ზვიად კუპატაძე: ამ გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნი!

AutoSharing Option
ესპანეთის ქალაქ გვადალახარაში ფუტსალის უეფას თასის ოთხთა ფინალი გაიმართა. მინი-ტურნირის გამარჯვებული იუგორსკის "იუგრა" გახდა. დასკვნით მატჩში მან ალკალა-დე-ენარესის "ინტერი", ამ ტურნირის ერთადერთი სამგზის გამარჯვებული დაამარცხა - 4:3.

ეს ამბავი იმიტომაა აღსანიშნავი, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული ერთდროულად სამმა(!) ქართველმა მოიპოვა. რუსული კლუბის სამწვრთნელო შტაბში 2 ქართველია - ბესიკ ზოიძე და სერგი ქორიძე, ხოლო კაპიტანი და მთავარი მეკარე ზვიად კუპატაძეა.

- პირველად ისტორიაში - ქართველი უეფას ფუტსალის თასის გამარჯვებულია! [VIDEO]

ქორიძე უკრაინის ნაკრების წევრი გახლდათ და ამ ქვეყნის სახელით ორჯერ გახდა
ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი და ბომბარდირი (2001, 2003). რაც შეეხება კუპატაძეს, მან ფინალი გამოტოვა, რადგან პორტუგალიელებთან ნახევარფინალში მოედნიდან გააძევეს.

ამის მიუხედავად, მან გათამაშების დებიუტანტ "იუგრას" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა - 7 მატჩი ჩაატარა და წინა გათამაშების გამარჯვებულ ალმათის "ქაირათს" საკუთარი კარიდან გოლიც გაუტანა. საერთოდ, კუპატაძე ისტორიაში პირველი ქართველია, რომელიც უეფას ფუტსალის თასის გამარჯვებული გახდა.

"ფინალი გამოვტოვე, რაზეც გული უზომოდ დამწყდა. მსაჯს ყვითელი ბარათი უნდა მოეცა, მაგრამ პორტუგალიელებს აშკარად ეხმარებოდა და გამაძევა...

ფინალში ბიჭებმა სული და გული ჩადეს. დავამარცხეთ ევროპის საუკეთესო კლუბი, რომელიც უძლიერესი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. არადა, ბოლო წუთზე მსაჯმა მოთამაშე გაგვიგდო, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ", - ამბობს კუპატაძე "ლელოსთან" კომენტარში.

"იუგრას" კაპიტანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო, რომელზეც ქართველთა სამეული საქართველოს დროშას აფრიალებს:

"ემოციებში ვარ და მშვიდად ვერ ვლაპარაკობ, რადგან მოგების იმედი მქონდა და გვადალახარაში საქართველოს დროშა შეგნებულად წავიღე. მინდოდა, ის დაჯილდოებაზე ამეფრიალებინა, მაგრამ უეფას წარმომადგენელმა ამის უფლება არ მომცა.

სიხარულის ცრემლები წამომივიდა. ამ გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნი", - გვითხრა კუპატაძემ, რომელიც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებს უბრუნდება:

"გუნდის მთავარ მწვრთნელ ავთო ასათიანს ველაპარაკე და მივიღე გადაწყვეტილება, ზაფხულში საქართველოს მოქალაქეობა აღვიდგინო და ჩვენს ნაკრებს დავეხმარო.

ეს გადაწყვეტილება იმანაც განაპირობა, რომ ფუტსალისადმი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანადგომა დავინახე, ასათიანი კი საქმეს პროფესიულად უდგება.

მჯერა, შორს აღარ არის ის დრო, როცა საქართველოს ძლიერი ფუტსალის ნაკრები ეყოლება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული