ლეგიონის უქმეები: დაბრუნებები, დებიუტები და გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფოტოზე: ლადო დვალიშვილმა დანიაში მეორე გოლი გაიტანა

ლევან ყენიას დებიუტი "სლავიაში", ხოლო მამუკა კობახიძის დებიუტი "რუბინში", ოთარ მარცვალაძის დაბრუნება ლაზარეთიდან, ჯანო ანანიძისა - "სპარტაკის" მთავარი გუნდის განაცხადში, ხოლო თორნიკე ოქრიაშვილის დაბრუნება სარეზერვო გუნდიდან - ეს არის ჩვენი მიმოხილვის ძირითადი თემა, თუმცა იყო ქართული გოლებიც: დანიაში ლადო დვალიშვილმა გაიტანა, კვიპროსზე - გიორგი აბურჯანიამ, სომხეთში კი - დავით ხურციძემ.

პარმასთან შანსი არ მისცეს
ზაფხულში ლევან მჭედლიძის მომავალს "პარმას" უკავშირებდნენ, თუმცა შემდეგ ქართველმა ფორვარდმა "ემპოლისთან" ხელშეკრულება გააგრძელა. კვირას ეს ორი გუნდი ერთმანეთს
დაუპირისპირდა და "ემპოლიმ" სტუმრად 2:0 იმარჯვა.

სამწუხაროდ, 24 წლის ქართველმა მატჩს თვალი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა. "ემპოლის" მეორე ქართველი ირაკლი შეყილაძე კი მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა.

ლიგა 1-ში "ბასტია" "ლიონს" 0:0 დაუზავდა, კორსიკელთა განაცხადში არ ყოფილა ლუკა კიკაბიძე.

III ბუნდესლიგაში ლუკას ჰუფნაგელის "უნტერჰახინგი" სტუმრად "მიუნსტერთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებური 75-ე წუთზე შეცვალეს.

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტე" პორტუგალიის თასზე "ვარზიმს" შეხვდა. ძირითადმა დრომ (1:1) გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტების სერია ქართველის გუნდმა 3:1 მოიგო და ბრძოლას აგრძელებს. ავთო სათადარიგო იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

ყენიას დებიუტი
ჰოლანდიის ჩემპიონატში "ვიტესი" "ალკმაარს" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ორივე ქართველი სათადარიგო იყო, გურამ კაშია 54-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ვაკო ყაზაიშვილი - 77-ეზე.

ბელგიაში "გენკმა" "მეხელენს" უმასპინძლა. თორნიკე ოქრიაშვილი ახლახან დააბრუნეს ძირითად გუნდში დუბლებიდან. ის თამაშში 23-ე წუთიდან ჩაერთო. ლუკა ზარანდია სათადარიგო იყო, ხოლო "გენკმა" 3:0 მოიგო.

შოთა არველაძის "ქასიმფაშა" სტუმრად "ბეშიქთაშთან" 0:2 დამარცხდა. "ქასიმფაშა" 13 ქულით მე-10 ადგილზეა.

რუმინულ ლიგა 1-ში "კლუჟმა" 4:0 გაანადგურა "იაში". გიორგი ჭანტურია 56-ე წუთზე (როცა 1:0 იყო) შეცვალეს.

ლევან ყენიას დებიუტი კვირას შედგა პრაღის "სლავიას" რიგებში. ჩვენებური "ჰრადეც კრალოვეს" წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში საყრდენის პოზიციაზე გამოჩნდა. ის 64-ე წუთზე შეცვალეს. "სლავია" მეტოქეს დაუზავდა - 1:1.

გდანსკში "ლეხია" 1:1 დაუზავდა "იაგელონიას". ნიკა ძალამიძემ სტუმართა რიგებში 82-ე წუთამდე ითამაშა.

დანიაში ლადო დვალიშვილმა "ოდენსეს" "ნორდსიელანდთან" გაამარჯვებინა - 1:0. ჩვენებურმა 34-ე წუთზე გაიტანა, ხოლო ის 62-ე წუთზე შეცვალეს. ჩვენებურმა მხოლოდ მეორედ გაიტანა ჩემპიონატში.

კობახიძის დებიუტი და კვირკველიას საგოლე პასი
ტურის წინ მურატ იაკინი ამბობდა, აქამდე ჯანო ანანიძემ თავი კარგად წარმოაჩინა, მომავალ ვარჯიშებზე დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვათამაშო კვირას თუ არაო. "მორდოვიას" წინააღმდეგ ჯანო მატჩის განაცხადში მოხვდა, თუმცა თამაში არ მოუწია. "სპარტაკმა" 4:2 მოიგო.

ყაზანის "რუბინი" "ურალს" ესტუმრა და 3:1 მოუგო. ცენტრალურ მცველად ითამაშა საბა კვირკველიამ (7,5 ბალი "ჩემპიონატისგან"), ხოლო მარცხენა მცველად მამუკა კობახიძემ (6,5 ბალი).

22 წლის კობახიძისთვის ეს რუსულ პრემიერლიგაში სადებიუტო მატჩი იყო, აქამდე ის მხოლოდ განაცხადში ხვდებოდა.

"რუბინის" ოფიციალური საიტი განსაკუთრებით გამოყოფს დებიუტანტის საიმედო თამაშს ბოლო წუთებზე. რაც შეეხება კვირკველიას, 62-ე წუთზე მან მოედნის სიღრმიდან გააკეთა საგოლე პასი!

მარცვალაძის დაბრუნება და შესვენება მარტამდე
I დივიზიონში 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. გიორგი ჯიქიას (90 წუთი) "ხიმიკმა" სტუმრად დაამარცხა "სოკოლი" - 2:1. "ხიმიკი" ბოლოსწინა ადგილზეა.

"ბალტიკას" კარს არ იცავდა გიორგი შელია (სათადარიგო) "ვოლგართან" მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა. სტუმართა რიგებში 70 წუთი ითამაშა თემურ ბუკიამ.

ქართველთა "სახალინი" 2:3 დამარცხდა "ვოლგასთან" და გასავარდნ ზონაშია 19 ქულით. გოჩა ხოჯავამ 76 წუთი ითამაშა და საგოლე პასი მიითვალა, ზურაბ არზიანი შეუცვლელად გაისარჯა, ლევან ჯღარკავა სათადარიგო იყო, გიორგი კახელიშვილი განაცხადში არ ყოფილა. სტუმართა რიგებში პირველი ტაიმი ითამაშა მერაბ ურიდიამ.

"სკა ენერგია" სტუმრად "ტომთან" დამარცხდა - 0:1. ენერგიელთა რიგებში მხოლოდ ერთმა ქართველმა ითამაშა - გუჯა რუხაიამ (90 წუთი), რუსეთის მოქალაქე ლაშა იმედაშვილი მეორე ტაიმში შეცვალეს.

"ტოსნოს" თამაშმა კი ტური გახსნა - "ტოსნომ" 2:1 მოუგო "ლუჩ-ენერგიას" და 40 ქულით მესამე ადგილზეა. ნუკრი რევიშვილი (90 წუთი), გიორგი ნავალოვსკი (90), მიხაილ გორელიშვილი (45) და ოთარ მარცვალაძე (60) სასტარტოში იყვნენ. აღვნიშნავთ მარცვალაძის დაბრუნებას ტრავმის შემდეგ. რუსეთის I დივიზიონი მარტამდე დაგვემშვიდობა.

კობახიძის გამარჯვება
უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში ბუბა დაუშვილს არ უთამაშია "შახტართან" დაპირისპირებაში (0:2).

ჯაბა ლიპარტიას "ზორია" სტუმრად "ვორსკლასთან" 0:2 დამარცხდა. ჯაბა 73-ე წუთზე გამოჩნდა და ყვითელი ბარათის მიღება "მოასწრო".

"დნიპრომ" შინ "ჰოვერლას" ვერ მოუგო - 1:1. ჯაბა კანკავამ მასპინძელთა რიგებში 90 წუთი ითამაშა.

სანდრო კობახიძის "ვოლინმა" სტუმრად იმარჯვა დონეცკის "მეტალურგთან" დაპირისპირებაში - 2:1. დათოვლილ კიევში (დონეცკს სეპარატისტები აკონტროლებენ) სანდრომ შეუცვლელად ითამაშა. სხვათა შორის, გამარჯვების გოლი მას მერე გავიდა, რაც კობახიძე მოცელეს.

აბურჯანიას მეორე
კვიპროსის ჩემპიონატის მე-10 ტურში ქართული გოლი გავიდა. 19 წლის გიორგი აბურჯანიამ მეორედ გამოიჩინა ამ ჩემპიონატში თავი - 30-ე წუთზე მან საჯარიმოს ცენტრიდან ანგარიში 2:0 გახადა "დოხასთან" მატჩში, რომელიც "ანორთოსისმა" საბოლოოდ 4:0 მოიგო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
აბურჯანიას თანაგუნდელმა ირაკლი მაისურაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

"ოთელოსმა" 2:1 მოუგო "აია ნაპას" და ბოლო ადგილს დასცილდა. როინ კვასხვაძე გამარჯვებულთა კარს იცავდა. 90-90 წუთი ითამაშეს ლევან ხმალაძემ და ელგუჯა გრიგალაშვილმა.

"ომონიამ" 2:0 მოუგო აელ-ს. უჩა ლობჟანიძეს ტრავმის გამო არ უთამაშია, შოთა გრიგალაშვილი სათადარიგო იყო.

აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" სტუმრად 3:2 აჯობა "გაბალას" და 17 ქულით უკვე მე-4 ადგილზეა.

სომხეთში გოლი გაიტანა დავით ხურციძემ, თუმცა მისი გუნდი "ულისი" შინ 1:2 დამარცხდა "შირაქთან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული