კანდიდატი: სუფთა კაცი

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისათვის იბრძოლებს - ეს გადაწყვეტილი ამბავია. სხვა კანდიდატებზე წერა კიდევ მოგვიწევს. დღეს კობიაშვილზე ვთქვათ.

ქართულ ფეხბურთში მორალურ ასპექტებს ხშირად გასავალი არ აქვს. მეტიც, არჩევნებს არაერთი ისეთი პიროვნების ავტორიტეტი შეურყევია, ძალიან რომ გვიყვარს და ვაფასებთ. იმედია, ასე არ იქნება კობიაშვილის შემთხვევაში...

კობის უფლება
არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანაკს ეკუთვნი, როგორ წარმოგიდგენია და გესახება ქართული ფეხბურთის "გზა ხსნისა", უნდა აღიარო - ლევან კობიაშვილს სრული მორალური უფლება აქვს, იბრძოლოს იმ ქართული ფეხბურთის პირველკაცობისთვის, რომლისგანაც, სამწუხაროდ, დღეს ბევრი არაფერია დარჩენილი.

კობიაშვილი ფეხბურთელი იყო და სანამ ახალ თანამდებობას შესჭიდებია, მისი ნაღვაწი, ქვეყნისთვის გაკეთებული საქმეები, მხოლოდ ფეხბურთელობის დროინდელი საწყაოთი უნდა შეფასდეს.

კობიაშვილი სანაკრებო რეკორდსმენია, მან საქართველოს პირველ გუნდში 100 მატჩი ჩაატარა და 15 წლის განმავლობაში სანაკრებო ასპარეზზე ისე ემსახურა ქვეყანას, ერთ საჩოთირო ეპიზოდსაც კი ვერავინ გაიხსენებს.

უარი გაზპრომს
დღეს "კობის" სათამაშო დამსახურებებზე არ ვისაუბრებთ. არც იმაზე, რას ნიშნავს ის ბუნდესლიგისთვის, "ფრაიბურგისთვის", "შალკესთვის", "ჰერტასთვის"... ეს სულ საფეხბურთო ამბებია.

ის კი უნდა გავიხსენოთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს ლევანმა არ ჩაიცვა "შალკეს" მაისურა, რომელსაც რუსული "დერჟავის" ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, "გაზპრომის" რეკლამა ამშვენებდა.

თითქოს არაფერი, მაგრამ ზურაბ ხიზანიშვილთან, კახა კალაძესა და სხვებთან ერთად, კობიაშვილმა ღირსეულად აუბა მხარი მძლავრ საპროტესტო ტალღას.

მენეჯერი
დაახლოებით ორი წელია, კობიაშვილი გერმანიაში სპორტულ მენეჯმენტს სწავლობს. ქართველ ფეხბურთელებს ზოგადად არ უყვართ სწავლა. როგორც წესი, მათ კარიერის განმავლობაში გამომუშავებული თანხა მშვიდი ცხოვრებისთვის ბოლომდე ჰყოფნით.

კობიაშვილი ამ მხრივაც გამონაკლისია. მან თავიდანვე განსაზღვრა თავისი მომავლის პრიორიტეტები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენება კი მის მიერ სპონტანურად არ მომხდარა - ლევანმა საკმაო ხანს იფიქრა და მერე გაახმაურა გადაწყვეტილება.

კობიაშვილის კანდიდატურის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი, ალბათ, მისი მაღალ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების არქონაა. სავარაუდოდ, ლევანს არჩევნებამდე მოუწევს საკუთარი გუნდის ფორმირება და ისეთი ხალხის გვერდით დაყენება, ქართულ ფეხბურთში ბევრი რომ უნახავთ.

გუნდი
ვინ შეიძლება მოვიაზროთ ლევან კობიაშვილის გუნდში? ალექსანდრე იაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, დავით მუჯირი... ეს ის ხალხია, მთელი კარიერა პროფესიონალურად რომ წარმართეს. მეტიც - ჩემი აზრით, თუ შოთა არველაძეს არ ჩავთვლით, ვინც პირადად ჩემთვის პროფესიონალიზმის მაგალითია, ქართულ ფეხბურთში პირველი ნაღდი პროფესიონალები სწორედ ეს ბიჭები არიან.

თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა პიროვნებამ სხვადასხვა დროს დააფიქსირა მზადყოფნა, გვერდით დაუდგეს კობიაშვილს საარჩევნო მარათონში.

ისიც გავიგეთ, რომ ლევანი უახლოეს მომავალში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და თავის საარჩევნო პროგრამაზე დაწვრილებით ლაპარაკს.

მკაფიო მესიჯი
მკაფიო და მძლავრი იყო ლევან კობაშვილის პირველი მესიჯი ქართული საფეხბურთო საზოგადოებისადმი. მან ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება, იყაროს კენჭი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში:

"თემურ ქეცბაიას მიერ 2010 წელს გაკეთებულ განცხადებას გავიხსენებ. მაშინ მან თქვა, რომ ქართული ფეხბურთი გაპარტახებული იყო, 2014 წლის ბოლოს კი ის ამბობს, რომ ქართული ფეხბურთი მკვდარია. მაშინ ამ ოთხ წელიწადში რა ხდებოდა? რა გზა გავიარეთ? აქ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება?

არა მხოლოდ ნაკრების მთავარი მწვრთნელის - ერთხელ და სამუდამოდ, ფეხბურთის ფედერაციამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ წარუმატებლობაზე, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება. ჩვენი პრობლემა მხოლოდ ეროვნული ნაკრები არ არის.

უამრავი სხვა სატკივარია, იგივე ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ლამის ყოველ წელს სხვადასხვა ფორმატით ტარდება. არ ჩანს, რომ ფედერაციას ერთი სტრატეგიული გზა, კონცეფცია გააჩნია, რომელსაც მიჰყვება. ამიტომ არის ქართულ ფეხბურთში ცვლილებები საჭირო, უპირველესად კი, იქ, საიდანაც ჩვენი ფეხბურთი იმართება - ეს არის ფეხბურთის ფედერაცია.

"ჰერტაში" ვმუშაობ, თავს კარგად ვგრძნობ და აქ ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ ჩემთვის უმთავრესია ქართული ფეხბურთი. აუცილებლად ჩამოვალ, ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას და გაძლევთ პირობას, რომ არასოდეს ვიტყვი - აქ სად ჩამომიყვანეთო", - თქვა კობიაშვილმა.

კალაძის ფაქტორი
კობიაშვილის მხარდამჭერთა შორის უნდა მოვიაზროთ საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ქვეყნის ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც.

ცხადია, საარჩევნოდ კალაძის ფაქტორს ბევრის გადაწყვეტა შეუძლია, თუმცა იმედი გვაქვს, სახელმწიფო არანაირი ფორმით არ ჩაერევა (ვის სასარგებლოდაც უნდა იყოს) ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში, რადგან მსგავსი რამ ქართულ ფეხბურთს ბუმერანგივით მოუბრუნდება. ეს უნდა იცოდეს ყველა სახელმწიფო მოხელემ და პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა.

თუ ჩვენს ფეხბურთში ერთხელ და სამუდამოდ არ დამკვიდრდა სამართლიანობის განცდა, თუ ერთხელ და სამუდამოდ არ მოისპო იმის შეგრძნება, რომ ფეხბურთი გარეშე ძალებმა უნდა მართონ, მართლა არაფერი გვეშველება.

ერთი კი ცხადია - ლევან კობიაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია და ეს ასე იქნება მანამ, ვიდრე საზოგადოება არჩევნების საბოლოო შედეგს არ შეიტყობს...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ხიზანიშვილს არაფერი აქვს მოსაწონი, გარდა ცოლისა. სალომე მართლაც რომ ულამაზესია.
saki
17:54 17-12-2014
0
sijinava miakolet qesbias arapris gamketebeli
gulsematkivari
18:22 10-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული