"გუნდში კაცები გვყავს, ვინც ღირსებისთვის თამაშობენ და არა - ფულისთვის!"

AutoSharing Option
18 მაისს, საქართველოს თასის გათამაშების ფინალში პრესტიჟული ჯილდოსთვის თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" იბრძოლებენ. თუ "სიონი" მოიგებს, ევროპალიგაზე დაიცავს საქართველოს ღირსებას. ბოლნისელებს ეროვნული ჩემპიონატიდანაც აქვთ ევროასპარეზზე გასვლის მცირე შანსი...

"ლელო" "სიონის" გენერალურ დირექტორს, ლადო ბურდულს გაესაუბრა...

- მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა, ალბათ მიმდინარე კამპანიას "სიონისთვის" დადებითად აფასებთ...
- თამამად შეიძლება, "სიონისთვის" სეზონი ორ ნაწილად დაიყოს. პირველ წრეში, მოუმზადებელმა გუნდმა, რომელსაც ჰქონდა მწირი პირობები, აჩვენა ძალიან კარგი შედეგი და ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მეორე წრეში გუნდს ჰქონდა უკეთესი პირობები,
თუმცა შედეგი შედარებით მოკრძალებულია. პირობებში თუნდაც იმას ვგულისხმობ, რომ გვქონდა ნაყოფიერი უცხოური შეკრება, ფეხბურთელები წარმატებული მატჩებისთვის იღებენ პრემიებს და ასე შემდეგ...

ჩემპიონატში ჩვენი კალენდარი ისე იყო აწყობილი, თავიდანვე ვიცოდით, რომ ქულების უმრავლესობა უნდა აგვეკრიბა ბოლო სტადიის დაწყებამდე, როცა ერთიმეორის მიყოლებით ვხვდებით ძლიერ გუნდებს. რამდენიმე ისეთი თამაში ვერ მოვიგეთ, რომელშიც ძალიან რეალური იყო ჩვენი გამარჯვება. ეს მატჩები რომ მოგვეგო, ახლა აუცილებლად ევროზონაში ვიქნებოდით.

ნებისმიერ შემთხვევაში, "სიონისთვის" ეს სეზონი წარმატებულად უნდა ჩაითვალოს. გუნდი გავიდა საქართველოს თასის ფინალში, სადაც 2003 წლის შემდეგ არ უთამაშია. ეს უკვე დიდი წარმატებაა. მაშინ "სიონი" თბილისის "დინამოს" ეთამაშა და იმ "დინამოში" მე ვთამაშობდი...

ერთი სიტყვით, ყველა ფეხბურთელს, ყველა თანამშრომელს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ ფინალი ჯერ კიდევ წინაა, ძალიან დასამახსოვრებელი სეზონი გამოვიდა. იყო მატჩები, რომელსაც ძნელად თუ დავივიწყებთ - "ტორპედოსთან", ბათუმის "დინამოსთან", "ჩიხურასთან"...

მე არაერთ გუნდში მითამაშია, მაგრამ არ მინახავს ისეთი შეკრული გუნდი, როგორიც ამ ფორმაციის "სიონია". ერთი დიდი ოჯახიო, სწორედ "სიონზეა" ნათქვამი.

- რა იყო ის მცირედი, რაც დააკლდა "სიონს" იმისთვის, რომ ჩემპიონატიდან ევროასპარეზზე გასვლის რეალური შანსი ჰქონოდა?
- ჩვენ ყველა შეხვედრას ვაანალიზებთ. არასოდეს მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ჩავრეულიყავი მწვრთნელის კომპეტენციაში, უბრალოდ, ვამბობ საკუთარ აზრს. მეც ფეხბურთელი ვიყავი, მეც მინახავს რაღაც და ეს ბუნებრივია. მიმაჩნია, რომ ის მცირედი, რაც თქვენ ახსენეთ კითხვაში, იყო კონკრეტული მეტოქეების შეუფასებლობა და კონკრეტული თამაშისთვის არასათანადოდ მომზადება.

არადა, ჩვენს თამაშში პროგრესი თვალსაჩინოა. საქართველოს თასის ნახევარფინალში, "ვიტ ჯორჯიასთან", ერთ-ერთი გოლი მას შემდეგ გავიტანეთ, რაც 55 პასი გაკეთდა. შეიძლება, ვინმემ შეგვახსენოს, "ვიტ ჯორჯიაა" პირველი ლიგის გუნდიო, მაგრამ ეს გუნდი ფიზიკურად შესანიშნავადაა მომზადებული. იქ არიან კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები...

- გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს თასის ფინალში ფავორიტად თბილისის "დინამოს" მიიჩნევენ. თქვენ როგორ ფიქრობთ?
- არ მინდა, ბანალური პასუხი გამომივიდეს, მაგრამ მე შანსებს 50/50 ვაფასებ - ეს ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ თასის ფინალს არ ჰყავს ფავორიტი. "დინამოს" აქვს უკეთესი პირობები, უფრო ღრმა შემადგენლობა და უკვე მოიგო მარათონი - საქართველოს ჩემპიონატი. თასის ფინალი სხვაა, ეს ერთი კონკრეტული მატჩია. თან შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე შედგება.

თუ "სიონი" შეძლებს, თავისი თამაში ითამაშოს, თუ მოვახერხებთ, რომ დამაჯერებლად ვაკონტროლოთ ზონები, ჩვენი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება.

- გულწრფელად გვითხარით, თქვენი, როგორც ოდინდელი დინამოელის გული ორად არ გაიყოფა?
- მე ისეთი დინამოელი ვარ, ბარე ორი შემეჯიბროს დინამოელობაში. "დინამო" ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და როცა ეროვნულ სტადიონზე გავდივარ, თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის ვიქნები "დინამოს" ქომაგი.

ახლა კი მე "სიონს" წარმოვადგენ და ამ შეხვედრაში ჩემი გუნდის წარმატება გამახარებს. მგონი, აქ უცნაური არაფერია. ყველა ნორმალურ ადამიანს ასეთი განცდა ექნება.

- აუცილებლად უნდა გკითხოთ არმაზ ჯელაძეზე. ის დიდი ხანია არ არის, რაც მთავარი მწვრთნელია, თუმცა "სიონში" შინაური კაცია...
- არმაზ ჯელაძეს მე ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად მივიჩნევ. ადრე, მე რომ მოვედი გუნდში, თავისი სურვილით, ობიექტური მიზეზით დაწერა განცხადება. მერე ისევ ჩვენთან გააგრძელა მუშაობა. მთელი ოთხი წლის განმავლობაში არმაზ ჯელაძე არის ჩემი მარჯვენა ხელი. ის უზომოდ პატიოსანი ადამიანია, საქმის ჩუმად კეთება ურჩევნია...

შედეგების მიხედვითაც შესანიშნავი წარსული აქვს. ავიღოთ თუნდაც რუსთავში გატარებული პერიოდი - აქეთ საქართველოს ჩემპიონობა, იქით ევროთასებზე ორი ეტაპის გავლა...

საერთოდ, ჩვენი გუნდისთვის სეზონი შედგა. ყველამ შესანიშნავად გააკეთა თავისი საქმე. თუნდაც ის რად ღირს, ყოველგვარი შეფერხების გარეშე რომ ავიღეთ ლიცენზია. ჩვენ თასის ფინალს ვუყურებთ როგორც ცალკე თამაშს, ცალკე პლანეტას. თუ მოხერხდება მისი დაპყრობა, ძალიან კარგი იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ - ფინალის შედეგის მიუხედავად, "სიონისთვის" ამ სეზონს წარმატებულად ვაფასებ.

- თასის ფინალი გამორჩეული მატჩია და ფეხბურთელებს ფინანსურად გამორჩეულადაც ხომ არ წაახალისებთ?
- გთხოვთ, პირდაპირ დაწერეთ: ჩვენ გუნდში ისეთი კაცები გვყავს, რომლებიც ღირსებისთვის თამაშობენ და არა - ფულისთვის! სხვათა შორის, ვცადე ამ თემის წინ წამოწევა და ფეხბურთელებმა თავადვე მაგრძნობინეს, რომ ეს მათთვის არ არის მნიშვნელოვანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
შუხუთელების მაგალითი უნდა გადმოვიტანოთ ფეხბურთში ! ორი სოფელი ერთმანეთშ არაფერს უთმობს, მხოლოდ და მხოლოდ სახელის გამო ! მოკლედ, მხოლოდ ფულის გამო არ უნდა ირბინო მოედანზე, სპორტი ცოტა სხვა რამაა, ვისაც ეს არ ესმის, მათ თავი უნდა დაანებონ ბურთის გორებასაც, ძალოსნობასაც, ტყორცნასაც და ჩოგნის ქნევასაც ! :)
Eric cantona
10:59 16-05-2016
0
Burton ... ს და მაგნაირებს.. არაკაცების ადგილი არსად არ არის, ჯერ ღირსება და კაცობა უნდა გქონდეს სანამ რამეს დააპირებ, მერე სპორტსმენი უნდა იყო და ვინც გინდა გინდ ტრაქტორისტი.. ვისაც ვერ გაუგია ღირსებისთვის თამაში რას ნიშნავს, იმას ღირსება ესმის საერთოდ? აბა ვინ გაბედავს იკითხოს დავით ყიფიანს და დიდ დინამოელებს ხელფასი რამდენი ქონდათ და რისთვის თამაშობდნენ? ფეხბურთი ფულით არ დაწყებულა, გუნდები თავიანთ ქალაქს თუ მხარეს წარმოადგენდნენ და თავიანთი ხალხის გულისთვის თამაშობდნენ, მთავარი იყო ვინ ვის აჯობებდა თამაშში და არა ხელფასის რაოდენობაში. ... თამაში რომ ფულით იზომებოდეს მაშინ ყოველ წელს მანჩესტერი უნდა იყოს ჩემპიონი და არა ლესტერი. ლესტერის მერე ხმას როგორ იღებთ, გუნდმა თავზე დაახია ყველას ფულის ტომრები, და თავის დროზე ინგლისში დავით ყიფიანს ”შეცოდებით” ფული რომ აჩუქეს - ზედ ავტოგრაფი დააწერა და კაცურად დაუბრუნა მთელი მოდგმით გამოქლიავებული რომ დატოვა.
გოგი
09:10 16-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული