მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?

AutoSharing Option
ფოტოზე: სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი რაჭაში
უეფას ახალი პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვები საქართველოში ბევრს გულზე მოხვდა, მაგრამ ეს რეალობაა: სლოვენიაში (რომლის მოსახლეობაც 2,1 მილიონია) 40 ათასი მოთამაშე ყოფილა. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე 3,5-მილიონიან საქართველოში, სადაც სულ 11 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელია...

წინსვლის გარანტია
...თუმცა რა გვიკვირს, ევროპის ჩემპიონატის დროს კიდევ უფრო გასაოცარი ციფრები შევიტყვეთ: 340-ათასიან ისლანდიაში 23 ათასი ფეხბურთელია, მათ შორის, 8 ათასი - ქალბატონი. ანუ ამ კუნძულზე ბურთს თითქმის იმდენივე გოგონა დასდევს, რამდენი ვაჟიც - საქართველოში, სადაც ათჯერ მეტი მოსახლეა.

თავის დროზე, ამ საკითხებზე ყურადღებას ჯერ კიდევ "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები - ლევან ყიფიანი, გოჩა ჯამარაული და მიხეილ ყაველაშვილი ამახვილებდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთის მასობრიობისთვის უკვე მეორე პროექტის განხორციელება დაიწყო: ჯერ იყო თბილისის სამოყვარულო 16-გუნდიანი ლიგა, რომელიც წლეულს გაფართოვდა, უკვე რაიონებშიც ჩატარდება და 250 გუნდი და 5 ათასამდე მოყვარული ითამაშებს.

მასობრიობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის უბნების ჩემპიონატი, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყო. ეს ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდასთან ერთად, მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ისახავს.

ტურნირი ხუთ დღეს გაგრძელდება. მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც ითამაშებენ. ტიტულისთვის 16 გუნდი იბრძოლებს: 15 - თბილისის უბანს წარმოადგენს, ერთიც ფეხბურთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა. თამაშები ღია ცის ქვეშ, "მზიურში" (რამიშვილის ქ. 31) მდებარე სტადიონზე გაიმართება, ფინალი კი 4 სექტემბერს დაიგეგმა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ, ხოლო გამორჩეულ ფეხბურთელებს - ჯილდოები.

სტადიონები ყველა რეგიონში
ამ პროცესის ნაწილად აღიქმება ის ამბავი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა: სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია იწყება. მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტადიონებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი გეგმებიც მოხაზეს.

წლეულს რეგიონული ლიგის მონაწილეთა რაოდენობა 21 გუნდით გაიზარდა და ცხადია, სტადიონები არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, ძველების რეკონსტრუქცია გახდა აუცილებელი. სამინისტროს პრესრელიზიდან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მოედნები უეფას სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. ამის მიზანი კი ის არის, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცეთ, რეაბილიტირებულ სტადიონებზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რანგის შეხვედრებსაც უმასპინძლონ.

ამ სტადიონების რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 2017 წლის ივნისისთვის 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა უნდა დასრულდეს.

ეს ყველას საქმეა...
ამ თემას სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ: ცნობილია, რომ ბოლო წლებში, სხვადასხვა მიზნით, არაერთი მოედანი თუ არენა გადასცეს კერძო საკუთრებაში და სტადიონების რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდა.

ბოლო მაგალითი წყნეთში მოხდა, სადაც სტადიონის ტერიტორია გაიყიდა და იქ მშენებლობა დაიგეგმა, დაბა კი უსტადიონოდ დარჩა. არადა, ზაფხულში ბავშვების მოსამზადებლად წყნეთი იდეალური ადგილია. მაგრამ პრივატიზაციისას ამას ვინ დაგიდევდათ?..

რაც მეტ რაიონსა და სოფელს მოიცავს ფეხბურთი, მით უფრო გაიზრდება ძველი სტადიონების გასხვისების იმედი. სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კი მინიშნება იყო, რომ ეს სტადიონები მათი ინტერესის სფეროშია და რომ მათ არავინ გაეკაროს.
ასე უფრო რეალური გახდება ფეხბურთის ფედერაციის ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც არის, ყველა სოფელში ჩამოყალიბდეს გუნდი და მოეწყოს სტადიონი. დიდი ფეხბურთი მხოლოდ ასე გაგვიცოცხლდება. ეს კი ყველას საქმეა - ფედერაციის თავკაცებისაც და მის მიღმა დარჩენილებისაც.

და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იმედია, წლების შემდეგ მაინც გვეღირსება ის ფეხბურთი, რომელსაც სწორედ უსტადიონობისა და რაიონებში ფეხბურთის ჩაკვლის გამო ვერ ვთამაშობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
რაგბი და ფეხბურთი არასოდეს შეადარო ჩემო ძმაო. თუმცა მათ ყველაფერი ღირსეულად და დამსახურებულად მოიპოვეს!!! ფეხბურთი სულ სხვა რამ არის.
Dragonfly
04:44 06-10-2016
1
ტუ ეს განხორციელდა და საარცევნო ტყუილი არ ახმოცნდა ცალიან კარგი იქნება
1

სიახლეები პოპულარული