კლაუს ტოპმიოლერი: საქართველო ციკლში ერთ თამაშს ყოველთვის მაგრად თამაშობს

AutoSharing Option
4 სექტემბერს ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები შოტლანდიას მასპინძლობს. შოტლანდიელებს ახლაც ახსოვთ 2007 წელი, როცა საქართველოს ნაკრებმა, ყველასთვის მოულოდნელად, 2:0 დაამარცხა შოტლანდია და ბრიტანული გუნდის ევრო-2008-ზე გასვლაზე ოცნება დაასამარა.

მაშინ გუნდს გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა, რომელმაც შოტლანდიასთან 17 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე და 16 წლის ლევან ყენია ათამაშა. სხვათა შორის, ორივე ახლაც ირიცხება ნაკრებში შოტლანდიასთან მატჩის წინ.

heraldscotland.com-მა საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცთან მცირე ინტერვიუ შემოგვთავაზა. აი, რა თქვა კლაუს ტოპმიოლერმა:

"შოტლანდიას კარგი გუნდი ჰყავდა და ის ძალიან ახლოს იყო ევრო-2008-ზე
მოხვედრასთან, ჯგუფში, რომელშიც იტალიის და საფრანგეთის ნაკრებებიც იყო.

მაშინ ძალიან გამაკრიტიკეს შემადგენლობის შერჩევისთვის, მედიაში დაიწერა, ტოპმიოლერი სკოლის ბავშვებს ათამაშებსო.

მაგრამ გიორგი მაკარიძე იმ შეხვედრაში ბრწყინვალე იყო. მართალია, მეტოქეს ბევრი არც დავარტყმევინეთ, მაგრამ ძალიან კარგად თამაშობდა გამოსვლებზე და თავის ასაკზე გაცილებით გამოცდილს ჰგავდა.

ძალიან გამიხარდა, რომ გავიგე მაკარიძის ნაკრებში დაბრუნება. სამწუხაროდ, მისი კარიერა საუკეთესოდ არ წარიმართა, მაგრამ, როგორც მე მითხრეს, მაკარიძე პორტუგალიაში კარგად თამაშობს.

ჩემი აზრით, ჩემი მწვრთნელობის საუკეთესო ორი წელიწადი საქართველოში გავატარე. ძალიან კარგი მოგონებები დამრჩა იმ ქვეყნიდან და იმ ხალხისგან".

ტოპმიოლერი მომავალ მატჩზეც ლაპარაკობს:

"სამწუხაროდ, ახლა საქართველოს ნაკრები ძლიერი არ არის, მაგრამ გუნდში რამდენიმე კარგი ფეხბურთელია. ძალიან მაღალი აზრის ვარ ჯაბა კანკავაზე. მე ვათამაშე ის ნაკრებში პირველად 20 წლის ასაკში და ახლა ის გუნდის კაპიტანია.

საქართველოს შეუძლია საკვალიფიკაციო ციკლში ერთი კარგი მატჩი მაინც აჩვენოს და ეს, სავსებით შესაძლებელია, შოტლანდიასთან თამაში იყოს".

შეგახსენებთ, რომ ტოპმიოლერი საქართველოს ნაკრების თავკაცი 2006-08 წლებში იყო.

აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში ერთი უზუსტობაა, კანკავას დებიუტი ნაკრებში 2004 წელს შედგა, ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული