სატრანსფერო სიახლეები
არქივის კალენდარი
გოგა გახოკიძე: ხარაიშვილი "ვიტესში" ყაზაიშვილზე ნაკლები არ იქნება...
AutoSharing Option
14:00 05-01-2016
ქართველები და "ვიტესი" - ეს ყოველთვის საინტერესო თემაა. ჰოლანდიურ კლუბში სულ იყო "ჩვენი ხალხი". გეხსომებათ, თავის დროზე არნემულ კლუბს მერაბ ჟორდანია მართავდა. "ვიტესის" ღირსებას დღესაც წარმატებით იცავენ გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი. თავის დროზე კი, იქ გიორგი ჭანტურიაც თამაშობდა...

"ვიტესში" კიდევ ერთი ქართველია: კლუბის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში - გოგა გახოკიძე. სწორედ მისი ძალისხმევით დაინტერესდა "ვიტესი" ორი ქართველი ფეხბურთელით - "საბურთალოს" 19 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილითა და "დილას" მარცხენა მცველით, 29 წლის გიორგი ნავალოვსკით.

მოკლედ, გახოკიძესთან სალაპარაკო საკმარისად დაგროვდა. დავიწყეთ ხარაიშვილის თემით. როგორც იცით, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩში მას არნემული კლუბის წარმომადგენელი დააკვირდა. რას ფიქრობს "ვიტესი" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელზე?

"ხარაიშვილის არაერთი მატჩი მაქვს ნანახი და უნდა გითხრათ, რომ ამ ფეხბურთელის ბოლომდე მჯერა. თავის დროზე, გიორგი ძალიან კარგად დავუხასიათე "ვიტესის" ხელმძღვანელობას...

მოგეხსენებათ, არნემული კლუბის წარმომადგენელი ჩამოსული იყო საქართველოში და თვალი ადევნა "საბურთალოსა" და "ტორპედოს"
You must have Flash Player installed in order to see this player.
მატჩს, რომელშიც გიორგიმ გოლი გაიტანა...

მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ხარაიშვილის ტრანსფერის საკითხი არ მოხსნილა დღის წესრიგიდან და "ვიტესი" აგრძელებს მასზე დაკვირვებას", - გვეუბნება გახოკიძე.

მაინც როდის შეიძლება განხორციელდეს ხარაიშვილის ტრანსფერი "ვიტესში"? ცხადია, გახოკიძეს ამაზეც ვკითხეთ:

"ჩემი აზრით, ნაკლები ალბათობაა იმისი, რომ ეს ტრანსფერი ამ ზამთარს შედგეს. "ვიტესი" საქართველოს ჩემპიონატის მატჩებში კიდევ დააკვირდება ხარაიშვილს...

რაც შეეხება "ტორპედოსთან" იმ შეხვედრას, ხარაიშვილმა კარგად ითამაშა, განსაკუთრებით - პირველ ტაიმში, თუმცა, მოგეხსენებათ, ევროპული კლუბები ასე უცბად არ იღებენ გადაწყვეტილებებს ფეხბურთელებთან დაკავშირებით...

მე ვუთხარი "ვიტესის" ხელმძღვანელობას, რომ ხარაიშვილი არის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი, რომელიც დიდ სარგებლობას მოუტანს არნემულ კლუბს და მას შეუძლია, ვაკო ყაზაიშვილზე არანაკლები იყოს "ვიტესისთვის".

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ, სამწუხაროდ, ჩაიშალა გიორგი ნავალოვსკის ტრანსფერი "ვიტესში". ის ამჟამად "დილას" ღირსებას იცავს, თუმცა ძალზე დიდია იმის შანსი, რომ კვლავ უცხოეთში წავიდეს სათამაშოდ.

"ნავალოვსკის მიმართ იყო ინტერესი, მაგრამ "ვიტესი" ამ პოზიციაზე კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა და საბოლოოდ, არჩევანი სხვა ფეხბურთელზე შეაჩერა", - ამბობს გახოკიძე.

საინტერესოა, დაესწრება თუ არა "ვიტესის" ხელმძღვანელობა მარტში, საქართველოს დედაქალაქში გასამართავი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩებს 17-წლამდელთა შორის? გახოკიძე გვეუბნება:

"10 იანვარს მივდივარ არნემში და "ვიტესის" ხელმძღვანელობის წინაშე დავაყენებ ამ საკითხს. თბილისში ძალიან საინტერესო, წარმომადგენლობითი ტურნირია და, ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება, თუ მას "ვიტესის" სელექციონერებიც დაესწრებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.