ქართველები რუსეთში: უცნობები, საუკეთესოები და ძვირადღირებულები

AutoSharing Option
ფოტოზე: ანზორ სანაია
წლეულს, რუსეთის პრემიერლიგაში ქართველების მოზღვავებაა. ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ იქაურ ელიტაში 11 ქართველი თამაშობს.

იყო დრო, მათი რაოდენობა 18-საც აღწევდა. მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ ჩვენი წარმომადგენლობა საგრძნობლად შემცირდა - პოლიტიკამ გუნდების სელექციაზეც სერიოზული გავლენა მოახდინა. იყვნენ კლუბები, რომელთაც ჩვენების მიწვევა სურდათ, მაგრამ ქართველისთვის სამუშაო ვიზის გაცემა მეტისმეტად გაძნელებული იყო და ასეთ "პრობლემურ" ფეხბურთელებს ყველა ერიდებოდა.

გაიხსენეთ, ლაშა გვალია გორის "დილადან" ეკატერინბურგის "ურალში" რომ გადადიოდა, მაგრამ რუსეთში არ შეუშვეს და გუნდს ისე დაემშვიდობა, მისი ფორმა ერთხელაც არ
ჩაუცვამს...

წლეულს რუსეთში რამდენიმე საინტერესო მოთამაშეა. რევაზ ღავთაძეზე (დაიბადა 1995 წლის 11 ივლისს) ადრეც დაგვიწერია. 21 წლის ფეხბურთელი ამპლუით ფლანგის ნახევარმცველია და ეკატერინბურგის "ურალში" ირიცხება.

- ქართველი რუსული პასპორტით და ვლადიმირ ვაისის არჩევანი

177 სმ სიმაღლის ნახევარმცველი ზესტაფონში დაიბადა, მაგრამ შემდეგ მისი მშობლები სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ პოლევსკოიში დასახლდნენ და თავადაც ფეხბურთის თამაში იქვე დაიწყო.

Sportall.Ge
ფოტოზე: რევაზ ღავთაძე
ის "ურალის" დუბლებში 17 წლისა მიიწვიეს. ეკატერინბურგელთა მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი (პრემიერლიგაში) გასულ სეზონში ჩაატარა და მერე გუნდის ფორმა 19-ჯერ მოირგო. ის "ურალის" განაცხადში წლეულსაც მოხვდა, თუმცა 7 ტური ისე მიილია, ჯერ მოედანზე არ გამოჩენილა.

საინტერესოა, რომ რუსეთში მოთამაშე 11 ქართველიდან ჩვენს ეროვნულ გუნდში მხოლოდ 5 თამაშობს. პერმის "ამკარის" მარცხენა მცველის, 23 წლის გიორგი ჯიქიას "ჯვაროსნებში" ხილვა ვერა და ვერ მოხერხდა.

მის გუნდში ამ ზაფხულს 23 წლის დავით ხურციძე გადავიდა, რომელიც 2014 წელს ქუთაისის "ტორპედოში" თამაშობდა, თუმცა თავი ვერ გამოიჩინა და მერე სომხეთს მიაშურა, ბოლოს კი იმავე "ამკარის" ახალგაზრდულ გუნდში გამოდიოდა.

საინტერესო ისტორია აქვს "ორენბურგის" 27 წლის თავდამსხმელს, ანზორ სანაიას. მამამისი საკმაოდ ცნობილი მეკარე ზურაბ სანაიაა, რომელსაც რუსეთის პრემიერლიგაში კალინინგრადის "ბალტიკაში", სარატოვის "სოკოლსა" და სტავროპოლის "დინამოში" უთამაშია, საბერძნეთში კი "პანილიაკოსში" გამოდიოდა.

2005 წლიდან ზურაბ სანაია სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და "ბალტიკასა" და ვლადივოსტოკის "ლუჩ ენერგიას" მთავარი მწვრთნელი იყო, სოჭის "ჟემჩუჟინაში" კი ჯერ სპორტული დირექტორი გახლდათ, ბოლოს კი გუნდის გაწვრთნა მიანდეს. ამის შემდეგ ყაზახურ "აკჟაიკსს" წვრთნიდა, 2015 წლიდან კი რუსეთის მეორე ლიგის ბინადარ პიატიგორსკის "მაშუკში" მუშაობს. საინტერესოა, რომ ზურაბი თბილისისა და მოსკოვის "დინამოს" ყოფილი მეკარის, ვალტერ სანაიას ნათესავია.

თავად ანზორ სანაია კი თავისი წარმომავლობითაა საინტერესო, თუმცა ძნელი სათქმელია, ჩვენი ნაკრების მწვრთნელებისთვის რამდენად მიმზიდველი თავდამსხმელია. წლეულს მან რუსეთის პრემიერლიგაში 7 მატჩი გამართა, მაგრამ ჯერ ერთი გოლიც ვერ გაიტანა.

ანზორი 1989 წლის 22 მაისს, ჩრდილოკავკასიურ ქალაქ მინვოდში დაიბადა. 1995-97 წლებში საბერძნეთში, კერძოდ "პანილიაკოსის" საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა, პროფესიული კარიერა კი 2007 წელს რუსეთში, კალინინგრადის "ბალტიკა 2-ში" დაიწყო. მერე იყო მოსკოვის "სპორტაკადემკლუბი" (2007), "ბალტიკას" მთავარი გუნდი (2009), მოსკოვის "ლოკომოტივი 2" (2009-10), კოსტრომის "სპარტაკი" (2011-12), ივანოვოს "ტექსტილშჩიკი" (2013-14) და "ტომი" (2014-16), ხოლო "ორენბურგში" ამ ზაფხულს გადაიყვანეს.

სანაიამ თავი საუკეთესოდ ივანოვოს "ტექსტილშიკში" გამოავლინა, რომელიც მეორე დივიზიონის "დასავლეთ" ზონაში გამოდიოდა - 2013-14 წლების სეზონში ის ამ დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირიც (20 გოლი) გახდა და საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს.

* * *
ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ, გერმანული სამენეჯერო სააგენტო "ტრანსფერმარკტის" მიერ რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ყველა ქართველის პირობითი სატრანსფერო ფასი.

საინტერესოა, რომ სამარის "კრილია სოვეტოვში" ჩინებული სეზონის კვალობაზე გიორგი ლორიას ფასი ბოლო ორ თვეში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა - 1 მილიონი ევროდან 1,2 მილიონამდე აიწია. თუმცა, 2012 წელს თბილისის "დინამოში" გამოსვლის დროსაც 1,2 მილიონად ფასობდა.

ყველაზე ძვირადღირებული კი კვლავ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველიაა.

ა ფეხბურთელი კლ. ფ. (ევრ)
1. საბა კვირკველია რუბინი 4,500
2. ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,000
3. თორნიკე ოქრიაშვილი კრასნოდარი 1,500
4. გიორგი ლორია კრ. სოვეტოვი 1,200
5. გიორგი ჭანტურია ურალი 0,750
6. გიორგი ჯიქია ამკარი 0,750
7. გიორგი მელქაძე სპარტაკი 0,600
8. გიორგი შელია უფა 0,500
9. ანზორ სანაია ორენბურგი 0,400
10. დავით ხურციძე ამკარი 0,150
11. რევაზ ღავთაძე ურალი 0,100

შენიშვნა: კლ - კლუბი, (ევრ) - ფასი ევროებში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
5 თამაში თუ გამოტოვა ეგ არაფერს ნიშნავს უძლიერესი მცველია და მეტი რო ღირს რეალურად კიდე ის ცალკე თემაა
ზევსი
19:06 25-09-2016
0
კვირკველია საერთოდ განაცხადშიც ვერ ვხდება და რანაირად ღირს 4.5 მილიონი ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული