სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
რატი წინამძღვრიშვილი: გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა
AutoSharing Option
10:03 21-02-2016
ორიოდე დღის წინ ქუჩაში შემთხვევით რატი წინამძღვრიშვილი ვნახე. 27 წლის კაცი გულდაწყვეტილი მელაპარაკა. გუნდი ვერ მოძებნა და, ალბათ, ფეხბურთიდან წავალო, მითხრა...

ეს ის თავდამსხმელია, რომელიც გულშემატკივარმა ასაკობრივი ნაკრებებიდან და ბევრისთვის საყვარელი კლუბიდან, თბილისის "ამერიდან" გაიცნო. უმაღლეს ლიგაში 16 წლისამ ითამაშა, ხოლო 17-სამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა მოირგო (სულ 3 მატჩი).

2006 და 2007 წლებში წინამძღვრიშვილმა "ამერთან" ერთად ორჯერ მოიგო საქართველოს თასი, თავად კი პირველ ფინალში "ზესტაფონს" ულამაზესი თავური გაუტანა. 2011 და 2012 წლებში, ახლა უკვე "ზესტაფონთან" ერთად, ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა, ხოლო იმავე "ამერთან" და "ზესტაფონთან" ერთად 5-ჯერ (2007, 2008, 2012, 2013, 2014) გახდა სუპერთასის გამარჯვებული.

...მაგრამ "ზესტაფონის" მერე წინამძღვრიშვილს კარიერა აერია. 2013 წლიდან ითამაშა საჩხერის "ჩიხურაში", თბილისის "სასკოში", თერჯოლის "საპოვნელასა" და "ჭიათურაში"... თუმცა საკუთარი შესაძლებლობები ვეღარ გამოავლინა...

- ბოლოს "ჭიათურაში" ვთამაშობდი, - თქვა რატიმ საუბრის დასაწყისში, - კლუბში ფინანსური პრობლემები იყო და წამოვედი. ველოდებოდი, რომ ვინმე დამიკავშირდებოდა, მაგრამ... არავინ დაინტერესებულა და ისევ უგუნდოდ ვარ. ძალიან მწყდება გული... გამოდის, რომ ფეხბურთს უნდა შევეშვა... ყველანაირი იმედი გადამეწურა. მწვრთნელების შეწუხებაც მერიდება, გუნდში აყვანას ვერავის ვთხოვ... სიმართლე გითხრათ, დაბალი ხელფასის გამო, თამაში აღარც მიღირს.

- აღარ გიღირთ თუ აღარ გინდათ?
- როგორ არ მინდა?! ფეხბურთი უზომოდ მიყვარს. მაგრამ ძალიან დიდი წვალებაა, ხელფასები კი - მეტისმეტად დაბალი. 1000 ლარი ბევრგან ზღაპრულ ანაზღაურებად ითვლება.

- აბა, რას აპირებთ?
- წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა ვაკეთო უფეხბურთოდ. ამ ნაბიჯის გადადგმა მიმძიმს, მაგრამ სხვა გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. რომ იცოდეთ, ჩემსავით ფიქრობს პირველი ლიგის ფეხბურთელთა 95 პროცენტი. სწორედ უფულობის გამოა, გამოცდილ მოთამაშეებს ბავშვებს რომ ამჯობინებენ.

- საქართველოს ნაკრებში დებიუტი 17 წლის ასაკში გქონდათ, მაგრამ შესაძლებლობები ვერ გამოავლინეთ. გულახდილათ თქვით, რა იყო მიზეზი?
- ბევრი ფიქრობს, რომ საქმეს ზერელად ვეკიდებოდი. შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც იყო. მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი, რომ ფეხბურთით არ ვცხოვრობდი. თან, იმდენი ოპერაცია გავიკეთე... ცხადია, ამას უკვალოდ არ ჩაუვლია.

- რამდენი ოპერაცია დაგჭირდათ?
- ნახევარი წლის წინ მეცხრედ დავწექი საოპერაციო მაგიდაზე. ბოლოს მენისკის პრობლემა მქონდა. სამჯერ გამიწყდა ჯვარედინი იოგები, ორჯერ მხარი მომტყდა, ერთხელ კუჭის ოპერაცია დამჭირდა... და რა ვიცი, რამდენი უბედურება გამოვიარე.

მაგრამ მთავარი ჯვარედინი იოგების პრობლემა იყო, ამან დამღუპა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, თამაში მაინც მსურს. ყველა ტრავმას კონკრეტული მიზეზი აქვს. მაგალითად, კუნთი რომ უწყდებათ, ხშირად, ამის მიზეზი თავად ფეხბურთელის არაპროფესიონალიზმია, ცუდად ხურდება ან არასწორად იტვირთება. მაგრამ ჩემი პრობლემების თავიდან აცილება შეუძლებელი იყო. ჯვარედინი იოგები პირველად თამაშის დროს გამიწყდა - გავრბოდი და უცებ საშინელი ტკივილი ვიგრძენი...

მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში დროული და ხარისხიანი მკურნალობა შეუძლებელია.

- რატომ არის შეუძლებელი?
- იმიტომ, რომ მოთამაშეებს თითქმის არც ერთი კლუბი არ აზღვევს, მკურნალობასა და ხარჯების ანაზღაურებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

- ამის გამო, ფეხბურთს ბევრი ნიჭიერი ბიჭი შეეშვა...
- დარწმუნებული ვარ, მათ გზას კიდევ ბევრი გაჰყვება, სანამ ვითარება არ გამოსწორდება. მოთამაშეთა 99 პროცენტი ტრავმას საკუთარი სახსრებით მკურნალობს, და ეს მაშინ, როცა ხელფასები ძალიან დაბალია და ძვირადღირებული ოპერაციები ბევრისთვის მიუწვდომელია.

ახლახან, თურქეთიდან დამიკავშირდნენ და სამოყვარულო ლიგაში თამაში შემომთავაზეს. საბოლოოდ, ეს ვარიანტი გამოირიცხა, მაგრამ ნახეთ - სამოყვარულო ლიგაშიც კი 2000 დოლარს შემპირდნენ, რაც ჩვენს ფულზე 5 ათასი ლარია. ამხელა ხელფასები ჩვენს უმაღლეს ლიგაშიც არ არის. თურქულ სამოყვარულო ლიგაშიც კი ბევრად მეტს იხდიან და წარმოიდგინეთ, ჩვენ რა დონეზე ვართ!

- სამწუხაროდ, ქვეყანაც არ არის ისეთი ძლიერი, კლუბებმა მოთამაშეებს დიდი ხელფასები რომ უხადონ...
- მე კი არ ვამბობ, ქართველი ფეხბურთელები "დავფრინავთ" და მილიონებს ვიმსახურებთ-მეთქი. მაგრამ ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სახეობაა და მას თავისი მოთხოვნებიც აქვს, რომელსაც ჩვენ ვერ მოვწყდებით. საქართველოში კი არც ბევრი კარგი სტადიონი და ბაზაა, არც მაღალი დონის მოედნები, პირობებზე აღარაფერს ვამბობ და 1000-ლარიანი ხელფასებით და ასეთი პირობებით ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე ვერ გავალთ.

გული მიკვდება, ჩვენთან ფეხბურთი ისე ჩაკლეს...

- თბილისის "ამერში" ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობდა, მაგრამ უმრავლესობამ კარიერა ვერ აიწყო. ამის მიზეზი რაღა იყო?
- სამწუხაროდ, აღარც ბექა გოცირიძე ჩანს, აღარც ზურაბ გვაძაბია, აღარც გიორგი ელბაქიძე... მირზა ბჟალავა და დათო მჭედლიშვილიც დაიკარგნენ. ყველას ჰქონდა მიზეზი. ზოგი უყურადღებობას შეეწირა, ზოგი ტრავმას და ზოგიც - რას.

ახლა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანი შემორჩა, მაგალითად - რეზო თევდორაძე და გიორგი განუგრავა. თუმცა, მათ ბევრად მაღალ დონეზეც შეეძლოთ თამაში. სამწუხაროდ, როგორც ვატყობ, კარიერას მალე მეც დავასრულებ. არადა, რამხელა იმედით ვიწყებდი თამაშს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
dave
10:48 22-02-2016
რატი, კაი ბიჭი ხარ შენ და კარგი მონაცემებიც გაქვს..ცუდია მადენმარამვამ რომ შეგიშალა ხელი, მაგრამ მგონი არ უნდა მიატოვო ის საქმე რაც გიყვარს, მოიკრიბე ძალა და დაიწყე ვარჯიში თუნდა დავალი ლიგის გუნდში, ან წადი სომხეთში, აზერბაიანის, ირანის დაბალი ლიგის გუნდში... მანამდე მიდი იმ გუჯა კახაძესთან, ეგება მართლა იცის იმ ადამიანმა როგორ აღიდგინო ფორმა !
dato
10:06 22-02-2016
არაუშავს რატი ,ბოლო წლები მინდორზე მაინც მხოლოდ ბალეშიკების გინება გამოგდიოდა