ლა ლიგა. II ტურის წინ: ფანჯრის დახურვამდე, სანაკრებო პაუზის წინ

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონში მნიშვნელოვანი ტურია - ბოლო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე და უშუალოდ სანაკრებო პაუზის წინ. მოკლედ, კლუბებს უკანასკნელი შანსი მიეცემათ შემადგენლობებში კორექტირებისთვის. ტურის ცენტრალური შეხვედრა "სანჩეს პისხუანზე" გაიმართება - თბილისური უეფას სუპერთასის ფინალისტი "სევილია" მადრიდის "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

ლორენტემ "სევილია" გააძლიერა, კრანევიტერმა - "ატლეტიკო". ვინაიდან სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, ორივე გუნდში გამალებული ტემპით იცვლება სიტუაცია. უნაი ემერის ტურის ცენტრალურ შეხვედრაში არ ეყოლება დისკვალიფიცირებული სტივენ ნ'ზონზი და ტრავმირებული ნიკოლას პარეხა. სამაგიეროდ, გუნდში ირიცხება ფერნანდო ლორენტე!

ზორბა ბასკი ფორვარდი უკვე დაემშვიდობა "იუვენტუსს", "სევილიაში" სამედიცინო შემოწმება
გაიარა და 3-წლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ამასობაში გაირკვა, რომ არც პოლონელი კრიხოვიაკი დატოვებს ანდალუსიურ კლუბს.

შევსება არის "ატლეტიკოშიც", დიეგო სიმეონემ "რივერ პლეიტიდან" 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი მატიას კრანევიტერი გადაიბირა. ამასთან, დიეგო გოდინმა განაცხადა, რომ არასოდეს უცდია "ატლეტიკოს" დატოვება. ტურის ცენტრალურ შეხვედრას განსაკუთრებულად ხვდება "სანჩეს პისხუანიც", რომელმაც რეკონსტრუქცია განიცადა, თუმცა მთლიანად არენა სეზონის ბოლოს განახლდება.

რას ერჩიან ბეილს
საინტერესო დაპირისპირება გაიმართება "სანტიაგო ბერნაბეუზეც", მადრიდის "რეალი" კიდევ ერთ, ელიტაში დაბრუნებულ გუნდს მასპინძლობს - "ბეტისს". რაფა ბენიტესს პირველი თამაშის მერე ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი:

"მშვიდად, გოლები აუცილებლად იქნება. ჩვენ სწორ გზაზე ვართ", - აჯერებს თავის ფეხბურთელებს მწვრთნელი. ამ დღეებში "რეალმა" ზედმეტი ფეხბურთელები დაფერთხა: ფაბიო კოენტრაო "მონაკოში" წავიდა, ლუკას სილვა იჯარით "მარსელში" ითამაშებს, ხოლო ასიერ ილიარამენდი "რეალ სოსიედადს" დაუბრუნდა. მადრიდული კლუბის ფანები კვლავ არ სწყალობენ გარეთ ბეილს, AS-ის მკითხველთა მხოლოდ 39% მიიჩნევს, რომ უელსელმა "ბეტისთან" მატჩის სასტარტოში უნდა ითამაშოს.

"როცა მეუბნებიან, "რეალს" გოლები ვერ გააქვსო, მეცინება. ხუმრობთ, ხომ? მათ ხომ ერთი ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, ვინც პრიმერას 15 გუნდზე მეტ გოლს გაიტანს სეზონში. ხიხონის "სპორტინგი" მიყვარს, მაგრამ ნეტავ, "რეალს" დამაჯერებლად მოეგო. ახლა "სამეფო კლუბს" ყველაფერი ჩვენთან აქვს დასამტკიცებელი", - განაცხადა სევილიური კლუბის თავკაცმა პეპე მელმა.

ბენიტესს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს, ბეილიც შეუერთდა ჯგუფს და სრულყოფილად ივარჯიშა. "ბეტისს" კი ჰოლანდიელი ახალწვეული, "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰყავს ტრავმირებული.

შესანიშნავ განწყობაზე
ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" "მალაგას" მასპინძლობს. ლუის ენრიკეს ჟერარდ პიკეს იმედი არ უნდა ჰქონდეს (დისკვალიფიკაცია), დაცვის ხაზიდან არც დანი ალვეში და დუგლას პერეირა იქნებიან, არც ადრიანო... მოკლედ, უეფას სუპერთასზე თბილისში 4 გოლის გამშვებ გუნდს, რომელმაც ესპანეთის სუპერთასის მატჩშიც ამდენი გაუშვა, დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს.

თამაშს ამაღლებული განწყობით ხვდება გუნდის ლიდერი ლიონელ მესი, რომელიც უეფამ მეორედ დაასახელა ევროპის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. სხვათა შორის, ამ გამოკითხვაში მეორე მისი თანაგუნდელი ლუის სუარესია.

თუმცა "ბარსელონაში" სხვა სახის პრობლემებიც არის, გუნდს 28 წლის შემტევის, ნოლიტოს შეძენა სურს, რომელსაც უკვე უთამაშია "ბარსაში" (გუნდიდან 2011 წელს გაუშვეს), მაგრამ მწვრთნელის აზრს პრეზიდენტი არ იზიარებს. ამასობაში, "სელტამ" ნოლიტოს ახალი კონტრაქტი გაუფორმა, თუმცა "ბარსასთვის" გამონაკლისის სახით, მისი მიყიდვა 18 მილიონ ევროდ დაუშვა.

ოღონდ კატალონიელებმა ეს 1-ელ სექტემბრამდე უნდა გააკეთონ, მერე მისი ფასი 30 მილიონი ევრო იქნება. ბუნებრივია, ლუის ენრიკეს ნოლიტო პედროს შემცვლელად ესახება. შეგახსენებთ, რომ ტრანსფერი რომც განხორციელდეს, ნოლიტო იანვრამდე ვერ ითამაშებს "ბარსელონაში", ფიფას სანქციის გამო. "ბარსელონადან" წავიდა 19 წლის ადამა ტრაორე, რომელიც "ასტონ ვილაში" გადავიდა.

"მონაკოსა" და მონაკოს შემდეგ
"ვალენსია" "მესტალიაზე" სეზონში პირველ თამაშს გამართავს - "დეპორტივოს" უმასპინძლებს. გუშინ კლუბის ფანებმა შეიტყვეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები. პლეი ოფში "მონაკოს" დამმარცხებელ "ღამურებს" მონაკოში აშკარად გაუმართლათ, მეტოქეები არ არიან დაუძლეველი კატეგორიიდან. ბევრი მითქმა-მოთქმაა, თითქოს, რუსი დენის ჩერიშევი "ვალენსიაში" გადავა, მაგრამ ჯერჯერობით, ის "რეალშია".

ტურის სხვა თამაშებიდან კიდევ ორ შეხვედრას გამოვარჩევთ - "ვილიარეალისა" და "ესპანიოლის" დაპირისპირებას, აგრეთვე, ბასკურ დერბის "ეიბარსა" და ბილბაოს "ატლეტიკს" შორის.

ლა ლიგა. II ტური

პარასკევი. 28 აგვისტო
ვილიარეალი-ესპანიოლი 22:30
დისკვალიფიკაცია: სორიანო -
ტრავმა: მუსაჩიო, ასენხო - ალვარო, გომესი (?), კაბალიე (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +11=14-5, (38-25)

შაბათი. 29 აგვისტო
სოსიედადი-სპორტინგი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ნავასი, ველა (?), მარტინესი -
ურთიერთშეხვედრები
სულ 16 თამაში: +8=4-4, (26-16)

ბარსელონა-მალაგა 22:30
დისკვალიფიკაცია: პიკე -
ტრავმა: ალვეში, ბუსკეტსი (?), ადრიანო (?), პერეირა - კამაჩო, ველიგტონი (?), ფერეირა
ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +21=6-3, (73-25)

სელტა-ვალეკანო 00:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კაბრალი (?), ბლანკო - კობენიო (?), ემბარბა
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +6=7-13, (25-34)

რეალი-ბეტისი 00:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბეილი (?) - ვანდერ ვაარტი, მატილია
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +19=12-7, (64-36)

კვირა. 30 აგვისტო
ეიბარი-ბილბაო 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ხიმენესი (?), გაიოსო, ლილიო - მუნიაინი, ხოსე (?), იტურასპე (?), ეჩეიტა (?), ბალენსიაგა, რამალიო, ვილიამსი, ადურისი (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 თამაში: +0=3-1, (1-2)

სევილია-ატლეტიკო 22:30
დისკვალიფიკაცია: ნზონზი -
ტრავმა: პარეხა - ფილიპე ლუიში (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 41 თამაში: +14=14-13, (53-56)

ვალენსია-დეპორტივო 22:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გომეში, ალვეში - პაბლო, ფაბრისიო, ლოპო (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 44 თამაში: +18=10-16, (61-53)

ხეტაფე-გრანადა 00:30
დისკვალიფიკაცია: ვერხინი, ლაგო - რუისი
ტრავმა: იოდა - რიკო (?)
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +2=3-3, (10-11)

ლას პალმასი-ლევანტე 00:30
დისკვალიფიკაცია: - სიმაო
ტრავმა: ლოპესი, კასტელიანო -
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +3=5-6, (18-20)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული