მანოლო იერო: "საბურთალო" საემიროებისა და ესპანეთის კლუბებს ვამჯობინე

AutoSharing Option
მანოლო იერო თბილისში ჩამოვიდა და "საბურთალოში" საქმიანობას შეუდგა. მან კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, გაეცნო მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს, აკადემიის დირექტორ გიორგი დეკანოსიძეს და მათთან უახლოეს გეგმებზე ილაპარაკა:

"გარკვეული ინფორმაცია "საბურთალოსა" და საქართველოზე აქამდეც მქონდა. ვიცი, რომ "ლოკომოტივში" ესპანელი სპეციალისტი მუშაობს, საქართველოში თამაშობდა ჩისკო, ახლა კი - მიკელ ალვარო.

ნელ-ნელა, კლუბსა და აკადემიასაც ვეცნობი, მოზარდი ფეხბურთელების ვარჯიშს დავესწარი და ჩანს, რომ მწვრთნელები დიდ ყურადღებას აქცევენ დისციპლინას, რაც აუცილებელია. პირველი შთაბეჭდილებებიც დადებითია. მჯერა, ჩვენი მუშაობა შედეგიანი და წარმატებული იქნება.

უახლოეს დღეებში
გავეცნობი სკოლის მწვრთნელებს, შევხვდები ბავშვების მშობლებსაც", - ამბობს იერო.

ახალი სპორტული დირექტორი "საბურთალომ" მასმედიასაც წარუდგინა. "ბენდელას" სტადიონზე გამართული პრესკონფერენცია "საბურთალოს" ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ გახსნა:

"ჩემთვის პატივია, რომ "საბურთალოს" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ესპანელ სპეციალისტს წარვადგენ. მანოლო იერო კლუბში ორი წელი იმუშავებს. თუ მანოლოს მუშაობა წარმატებული იქნება, ხელშეკრულებას გავაგრძელებთ.

მას ევალება როგორც მთავარი გუნდის, ასევე სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის კურირება. მასთან მოლაპარაკება, თავის დროზე, კახა ჭუმბურიძემ წამოიწყო, რომელიც "საბურთალოს" გენერალური დირექტორი გახლდათ. გემახსოვრებათ, რომ გასული წლის ოქტომბერში თბილისში ლეგენდარული ფერნანდო იერო იმყოფებოდა. მისი ვიზიტის მერე ესპანელებთან ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა.

როგორც ხედავთ, ფერნანდოს ძმა, მანოლო, ახლა უკვე საბურთალოელია...

ჩვენი კლუბი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადის. ვფიქრობთ, ძალიან ძლიერი და წარმატებული სპეციალისტი მოვიწვიეთ, ჩვენ მისი გვჯერა და გვეიმედება. იცით, რომ მომავალი სეზონიდან უმაღლეს ლიგაში ჩემპიონატის ფორმატი იცვლება და უმაღლეს ლიგაში 10 საუკეთესო გუნდი დარჩება. აქედან გამომდინარე, შედეგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს...

სხვათა შორის, თავიდან მასზე "ვიკიპედიაში" არსებული არასრული ინფორმაცია გავრცელდა. მე კი გეტყვით, რომ მანოლო არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელის ძმაა, არამედ ლა ლიგაში თავადაც წარმატებული კარიერა ჰქონდა. მერეც მოთხოვნადი სპეციალისტი გახლდათ.

2000-დან 2009 წლამდე იყო "მალაგას" სპორტული დირექტორი, ანუ იმ პერიოდში, როცა ამ გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ 2012-16 წლებში მანოლო იერო ერთ-ერთ ესპანურ ტელევიზიაში საფეხბურთო კომენტატორად მუშაობდა და შიდა ტურნირების გარდა, საერთაშორისო მატჩებიც მიჰყავდა.

ამავე დროს, მას აქვს პრო-სამწვრთნელო ლიცენზია. სახელმწიფო პროგრამა გრძელვადიანი მუშაობის საშუალებას გვაძლევს და ეს ნაბიჯი ამიტომაც გადავდგით".

დავინახე მონდომება, ნიჭი და საინტერესო ახალგაზრდები
მანოლო იერო:
- უკვე გაიგეთ, სპორტული კომენტატორი ვიყავი. ასე რომ, მოგესალმებით, როგორც კოლეგებს!..

ქართულ კლუბში ორი მიზეზის გამო ჩამოვედი. პირველი - "საბურთალოზე" ძალიან კარგი დახასიათება მივიღე, კლუბის ხელმძღვანელები ყველაფერს აკეთებენ, წარმატებულები რომ იყვნენ და მისით ამიტომაც დავინტერესდი. მეორე ფაქტორი ის არის, რომ მომეწონა გუნდი, ნიჭიერი ბავშვები შევნიშნე - მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და მინდა, მათი და, ასევე, კლუბის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა. 

ყველაფერი გავაანალიზე და მიუხედავად იმისა, რომ სხვა შემოთავაზება მქონდა საემიროებისა და ესპანეთის კლუბებიდან, არჩევანი "საბურთალოზე" შევაჩერე.

სიმართლე გითხრათ, სამუშაოდ ისეთ ადგილას არ წავალ, სადაც მიზნები და განვითარების გეგმა არ აქვთ. ამ შემთხვევაში, "საბურთალო" წარმატებისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- საქართველოსა და ჩვენს ფეხბურთზე რა ინფორმაციას ფლობთ?
- ჩამოსვლამდე გავეცანი არა მხოლოდ ქართულ ფეხბურთს, არამედ მთლიანად საქართველოს. ორიოდე დღეა, რაც აქ ვარ და თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მადლობა კლუბის ხელმძღვანელებს, რომლებისგანაც დიდ ყურადღებას ვგრძნობ...

პირადად, ქართულ ფეხბურთზე იმედებს ვამყარებ. ხარვეზები და პრობლემები არის, მაგრამ ბავშვთა ფეხბურთი სწორი მიმართულებით თუ განვითარდება, მდგომარეობიდან გამოსვლაც შესაძლებელია და გარკვეული შედეგების მიღწევაც. გავიცანი კლუბის მთავარი მწვრთნელი, აკადემიის დირექტორი... ვისაუბრეთ, საქმიანობის მონახაზი გავაკეთეთ და მუშაობას შევუდექით.

ვნახე "საბურთალოს" მატჩები, ასევე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამხანაგური მატჩი... დავინახე მონდომება, ნიჭი და საინტერესო ახალგაზრდები. ვინც "საბურთალოში" ირიცხება, ისეთ ფეხბურთელებად უნდა გავზარდოთ, ევროპის წამყვან კლუბებსა და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში რომ დაიმკვიდრონ ადგილი.

- ესპანურ გუნდებთან ამხანაგურ შეხვედრებს თუ გეგმავთ?
- შესაძლოა. აქ ხომ იმიტომაც ჩამოვედი, ესპანეთსა და საქართველოს შორის კავშირი რომ დამყარდეს.

- შესაძლოა, რომ თქვენთან ერთად კლუბში სხვა ესპანელი სპეციალისტი და ფეხბურთელებიც ვიხილოთ?
- კლუბს ახლა ვეცნობი და თუ მომავალში ამის საჭიროება გაჩნდება, შესაძლოა, სხვადასხვა რგოლში მართლაც მოვიწვიოთ ესპანელები. მთავარია, კლუბს როგორი პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით.

- თქვენ "ბარსელონაში" თამაშობდით, თქვენი ძმა, ფერნანდო იერო კი, "რეალის" კაპიტანი იყო. ოჯახში საფეხბურთო თემაზე კონფლიქტი არ მოგდიოდათ?
- (იცინის) როდესაც "რეალი" აგებს, ვუკავშირდები და დახმარებას ვთავაზობ. ასეა ფერნანდოც, თუ "ბარსა" აგებს. რა თქმა უნდა, ეს ხუმრობაა, ჩვენ ერთმანეთში ძალიან თბილი და კარგი ურთიერთობა გვაქვს.

მე კატალონიური კლუბის სიყვარული მამისგან გამომყვა - ისიც "ბარსელონას" გულშემატკივრობდა. მე ამ გუნდის სტილი ბავშვობიდან მომწონდა და მიმაჩნია, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს სწორედ "ბარსელონა" თამაშობს. მინდა, საქარველოში სწორედ ეს ფილოსოფია და სავარჯიშო მეთოდიკა ჩამოვიტანო...

სხვათა შორის, ოჯახში სულ 5 შვილი ვიყავით, მესამე ძმაც ფეხბურთელი იყო და "მალაგაში" თამაშობდა. ჩვენი ოჯახი კი ამ ქალაქიდანაა და რეალურად, ყველა "მალაგას" ვგულშემატივრობთ.

- "მალაგადან" რატომ წამოხვედით?
- კლუბში მაშინ მივედი, როცა აღმავლობას განიცდიდა, მაგრამ მერე და მერე ბევრი რამ შეიცვალა. სადაც დისკომფორტს გრძნობ, მხოლოდ იმიტომ ვერ გაჩერდები, რომ იმუშაო. დღემდე რომანტიკოსად ვრჩები და ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიყო იქ, სადაც საკუთარ თავში პროგრესს დავინახავ და მუშაობა მესიამოვნება.

დოსიე
მანოლო იერო
დაიბადა 1962 წელს, მალაგაში (ესპანეთი)
პოზიცია: ცენტრალური მცველი

საკლუბო კარიერა
1980-84 მალაგა B
1981-86 მალაგა 51 (4)
1986-88 ვალიადოლიდი 57 (4)
1988-90 ბარსელონა 0 (0)
1988-89 ბეტისი 24 (1)
1989-94 ტენერიფე 74 (4)
სულ, ძმასავით ცენტრალურმა მცველმა მანოლო იერომ ლა ლიგაში ჩაატარა 175 თამაში და 15 გოლი გაიტანა.

სანაკრებო კარიერა
1988 ესპანეთიU21
1988 ესპანეთიU23

სამსახურებრივი კარიერა

2000-09: მალაგა (სპორტული დირექტორი); 2009-10: პუერტელანო (მწვრთნელი); 2010-12: ფუენლაბრადა (სპორტული დირექტორი); 2012-16: სპორტული კომენტატორი; არის უეფას PRO-ლიცენზიის მფლობელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს აქედან ორ კვირაში გაიქცევა! ესპანელებს კარგათ ვიცნობ. მაგათ უყვართ თავდაუზოგავი შრომა, თუ ფეხი არ აუწყეს და მაგის ტემპში არ იმუშAვეს ეგ აქ ვერ გაჩერდება. შAნსი არაა.
nika
15:58 03-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული