ვახტანგ ჭანტურიშვილი: ნაკრებში გამოძახება უფრო შანსის მიცემას ჰგავს

AutoSharing Option
22 წლის ვახტანგ ჭანტურიშვილმა თბილისის "დინამოს" ბოლო ორი თამაში მოაგებინა. ბოლნისის "სიონთან" თასის ფინალში თბილისელებმა მისი ერთადერთი და ეფექტური გოლის წყალობით გაიმარჯვეს. ასევე მოხდა ჩემპიონატის ბოლო ტურში, როცა "დინამო" ქობულეთის "შუქურას" ვერ უგებდა...

ამ ყველაფრის გვირგვინად, ჭანტურიშვილი ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში მიიწვია და ავსტრიულ შეკრებაზე წაიყვანა.

"მიხარია, რომ ჩემპიონობასა და თასის მოპოვებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ძნელი სათქმელია, ნაკრებში რატომ მიმიწვიეს, მაგრამ ფაქტია, რომ "დინამოში" გადმოსვლის შემდეგ უფრო მობილიზებული გავხდი, გუნდურობასაც მეტ ყურადღებას ვაქცევ, საკუთარ თავზე მეტს ვმუშაობ და ვცდილობ, არ
დავკარგო მწვრთნელებისა და ხელმძღვანელობის ნდობა", - ამბობს ჭანტურიშვილი.

თუმცა ის არ მალავს, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ქვეყნის მთავარ გუნდში მოხვედრა ძალიან ძნელია:

"ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში ქართული კლუბებიდან არავის იწვევენ, მაგრამ ეს უფრო შანსის მიცემას ჰგავს, თორემ ჩვენი ჩემპიონატიდან გამომდინარე, ნაკრებში თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია.

მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს შანსი გამოვიყენო და ეროვნულ გუნდს გამოვადგე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული