ლევან ყენია: ხშირ ტრავმიანობას ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ

AutoSharing Option
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 25 წლის ლევან ყენიას თავზე ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ საფეხბურთო ბედისწერას მისთვის არაფერი დაუკლია - არც ტრავმები, არც უიღბლობა. ამის მიუხედავად, ყენია უყვარს ქართველ ქომაგს და მისგან კვლავ ბევრს ელის.

ვისაც ყენიას თამაში უნახავს, დაგვეთანხმება - ის არ არის რიგითი ფეხბურთელი და რომ არა ტრავმები, სულ სხვა დონეზე ითამაშებდა დღეს. ის სულ პატარა მივიდა "შალკეში". მერე ტრავმების სერია დაიწყო...

მორიგი ტრავმის შემდეგ, ის უკვე დაუბრუნდა "სლავიას". "ლელო" მას პრაღაში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა, რაზეც
სიამოვნებით დაგვთანხმდა.

თავიდან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდით...

- გმადლობთ მოკითხვისთვის. უკვე ჯანმრთელად ვარ. პრაღის "სპარტასთან" მატჩში ცოტა ძველმა ტრავმამ შემახსენა თავი. სამწუხაროდ, სამი კვირა გამიცდა ამის გამო. ახლა ყველაფერი კარგადაა.

- გკითხავთ "სლავიაზე" და მის მთავარ მწვრთნელზე, დუშან უჰრინ-უმცროსზე, ვინც ქართველ ქომაგს თბილისის "დინამოდან" ახსოვს...
- "სლავია" ჩეხეთში ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ძველი გუნდია. აქვს თანამედროვე სტადიონი და ჰყავს კარგი გულშემატკივარი. აქ ყველასთან თბილი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება დუშან უჰრინს, ის ძალიან მომთხოვნი სპეციალისტია. ყველა მოთამაშისგან ითხოვს, რომ მოედანზე ყოველთვის 100 პროცენტით დაიხარჯოს და ეს ასეც უნდა იყოს.

- ლევან, როდემდე გაქვთ კლუბთან კონტრაქტი?

- "სლავიასთან" კონტრაქტი მომავალ ზაფხულამდე მაქვს.

- გაკმაყოფილებთ თუ არა ჩეხეთის ჩემპიონატის დონე?
- დონე ნორმალურია.

- შეგიძლიათ შეადაროთ თუნდაც მეორე ბუნდესლიგას?
- მეორე ბუნდესლიგა სხვა მასშტაბია. იქ ბევრად უფრო რთულია თამაში.

- კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ რას აპირებთ? დარჩებით "სლავიაში" თუ?..

- რას ვაპირებ? ვნახოთ, ამას დრო გვიჩვენებს.

- საერთოდ, ტრავმამ კარიერაში ბევრი დრო წაგართვათ. უკეთესობას თუ ატყობთ თავს?

- რა თქმა უნდა, ვატყობ. გერმანიაში ამბობენ, ტრავმის სრულად მორჩენას იმდენი ხანი უნდა, რამდენი ხანიც ამ ტრავმამ დაგასვენაო... ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვცდილობ, მაქსიმუმი გავაკეთო...

- მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან საქართველოს ნაკრების ბოლო თამაშს როგორ შეაფასებდით?

- პირველი ტაიმი მოლოდინისამებრ წარიმართა. მეორე ნახევარში კი სულ სხვა თამაში ვნახეთ. მინდა, სულ ასეთ ნაკრებს ვუყურებდე - აგრესიულს შეტევაშიც და დაცვაშიც.

- ისევ ტრავმებს მინდა დავუბრუნდეთ. მაინც რას უნდა დავაბრალოთ თქვენი ხშირი ტრავმიანობა? ფელიქს მაგათის მეთოდებს ხომ არა?
- ძალიან ვრცელი თემაა... ბევრი ვიფიქრე ამაზე და საბოლოო ჯამში მაინც ჩემს გამოუცდელობას ვაბრალებ. ისიც ყოფილა, ოპერაციის შემდეგ სრულფასოვანი რეაბილიტაცია არ გამივლია და ისე დაუწყებინებიათ ვარჯიში...

არ ვიცოდი, თუ ოპერაციის მერე ამხელა სარეაბილიტაციო პერიოდი იყო საჭირო და არც არავის უთქვამს. ექიმი და ფიტნესის მწვრთნელი მაგათს ყველაფერზე თავს უქნევდნენ. მეც მეგონა, რომ ასე იყო საჭირო. მაშინ სულ რაღაც 18 წლის ვიყავი და ამიტომაც ვთქვი გამოუცდელობაზე...

- თქვენ არაერთ ძლიერ მწვრთნელთან გიმუშავიათ. ჯერჯერობით ვინ დატოვა ყველაზე ღრმა კვალი თქვენს კარიერაში?
- ჩემი აზრით, ფელიქს მაგათი უძლიერესი მწვრთნელია იმათ შორის, ვისთანაც მიმუშავია. ტრავმა რომ არ მიმეღო, ძალიან წამწევდა წინ, ახალ დონეზე გამიყვანდა. უბრალოდ, ტრავმიან ფეხბურთელთან მიდგომა არ იცოდა.

"შალკეშიც" უდიდესი კონკურენცია იყო და თუ ტრავმას მიიღებდი, გამოჯანმრთელების მერეც დიდი ხნით სათადარიგოთა სკამზე ყოფნა გიწევდა...

- 1990 წელს დაბადებული თაობიდან დღეს რამდენიმე საქართველოს ნაკრებში თამაშობს, თუმცა არ მტოვებს შეგრძნება, რომ იმ თაობას მეტი შეეძლო...

- გეთანხმებით, ნამდვილად მეტი შეგვეძლო. ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს. ბევრი მიზეზია, რატომაც ვერ მიაღწია მეტს ამ თაობამ, თუმცა ეს ძალიან ვრცელი თემაა...

- და ბოლოს, კლაუს ტოპმიოლერი გაიხსენეთ, ვინც პირველი ნაბიჯები გადაგადგმევინათ დიდ ფეხბურთში...
- ეს მონაკვეთი ჩემს კარიერაში საუკეთესო იყო. ნაკრების მწვრთნელობა სხვა სპეციფიკაა. ხშირად მას ორ თვეში ერთხელ, ოთხი-ხუთი დღით ვხედავდით, მაგრამ ის შესანიშნავი მწვრთნელი იყო. ჩემს კარიერაში მან მართლაც დიდი კვალი დატოვა...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული