[საქართველოს ნაკრები] ისტორიაში პირველი ორგოლიანი შემობრუნება

AutoSharing Option
აბა, ვინ იტყვის, რა აერთიანებთ ალან შირერს, ალესანდრო დელ პიეროს, ანდრეი შევჩენკოს, იონ დალ ტომასონს, რობი კინს, დიმიტარ ბერბატოვს, ფრანკ რიბერის, ხუან მატასა და გარეთ ბეილს?...

მათ ყველას თითო გოლი მაინც აქვთ გატანილი საქართველოს ნაკრების კარში მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში...

მოკლედ მთავარზე...
კვირას კიშინიოვში ერთი ისეთი რამ მოხდა, რაც საქართველოს ნაკრებს აქამდე არასოდეს გაუკეთებია - მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებში პირველად, ჩვენმა ნაკრებმა ორბურთიანი ჩამორჩენის "ამოქაჩვა" და არწაგება შეძლო: ვლადიმირ ვაისის გუნდი 0:2-ს აგებდა მოლდოვასთან, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლის გატანა შეძლო.

- მოლდოვა-საქართველო
2:2 - შემოვტრიალდით! [VIDEO+PHOTO]


პოზიტივია ისიც, რომ 2009 წლის შემდეგ გუნდმა პირველად შეძლო მუნდიალის შესარჩევ მატჩში გოლზე მეტის გატანა. აქამდე ეს ეროვნულმა გუნდმა ბულგარეთთან 2:6 წაგებულ შეხვედრაში შეძლო.

ნაკლებგოლიანობის 8-წლიანი სერია კი დავარღვიეთ, მაგრამ პოზიტივი ამით მთავრდება - გუნდს მუნდიალზე 2012 წლის მერე (როცა ბელარუსს თბილისში 1:0 მოვუგეთ) არ მოუგია! მას მერე თითქმის 5 წელიწადი გავიდა. მას მერე საქართველოს უპირველესმა გუნდმა 13 მატჩი ჩაატარა, მხოლოდ 8 გოლი გაიტანა და სულ რაღაც 5 ქულა მოიპოვა.

საქართველო მუნდიალზე
ჩვენს გუნდს არასოდეს უასპარეზია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ახლანდელ შესარჩევ ციკლშიც ისეთი ვითარება გვაქვს, რომ სჯობს, ყატარის მუნდიალზე მოხვედრაზე ვიოცნებოთ.

თუმცა ნაკრები უკვე მეექვსე მუნდიალზე ასპარეზობს, ბუნებრივია, მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპზე. ბევრი სტატისტიკური ფაქტი გაგაოცებთ, რადგან ოფიციალურ მატჩებში უფრო სხვა ფეხბურთელებმა იყოჩაღეს, ვიდრე საერთო ჯამში (ამხანაგურების ხარჯზე). არადა, სწორედ ოფიციალურ მატჩებში წარმატება ფასობს ერთი ათად.

შენიშვნა: ყველა სტატისტიკური მონაცემი მუნდიალის მატჩებს ეყრდნობა. არსად არ არის გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის ან ამხანაგური შეხვედრები.

* საქართველოს ნაკრების დებიუტი მუნდიალზე 1996 წლის 9 ოქტომბერს შედგა პერუჯაში იტალიასთან. ფაბრიციო რავანელის გოლით არიგო საკის იტალიამ 1:0 მოიგო.

* ნაკრებმა მუნდიალი სამმატჩიანი წაგებათა სერიით დაიწყო (იტალია და ორჯერ ინგლისი).

* ნაკრების პირველი მოგება 1997 წლის 7 ივნისს ჩაიწერა, როცა შოთა არველაძისა და გიორგი ქინქლაძის გოლებით მოლდოვას 2:0 მოვუგეთ.

* ამ მატჩში შოთა არველაძის გოლი ნაკრების პირველი გოლია მუნდიალზე.

* ნაკრებმა დიდი ანგარიშით პირველად პოლონეთის ნაკრებთან წააგო - 1:4 კატოვიცეში და პოლონეთს მოუგო პირველად დიდი ანგარიშით - 3:0 თბილისში.

* ნაკრების პირველი ფრე 1997 წლის 10 სექტემბერზე მოდის - 0:0 იტალიასთან.

* ნაკრების პირველი მოგებათა სერია 1997-2000 წლებში სამ მატჩს შეადგენდა (მოლდოვა, პოლონეთი, ლიტვა).

* ნაკრების პირველი საგარეო გამარჯვება 1997 წლის 24 სექტემბრით თარიღდება, როცა თემურ ქეცბაიას გოლით მოლდოვას 1:0 მოუგო.

* ამ თამაშში დაფიქსირდა ნაკრების პირველი ფეხბურთელის გაძევება მუნდიალზე, ის კახა კალაძეა.

* ნაკრების პირველ და მეორე გაძევებებს შორის სამი წუთია - კალაძის შემდეგ მსაჯმა გიორგი ქინქლაძეც გააძევა.

* თბილისში ნაკრებმა პირველად 1997 წლის 11 ოქტომბერს მოიგო პოლონეთთან მატჩში - 3:0.

* სტუმრად დიდი ანგარიშით საქართველოს ნაკრებმა პირველად 2000 წლის 7 ოქტომბერს მოიგო, 4:0 ლიტვასთან.

* ამ თამაშში შესრულდა პირველად ქართული დუბლი მუნდიალზე, მისი ავტორი თემურ ქეცბაიაა.

* ნაკრების პირველი ფრე სტუმრად 2001 წლის 6 ოქტომბერს დაფიქსირდა რუმინეთის ნაკრებთან - 1:1.

* პირველი დუბლი სტუმრად ნაკრებში გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, 2005 წელს ყაზახეთის ნაკრებთან.

* ნაკრებმა ბოლოს 2012 წლის 7 სექტემბერს მოიგო - ბელარუსთან 1:0.

* 2012 წლის სექტემბერში ნაკრებმა 7-წლიანი (7 წელი და 1 თვე) მოუგებელი სერია შეწყვიტა.

* მას მერე ნაკრებს 13 თამაშია, არ უმარჯვია - 5 ფრე, 8 წაგება.

* ამ 13 თამაშში ნაკრებმა მხოლოდ 8 გოლი გაიტანა და 20 გაუშვა.

* ბოლო ოთხი თამაშია, ნაკრებს ერთი გოლი მაინც გააქვს.

* ნაკრებს ერთ გოლზე მეტი მატჩში 2009 ოქტომბრის მერე არ ჰქონდა გატანილი.

* სწორედ 2009 წლის ოქტომბრის მერე არ გაუშვია ნაკრებს სამ გოლზე მეტი თამაშში.

ქულები, ადგილები...
სხვადასხვა შესარჩევ ციკლში სხვადასხვა რაოდენობის გუნდები იყვნენ - პირველ სამ ცდაზე ნაკრები სტაბილურად 10 ქულას აგროვებდა, მერე კი მისი ნახევარიც სანატრელი გაუხდა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშების რაოდენობა კი არ შემცირებულა, გაიზარდა.

მოკლედ, ჩვენი ეროვნული გუნდის კლასი ბოლო ათწლეულში კიდევ უფრო დაეცა.

* პირველ შესარჩევ ციკლში (საფრანგეთი 1998) ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. I - ინგლისი - 19; II - იტალია - 18; III - პოლონეთი - 10.

* მეორე შესარჩევ ციკლში (იაპონია/კორეა 2002) ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. I - იტალია - 20; II - რუმინეთი - 16.

* მესამე შესარჩევ ციკლში (გერმანია 2006) ნაკრებმა 10 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-6 ადგილი დაიკავა. I - უკრაინა - 25; II - თურქეთი - 23; III - დანია - 22.

* მეოთხე შესარჩევ ციკლში (ს. აფრიკა 2010) ნაკრებმა 3 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილი დაიკავა. I - იტალია - 24; II - ირლანდია - 18; III - ბულგარეთი - 14.

* მეხუთე შესარჩევ ციკლში (ბრაზილია 2014) ნაკრებმა 5 ქულა დააგროვა და ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა. I - ესპანეთი - 20; II - საფრანგეთი - 17; III - ფინეთი - 9.

* ჯამში ნაკრებმა ხუთ შესარჩევ ციკლში 38 ქულა დააგროვა. მეექვსე შესარჩევში, გუნდს ჯერჯერობით, 3 ქულა აქვს.

რეკორდები
* ნაკრებმა სულ 9 მატჩი მოიგო, 14 ფრედ დაასრულა და 31 წააგო.

* 9-დან 6 მატჩი ნაკრებმა შინ მოიგო; 14-დან 9 ფრეც საშინაო მატჩებზე მოდის. დღეისთვის 27 ქულა საშინაო მატჩებზე მოდის, 14 ქულა - საგარეოზე.

* ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი - 1:6 სტუმრად დანიასთან (2005)

* ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება - 4:0 სტუმრად ლიტვასთან (2000).

* ნაკრების ყველაზე დიდი მშრალი სერია - 4 მატჩი (1997-2000).

* ნაკრებმა 12 მშრალი მატჩი ჩაატარა, ბოლო იყო საფრანგეთთან 2013 წელს.

* ნაკრების 12 მშრალი მატჩი 7 მეკარეზე მოდის - ნიკა ტოგონიძემ 3-ჯერ შეინახა კარი მშრალად; დავით გვარამაძემ, გიორგი ლომაიამ და გიორგი ლორიამ 2-2-ჯერ; ირაკლი ზოიძემ, აკაკი დევაძემ და ნუკრი რევიშვილმა - თითოჯერ.

გოლები
* ნაკრებმა სულ 49 გოლი გაიტანა: 7 - ალექსანდრე იაშვილი; 5 - გიორგი დემეტრაძე, ლევან კობიაშვილი; 4 - თემურ ქეცბაია; 3 - შოთა არველაძე, მალხაზ ასათიანი; 2 - გიორგი ქინქლაძე, არჩილ არველაძე, გოგა გახოკიძე, ლადო დვალიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი. 10 ფეხბურთელი თითო გოლით. როგორც ხედავთ, ნაკრების მთავარი გოლეადორი შოთა არველაძე, მუნდიალზე გატანილი გოლების მიხედვით მხოლოდ მეხუთე ადგილზეა.

* ნაკრების 49 გოლი 22 ფეხბურთელზე მოდის.

* მინდვრის მოთამაშეებიდან 10 მოთამაშის გოლებმა მოუტანეს ნაკრებს ქულები. 6-6 ქულა თემურ ქეცბაიასა და ალექსანდრე იაშვილის ანგარიშზეა, 4 - თორნიკე ოქრიაშვილის. 3-3 ქულა მოუტანეს ნაკრებს შოთა და არჩილ არველაძეებმა, გოჩა ჯამარაულმა და გიორგი დემეტრაძემ. 2 - მალხაზ ასათიანმა და 1 ლევან კობიაშვილმა და ვაკო ყაზაიშვილმა. ქულების მოტანაში - გამარჯვების გოლს ან ფრის მომტან გოლს ვგულისხმობთ.

* ხუთ შესარჩევ ციკლში 38 ქულიდან 31 მინდვრის მოთამაშეების მოტანილია, 7 - მეკარეების (უგოლო ფრეები, ან ისეთი ფრები, როცა ბოლო გოლი მეტოქემ გაიტანა).

* ხუთ შესარჩევ ციკლში ნაკრებმა 38 ქულა 51 მატჩში დააგროვა (0,74 ქულა თამაშში).

* ნაკრებმა 1996 წელს 0 გოლი გაიტანა; 1997 - 7 გ; 2000 - 4; 2001 - 8; 2004 - 5; 2005 - 9; 2008 - 2; 2009 - 5; 2012 - 2; 2013 - 1; 2016 - 3; 2017 - 3.

* საქართველოს ნაკრებმა პირველად 1997 წელს წააგო (1:4) თამაში, რომელსაც თავიდან იგებდა.

* ნაკრების პირველი არწაგებული თამაში, რომელსაც აგებდა, 2004 წელს შედგა, როცა მალხაზ ასათიანის გოლით თურქეთს 1:1 ეთამაშა სტუმრად.

* 2005 წელს ნაკრები ყაზახეთთან 0:1 მარცხდებოდა და გიორგი დემეტრაძის გოლების წყალობით, მოიგო. მეტი ასეთი ფაქტი მუნდიალზე არ მომხდარა.

* ნაკრებმა 6-ჯერ შეძლო ისეთი თამაშის ფრედ დასრულება, რომელსაც აგებდა - სამჯერ ეს საშინაო მატჩში მოხდა და სამჯერ საგარეოში. აღსანიშნავია, რომ ორჯერ მატჩის გმირი მალხაზ ასათიანი იყო, თითოჯერ გოგა გახოკიძე, ლევან კობიაშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ვაკო ყაზაიშვილი.

* აქამდე ნაკრებს ორგოლიანი უპირატესობა არასოდეს გაუბათილებია.

* სულ სამი შემთხვევა იყო ისეთი, როცა ჩვენი ნაკრები იგებდა, მაგრამ ვერ შეინარჩუნა და ფრეს დასჯერდა (ორჯერ სტუმრად).

* ნაკრები ოთხჯერ იგებდა და დამარცხდა (ორ-ორჯერ შინ და გარეთ).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამწუხარო სტატისტიკაა მაგრამ იმედია გამოვასწორებთ.თუმცა რა გვიკვირს ეს 25 წელია რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და მე პირადად ჩემპიონატის შემხედვარეს მეიმედება მომავლის.
0
მშობლიურ ენას ნუ გვიმახინჯებთ, "მუნდიალ"-ს ქართულად მსოფლიო პირველობა ჰქვია. მალე ალბათ ჰერელი და ტაო-კლარჯელი ქართველი დანარჩენ ქართველებს ვეღარ გაუგებს.
სოჭი
15:17 17-06-2017
0

სიახლეები პოპულარული