ქართველი მწვრთნელი აზერბაიჯანში - გუნდი უფულობამ დაშალა

AutoSharing Option
როგორც იცით, აზერბაიჯანში ქართველი სპეციალისტებისგან მხოლოდ ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ზაურ სვანაძე მუშაობს. ამ დონეზე სხვა მართლაც არავინაა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ცნობილ საფეხბურთო სკოლაში კიდევ ერთი ჩვენებური - ვასილ ჭეიშვილი საქმიანობს.

52 წლის სპეციალისტი 12 წლის წინათ თბილისის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მან დიდ ფეხბურთში გაუხსნა გზა ზურაბ მამალაძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, გიგა ჟვანიას, კახა ალადაშვილს, გრიგოლ დოლიძეს, დავით ბოლქვაძეს, დიმიტრი ტატანაშვილს... ეს იყო პერსპექტიული გუნდი, რომელიც ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, შემტევ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.

იდეაში, შეიძლებოდა ამ გუნდიდან ქართული
მასშტაბის "ლესტერი" გამომცხვარიყო, მაგრამ უფულობის გამო კლუბი დაიშალა, ქართულ ფეხბურთში კი ამ ნიჭიერი სპეციალისტის, ჭეიშვილის ადგილი არ მოიძებნა. ისიც ადგა და უკვე წლებია, აზერბაიჯანში, იქაურ საფეხბურთო სკოლაში მუშაობს.

"ბოლო სამი წელიწადია, რაც ბაქოში ვარ და საფეხბურთო აკადემია "ალინიაში" ვმუშაობდი, რომელიც აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად შევქმენით. პირადად მე უფროსი ასაკის გუნდის, 19-წლამდელების მთავარი მწვრთნელი ვიყავი. უფრო სწორედ, 17-წლამდელები მყავდა და 2 წლით დიდებში ვთამაშობდით.

პირველ ლიგაში გადასვლაზე ვფიქრობდით და ეს რეალურიც იყო. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელების ასაკი 17 წელს არ სცილდებოდა. თქვენ წარმოიდგინეთ, 13 წლის ბიჭი დუბლებში თამაშობდა. არ ვტრაბახობ, სკოლაში კარგი ბიჭები იზრდებოდნენ. ჩემი ერთი ფეხბურთელი სინჯებზე "მალაგაში" წაიყვანეს და მოეწონათ, მეორე კი მაისის ბოლოს პორტუგალიაში მიჰყავთ.

მაგრამ ფინანსების არქონის გამო აკადემიაში მხოლოდ პატარა ასაკის გუნდები დარჩა, დიდების გუნდი კი დაგვეშალა და 3 წლის ნაშრომი წყალში ჩამეყარა.

ნახევარი წელია, რაც უგუნდოდ ვარ, თუმცა ჩემპიონატის დამთავრებას ველოდები. ალბათ, ისევ აზერბაიჯანში ვიმუშავებ. სამსახურს მთავაზობენ და ვნახოთ", - ამბობს ჭეიშვილი.

როგორც ჩანს, ის გულდაწყვეტილია:

"ყველას საკუთარ ქვეყანაში მუშაობა უნდა და გამონაკლისი არც მე ვარ. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში საკმაო ხანს ვსაქმიანობდი და არც ისე ცუდად, დიდი ხანია, რაც დამივიწყეს. არც მჯერა, რომ ვინმე გამიხსენებს.

აზერბაიჯანში კი არ მიცნობდნენ და ამის მიუხედავად, ნდობა გამომიცხადეს. სამუშაოს პრობლემა არ მაქვს. საწყენია, მაგრამ ცხოვრება ასეთია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია, ამ კაცის საქმიანობას ძაან კარგად ვიცნობ და როგორი მშრომელი და პროფესიონალია თავისი საქმის, სადაც იმუშავა ყველა გუნდს დაატყო თავისი ხელი დასაფასებელია და საცოდაობაა მართლა მსგავს სპეციალისტებს რომ ვკარგავთ, ვიმედოვნებ რომ დარჩება საქართველოში და შესაბამის გუნდსაც ჩიბარებს. წარმატებები ბატონ ვასიკოს
0

სიახლეები პოპულარული