საბა კვირკველია: ხუთი კლუბია დაინტერესებული, მაგრამ წასვლა არ მინდა

AutoSharing Option
როგორც ვწერდით, რუსული მედია ყაზანის "რუბინიდან" საბა კვირკველიას შესაძლო წასვლის თაობაზე ბჭობს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმაც თქვა - არის წინადადებები, რომლებზეც ფეხბურთელი უარს ვერ იტყვისო.

როგორც ამბობენ, კვირკველიას ეს წინადადებები ცსკა-სა და მოსკოვის "დინამოსგან" აქვს. მისი მენეჯერი რევაზ ჩელებაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე ინფორმირებული არ არის:

"ბრაზილიაში ვიყავი და მხოლოდ ჩამოსვლის შემდეგ მითხრეს, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. არა მგონია, მოლაპარაკებებზე არაფერი მცოდნოდა და საკითხი უჩემოდ გადაწყვეტილიყო.

ისე, ასეთი გუნდების დაინტერესება არც მიკვირს. ჯერ კიდევ დეკემბერში გითხარით, რომ კვირკველიათი სერიოზული კლუბები
იყვნენ დაინტერესებულები.

საბას საგრძნობი პროგრესი აქვს და რუსეთსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ცენტრალურ მცველად მიიჩნევენ".

26 თებერვალს თავად კვირკველიასაც დავუკავშირდით:

- მართალია, თითქოს უახლოეს დღეებში "რუბინიდან" მიდიხართ?
- პირადად მე არავინ დამკავშირებია, ტრანსფერი კი, მოგეხსენებათ, ფეხბურთელის გარეშე ვერ გადაწყდება. კლუბები თუ მოილაპარაკებენ, მერე მეც უნდა შემითანხმდნენ.

- მაგრამ ამ ინფორმაციას თავად თქვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ავრცელებს. რომ გკითხონ, წახვალთ?
- ფეხბურთელი ყოველთვის უკეთეს კლუბში გადასვლაზე ფიქრობს. მეც ასეთი სპორტული მოტივაცია მაქვს, მაგრამ ახლა ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სხვაგან გადავდივარ. 3 მარტს "რუბინი" სეზონს რუსეთის თასზე მოსკოვის "ლოკომოტივთან" მატჩით ხსნის და მეც ამისთვის ვემზადები.

- რეალურად, ცსკა და მოსკოვის "დინამო" მართლაც არიან თქვენით დაინტერესებულები?
- ხუთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის - ცსკა და "დინამოც", მაგრამ მე "რუბინში" დარჩენა მირჩევნია.

- რატომ?
- იმიტომ, რომ კარგი კლუბია, მწვრთნელი მენდობა, სტაბილურად მათამაშებს და აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. პირადად არსად წასვლას არ ვაპირებ. ჯერჯერობით ასეა, არ მინდა ტყუილად რამეზე ვიფიქრო, მაგრამ მერე რა იქნება, არ ვიცი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
აბა რა საბა ჯობს დარჩე მართლაც კარგ კლუბში ხარ ყვეალეფრს ჯობს ზაფხულში განიხილო სადმე გადაბარგება მეტი დროც გექნება და სეზონიც დამთავრებული იქნება... წარმატებები საბა მაგარი ხარ
Giorga
16:19 27-02-2015
0
უმაგრესი ხარ საბაა
tamo targamadze
15:54 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული