ოფიციალურად: მესი "ბარსელონასთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის კატალონიური კლუბიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჭორების გავრცელებას ბოლო მოეღო. ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

დღეს "ბარსელონას" ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ 30 წლის არგენტინელი ვარსკვლავი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ხელშეკრულების ვადის გასვლის დროს, ანუ 2021 წელს, მესი 34 წლის იქნება.

ესპანური პრესის ცნობით, ფეხბურთელის ანაზღაურების გარდა, გაიზარდა მისი გამოსასყიდი თანხაც, რომელმაც 300 მილიონი ევრო შეადგინა.

მესიმ, რომელიც "ბარსელონაში" 13 წლის ასაკიდან ირიცხება, კატალონიური კლუბის ისტორიის გადაწერა მოახერხა. "ბარსას" პირველ გუნდში გამოჩენიდან, ანუ 2004 წლიდან,
მან 583 თამაშში 507 გოლი გაიტანა, მოიგო 30 გუნდური და უამრავი ინდივიდუალური ჯილდო, მათ შორის, 5 "ოქროს ბურთი". მესი არაერთი რეკორდის მფლობელია. მათ შორისაა "ბარსელონასა" და ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული