მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!

AutoSharing Option
მარტვილის მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე შეკრებილი პუბლიკა დაუვიწყარი გამარჯვებისა და, შესაბამისად, ისტორიული შედეგის თვითმხილველი გახდა - პირველად "მერანის" არსებობის განმავლობაში, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა.

ახალგაზრდა სპეციალისტის, გიორგი მიქაძის შეგირდებმა თასის მიმდინარე გათამაშებაში აქამდეც შთამბეჭდავი თამაში აჩვენეს - ნახევარფინალამდე ზედიზედ უმაღლესი ლიგის ერთბაშად 3 გუნდი ჩამოიცილეს გზიდან, გუშინ ჩემპიონობის ერთ-ერთ ფავორიტ "ჩიხურას" შანსი არ დაუტოვეს და უდიდეს წარმატებასაც გამოჰკრეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ "მერანი" ნახევარფინალში მეორედ ასპარეზობდა. 6 წლის წინათ მარტვილელები, მალხაზ ჟვანიას თავკაცობით, ახლოს იყვნენ ფინალში გასვლასთან, თუმცა ქვეყნის მაშინდელ
ჩემპიონ "ვიტ ჯორჯიასთან" ორრაუნდიან დაპირისპირებაში დამარცხდნენ და ტურნირს გამოეთიშნენ.

სანამ უშუალოდ შეხვედრის პერიპეტიებზე გადავიდოდეთ, ვთქვათ ისიც, რომ სტუმართა რიგებში დისკვალიფიცირებული იყო მიხეილ სარდალიშვილი, მასპინძელთა დანაკარგი კი გაცილებით დიდი იყო - ტრავმის გამო ივანე ხაბელაშვილსა და რევაზ გეწაძეს, ხოლო ბარათების სიჭარბის გამო კიჭი მელიავას, ნიკოლოზ საბანაძესა და ლაშა ჩალაძეს მოუწიათ მატჩის გამოტოვება.

საწყისი წუთები სტუმრებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტწილად, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, რაც მოედანზე არსებულმა შინაგანმა დაძაბულობამ განაპირობა. საჩხერელები ძირითადად მაღალი ჩაწოდებებითა და "სტანდარტულებით" ცდილობდნენ, გასულიყვნენ ფონს. და მაინც, სტუმრები რამდენჯერმე დაემუქრნენ დავით კუპატაძის კარს, თუმცა ჯერ გიორგი განუგრავას შორეული, შემდეგ კი გიორგი რეხვიაშვილის თავური გამოდგა არაზუსტი.

34-ე წუთზე მერანელებმა შესანიშნავი სამსვლიანი (ორბელაძე-შულაია-ქანთარია) კომბინაცია გაითამაშეს, რის შედეგადაც ზვიად ქანთარია მეკარესთან მარტო დარჩა, დინო ჰამზიჩს ბურთი თავზე გადაუგდო და ანგარიშიც გაიხსნა.

ფრთაშესხმულ და ფანებისგან შეგულიანებულ მასპინძლებს ტაიმის ბოლოსკენ კიდევ ერთხელ შეეძლოთ გატანა, თუმცა შოთა ჯიქიას პასით ისევ ერთი-ერთზე გასულმა ქანთარიამ იგივე ხრიკი ჯეროვნად ვერ გამოიყენა - ამჯერად ბურთი კარს ზემოდან გადაევლო.

"ჩიხურას" დამრიგებელმა თამაშში გარდატეხის შეტანა ტაქტიკური გადაადგილებით სცადა, მაგრამ ეს ეფექტური არ აღმოჩნდა. პირიქით, მეორე ტაიმში "მერანის" უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა. მასპინძლებმა უკვე მთლიანად ჩაიგდეს ხელში თამაშის სადავეები და მშვიდად აკონტროლებდნენ ვითარებას.

"ჩიხურას" ცდა არ დაუკლია, მაგრამ მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან მიახლოება და რეალური ხიფათის შექმნა უჭირდა. "მერანმა" კი პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული თამაშის გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კარგი მაჩვენებლითაც დაგვამახსოვრა თავი.

53-ე წუთზე გიორგი ციმაკურიძემ ბენჟამინ ტეიდი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. საჯარიმოში ტეიდსა და შოთა კაშიას შორის ორთაბრძოლისას ორივე ფეხბურთელი წაიქცა, არბიტრმა სტუმართა მცველი დაადანაშაულა და 11-მეტრიანთან ერთად, ყვითელი ბარათითაც დასაჯა, პენალტი კი უნაკლოდ შეასრულა აკაკი წყაროზიამ - 2:0.

ამის შემდეგ "ჩიხურამ" რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი შექმნა. გამოსარჩევია საბა ლობჟანიძისა და კაშიას დარტყმები, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა. ყველაზე რეალური მომენტი მაინც თორნიკე გორგიაშვილს ჰქონდა. მისი თავური მარტვილელთა კარის დარაჯმა რის ვაივაგლახით მოიგერია.

"ჩიხურა" მაინც ცდილობდა გატანას, მაგრამ ამ დროს სტუმრებმა მოედნის ცენტრში უხეში შეცდომა დაუშვეს და განვითარდა შეტევა, რომელიც ლევან წოწონავას მიერ საშუალო დისტანციიდან გატანილი გოლით დასრულდა - 3:0.

მოკლედ, მარტვილში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი შედგა. მერანელებმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კიდევ ერთხელ გაახარეს გულშემატკივრები და ნანატრი ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვეს.

საქართველოს თასი. 1/2-ფინალი
02.11. მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:0
გოლები: 1:0 ქანთარია (34. შულაიას პასით), 2:0 წყაროზია (53-პენ), 3:0 წოწონავა (90)
მერანი: კუპატაძე, გიორგაძე, ციმაკურიძე, ორბელაძე, გეგია, წყაროზია, ტეიდი, ლომაშვილი, ჯიქია (67. წოწონავა), ქანთარია (83. ანთია), შულაია (90. ლუკავა).
სათადარიგოები: მამალაძე, თოლორდავა, ჯიჯელავა, ქაჯაია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. გრიგალაშვილი (83. კაკუბავა), შ. კაშია, რეხვიაშვილი, განუგრავა, გვალია, ლექვთაძე, ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (75. კორიფაძე), ლობჟანიძე, ტატანაშვილი.
სათადარიგოები: სეფიაშვილი, დეკანოიძე, მუმლაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
გაფრთხილება: შ. კაშია (53), განუგრავა (59), შ. ჯიქია (63), გორგიაშვილი (71)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
არ დაგავიწყდეთ რომ მერანს მხოლოდ ერთი წაგება აქვს მიმდინარე ჩემპიონატში და -9 უსამართლოდ ჩამორთმეული ქულა
რეზი
19:36 03-11-2016
0
კარგით რა ხალხო რა გაყიდული რის გაყიდული თამაში მერენმა ითამაშა და მოიგო..კი ვარ ჩიხრას ფანი ეს ფეხბურთია და მოხდა ესე რომ ვინც ითამაშა ნამდვილად გულიანად მოიგო იმან...გრანდები რო გრანდებია. ისინი აგებენ თამაშებს ისეთ გუნდებთან რომ შეიძლება მეორე დღეს 9 თამაში წააგოს ზედიEდ მაგრამ ეს ფეხბურთია...ფეხბურთში იგებს ის ვინც ბოლომდე იხარჯება ...
shio
16:50 03-11-2016
0

სიახლეები პოპულარული