ნიკა კაჭარავა: ხუთი წუთი შოკში ვიყავი!..

AutoSharing Option
სერბეთთან შეხვედრამ ყველას გული დაგვწყვიტა. საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა და ისევ მომდევნო ციკლის იმედად დავრჩით.

შეხვედრის შემდეგ სერბებმა კომენტარებში ახსენეს, რომ პირველ ტაიმში ცუდად გამოიყურებოდნენ. ვფიქრობთ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნიკა კაჭარავაც იყო - იშვიათი ნათელი ფერი ჩვენს ნაკრებში. დიდი ხანია, გულშემატკივარი ითხოვდა, რომ "ჯვაროსნებში" შანსი მიეცათ გოლიათი თავდამსხმელისთვის, რომელმაც ახნას "ეთნიკოსში" გადასვლის შემდეგ მშვენიერი გოლეადორული თვისებები გამოავლინა, 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა
და ამ ქვეყნის ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის მოხვდა.

კაჭარავამ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა და გამოსვლა კარგად დაიწყო - სერბებს ერთადერთი გოლი გაუტანა, მეორე რეალური მომენტიც მისი გადაცემის შემდეგ შეიქმნა (ვაკო ყაზაიშვილი კარის წინ რომ დატოვა) და მეორე ნახევარშიც ბალკანელების კართან ორი სახიფათო მომენტი მის აქტიურობას მოჰყვა.

- საქართველო-სერბეთი 1:3 - უყურებ და გეშინია [VIDEO]

შრომა თუ არ დაეზარება და ამ ეპიზოდურ წარმატებას არ დასჯერდება, ნაკრებში ცენტრალური თავდამსხმელის ადგილი ცარიელი არ დაგვრჩება.

"ლელომ" ნიკა კაჭარავას მცირე ინტერვიუ ჩამოართვა...

- მოდი, ჯერ ნაკრების თამაში შევაფასოთ...
- პირველ ტაიმს დადებითად შევაფასებ. საკმაოდ აგრესიულად და კარგად ვითამაშეთ. გოლის მერე ხუთი წუთი შოკში ვიყავი. სამწუხაროა, რომ მეორე ტაიმში უპირატესობა გავანიავეთ და წავაგეთ. ეს ძალიან უსიამოვნო განცდაა.

- თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა იყო?
- ჩვენ მხოლოდ ერთი დაგვრჩენია - ეს შეცდომები დარჩენილ შეხვედრებში უნდა გამოვასწოროთ და უფრო ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ჩვენ ისეთ შეხვედრებს ვერ ვიგებთ, სადაც მეტოქეებს ვჯობნით ან ამის საშუალება გვაქვს. ამის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ვართ და შესაძლოა, ეს ჩვენი გამოუცდელობის შედეგი იყოს.

- საქართველოს ნაკრებს თამაშის მოსაგებად სულ რაღაც აკლდება - ზოგი თვლის, რომ ეს იღბალია. იქნებ კლასი გვაკლია?
- ჩემი აზრით, დაგვაკლდა გამოცდილება. თამაშებში ესეც მოვა. დღეს პირველად გამოვიდა მოედანზე არაბიძე. ბევრი ისეთი ახალგაზრდაა, რომელთაც ნაკრებში 5 თამაშზე მეტი არ აქვს ჩატარებული.

- ნაკრებში პირველი გოლი დიდი სიხარულია, მაგრამ წაგებული თამაში ამ განცდას აუფერულებს...
- ვერ ვიტყვი, რომ გოლით გამოწვეული სიხარული ჩამიშხამდა. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა, ეს ოცნება კი ამიხდა და ძირითად შემადგენლობაში პირველივე შეხვედრაში გოლის გატანა დიდი ბედნიერებაა. გოლით გამოწვეული ემოცია არასოდეს დამავიწყდება.

თუმცა, ფეხბურთი გუნდური თამაშია, სადაც მთავარი შედეგია. 24 მარტმა მთლიანობაში მაინც გულისტკივილი დამიტოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიკა,
ერთი ნათელი წერტილი შენ იყავი ამ თამაშში. დაჯილდოებული ხარ დიდებული ფიზიკური მონაცემებით. მადლობა რომ შექმენი სასიამოვნო საფეხბურთო სანახაობა. შენს მიერ აწეულ თამასას ზოგი თანაგუნდელი ვერ შესწვდა. ვისურვებდი რომ მომავალში ყველა ვინც მოედანზე გავა შენსავით იყოს მობილიზებული და მაღალ დონეზე ითამაშოს 90 წუთი. გისურვებ წარმატებებს!
ლუკა
01:54 28-03-2017
0
ბოჭო რა აიჩემეთ ეს გამოცდილება.25 წელია ამ გამოცდილებას იძახით და თავად ერთი წელი ვერ თამაშობთ სტაბილურად, სულ იცვლებით და როგორ უნდა მიიღოთ გამოცდილება,დაითვალეთ აბა რამდენმა ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში და რა შედეგი დადეთ ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
maxa
20:36 27-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული