხელში.

მატჩი ნერვული და დაძაბული გამოვიდა, განა სხვაგვარად შეიძლებოდა ყოფილიყო? "კლოპომ" მხოლოდ ერთი ცვლილება გააკეთა, ახლახან მომჯობინებული ფელიპე კოუტინიო ჩართო მოგვიანებით თამაშში.

მოუმ კი სამივე შეცვლა გამოიყენა და ამან გაამართლა. მათ ერთმანეთშიც იჩხუბეს, როდესაც "განსაკუთრებულმა" მერსისაიდელთათვის წითელი ბარათი მოითხოვა, ხოლო "ნორმალურმა" არანორმალური მიმიკებითა და მოძრაობებით ისტერიკა მოაწყო. მერე შერიგდნენ და ბოლოს ხელიც ჩამოართვეს. კინკლაობაში ასისტენტებმა, რუი ფარიამ და ჟელკო ბუვაცმაც მიიღეს მონაწილეობა.

როდესაც ჯეიმს მილნერს გოლი გააქვს, მისი გუნდები არ აგებენ და აბა, ვინ შეიტანდა ეჭვს, რომ მისი გარდასახული პენალტის მერე "ლივერპული" დამარცხდებოდა? თერთმეტმეტრიანი პოლ პოგბამ აიკიდა, ფრანგმა ძალიან უცნაურად ითამაშა, უხერხული მოძრაობით ხელი სულელურად დაუხვედრა ბურთს. მან მთლიანობაში გადასარევი მატჩი ვერ ჩაატარა, მომენტიც გააცუდა და ჰენდერსონს ჭიდაობის ილეთიც ჩაუტარა.

"წითელ ეშმაკებს" თილისმად და მშველელად ისევ ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოევლინა, რომელმაც ძალიან ჭკვიანური და ოსტატური თავურით აჭრა ბურთი და ბოლოსკენ გათანაბრება შეძლო. კომბინაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს შეცვლაზე შესულმა უეინ რუნიმ და მარუან ფელაინიმ. ასევე - ანტონიო ვალენსიამ, რომელმაც დაიწყო ეს იერიში და საბოლოოდ საგოლე პასიც გაიფორმა.

პირველ ტაიმში მანჩესტერელები უკეთ გამოიყურებოდნენ, აქტიურობდა მხითარიანი და სიმონ მინოლეს რამდენჯერმე მოუხდა თავისი გუნდის გადარჩენა. მეორე ტაიმში კი "ლივერპული" მწვავე კონტრშეტევებზე მიდიოდა, მაგრამ სხვაობის გაზრდა ვერ შეძლო. საბოლოო ჯამში - საბრძოლო ფრე.

"ჩემი აზრით, სუპერხარისხის მატჩი იყო. ყველა ძლიერი მხარე ვერც ჩვენ გამოვაჩინეთ და ვერც მეტოქემ, მაგრამ თამაში ძალიან ემოციური, აგრესიული, დაძაბული და კარგი საყურებელი გამოვიდა. ბოლო წამამდე ვიბრძოდით. "ლივერპული" მოწინააღმდეგეებს ყოველთვის პრესინგს სთავაზობს და ცდილობს, წნეხის ქვეშ მოაქციოს. ამიტომ ამ გუნდის წინააღმდეგ ასე თამაში და ამდენი მომენტის შექმნა დასაფასებელია. "ლივერპული" ჭკვიანურად იქცეოდა და თამაშობდა.

მეტოქემ ისიც იცოდა, რომ ბოლო წუთებში ზეწოლას გავაძლიერებდით. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც უტევდა, ხოლო "ლივერპული" თავს იცავდა. ვნახოთ, კრიტიკოსები და მიმომხილველები რამდენად სამართლიანად გაარჩევენ და შეაფასებენ მატჩს. სიამოვნება მივიღე, მაგრამ გული მწყდება, რომ სამი ქულა ვერ ავიღეთ" - თქვა მოურინიომ და მერე ჟოზემ ისიც დაამატა, რომ კლოპთან შელაპარაკება ემოციური ფონის ბრალი გახლდათ და მათ შორის არანაირი პრობლემა არ არის, ინციდენტი ამოწურულიაო.

იურგენ კლოპი: "მატჩის ბოლო მონაკვეთში "მანჩესტერმა" გრძელი გადაცემებით დაიწყო თამაში, ეს ტაქტიკა ააღორძინა, გაუთავებელი ჩაწოდებები და გაგვიჭირდა. იმედი მქონდა, რომ ცოტათი უფრო მეტად გაგვიმართლებდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ არც ფრეა ტრაგედია და ცუდი შედეგი. გიჟური თამაში იყო, დრამატული და დაძაბული. ბიჭებით კმაყოფილი ვარ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდზე" მოსაგებად ჩამოვედით და აქამდე ცოტა დაგვაკლდა, ამიტომაც ვერ ვტოვებთ მანჩესტერს 100%-ით კმაყოფილები".

სტატისტიკა
* "ლივერპულს" "ოლდ ტრაფორდზე" 6 პენალტი აქვს გატანილი პრემიერლიგის ეპოქაში და ეს არა მხოლოდ "ოცნებების თეატრზეა" საუკეთესო მაჩვენებელი, არამედ ზოგადად - არც ერთ კლუბს რომელიმე მეტოქის მინდორზე ამდენი პენალტი არ გაუტანია.

* ჯეიმს მილნერს ბოლო 10 თერთმეტმეტრიანი გამოყენებული აქვს, აქედან 7 "ლივერპულის" რიგებში.

* როდესაც მილნერს გოლი გააქვს, ანუ უკვე 46 მატჩია, მისი გუნდები არ აგებენ. თანაც, ამ შეხვედრებში მილნერის გუნდებმა 37-ჯერ იმარჯვეს და 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მართლა ძაან პრომანჩესტერული მოანალიზო სტატიაა.ხანდახან აზეიმეთ ობიექტურობა
stivensl
09:57 18-01-2017
0
მანჩესტერელთა გოლში ვალენსიას მონაწილეობაზე როცა წერ ის მაინც ახსენე რო ვალენსია სანამ ჩააწვდიდა თამაშგარეში იყო :) არაფერი განსაკუთრებული უბრალოდ ფაქტის კონსტანტირება :)
მანე
14:49 17-01-2017
0

სიახლეები პოპულარული