[ოთხშაბათის საკითხავი] მიშელ, იქნებ ჩვენ მაგივრადაც გაიტანო!

AutoSharing Option
ფოტოზე: მიშელ პლატინი, ზეპ ბლატერი და ფრანც ბეკენბაუერი
გასული კვირა გამონაკლისი არ ყოფილა - ქართულ ფეხბურთში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. ამათგან ორი ისეთი იყო, განსაკუთრებულ ყურადღებას რომ იმსახურებს და იქნებ სანიშანსვეტოც იყოს ჩვენი ფეხბურთის გაცოცხლებისთვის...

სახელმწიფოს კეთილი ნება
დღეს ქართველი გულშემატკივარი სახელმწიფოს შეჰყურებს. სახალხო აზრი ასეთია - თუ ვინმე ან რამე უშველის ქართულ ფეხბურთს, ეს არის სახელმწიფოს გონივრული მიდგომა და კეთილი ნება.

სპორტის ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ძალიან კარგად იწყებს. კარგი დასაწყისი კი საქმის ნახევარია. პირველი ნაბიჯი, რომელმაც ქართულ ფეხბურთში კერძო
ინვესტიციის მატება უნდა გამოიწვიოს, უკვე გადადგმულია - სპორტში ქონების გადასახადი 1000-ჯერ შემცირდა.

დანამდვილებით ვიცით: ქართულ ფეხბურთში კანტიკუნტად შემორჩენილი კერძო ინვესტორები მოუთმენლად ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. ელოდნენ ისინიც, ვინც მთელი რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე განზე არიან გამდგარნი და მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობენ.

ისინი მაშინ აპირებენ ქართულ ფეხბურთში დაბრუნებას, როცა საამისოდ შესაბამისი პირობები შეიქმნება. ეს ის ხალხია, ქართულ ფეხბურთს მათი დაკარგვა რომ არ უღირს...

ღირსების საქმე
ისევ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებიდან: "სახელმწიფო უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთში 220-დან 250-მდე მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. შესაძლოა, მეტისაც. უნდა შედგეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა".

ჯერჯერობით, ხეჩიკაშვილის დაპირებებში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ გვაქვს. ეს კაცი რასაც ამბობს, აკეთებს.

ის თანხა თავისთავად და, თუ სწორედ ხეჩიკაშვილის მინისტრობის დროს შეიქმნა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეიძლება დაიწეროს - ის იქნება საქართველოს ისტორიაში სპორტის საუკეთესო მესვეური, რადგან თავს დაადგამს საქმეს, რომელიც ვერაფრით მოვაგვარეთ იმ დროიდან, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა.

ქართული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწერა, ისეთი პროგრამისა, ჩვენი ფეხბურთის უამრავი ჭირიდან ნაწილს რომ მაინც უწამლებს, სპორტის მინისტრისთვის ღირსების საქმე უნდა იყოს...

რატომ? რატომ? რატომ?
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა თითქმის "რეიმსშია", თუმცა ამ ტრანსფერზე უკვე დავწერეთ და დღევანდელ რუბრიკაში, ჯობია, ორ სხვა ამბავზე ვისაუბროთ, მით უმეტეს, სათქმელი არის.

საქართველოს ნაკრების ერთმა წევრმა და ერთმა კანდიდატმა ახალი კლუბები იპოვეს. ბაჩანა ცხადაძე მოლდოვური "მილსამისთვის" შეუტევს, გიორგი ფოფხაძე კი ალბანური "ფლამურტარის" უკანა ხაზის გამაგრებას ეცდება.

დავიწყებ ფოფხაძით. მას ვიცნობ სულ ღრმა ბავშვობიდან და ალალად უნდა ვთქვა, ღმერთის მადლობელი ვარ, ცხოვრებაში ასეთ ადამიანს რომ შემახვედრა. მე მინახავს მისი არაერთი კარგი მატჩი, მინახავს თუნდაც ისეთი თამაშები, სადაც ის, უბრალოდ, საუკეთესო იყო. ავიღოთ, თუნდაც, "ზესტაფონისა" და "შტურმის" თბილისური მატჩი.

მინახავს და ვერავინ გადამარწმუნებს: ფოფხაძეს შეუძლია მეტი, ვიდრე ალბანურ "ფლამურტარიში" თამაშია. გასაგებია, რომ დიდწილად მან ეს ნაბიჯი ნაცნობი ჩეხი მწვრთნელის გამო გადადგა, მაგრამ მაინც...

აქვე, ისიც ვაღიაროთ, რომ ალბანეთის ჩემპიონატმა საქართველოს პირველობას გვარიანად გაუსწრო. ჯერ ვნახოთ, რა ხელფასებს იხდიან იქაური კლუბები და მერე წლევანდელი ევროთასების დავთარსაც ჩავხედოთ...

ცხადაძის "მილსამი" კი მოლდოვის ჩემპიონია. მან აჯობა "შერიფსა" და "დაჩიას", მაგრამ... "მილსამი" მაინც "მილსამია", ბაჩანა კი აზერბაიჯანული "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი და ("ერთ-ერთის" გარეშე) საუკეთესო ბომბარდირი იყო.

როცა სუპერთასი გვაერთიანებს
სუპერთასი მთელ საქართველოში მოგზაურობს და ის აფხაზეთის საზღვართან ჩაიტანეს.

ფეხბურთის ფედერაციას ამ შემთხვევაში ჩანაფიქრი უნდა მოვუწონოთ - იყო დრო, აფხაზებთან თუ რამ გვაერთიანებდა, ერთ-ერთი იყო ფეხბურთიც და ამის მაგალითი არაერთია.

იმედია, მოვა დრო და ჩვენ კვლავ ერთად ვიქნებით აფხაზ ძმებთან. იმისიც გვჯერა, რომ დიდი ხნის წინათ ჩატეხილი ხიდის აღდგენაში ფეხბურთი უკანასკნელ როლს სულაც არ შეასრულებს.

იქნებ ჩვენ მაგივრადაც გაიტანოს?!
მიშელ პლატინის ფიფას პრეზიდენტობა სურს. ეს გასული კვირის ამბავია. პლატინის მორიგი იდეები, ისევე, როგორც წინა, პირდაპირ მისწრებაა ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის.

მისი მთელი მოღვაწეობა შეიძლება ერთადერთი წინადადებით დახასიათდეს: "შანსი პატარა ქვეყნებს". ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. პლატინის უნდა, რომ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე მონაწილე ნაკრებთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდოს.

ეს ჩვენი შანსია, თუმცა ჩვენივე ბედოვლათობა რომ ვიცით, ამ შანსის გამოყენებაც გაჭირდება...

ვთხოვოთ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას - იქნებ გოლი ჩვენ მაგივრად გაიტანოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
40-დე არ გვიშველის, 156-დე უნდა გაიზარდოს.....
მსქროლავი ტროლი
17:53 05-08-2015
0
ჯორდანო ხარ თუ დიდი ყურნა შენი საქილიკო არაფერი სჭირს ამ კაცს.უხარია ადამიანს და იმედიც არ დაუკარგავს როგორც ბევრ ჩვენგანს....სენნაირ პესიმისტებმა დაახვიეტ რა
dato123
16:52 05-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული