ქართული სატრანსფერო ბაზარი: ჩვენი ზღავრი 100 000 ევრო

AutoSharing Option
ახლახან, ევროპულმა სააგენტოებმა ის 5 კლუბი დაასახელეს, რომლებმაც ზამთარში ტრანსფერებზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს და ამ მიზნით ევროპელების მიერ დახარჯული თანხის საერთო ოდენობაც გამოთვალეს - სატრანსფერო "ფანჯრის" დროს ბებერ კონტინენტზე განხორციელებულ გარიგებებში 742 მილიონმა ევრომ იმოძრავა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ამით წინა რეკორდი გაუმჯობესდა - 2011 წელს ტრანსფერებს 523 მილიონი ევრო მოხმარდა.

ჯამში, ინგლისის პრემიერლიგის კლუბებმა 443 მილიონი დახარჯეს, ფრანგულ ლიგა 1-ში - 225 მილიონი, ბუნდესლიგაში - 189, იტალიის სერია A-ში - 169, ხოლო ტოპლიგებში ყველაზე ნაკლები აქტივრობა ესპანეთის ლა ლიგაში
დაფიქსირდა - სულ რაღაც 64 მილიონი.

ზამთრის ყველაზე ხმაურიანი გარიგება "ჩელსის" უკავშირდება, რომელმაც ჩინურ "შანხაიში" ოსკარის გადასვლით 60 მილიონი მიიღო, ხოლო პსჟ-მა იულიან დრაქსლერის გამოსყიდვაში "ვოლფსბურგს" 40 მილიონი გადაუხადა.

ცხადია, ამის ფონზე დავინტერესდით, ქართული კლუბების სატრანსფერო აქტივობებიდან ყველაზე მეტად რომელმა კლუბმა იხეირა.

სამწუხაროდ, გამაოგნებელი ფაქტი აღმოვაჩინეთ: გერმანული ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, ზამთარში ქართულმა კლუბებმა 100-მდე ტრანსფერი განახორციელეს, მაგრამ ფულადი გარიგება მხოლოდ ერთ მათგანში დაფიქსირდა, როცა თბილისის "დინამომ" მათე ცინცაძის შჩეცინის "პოგონში" გადასვლისთვის პოლონელებისგან 100 ათასი ევრო მიიღო.

"ტრანსფერმარკტის" თანახმად, 2016 წლის ზაფხულშიც ფულადი სატრანსფერო აქტივობა მხოლოდ თბილისურ გრანდს დაუფიქსირდა - სააგენტოში მითითებულია, რომ 2016 წლის აგვისტოში გიორგი ქვილითაიას ვენის "რაპიდში" გადასვლაში "დინამომ" 700 ათასი ევრო მიიღო.

დღეს კი ის პერიოდია, როცა უცხოეთში წავიდნენ ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე ("სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში"), თბილისის "დინამო" შეელია რენე ფერეირას (წავიდა ბრაზილიურ "ვიტორიაში") და ნაკრების წევრებს, კანდიდატებსა თუ ეროვნული გუნდის ყოფილ მოთამაშეებს - ნუკრი რევიშვილს (მოლდოვის "დაჩია"), ლაშა პარუნაშვილს ("ესბიერგი"), უჩა ლობჟანიძეს, ლადო დვალიშვილს (ორივე - "ატირაუ", ყაზახეთი), აკაკი ხუბუტიას (რუმინეთის "გაზ მეთანი"), გორის "დილადან" კი ნაკრების ყოფილი მცველი ლაშა სალუქვაძე დაიმატა.

ამას გარდა, "ლოკომოტივიდან" ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელი ლუკა ზარანდია გდინიას (პოლონეთი) "არკაში" აღმოჩნდა, ხოლო ეროვნული ნაკრების კანდიდატი მათე ვაწაძე - დანიურ "ვიბორგში".

ამას გარდა, რუსეთის პრემიერლიგის "ორენბურგმა" ბათუმის "დინამოს" თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანინიძე უფასოდ წაიყვანა, ხოლო ქუთაისის "ტორპედოდან" გურამ ფალავანდიშვილი - მოლდოვურმა "დაჩიამ", ფოთის "კოლხეთიდან" რასიმ რამალდანოვი კი აზერბაიჯანულმა "გაბალამ" აიყვანა.

ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო შიდა ტრანსფერები: ახალგაზრდა, პერსპექტიული ირაკლი კომახიძე ქობულეთის "შუქურადან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა, ბათუმის "დინამოდან" საჩხერეს "ჩიხურაში" წავიდა ლევან გეგეჭკორი, ეროვნული ნაკრების კანდიდატი ნიკა გელაშვილი - "დილადან" "ჩიხურაში", ხოლო ოთარ კვერნაძე "ტორპედოდან" - თბილისის "დინამოში".

ქართულმა კლუბებმა ამ ტრანსფერებიდან ვერ იხეირეს და კვლავაც სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ - ქართული ტრანსფერების ჯამური ფასი სულ რაღაც 100 ათასი ევროა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
არცერთი კლუბი არ დათმობს უფასოდ არათუ საკუთარ ლიდერს არამედ გამოუსადეგარ მოთამაშესაც კი, თუ მის მიმართ სხვა კლუბი (მითუმეტეს კონკურენტი) გამოიჩენს ყურადღებას!

უბრალოდ მიეჩვივნენ რომ ამას მშვენივრად აკეთებენ დაფარულად ისე რომ არც საშემოსავლოს უხდიან სახელმწიფოს და არც პასუხს თხოვს არავინ....

რაც მალე მივხვდებით რომ სახელმწიფოსთვის (ბიუჯეტისთვის) "მოტეხილი", ყველა ჩვენგანის ჯიბიდან მოპარული ფულია მით მალე გახდება ცივილური სატრასფერო ბაზარიც და ზოგადად ფეხბურთიც.


namdvili zaza
14:03 11-03-2017
0
tu cer da tkma ginda pirdapir tkvi ar jobia ))) ixeires ogond damales saxemcipos uxadon exla isedac kapikebs igeben )) rato vart siraklemas poziciashi.)))
kkkk
12:47 11-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული